აღნიშნული სახელმძღვანელო ქართულ მევენახეებს ძალიან წაადგება

გვინდა გარკვეული ცნობები მოგაწოდოთ იმ ახალი გერმანული გამოცემის შესახებ, რომელიც ეხება ვაზის მავნებელ-დაავადებებს, ვენახის სასარგებლო მწერებსა და ვაზის ნაკლოვანებებს. მართალია, წიგნი საქართველოს მაღაზიებში ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ მისი გამოწერა შესაძლებელია უცხოეთიდან.

ცხადია, ჩვენ მოგვეპოვება მევენახეობის ქართული ლიტერატურა, მაგრამ წიგნი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, განკუთვნილია უპირატესად პრაქტიკოსი მევენახეებისათვის. ის ასევე გამოადგება სტუდენტებსა და მოყვარულ მევენახეებსაც. წიგნში წარმოდგენილია მდიდარი ილუსტრირებული მასალა, რაც მკითხველს სრულფასოვან წარმოდგენას უქმნის მასში განხილულ ამომწურავ საკითხებზე.

სამწუხაროდ, ჩვენში სულ უფრო და უფრო მცირედ შევხვდებით სწავლულ მევენახეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ისედაც შეჭირვებულ სფეროს ძლიერ ეტყობა. ხოლო მევენახეებად და ზოგჯერ ამპელოგრაფებად თავგასაღებულ მავანს ვაზის დაავადებები და მავნებლები (ნაკლოვანებებზე აღარას ვამბობთ) ერთმანეთში ვერ გაურჩევიათ.

აღნიშნული სახელმძღვანელო წიგნი ქართული მევენახეობის სფეროსთვის ერთგვარი შვება იქნება, თუმცა, როგორც ითქვა, ესაა გერმანულენოვანი ნაშრომი. ამიტომ მისასალმებელი იქნება თუ მოხდება აღნიშნული წიგნის თარგმნა და ქართულად გამოცემა. ასეთ შემთხვევაში კი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ნათარგმნი მასალის ქართულ რეალობასთან მისადაგება. საქმე ის გახლავთ, რომ შესაძლოა ამა თუ იმ მავნებლისა თუ დაავადების ბუნება ყველა ქვეყანაში ერთია, მაგრამ მათი აქტივობის, მოზამთრეობიდან გამოსვლისა თუ გამრავლების ფაზები განსხვავებულია. ესე იგი თუ რომელიმე მავნებელი გერმანიის ნიადაგურ`კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვაზზე მავნებლობას ივნისის დასაწყისში იწყებს, ეს პერიოდი საქართველოს პირობებში შესაძლოა იყოს ივლისის დასაწყისი და სხვ. ასევეა ვაზის ნაკლოვანებების შემთხვევაც, რაც გამოწვეულია ძირითადად ნიადაგის მდგომარეობით და რაც შესაძლოა გერმანიისა და საქართველოს ნიადაგების შემთხვევაში განსხვავეული იყოს. სწორედ ამიტომ, თუკი მოხდება ხსენებული ლიტერატურის თარგმნა ამ საქმეში უნდა ჩაერთონ ბიოლოგები, ბოტანიკოსები, ენტომოლოგები, ნიადაგმცოდნეენი, მევენახეები… სხვა შემთხვევაში ნაშრომი თავის აზრს სრულიად დაკარგავს და ის სიკეთის მოტანის ნაცვლად მკითხველს შეცდომაში შეიყვანს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ გარემოებით გამოწვეული გულისტკივილი, რაც უკავშირდება დარგის თანამედროვე ლიტერატურის სიმცირესა თუ ფაქტობრივად არარსებობას. როგორც აღინიშნა, ჩვენ მევენახეობის სფეროში მოგვეპოვება უნიკალური ქართული მასალა, მაგრამ ესაა საკმაოდ მოძველებული ლიტერატურა, რაც მეორე მხრივ პრაქტიკოსი მეურნეებისთვის ნაკლებად თუ გამოდგება მიზეზთა გამო. არის ახალი ლიტერატურის გამოცემის მცდელობებიც, მაგრამ თუ ზოგიერთი ამგვარი წიგნი არ გამოიცემა, ამით უფრო მეტი გაკეთდება საქართველოს მევენახეობისათვის…

კარგი იქნება, თუ ამ საქმეს ღვინის ეროვნული სააგენტო აიღებს თავის თავზე, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ საქმეში დარგში ჯერ კიდევ შემორჩენილი სპეციალისტები ჩაებან და ეს საშური საქმეც მალევე განხორციელდეს, რაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობის ძირს დაცემულ დარგს ნამდვილად კეთილად წაადგება.

გიორგი ბარისაშვილი,

მცხეთა, 2018 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *