აგროსიახლეებიდარგებიმეფრინველეობა

ადგილობრივი _ ქართული ქათმები

საქართველოს ტრადიციული მეფრინველეობის განვითარების დიდი გამოცდილება აქვს. აქ უძველესი დროიდან ჰყავდათ მოშენებული ქათმები და საბედნიეროდ, აბორიგენული ქათმის ხუთი პოპულაცია: ჩალისფერი, ყელტიტველა, მეგრულა, შავი და ნაცარა დღესაც შენარჩუნებულია. ხუთივე პოპულაციის ფრინველის მეცნიერულ-მა შესწავლამ და ექსტერიერის ანალიზმა გამოავლინა, რომ ისინი აღნაგობით კომბინირებული, ანუ მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმებს მიეკუთვნებიან.

ჩალისფერი, მეგრულა, შავი და ნაცარა ქათმებისათვის დამახასიათებელია საშუალო ზომის თავი, კისერი მოკლე და მსხვილი, განიერი გულმკერდი, გრძელი ზურგი, მოკლე ნისკარტი, საშუალო ზომის ფეხები და შესაბამისი ფერის ხშირი შებუმბვლა. მამლებში უფრო პრიალა, მბზინავი ბუმბული ფრთებზე, კისერზე და კუდზე. შავი და ნაცარა ქათმებისათვის დამახასიათებელია მუქი ფერის ფეხები და ნისკარტი. ბიბილო უმეტეს შემთხვევაში ფოთლისმაგვარი, თუმცა აღინიშნება სხვადასხვა ფორმებიც, წითელი ფერის ყურსუკანა ბიბილო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ყელტიტველა ქათმები, რომლებიც ბუმბულის შეფერილობის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ზემოთ დასახელებული პოპულაციებისაგან განსხვავებით გამოირჩევიან შედარებით უფრო სწრაფი ზრდის ტემპით. ზრდასრული ყელტიტველა ქათმები უფრო დიდი ზომის არიან და შესაბამისად შედარებით დიდი ზომის კვერცხს იძლევიან.

საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქვეყანაში არსებული ყველა რეზერვის გამოყენება. ასეთი რეზერვი კი არის საკარმიდამო და ფერმერული მეურნეობების სწრაფი ტემპით განვითარება. ფერმერული (გლეხური), საოჯახო ტიპის მეურნეობებში, კულტურული ჯიშებისაგან განსხვავებით, წარმატებით შეიძლება მოშენდეს ადგილობრივი, აბორიგენული ფრინველი, რადგანაც ისინი არ მოითხოვენ კვება_მოვლის იდეალურ პირობებს, პრიმიტიული ტიპის საფრინველეშიც თავს კარგად გრძნობენ, ხასიათდებიან საუკეთესო კვერცხისა და ხორცის ხარისხით, კარგად არიან  შეგუებულნი  ადგილობრივ პირობებს  და რაც მთავარია, მთელი რიგი დაავადებების მიმართ რეზისტენტობით ანუ გამძლეობით გამოირჩევიან.

როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ქათმები კომბინირებული მიმართულების ფრინველია. ისინი კვერცხდებას იწყებენ 160_170 დღის ასაკიდან და კვერცხდების ინტენსივობა ამ პერიოდში 12,5%_ს არ აღემატება. კვერცხდების პიკი აღენიშნებათ 8_9 თვის ასაკში და ინტენსივობა ამ პერიოდში 57_62%-მდე აღწევს. კვერცხდების დიდი ცვალებადობა შეიმჩნევა 7_10 თვის ასაკამდე. კვერცხდების შედარებით გამოთანაბრება შეიმჩნევა ზაფხულის თვეებში, რაც ადგილობრივი ქათმების დადებითი გენეტიკური თვისებაა. კერძოდ, ადასტურებს იმას, რომ ზაფხულის ცხელი დღეები კვერცხმდებელობაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს შავი ქათმები, რადგან დანარჩენ ადგილობრივ პოპულაციებთან შედარებით მათი კვერცხმდებელობა ზაფხულის ცხელ პერიოდში შედარებით ნაკლებად განიცდის ცვალებადობას. კვერცხდების ინტენსივობა ამ ქათმებში ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში 32,67%_დან 35,16%_მდე მერყეობს. ხუთივე პოპულაციის ქათმები კვერცხდებას იწყებენ 160_170 დღის ასაკიდან. წლის განმავლობაში 140 _ 160 ცალ კვერცხს იძლევიან. როგორც კვერცხმდებელობის, ასევე მეხორცული თვალსაზრისით მათი ექსპლუატაცია შესაძლებელია 24 თვემდე.

