აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოში მესაქონლეობის ხელშეწყობის ახალ პროექტს იწყებს, რომლის ბიუჯეტი 17 მილიონი დოლარია

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ (Land O’Lakes) დახმარებით  საქართველოში ახალ პროექტს განახორციელებს.
პროექტის ხანგრძლივობა 5 წელიწადია, რომლის ბიუჯეტიც 17 მლნ აშშ დოლარია.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს, ორგანიზაცია „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის „Food for Progress“ დაწყების საკითხებზე იმსჯელეს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს, ასევე ისაუბრეს საქართველოში აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმებზე.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს  ამერიკელ პარტნიორებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

_ „დღეს მოხდა ახალი პროექტის  „Food for Progress“  ინიცირება, რაც გულისხმობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას“, _  განაცხადა როს ვილსონმა.

ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას, პროდუქტიულობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობას; მესაქონლეობის დარგში კონკურენტული პირობების შექმნას, ინოვაციების ტექნოლოგიების დანერგვას, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვას და მხარდაჭერას.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით  განხორციელდება და ბენეფიციარები საშუალო, მსხვილი ფერმერები და მეწარმეები იქნებიან.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს,  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *