აგარის შაქრის ქარხანამ 600 კი არა 20 ათასი კაცი უნდა დაასაქმოს!

ბოლო წლებია საზღვარგარეთ შეძენილ ნახევარფაბრიკატზე მომუშავე აგარის ქარხანა, თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა ქვეყნის მოთხოვნილებას შაქარზე. მართალია, ეს, ზღვაში წვეთია იქიდან, რისი მოცემაც ქვეყნისათვის ამ წარმოებას შეუძლია, მაგრამ მისგან მეტის მიღებას თავის მეტად განძრევა უნდა. მეტად, რომ გაანძრიეს თავი ჩვენმა მეზობლებმა, ამიტომაა, რომ შაქრის ქარხანაც საკუთარი აიშენეს და ჭარხალიც თვითონ მოიყვანეს. ჩვენი ხელისუფლება კი იმით კმაყოფილდებოდა, რომ ქარხანა, ანუ ინვესტორი 600 კაცს უსაქმებს. სამწუხაროდ, მათი ეს კმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელდა და გასული წლის შემოდგომაზე ქარხანამ დროებით მუშაობა შეაჩერა, რამაც თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია. მათ პროტესტს, საკუთარი მუშახელის სამუშაო ადგილის დაკარგვით შეწუხებული მთავრობის რეაქცია უნდა მოჰყოლოდა (ასე ხდება იმ ქვეყანებში სადაც ხელისუფალი საკუთარ ხალხზე ზრუნავს) და ადგილზე სულ მცირე, ეკონომიკის მინისტრი მაინც უნდა ჩასულიყო. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლების უყურადღებობით გათამამებულმა ინვესტორმა დროებით დახურულის ამუშავება, გაურკვეველი ვადით გადადო.

ხელისუფალთა სამწუხაროდ, სირაქლემას „პოზაში“ ყოფნა ქარხნის თანამშრომლებმა არ აცალეს და ფეხით ჩამოვიდნენ აგარიდან თბილისში და ითხოვენ ხელისუფლებისგან პასუხს, თუ რატომაა ქართველი მუშა საქართველოში ინვესტორის თვითნებობისგან ასე დაუცველი. ხელისუფლების პასუხი წინასწარაა ცნობილი, ისინი თავს საკუთარი ლიბერტარიანელობით გაიმართლებენ, რომ საბაზრო ეკონომიკა გვაქვს და დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა ქვეყანაში  ბაზრის კანონებით იმართებაო. მათდა სამწუხაროდ, ეს, ასე, არ არის. და ყველა ქვეყანა ყველგან და ყოველთვის იცავს თავისი ხალხის ინტერესებს, იცავს თავის მუშახელს, რადგან სწორედ ამისთვის დაიქირავეს და უხდიან ხელფასს.

ლიბერტარიანული სახელმწიფო ერთია, ხოლო სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები  მეორე, ეს მეორე კი ხელისუფალს ავალებს სულ მცირე საკუთარი მოსახლეობა დასაქმებულიც ჰყავდეს და ინვესტორის თავნებობისაგან დაცულიც. ჩვენი ყველა დროის ხელისუფლება სწორებას ყოველთვის ამერიკაზე და დასავლეთზე აკეთებენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მათ, მხოლოდ უარყოფითში ჰბაძავენ, კარგი კი შეუმჩნეველი რჩებათ. დიდი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტ რეიგანის ეკონომიკური მრჩეველი და ამერიკის ეკონომიური პოლიტიკის წარმმართველი იყო, წერდა: „თუ ეკონომიკაში ყველაფერი წესრიგშია, იმოქმედე ისე, როგორც მოქმედებდი, მაგრამ თუ ძალებს იკრებს უარყოფითი ტენდენციები, მოძებნე, სად დაუშვი შეცდომა და შეიმუშავე მისი გამოსწორების გზები“-ო. როგორც ხედავთ მ. ფრიდმანი პირდაპირ ავალებს ჩვენს ხელისუფლებას: გაჩნდა თუ არა აგარაში „უარყოფითი ტენდენცია“, მაშინვე უნდა ჩასულიყვნენ იქ, საქმე ადგილზე შეესწავლათ და გამოესწორებინათ. მე კი ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდა აგარაში ხელისუფლება, მოსვლის პირველსავე დღეს უნდა ჩასულიყო და ხალხის დასაქმების ეს უდიდესი რეზერვი, ხალხის სამსახურში ჩაეყენებინა.