ჩალისფერი, მეგრულა, შავი და ნაცარა ქათმების ზრდასრული დედლები იწონიან საშუალოდ 2_2,3 კგ_ს, ხოლო მამლები _ 3-3,3 კგ. კვერცხის საშუალო წონა ამ ქათმებში კვერცხდების დასაწყისში 49,5 გრამია, ხოლო 10 თვის ასაკში 54 გ. 13 თვის ასაკიდან კვერცხის წონა სტაბილურია და 58,4 გრამს შეადგენს. ყელტიტველა პოპულაციის დედლები კი საშუალოდ 2,3-2,7 კგ. იწონიან, ხოლო მამლები _ 3,3-3,7 კგ. ამ პოპულაციაში კი კვერცხის საშუალო წონა კვერცხდების დასაწყისში 50,7 გრამია, 10 თვის ასაკში აღწევს 55,5 გრამს, ხოლო 14 თვის ასაკიდან კვერცხის წონა სტაბილურია და 59,7 გრამს შეადგენს. აქედან გამომდინარე, კვერცხის საშუალო წონა ადგილობრივ ქათმებში 56-58 გრამია, შენარჩუნება _ 85_87%. ადგილობრივი ფრინველი შედარებით გვიანმწიფადია და კვერცხდებას 5,5-6,5 თვის ასაკიდან იწყებს. გაუმჯობესებული კვება-მოვლის პირობებში ისინი პროდუქტიულობას მკვეთრად ზრდიან. მაგალითად, ყელტიტველა ქათმებმა  ინტენსიური  შენახვის  პირობებში  კვერცხმდებელობა 170 ცალამდე გაზრდეს.

ადგილობრივი ქათმები მეკვერცხულ კულტურულ ჯიშებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მეხორცულობით ხასიათდებიან. სწორედ ამიტომ მიეკუთვნებიან ისინი კომბინირებული მიმართულების ფრინველთა ჯგუფს. ყველაზე მაღალი კვერცხმდებელობა ადგილობრივი პოპულაციის ფრინველებს შორის ახასიათებს მეგრულა ქათამს (150_160ც.). ამ ქათმებს აქვთ ზოლიანი შეფერილობა, რაც იძლევა საშუალებას ერთდღიან ასაკშივე გავარჩიოთ მათი სქესი. ახალგამოჩეკილ სამამლეს თავზე თეთრი ბუმბული აქვს, დედლებს კი ასეთი ბუმბული უმნიშვნელოდ აღენიშნებათ. დანარჩენი ბუმბულის ფერი თავიდან შავია, რომელიც ორი კვირის ასაკიდან ზოლიანი შეფერილობით იცვლება.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ადგილობრივი ფრინველის ხუთივე პოპულაცია ცხოველმყოფეობის მაღალი დონით ხასიათდება, რაც სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მიმართ მათ რეზისტენტობაში ვლინდება. მაგალითად, ჭირი, ლეიკოზი, მარეკი. ეს მრავალი გამოკვლევების საფუძველზეა დადგინილი. ფრინველის მაღალ ცხოველმყოფელობას საფუძვლად უდევს როგორც მემკვიდრული თვისებები, ისე გარემო ფაქტორები. დადგენილია, რომ 12-თვიანი ექსპლუატაციისას (5-დან 17 თვის ასაკამდე) საკმაოდ დაბალია, ადგილობრივი ქათმების, როგორც წუნდების, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლები და იგი საშუალოდ 16,5 %-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები სხვადასხვა კულტურულ ჯიშებში საკმაოდ მაღალია. მაგალითად: ლეგჰორნის ჯიშის “კროსი 288” მიმართულების ქათმებში 12 თვის ექსპლუატაციის წუნდების პროცენტი 25%-ს შეადგენს. “ხაისექს ბრაუნში” ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 27%-ს აღემატება. “ლომან ბრაუნში” კი _ 26-27%. ადგილობრივი ფრინველის ეს ღირებული თვისება კიდევ უფრო ამყარებს და დამაჯერებელს ხდის ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში მისი გამოყენების ეფექტიანობას.

