დარგებიმემცენარეობა

ხეპილპილა – წიწაკამდელი ცხარე სანელებელი საქართველოში

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე „სანელებლების” რუბრიკაში ხეპილპილას შესახებ გვიამბობს, რომელიც რაფიელ ერისთავის ლექსიკონში (1884) მოხსენიებულია, როგორც – ხუთთითა.

მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულო იყენებს ყველასთვის კარგად ცნობილი ცხარე სანელებლებლების: პილპილის (piper nigrum L.) და  წიწაკის (Capsicum annuum L.) მრავალრიცხოვან ჯიშებსა და ფორმებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის საქართველოში გავრცელებული, ცხარე გემოსა და სასიამოვნო არომატის სანელებლის შესახებ, რომლითაც ჩვენი წინაპრები უგემრიელეს, ქართულ, ტრადიციულ კერძებს აზავებდნენ.   

ეს არის მცენარე ხეპილპილა, წკეპლა ცხარე, აბრამის ხე (ლათ.: Vitex agnus-castus L.), რაფიელ ერისთავის ლექსიკონში (1884) მოხსენიებულია, როგორც – ხუთთითა.  

 

ხეპილპილა — ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი, დაბალი ტანის ხე, ან ბუჩქია. მცენარის ტოტები და ფოთლები დაფარულია რუხი-ლეგა ფერის ბუსუსებით. მძაფრი არომატის, ოთხწახნაგა მურა ფერის ტოტებზე მწვანე, დიდი ზომის, 5-7- ფოთოლაკის მქონე, გრძელყუნწიანი ფოთლებია განლაგებული, რომლებიც გარეგნულად წააგავს კანაფის ფოთლებს. ფოთლები ქვედა მხარეს დაფარულია ბუსუსებით. ტოტების ბოლოებზე ვითარდება ყვავილედები — მეჩხერი თაველები. წვრილი ყვავილები ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი, ან თეთრია. მცენარის ყვავილობა გრძელდება მთელი ზაფხული.  შავი ფერის,  3-4 მმ დიამეტრის კურკიანა ნაყოფი ოთხბუდიანია, სფერული. მწიფდება ოქტომბერში. ძლიერ თაფლოვანი მცენარეა. იზიდავს ფუტკრებს.

მწერებით მტვერია მცენარეა, ზოგჯერ ახასიათებს ნაწილობრივი თვითდამტვერვა. მრავლდება თესლებით, ვეგეტატიურად — მწვანე და გამერქნებული კალმებით, ივითარებს დიდი რაოდენობით ღეროს ამონაყრებს. ცოცხლობს 60 წლამდე. 

ხეპილპილა ველური სახით იზრდება კავკასიასა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ყირიმის ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარის ნაპირებზე. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ ევროპის, აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელებში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ველურად გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე.  

ხეპილპილას ყვავილი
ხეპილპილას ყვავილი

ხეპილპილას მერქანი რუხი-მოყვითალო ფერისაა. ელასტიური და დრეკადი ღეროები გამოიყენება კალათებისა და ბაღის ავეჯის დასამზადებლად. მცენარის ლათინური სახელწოდება „Vitex“ წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან „viere“ — ქსოვა. 

მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდებს, ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, მიკროელემენტებს, ცხიმოვან მჟავებს. ნაყოფებში უხვადაა ორგანული მჟავები, ვიტამინები, ეთერზეთები, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, კუმარინები და ფლავონოიდები. 

დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით, ხეპილპილას ძლიერი სამკურნალო თვისებები გააჩნია და მისი ვეგეტატიური ორგანოები (ფესვი, ღერო, ფოთოლი), ქერქები და ნაყოფები ფართოდ გამოიყენება ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში ცნობილია არაერთი პრეპარატი, რომლის ძირითად კომპონენტს სწორედ ეს მცენარე წარმოადგენს.

უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში ხეპილპილას იყენებენ მალარიის, თავის ტკივილის, ღვიძლის დაავადებების, უშვილობის, გინეკოლოგიური და მამაკაცური დაავადებების დროს. 

მცენარეში შემავალი ჰორმონალური მოქმედების ფიტოესტროგენები ფართოდ გამოიყენება ჰომეოპათიაში გინეკოლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ჰორმონალური მოქმედების ხეპილპილას პრეპარატებს ბოდიბილდერები აქტიურად იყენებენ ტესტოსტერონის მოსამატებლად, სხეულის კუნთოვანი მასის გაზრდის მიზნით.  

მცენარის ნაყოფებს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სედატიური მოქმედება. ამაღლებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცენარისგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების, თავის ტკივილის, დერმატიტების, აგრეთვე, უშვილობის, გინეკოლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, ამაღლებს პოტენციას. 

ხეპილპილა
ხეპილპილა

სანელებლად გამოიყენება ხეპილპილას ცხარე გემოს მქონე ნაყოფები, რომელსაც წიწვებისა და პიტნის სასიამოვნო არომატი დაკრავს. ხეპილპილა  ყველაზე უვნებელი ცხარე სანელებელია, რომლის გამოყენება წიწაკისგან განსხვავებით, შეიძლება დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. კარგად ეხამება ნებისმიერ სანელებელს. ცნობილია, რომ ყველა წიწაკა და ცხარე სანელებელი აფროდიზიაკია. ხეპილპილა კი ანტიაფროდიზიაკული მოქმედების ერთად ერთი ცხარე სანელებელია.  

სხვა ცხარე სანელებლებისგან განსხვავებით, ხეწიწაკას არ აქვს ძალიან მძაფრი ცხარე გემო, კერძებს ანიჭებს პიკანტურ გემოსა და არომატს. 

ხეპილპილას იყენებენ წვნიანების, სალათების, ზღვის პროდუქტების, მოხარშული, მოშუშული, შემწვარი და გრილზე მომზადებული ხორცისა და  თევზისაგან დამზადებული კერძების შესანელებლად. ფართოდ გამოიყენება მარინადების, სოუსების, ძეხვეულისა და თევზის კონსერვების წარმოებაში.

შუა საუკუნეებში მცენარე მიიჩნეოდა სამონასტრო მოკრძალებული ცხოვრების სიმბოლოდ და ხშირად იყენებდნენ მონასტრის ბაღების მოსართავად. XVI საუკუნის შუა წლებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში კულტივირებულია, როგორც დეკორატიული მცენარე.  

საქართველოში და ბუნებრივი გავრცელების ქვეყნებში, ხეპილპილას ნაყოფებს უმატებდნენ კერძებს სიცხარის მისანიჭებლად. ინდოეთიდან გავრცელებულმა პილპილმა ეს სანელებელი მთლიანად ჩაანაცვლა. დღეს ხეპილპილას სანელებლად იყენებენ იშვიათად, პიკანტური, ცხარე და არომატული, განსაკუთრებული დელიკატესების შესაზავებლად.

ნინო გოცაძე