ჩვენ, წლებია მივდივართ აგარის შაქრის ქარხნის დახურვისკენ. დღეს თუ არა, ეს ხვალ, აუცილებლად მოხდება, რადგან ქარხანას არ აქვს ნედლეულის სამამულო ბაზა და ქარხანა ნახევარფაბრიკატით ძირითადად ამერიკის ქვეყნებიდან მარაგდება, იქ კი ნახევარფაბრიკატი ყოველ წელს ძვირდება, რადგან მსოფლიო ყოველწლიურად ზრდის ამ ნედლეულიდან ბიობენზინის წარმოებას, ამიტომ იქიდან მოტანილი ნახევარფაბრიკატის ღირებულებით უკრაინიდან მზა შაქრის ჩამოტანა შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდეც.

მე კვე ათ წელზე მეტია, ვიბრძვი, ქვეყანაში შაქრის ჭარხლის წარმოების აღდგენისათვის. რადგან აგარის ქარხნის სიმძლავრე და ქვეყნის მოთხოვნილების მოცულობა შაქარზე გარანტიას იძლევა, რომ 18-20 ათას ჰექტარზე მოწეული ჭარხალი გადავამუშაოთ და მის მოყვანა-გადამუშავებაზე 20 ათასზე მეტი ადამინაი = დავასაქმოთ. ყოველივე ამის გაკეთებას 100 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია და 3-4 წელი დასჭირდება, ანუ ერთი სამუშაო ადგილი, ნაცვლად 25 ათასი დოლარისა 5 ათასი დოლარით შეიქმნება.

ამის შესახებ, ათი წელია ათობით წერილი მივწერე მთავრობებს (ძველებს და ახალს), გამოვაქვეყნე ჟურნალ-გაზეთებში და ვთქვი ტელევიზიით. მთავრობის სახელზე გაგზავნილი ერთი წერილი, დიღომში არსებულ „სოფლის პროექტების მართვის სააგენტოს“ დაეწერა, მათი წარმომადგენელი პირადად ჩავიდა აგარაში და შეხვდა ქარხნის მესვეურებს, ამის შესახებ ჟურნალმა „ახალი აგრარული საქართველომ“ 2014 წლის ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა ჩემი წერილი, სადაც ვწერ შემდეგს: „მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება ქარხნის მეპატრონესთან, ჭარხლის პირველადი გადამმუშავებელი ხაზის აღდგენის შესახებ, პირობად კი ითხოვს გარანტიას აღვადგინოთ ქვეყანაში შაქრის ჭარხლის წარმოება და გლეხმა ქარხანას ჭარხალი ჩააბაროს. მალე გაირკვევა გლეხის პოზიციაც, ისინი აუცილებლად მოითხოვენ გარანტიას, რომ მოყვანილი ჭარხალი მისაღებ ფასში ჩაიბაროს ქარხანამ. ეს საკითხი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ქარხნის მეპატრონესა და გლეხს შორის მოლაპარაკების გზით წყდება, ჩვენ კი ასეთი საბაზრო ურთიერთობებისგან ჯერჯერობით შორს ვართ, ამიტომ ორივე მხარეს გარანტორად ხელისუფლება უნდა დაუდგეს. მით უმეტეს გლეხს და ფერმერს წარმოების განვითარებისათვის დაბალ პროცენტიანი სესხი და გრძელვადიანი სესხი დასჭირდებათ“.

აღნიშნული ამბის შესახებ მთავრობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერაფერი გაიგო, რადგან პრესის საკითხავი დრო არ აქვთ, ხოლო საქმის შემსწავლელ პასუხისმგებელ პირს ჩემი წერილი, შემდეგი „რეზოლუციით“ მიუვიდა: პასუხი და ვითარება ჩვენ კი არ მოგვახსენე, არამედ, წერილის ავტორს აცნობეო, მანაც მიმიწვია კაბინეტში და პატიოსნად გამაცნო ქარხნის მეპატრონეს აზრი, ამით მან, თავის მისია შეასრულა. ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, იმისა, რომ ხელისუფლება, ასეა დაშორებულია ხალხისაგან და მისი პრობლემებისგან. როცა საქმე ათასობით კაცის დასაქმებას შეეხება მთავრობა სამინისტროს უნდა უგზავნიდეს ასეთ წერილს „რეზოლუციით“ საკითხი შეისწავლე და მომახსენეო, და არა პასუხი წერილის ავტორს აცნობეო. ჩემთვის საინტერესო იყო ამ ამბის ბოლო, რას იტყოდა მთავრობა ინვესტორის შეთავაზებაზე და არ ინვესტორის აზრი ჩემს იდეაზე.