თუ თვალს გადავავლებთ ისტორიულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ძველად საქართველოში იწარმოებოდა, მაშინ საქართველოში არცერთი კულტურული ჯიში არ იყო შემოყვანილი, და 1900_იან წლებში საზღვარგარეთ საექსპორტოდ გადიოდა მილიონობით ცალი კვერცხი და ათეულობით ტონა ფრინველის ხორცი. მეფრინველეობას უძველესი დროიდან მისდევდნენ ჩვენს ქვეყანაში და მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ, მაგრამ 1870_იან წლებამდე მეფრინველეობის პროდუქტები მხოლოდ თბილისის ბაზარზე იყიდებოდა. 1880_იან წლებში ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის გაყვანის შემდეგ საბაზრო მოთხოვნილების სისტემატური ზრდის შესაბამისად გლეხებმა დაიწყეს ქათმის მოშენება საკუთარ მოთხოვნილებაზე გაცილებით მეტი რაოდენობით. 1898_1899 წლებში ქუთაისის გუბერნიიდან ლონდონის ბაზარზე გაგზავნილ კვერცხს თავისი ხარისხით მეორე ადგილი ეკავა. საქართველოდან კვერცხი გაჰქონდათ ისეთ სამრეწველო ცენტრებში როგორებიცაა _ ვენა, ჰამბურგი, ბერლინი, პარიზი, ლონდონი.

ამჟამად საქართველოში ადგილზე დამზადებული მეფრინველეობის პროდუქციის დიდი ნაწილი მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში იწარმოება და იგი საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციას საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს. მოსახლეობის მოთხოვნილება ბაზარზე მეფრინველეობის ადგილობრივ პროდუქციაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე შემოტანილზე. ეს განპირობებულია ჯერ ერთი იმით, რომ მოსახლეობა განსაკუთრებული სიყვარულით აშენებს თავის კარმიდამოში ადგილობრივ ქათამს, რასაც თავისი კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და მეორეც, ფრინველისაგან დამზადებული ქართული ტრადიციული კერძები (ტაბაკა, ჩახოხბილი, საცივი და სხვ.) მხოლოდ ადგილობრივი ფრინველის მეშვეობით იძენს განუმეორებელ გემოსა და თვისებებს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საოჯახო მეურნეობაში მოშენებული ფრინველი იძლევა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციას.

ადგილობრივი ფრინველის მოშენებით, ზემოაღნიშნულის გარდა, გაკეთდება დიდი ეროვნული საქმეც. კერძოდ, აბორიგენული ფრინველის გენოფონდის შენარჩუნება არამარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო პრობლემაცაა, რადგანაც იგი ყოველწლიურად ღარიბდება. ამასთან დაკავშირებით მეცნიერების წინაშე დაისახა ამოცანა, უახლოეს წლებში გენური  მრავალფეროვნების  მისაღწევად  შექმნილიყო ე. წ. “გენური ფონდი”, რომელიც მარტო გენთა შენარჩუნებისათვის, კი არა მათი შემდგომი რაციონალურად გამოყენებისათვის იქნებოდა საჭირო. სწორედ ასეთ ძვირფას გენეტიკურ მასალას წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი აბორიგენული ფრინველის მდიდარი გენოფონდი.

იგი ისეთივე საგანძურია ქვეყნისათვის, როგორც ბუნებრივი რესურსები და სასარგებლო წიაღისეული.  ამიტომ,  სანამ გვიან არ არის და  იგი  ჯერ  კიდევ შემორჩენილია მცირე რაოდენობით საოჯახო მეურნეობებში, აუცილებელია მათი აღდგენა, მომრავლება და დაცვა.

   კობა ნაცვალაძე

_ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“