არქანჯელო ლამბერტი: სამეგრელოში მოყვანილი ბრინჯი ექსპორტზე გაჰქონდათ

დღეს თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მარცვლოვანი კულტურა, რომლითაც დღეს მსოფლიოს ნახევარზე მეტი იკვებება, ერთ დროს საქართველოში მოჰყავდათ და ექსპორტზეც კი გაჰქონდათ. ამის შესახებ ბიოლოგიის დოქტორი ნინო გოცაძე მოგვითხრობს.

ბრინჯი (Oryza sativa L. — „ჩელთუქი“, „ორიზა“, „ორზა“, „ორგზა“) — ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პურეული კულტურაა, რომლითაც იკვებება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ბრინჯის კულტურის კლასიკური ქვეყნების — ჩინეთის და ინდოეთის მოსახლეობის ძირითად საკვებ პროდუქტს სწორედ ბრინჯი წარმოადგენს. მისგან ამზადებენ საკვები და საყოფაცხოვრებო საჭიროების არა ერთ პროდუქტს.

მცენარის სამშობლოა ინდოჩინეთი. საიდანაც გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, ცენტრალურ და წინა აზიასა და ამიერკავკასიაში.

 დღეს ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ბანგლადეში, ვიეტნამი, ტაილანდი, ფილიპინები, ბრაზილია, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კამბოჯა და მსოფლიოს არა ერთი სხვა ქვეყანა ყოველწლიურად მილიონ ტონაზე მეტ ბრინჯს აწარმოებს.

ევროპის ქვეყნებიდან ბრინჯი მოჰყავთ ესპანეთში (ესპანეთში ბრინჯის კულტურა მავრებმა შეიტანეს), იტალიაში (ბრინჯის პირველი მინდვრები პიზასთან ახლოს, ცნობილის 1468 წლიდან), საბერძნეთსა და თურქეთში, აგრეთვე, ამერიკაში (ძირითადად შტატებში), ბრაზილიასა და რუსეთში (კრასნოდარის მხარესა და პრიმორიეს მხარის სამხრეთით).
ცნობილია ბრინჯის მრავალი ფორმა და ჯიში, განსხვავებული აგროტექნიკური პირობებით, წყლის მიმართ მოთხოვნილებით, მარცვლის ზომითა და ფერით და სხვა ნიშან-თვისებებით.

 დღეს აღმოსავლეთის და სხვა ქვეყნებში ძირითადად მოყავთ ბრინჯის ორი სახეობა: ჩვეულებრივი, ან სველი ბრინჯი (Oriza sativa L.), და მთის, ან მშრალი ბრინჯი (Oryza montana Lour.) და მათი წვრილმარცვლიანი და მსხვილმარცვლიანი ჯიშები.

მეტი რაოდენობით მოჰყავთ სველი ბრინჯის ჯიშები. შედარებით ნაკლები რაოდენობით — მშრალი ბრინჯის ჯიშები, რომლებიც საჭიროებს ორჯერ ნაკლებ წყალს, ვიდრე სველი ბრინჯის ჯიშები. ბუნებრივი გავრცელების ქვეყნებში (ჩინეთი) მშრალი ბრინჯი ველურად იზრდება სამხრეთ ჩინეთის მთიან მასივებზე და ტროპიკული წვიმების პერიოდში მორწყვის გარეშე ასწრებს დამწიფებას. თუმცა, სხვა ქვეყნებში მორწყვის გარეშე ვერ ხარობს.

 აღმოსავლეთში წარმოებული ბრინჯის მარცვლები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ოქროსფერი, ქარვისფერი, წითელი, შავი, იისფერი და სხვ., რომელთა შორის უფრო ყუათიანად წითელმარცვლიანი ბრინჯი ითვლება.

