ახალგაზრდა მეწარმეების (ფერმერების) მხარდაჭერის პროგრამის დეტალები

 დანიური ფონდის „დანიდას“ დაფინანსებით ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა იწყება. „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნესის განხორციელება საქართველოში. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

ამასთან, მოქმედებს ასაკობრივი ზღვარი: მამაკაცებისთვის ზღვარი 18-დან 35 წელია, ხოლო ქალების შემთხვევაში 18-დან 40 წლის ჩათვლით.

„ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში მოხდება მხოლოდ ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ხარჯების თანადაფინანსება.

პროგრამა ითვალისწინებს ახალი ბიზნესის დასაწყებად ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომელსაც გააჩნია სამი ეტაპი:

• თანადაფინანსების მიღებამდე ტექნიკური დახმარება;
• თანადაფინანსება – ფინანსური დახმარება;
• თანადაფინანსების მიღების შემდგომი ტექნიკური დახმარება. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა (არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობაზე გაცემული ჯამური თანადაფინანსება უნდა შეადგენდეს პროგრამით განსაზღვრული თანადაფინანსების ბიუჯეტის არაუმეტეს 20%-ს).

სააგენტო დააფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 ლარს. სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლოა შეადგენდეს 40%-ზე ნაკლებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 150 000 ლარს.

ოტენციური ბენეფიციარი სააგენტოს თანადაფინანსების მისაღებად გადის შემდეგ ეტაპებს: 

1. ვებ გვერდზე რეგისტრაცია;

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.danida.apma.ge 

2. განაცხადის შევსება;

სრულყოფილად ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას (ფიზიკური პირის შემთხვევაში; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში). 

3. განაცხადის განხილვა; 

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადს სააგენტო განიხილავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. 

4. ბიზნეს გეგმის მომზადება;

პროგრამის ფარგლებში წინასწარ შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია პოტენციურ ბენეფიციართან შეთანხმებით მოამზადებს წინასწარ შეთანხმებული ფორმატის მიხედვით ბიზნეს გეგმას. 

5. ბიზნეს გეგმის და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა; 

პოტენციური ბენეფიციარი საკუთარი მართვის პანელში ახორციელებს ბიზნეს გეგმის, შესაბამისი ექსპერტების დასკვნის და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ატვირთვას. 
შენიშვნა: ბიზნეს გეგმის და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს განაცხადის სტატუსის ცვლილებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. 

6. ბიზნეს გეგმის დამტკიცება; 

სააგენტო ახორციელებს ბიზნეს გეგმისა და თანმდევი დოკუმენტაციის განხილვას და აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების შესახებ. 

7. ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია. 

8. ხელშეკრულების გაფორმება;

9. თანადაფინანსების მიღება.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი ბიზნეს საქმიანობები:

• ალკოჰოლური სასმელების (გარდა იმ ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული საქმიანობისა, რომელითაც განსაზღვრულია არაუმეტეს 20,000 ბოთლი (15,000 ლიტრი) ღვინის წარმოება) და თამბაქოს წარმოება;

• აზარტული თამაშები;

• სავაჭრო ობიექტი;

• სალომბარდო მომსახურება;

• საიუველირო ნაწარმის დამზადება;

• რესტორნები და კვების ობიექტები;

• ექსტრემალური სპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება;

• დეველოპერული საქმიანობა (მათ შორის პროგრამული საქმიანობა, Software დეველოპმენტი);

• ელექტრონული ბიზნესი;
 
• სატრანსპორტო მომსახურება;

• სამშენებლო საქმიანობა;
 
• ჭაბურღილის მოწყობა;

• საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან/და რემონტი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სახლი გამოიყენება ტურიზმისათვის);
 
• მეცხოველეობის/მეფრინველეობის ფერმა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანადაფინანსება გაიცემა ისეთი მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვისა და მეცხოველეობის ფერმის მოსაწყობად, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ გათვალისწინებული პირუტყვის ჯიშებს და მათი შესყიდვის წესს);

• სათბურის მოწყობა / გადაიარაღება;

• სასაკლაოს მოწყობა / გადაიარაღება;

• მრავალწლიანი ბაღების გაშენება (დასაშვებია ვაზის გაშენება, გარდა რქაწითელის ჯიშის ყურძნისა);

• ერთწლიანი კულტურების პირველადი წარმოება;

• მეფუტკრეობა.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: www.bm.ge

2 thoughts on “ახალგაზრდა მეწარმეების (ფერმერების) მხარდაჭერის პროგრამის დეტალები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *