ბლოგიმე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

ახალგაზრდა ფერმერის დღიურები

ინტერნეტ ჟურნალმა agronews.ge გადაწყვიტა (იგივე  რუბრიკა გაიხსნება ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში) გახსნას ახალი რუბრიკა  _ „ფერმერის დღიურები“, რომლის მიზანი სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან დაახლოება, მათი კონკრეტული გასაჭირის გამომზეურება და შემდგომ მათზე რეაგირების მოთხოვნის დაყენებაა. ჩვენ ვიცით, რომ სოფელს მეცნიერებასთან, ინოვაციებთან წვდომის შესაძლებლობასთან და ინფორმაციულობასთან ერთად დიდი გულისყური და ერთგულება სჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ საოჯახო მეურნეობის  საქმიანობის გაუმჯობესების და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის არსებობს სახელმწიფოს ნება. , რომ დღეს სოფელი ჰორიზონტალურ სიბრტყეში დგას, დანარჩენი სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები _ ვერტიკალურში.
  ჩვენი მოკრძალებული მიზანია მათი ინტერესების გადაკვეთის წერტილებიდან ადამიანური სივრცე შევქმნათ და შემდეგ ჯაჭვი გავაერთიანოთ. სამიზნე ჯგუფი კომლის თითოეული წევრია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც უყვარს, გული შესტკივათ, ფიქრობენ და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ… გრძნობენ, რომ ჯერ საკუთარი ოჯახის, შემდეგ მთელი მოსახლეობის ჯანსაღად გამოკვება ჯანმრთელი მომავლის საწინდარია. გვსურს მათ გარჯაზე, ტკივილზე, გასაჭირზე, სიხარულზე და ყველაფერ იმაზე გესაუბროთ, რასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.
ამ წამოწყების დაჩქარების მიზეზი რედაქციაში  ქალბატონი თამარის სტუმრობა გახლავთ,  რომლის ძალიან ახლობელმა ახალგაზრდამ (დისშვილმა) სოფელში დასახლება მოისურვა. შემდეგ თავისი შრომისმოყვარეობით და  საქმის დაუფლების წყურვილით, არცთუ იმედიანი სოფლის ახალგაზრდებისთვის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან სტიმულად იქცა. სწორედ ამ ახალგაზრდას დაებადა სურვილი „ჩანაწერების“ სახით უამბოს თანატოლებს თავისი არჩევანის და ახალი ცხოვრების შესახებ.
მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით, მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები, იდეები, როგორ შეიძლება აღორძინდეს სოფელი, მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს მამა-პაპის კერას, სოფლად  მეტი დოვლათი და ცხოვრების ღირსეული პირობები შეიქმნას.   

ინტერნეტ ჟურნალ agronews.ge-ს რედაქცია

ფერმერის დღიურები

ძალიან ხშირად მესმის სახლში, გარეთ თუ მასმედიიდან ქართველი გლეხის ლანძღვის კორიანტელი, ან აქა-იქ ქილიკურად წამოსროლილი ფრაზები. ალბათ (ვიცი, მაგრამ თავს ვიმშვიდებ) მეც „ვფილოსოფოსობდი” „საწყალ” მთავრობაზე და გლეხზე, რომელიც ინვესტიციების და საგრანტო პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, მაინც ღატაკად რჩება.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, ვიყიდე სოფელი (ასე იმერეთში ეძახიან, თორე ისე სახლი ვიყიდე სოფელში) და ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეხედულებები, მიზნები, წარმოდგენები და ყველაფერი, რისი შეცვლაც შეიძლებოდა.

მინდა თანაზიარი გაგხადოთ ჩემი ისტორიის და ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ რაღაც-რაღაცებზე. კიდე, იმ ინფორმაციას გაგიზიარებთ, რაც წავიკითხე და მოვიპოვე, შედარების საშუალება რომ გვქონდეს, თქვენ თქვენი თქვით, მე ჩემსას ვიტყვი და იქნება მართლა ავაშენოთ სოფელი….