საქართველოში, მაღაზიებსა და ბაზრობებზე უხვადაა წარმოდგენილი ბრინჯის შემოტანილი ჯიშების მრავალფეროვნება: მრგვალი, გრძელი, თეთრი, ყვითელი, შავი, წითელი და სხვა. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს პროდუქტი ადგილობრივი წარმოების არ არის. მაგრამ, ცოტამ თუ იცის — ერთ დროს, ბრინჯი საქართველოში იმდენად დიდი ოდენობით მოჰყავდათ, რომ ექსპორტზეც კი გადიოდა.

საქართველოში ბრინჯის კულტურა ირანიდან შემოვიდა. ნიკო კეცხოველის გადმოცემით, ბრინჯი გავრცელებული იყო კოლხეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის დაბლობებზე.

 დასავლეთ საქართველოში ბრინჯის მოყვანის უძველეს ტრადიციებზე მოგვითხრობს მდიდარი ქართული ეთნოგრაფიული მასალები და ისტორიული ცნობები. რომლის მიხედვით, საქართველოში მოჰყავდათ როგორც ჩვეულებრივი, ან სველი ბრინჯის (Oriza sativa L.), ისე, მთის, ან მშრალი ბრინჯის (Oryza montana Lour.) ადგილობრივი ჯიშები.

XVII საუკუნის იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი თავის ნაშრომში — „სამეგრელოს აღწერა“ მოგვითხრობს: „…სამეგრელოში ბრინჯი იმდენი მოჰყავდათ, რომ ის ექსპორტის საგნადაც იყო ქცეული“, „…ქვეყნის მრავალ ნაწილში, სადაც წყალი დგას და არ შეიძლება ღომის თესვა, თესავენ ბრინჯს, რომელიც ისე ბლომად მოდის, რომ არამც თუ აქაურებს ყოფნის, არამედ მიაქვთ თურქეთის გემებს, რომელნიც აქ მოდიან“. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით კი ოდიშის (სამეგრელო) ტერიტორიაზე ბრინჯის კულტურა მორწყვის გარეშე ხარობდა.

 საქართველოში ნიადაგური პირობების მიხედვით, მშრალ და ნოტიო ნიადაგებზე ბრინჯის ორივე. გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და ლაზეთში თესავდნენ მშრალი ბრინჯის ოქროსფერ მარცვლიან ადგილობრივ ჯიშებს, ჭანეთში კი — მუქ მარცვლიანი, ურწყავი ჯიში ითესებოდა, რომელიც სხვა, მშრალ, მთიან რეგიონებშიც კარგად ხარობდა.

სამეგრელოში ღვინისფერ მარცვლიანი „ორიზა“, ან „ორზა“ დიდი ოდენობით ითესებოდა მდინარე ნოღელას ჭენჭყობიან ნაპირებზე, ჭალადიდში და უხვ მოსავალსაც იძლეოდა.

სველი ბრინჯის ჯიშები ითესებოდა ზღვისპირა ზოლში, მშრალ ფერდობებზე კი ძირითადად ურწყავი ბრინჯი მოჰყავდათ.

 კახეთში ბრინჯი ადგილობრივი სახელით „ჩელთუქი“ მოიხსენიებოდა. ხოლო ნაკვეთი, რაზედაც ბრინჯი მოჰყავდათ — საჩელთუქე ალაგად.

ბრინჯს თესავდნენ ქალები, ადრე გაზაფხულზე. შემოდგომაზე მოსავალს ჭრიდნენ ნამგლით, ახმობდნენ და შემდეგ რბილად ცეხვავდნენ. ბრინჯის მარცვლებისგან ხარშავდნენ დიეტური და სამკურნალო დანიშნულების ფაფასა და შეჭამანდს „მასულყა“, რომელსაც კუჭ-ნაწლავის აშლილობისას იღებდნენ. გრიპისა და სურდოს დროს კი ავადმყოფს ოფლის მოსადენად ღვინოსთან შერეული ბრინჯის ფაფით მკურნალობდნენ.

დღეს საქართველოში ბრინჯი, ისევე როგორც ბევრი სხვა უძველესი ქართული კულტურა, აღარ ითესება.

წყარო:sputnik-georgia.com

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *