მევენახეობა-მეღვინეობა

აბულაძეების ოჯახური წარმოების ღვინო გერმანიაში, ავსტრიასა და აშშ-ში ექსპორტზე გადის

23 წლის გვანცა და 24 წლის ბაია აბულაძეები წარმატებული მეღვინეები არიან. ოჯახურ წარმოებაში ოჯახის სხვა წევრებიც  (დედა, მამა და ძმა) არიან ჩართულები. მათი ვენახი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში 3 ჰექტარზეა გაშენებული და უპირატესობას ბიო წარმოებას ანიჭებენ.  აბულაძეების ცოლიკოური ბაზარზე თავდაპირველად „ბაიას ღვინის“ სახელით გამოვიდა. მოგვიანებით მეორე სახელობითი ღვინო უკვე „გვანცას ღვინის“ დასახელებით აწარმოეს, რომელიც ოჩხანური საფერეს ჯიშის ყურძნისგან მიიღეს. აბულაძეების ღვინო ამჟამად ადგულობრივი ბაზრის გარდა გერმანიასა და ავსტრიაში იყიდება, რამდენიმე კვირაში კი ვაშინგტონის ბარებსა და რესტორნებში გამოჩნდება.

აბულაძეების წარმატების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ბაიას მიუძღვის, მისი მონდომების წყალობით ოჯახის ღვინო ჯერ სამეზობლოს გასცდა, შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე მოწონება დაიმსახურა. ღვინის დაყენება პირადი მოხმარებისთვის აბულაძეების ოჯახური ტრადიცია იყო, თუმცა ღვინის ქარხნულად ჩამოსასხმელი ტექნიკა 2015 წელს მოპოვებული 5 000 ლარიანი გრანტით შეიძინეს. ამის შემდეგ კი ციცქა, ცოლიკოური და კრახუნასაგან ნაწარმოები ღვინო ბოთლებში ჩამოასხეს, დაბრენდეს და „ბაიას ღვინის“ სახელით მომხმარებელს შესთავაზეს. საქმე იმდენად კარგადა წავიდა, რომ მალევე გერმანიაში ექსპორტზე გავიდნენ, 2017 წელს კი მეორე ევროპული ქვეყანა ავსტრიაც აითვისეს და ექსპორტზე იქაც შევიდნენ.

„ბაიას ღვინო“ ქვევრის მეთოდით დაყენებული ღვინოა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 3000 ბოთლამდე აწარმოებენ. მოსავლის გარკვეული ნაწილი კი  ბოთლებში არ ისხმება, რადგან აბულაძეებს აგრო ტურიზმიც აქვთ და ტურისტების გასამასპინძლებლად სწორედ ამ ღვინოს იყენებენ. „ჩვენს სტუმრებს ძალიან მოსწონთ ქვევრის ღვინო, ამბობენ, რომ საერთოდ განსხვავებული გემო აქვს. გემოს გარდა ქვევრი ღვინის გამორჩეულ შეფერილობაზეც გავლენას ახდენს“, – ამბობს ბაია აბულაძე.

ბაია ბიზნესის წამოების სხვადასხვა ეტაპებზე ევროკავშირის სამეწარმეო მხარდაჭერის პროგრამების ბენეფიციარი გახდა, რაც არაფორმალური განათლების მიღებას, კონტაქტების, გაყიდვებისა და პროდუქციის ცნობადობის გაუმჯობესებას გულისხმობდა. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ  ბრიუსელში გამართულ მეწარმე ქალთა კონფერენციაზე ბაიამ თავისი ბიზნესისითვის უმნიშვნელოვანესი კონტაქტების დამყარება შეძლო. ასევე ევროპის განათლების ფონდის მიერ უკრაინაში ორგანიზებულ კურსში მონაწილეობდა, სადაც ის მეთოდები და საშუალებები შეისწავლა, რომელთა დახმარებითაც ქალები საკუთარ ბიზნესს წარმატებით აფართოებენ.

ბაია აბულაძის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე  ღვინის ექსპორტში ეხმარება: „DCFTA-ს საშუალებას გვაძლევს, რომ ევროკავშირში ღვინო ისე შევიტანოთ, რომ გადასახადები არ გადავიხადოთ, რაც მეწარმისთვის დიდი შეღავათია, ეს ფასის თვალსაზრისით ჩვენს ღვინოს კონკურენტუნარიანს ხდის“, – ამბობს ბაია.

გვანცა და ბაია   უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებების სპეციალობას დაეუფლნენ, თუმცა აგრო ბიზნესის აწყობის შემდეგ ბაია საცხოვრებლად ობჩაში წავიდა. გვანცა ოჯახურ ბიზნესს მოგვიანებით შეუერთდა, როდესაც შვედეთიდან დაბრუნდა, სადაც ის  ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) პროგრამით იმყოფებოდა. გვანცამ მაგისტრატურაზე სწავლა აგრონომიის მიმართულებით განაგრძო, აგრონომიას სწავლობს მათი უმცროსი ძმა გიორგიც.

კლიენტებთან ურთიერთობა და ექსპორტის მიმართულება გვანცას აქვს მინდობილი და პირადად მისი დამსახურებაა, რომ მიმდინარე თვის ბოლოს ვაშინგტონის ზოგიერთ ბარში, რესტორანსა და პატარა მარკეტში სოფელ ობჩაში დაყენებული ღვინო გაიყიდება.

„ვაშინგტონში ამ თვის ბოლოდან ჩვენი ღვინის ექსპორტი დაიწყება. ჯამში ამერიკაში  900 ბოთლამდე გავაგზავნეთ. ჩვნი ძირითადი ბაზარი არის ღვინის ბარები, რესტორნები და პატარა მაღაზიები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საშუალო ფასი 35 დოლარამდე იქნება. ამ შტატიდან კი მერე მთელი ამერიკის მასშტაბით გაიყიდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა გაიზრდება. დისტრიბუტორ კომპანიასთან  ექსკლუზიური 3 წლიანი კონტრაქტი გვაქვს“, – ამბობს გვანცა აბულაძე.

გვანცას ღვინის ბიზნესში სერიოზული გეგმები აქვს. მისი ინიციატივით და ოჯახის სხვა წევრების დახმარებით ოჩხანური საფერესგან წითელი ღვინოც აწარმოეს და „გვანცას ღვინო“ დაარქვეს. ამას გარდა, გვანცას გადაწყვეტილი აქვს რომ გერმანიაში  ღვინის ოჯახურ მწარმოებლებთან 7 თვის განმავლობაში იცხოვროს და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მთელი პროცესები შეისწავლოს. გვანცა გერმანიში აპრილში გაემგზავრება და ოქტომბერში დაბრუნდება.

აბულაძეები მასერტიფიცირებელ ორგანიზაცია „კავკასერტთან“ თანამშრომლობენ და მთლიანად ორგანულ წარმოებაზე გადადიან. გეგმის მიხედვით, ორ წელიწადში სრულად ბიომეურნეობა ექნებათ. საკუთრებაში იზოლირებული საცდელი ნაკვეთი აქვთ, სადაც ბიოდინამიურ მეურნეობის განვითარების კუთხით დაკვირვებებს აწარმოებენ. გერმანიიდან ჩამოტანილი გამოცდილება აბულაძეების ღვინოებს, სავარაუდოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაეტყობა, რაც თავის მხრივ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც შესაძლოა აისახოს.

ავტორი: ზურაბ მოდებაძე

წყარო: http://eugeorgia.info