თავიდან მოკლედ მოგიყვებით ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე ირაკლი ვარ, გვარად სოხაძე. დიდი წინაპრები რაჭიდან იყვნენ, მაგრამ რაჭაში ჩვენ ადგილი არ გვერგო (ეს სულ სხვა ისტორიაა) და მამაჩემის მსგავსად, მეც სრულიად ქალაქელ ბიჭად გავიზარდე. სკოლა და ქუჩის აკადემია ქუთაისში დავამთავრე. შემდეგ ჯერი მომავალ პროფესიაზე რომ მიდგა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე რა შეიძლება გამოვსულიყავი – ჩამებარებინა სადმე თუ რაიმე ხელობა მესწავლა. გადავწყვიტე ჯერ სამხედრო სავალდებულო სამსახური გამევლო, იქ დამოუკიდებლად ფიქრის საშუალება მომეცემოდა და გადაწყვეტილებასაც მივიღებდი. ზუგდიდში ვიმსახურე და გამოცდილებაც კარგი მივიღე, ყველა ცხელ წერტილში მაინტერესებდა წასვლა და არაფერს თავს არ ვარიდებდი. ისე გულიანად მოვეკიდე ყველაფერს, მეთაურმა დარჩენა შემომთავაზა, ისიც მითხრა, რადგან ჯერ სკოლის გარდა არაფერი არ გაქვს დამთავრებული, თურქეთში გაგიშვებ კურსებზეო. შემიყვარდა ის საქმეც, მაგრამ დარჩენაზე გულმა უარი მითხრა, არ ვიცი რატომ. სახლში დაბრუნებულმა, უმაღლესი განათლებისთვის დედაქალაქს მივაშურე, ძალიან მინდოდა აგრარულში ტექნოლოგიის განხრით მესწავლა. მოვეწყვე 50%-იანი გრანტით, ვსწავლობდი, ვერთობოდი, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბშიც“ გამოვდიოდი, საკმაოდ წარმატებით, ბოლოსკენ პერსპექტიული სამსახურიც შემომთავაზა ლექტორმა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი, რატომღაც სოფლისკენ გამიწია გულმა, იქ ცხოვრება გადავწყვიტე, გადავწყვიტე და მორჩა! (აქ ვერაფრით ვერ დავეთანხმები აგრარულად აღიარებული ქვეყნის ძვირფას დეპუტატს, რომელსაც ჰგონია, რომ სოფელში ყოფნის სურვილი ეს არის – „მხოლოდ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა“). თავდაპირველად, როდის ამ აზრის მარცვალი ჩამესახა, არ ვიცი, იყო კი საერთოდ ეს მარცვალი თუ პირდაპირ წინაპრების გენებმა მიბიძგეს. ესეც არ ვიცი.

თბილისში დეიდას გავუმხილე, რასაც ვფიქრობდი და დიდი აღშფოთება ვერ შევატყვე. აღმოჩნდა, მასაც ძალიან უნდა სოფელში სახლი რომ ჰქონოდა, უფრო, ალბათ იმიტომ, რომ პატარა შვილის ჯანსაღი პროდუქტებით გამოკვების პერსპექტივა იზიდავდა, თუმცა ფინანსებმა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივამ დიდად ვერ მოხიბლა. ჯერ მხოლოდ ჩვენ ორი ვმსჯელობდით ამაზე, სანამ დედაჩემს გავუმხელდით (მაშინ ასე ვიქცეოდით). ბევრი რომ არ გავაგრძელო, დეიდაჩემი, როგორც ჩვენს, 2 ოჯახში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე, „დავსაჯეთ“ და ისე დავსახლდი სოფელში.

თავიდან საკმაოდ უნდობლობით მოეკიდნენ ქალაქელი ბიჭის მარტო სოფელში დასახლებას, იფიქრეს, ალბათ დეიდამისი „ფულიანია“ და აქ გასამდიდრებლად ჩამოვიდნენო, თუმცა რომ შეხედეს, არც ისე სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა ჩვენი გამდიდრების გეგმა „ბარბაროსა“, თან ხედავდნენ, რომ მუდმივად ფიზიკურად ვშრომობ მარტო მე კი არა, ყველა ახლობელი, რომელიც ჩემთან ჩამოდის, მეტნაკლებად დამიმეგობრდნენ. ასე დავიწყეთ თავიდან.

ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვებით და არც თქვენ დაიზაროთ თქვენი ამბების მოყოლა.

ირაკლი სოხაძე,

ახალგაზრდა ფრმერი