დღეს რა თქმა უნდა ხელისუფლებას, ცნობილი ეკონომისტის დავით იაკობიძის სიტყვებით რომ ვთქვათ „ლიბერტარიანელობა თავისი უმოქმედობის გამართლებად აღარ გამოადგება“, ალბათ, დღეს, მოპირდაპირეთა დავაში გაერკვევიან და მათ ურთიერთობას დროებით დაარეგულირებენ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდეს, რადგან საკუთარი სანედლეულო ბაზის გარეშე დარჩენილი ქარხანა, მალევე შეწყვეტს მუშაობას. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააგებინოს ინვესტორს, რომ  ინვესტორი იმიტომ მოჰყავს ქვეყანაში, რომ წარმოება აამუშაოს და ხალხი დაასაქმოს, და არა ყიდვა-გაყიდვით დასაქმდეს, რადგან ეს საქმე ქართველებს, აზერბაიჯანელებზე ნაკლებად არ გვეხერხება.

აქვე მინდა, შაქარზე და შაქრის ჭარხალზე მიბმული, ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო პროექტი შევთავაზო ხელისუფლებას: მსოფლიო გლობალური დათბობა ავალდებულებს ქვეყნის მთავრობებს სასწრაფოდ მოაგვარონ ქვეყნის მელიორაციის პრობლემა, რადგან სულ მალე მორწყვის გარეშე, ვერანაირ მოსავალს ვერ მიიღებ.

შაქრის ჭარხალი კი ტენის მოყვარული კულტურაა, ამიტომ მორწყვის გარეშე ჭარხლის მოსავლის მიღება შეუძლებელია. არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ორმაგი დანიშნულების სარწყავი არხის მოწყობას გულისხმობს.

ის, შემდეგში მდგომარეობს: იყო დრო ახალდაბიდან გამოყვანილი მტკვრის წყლით ხაშურის მუნიციპალიტეტის მინდვრები ირწყვებოდა, რადგან სარწყავი არხი ღია იყო, მისი მოქმედება ქართლის დიდ ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა და ეკონომიური არ იყო. სათაო ნაგებობა მტკვარზე დღემდე შენარჩუნებულია, ამიტომ პროექტი ეკონომიკურიც იქნება და მთელი ქართლის ტერიტორიასაც მოგვირწყავს, ანუ ახალდაბიდან 800-1000 მმ-იანი მილით მტკვრის წყალი ნატახტარში უნდა ჩამოვიყვანოთ, სადაც უნდა დაიდგას შესაბამისი სიმძლავრის ელგენერატორი. ნატახტარსა და ახალდაბის ტერიტორიბის სიმაღლეთაშორის სხვაობა 250 მეტრია და წყალს დიდი დაწნევა ექნება, ამიტო მთელ ტრასაზე გარკვეული დაშორებით მილში უნდა ჩაიდგას კაფსულა ელგენერატორები (დღეს ასეთი გენერატორების მოძიება რთული არ არის), პარალელურად მთელი ქართლის ტერიტორია უნდა დაიქსელოს სარწყავი მილებით (ასევე დახურულით), ეს კი საშუალებას მოგვცემს სარწყავი წყალი, ფერდობებზედაც ავიყვანოთ. ამ გზით მივიღებთ ორმაგი დანიშნულების სარწყავ არხს, რომლითაც ზაფხულის სეზონზე დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ქართლის ტერიტორიას მოვრწყავთ, ხოლო დანარჩენ დროს ათობით მეგავატ ელექტრო ენერგიას გამოვიმუშავებთ. თუ ამ პრინციპით ავაშენებთ საქართველოში ყველა სარწყავ არხს მაშინ, აღარ დაგვჭირდება ჰიდროელექტროსადგურების აშენება და ქვეყნის ტერიტორიების დატბორვა.

ჟორა  გაბრიჭიძე,

სტუ  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

ტელ: 551-333-155

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *