2012 წლიდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმოთა და მარნების რიცხვი 50-დან 500-მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში რთველი  აქტიურად მიმდინარეობს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყურძნის მოსავლის დაბინავების  პროცესს ღვინის ახლადგახსნილ საწარმოში  გაეცნო.

მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოშო კომპანია “ასკანელების” ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა, რომელმაც  ამ სეზონზე, მევენახეებისგან  3500 ტონაზე მეტი ყურძენი  მიიღო და გადაამუშავა.

კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ლატვიაში, პოლონეთში და აშშ-ში;

„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი  კონიუნქტურიდან გამომდინარე,   რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა. მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს მიაღწია. წელს რთველი სახემწიფო სუბსიდიის გარეშე მიმდინარეობს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანია „ასკანელების“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა,  ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით,  ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ქართული ღვინის ხარისხი,  რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანსაც  ესტუმრა.

ახალგაზრდა მეღვინე, თორნიკე ჩუბინიძე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით, ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა. 2017 წელს, თორნიკე ჩუბინიძემ ექსპორტზე 40 ათასამდე ბოთლი ღვინო გაგზავნა. „მარანი ჩუბინი“ ექსპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში ახორციელებს: იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთში და აშშ-ში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მარანში სტუმრობისას აღნიშნა, თორნიკე ჩუბინიძემ, საკუთარი  მიზანდასახულობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას –  ღვინის ტურიზმს ანვითარებს.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო,  დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა“, – განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

„ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გავგზავნეთ. ამერიკელ იმპორტიორებთან კონტაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგ დავამყარეთ. მიმდინარე ზაფხულს ჩვენმა მარანმა 15-მდე ქვეყნის ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ ტურისტს უმასპინძლა. მარანში სხვადასხვა მოცულობის 28 ქვევრი გვაქვს. ყურძენს  მევენახეებისგან ვყიდულობთ, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად შევიძენ საკუთარ ვენახს და წარმოებასაც გავაფართოებ“, – აღნიშნა თორნიკე ჩუბინიძემ მინისტრთან საუბრის დროს.

„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი  კონიუნქტურიდან გამომდინარე,   რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 130 ათასამდე ტონა ყურძენი; კახეთში მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *