დარგებიმცენარეთა დაცვა

ატმის დაავადებები, მავნებლები და მკურნალობის მეთოდები

 მავნებლები და დაავადებები ხეხილს დიდ ზიანს აყენებენ, რაც აისახება ნაყოფის ხარისხზეც და მოსავლიანობაზეც. თუ დროულად არ მოხდა დაავადები ან მავნებლის გამოვლენა და მცენარის დაცვა იგი შეიძლება გახმეს კიდეც.
ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას ატმის მავნებლების და დაავადების შესახებ, რაც დაგეხმარებათ თქვენი პლანტაციის დაცვასა და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.
ატმის ფოთლების სიხუჭუჭე

ატმის ფოთლების სიხუჭუჭე აავადებს ატმის ყველა ორგანოს. ძირითადია ფოთლებისა და ყლორტების დაზიანება. ფოთლის დაავადება ვლინდება მაისის მეორე ნახევრიდან. თავიდანვე იწყება ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭება. ზოგ ადგილას ფირფიტა იბურცება, რის შედეგადაც მთელი ფირფიტა ხუჭუჭდება. დასაწყისში მწვანე ფერისაა, შემდეგ მკრთალდება, ხოლო საბოლოოდ მონაცრისფრო ფიფქი გადაეკვრება, ზოგ ადგილას კი პიგმენტ ანტოციანის გამოჩენის გამო მოწითალო ფერი გადაჰკრავს. დამახასიათებელი ისაა, რომ ფოთლის ფირფიტა სქელდება უხეში და ადვილად მტვრევადი ხდება. ძლიერი დაზიანების დროს ფოთლები ცვივა. ნაადრევად გაცვენილი ფოთლების ადგილას, მომავალი წლის კვირტების ხარჯზე ახალი ფოთოლი ვითარდება, რის გამოც ტოტი კარგად ვერ ვითარდება და ზამთარში წვერი ეყინება.

ყლორტების დაავადება უფრო ძლიერი ფორმით მიმდინარეობს. ყლორტი სქელდება, დეფორმაციას განიცდის, იგრიხება და საბოლოოდ ხმება. ამ დაავადების მიერ მიყენებული ზარალი ძალიან დიდია.

მკურნალობა: ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ გამოიყენება ვეგეტაციის დასაწყისში კაურიტილი — 3კგ/ჰა, შემდეგ დელანი 0.7კგ/ჰა.

კურკოვანთა ნაცრისფერი სიდამპლე

კურკოვნებისათვის ნაცრისფერი სიდამპლე აავადებს კურკოვანთა ყველა წარმომადგენელს: ატამს, ქლიავს, ბალს, ალუბალს და ა.შ

მისი გამომწვევი ორგანიზმი სპეციალიზებულია მხოლოდ კურკოვნებზე და სხვა კულტურაზე არ გადადის. განვითარებით წააგავს ვაშლის ნაყოფის სიდამპლეს (მონოლიოზი), მაგრამ ეს დაავადებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. თესლოვნების მეჭეჭები მსხვილია, ხოლო კურკოვნების წვრილი.

ავადდება კურკოვნების ყვავილი, ყლორტი და მომწიფებული ნაყოფი.

ყვავილების დაავადება სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება იჭრება ნასკვიდან ან ყვავილის რომელიმე სხვა ადგილიდან და იწვევს ყვავილის ჭკნობას, რომელიც შემდეგ ხმება. ამ სტადიაში ნაცრისფერი სიდამპლე ადვილი გამოსაცნობია. გამხმარი ყვავილები და ფოთლები შვეულად არიან დაშვებული ძირს, მცენარეზეა დიდხანს შერჩენილი და არ ცვივა.

ნაყოფების დაავადება მხოლოდ სიმწიფის პერიოდში ხდება. ნაყოფი უმეტეს წილად მთლიანად ავადდება. ჯერ ყავისფერი ხდება, შემდეგ ნაცრისფერი მეჭეჭებით იფარება. საბოლოოდ ნაყოფი მუმიფიცირდება მთლიანად იჭმუჭნება და ცვივა.

მკურნალობა: ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ გამოიყენება სიგნუმი 1.0 — 1.2 კგ/ჰა.

ატმის ნაცარი

ნაცარი აავადებს ფოთლებსა და ყლორტებს, იშვიათად ნაყოფებს. გარეგნულად ნაცრისთვის დამახასიათებელი დაავადების ჩვეულებრივ სახეს იძლევა. ფოთლებზე ნაცრისფერი ფიფქი ჯერ ლაქების სახითაა, შემდეგ კი ,მთლიანად ედება მთელ ფოთოლს, დაავადებული ფოთოლი ყვითლდება და ნაადრევად ცვივა. დაავადების გარეგნული პირველი ნიშნები ადრეულ ჯიშების ყლორტებზე მაისის მეორე ნახევრიდან იწყება.

მკურნალობა: ატმის ნაცრის წინააღმდეგ გამოიყენება კუმულუსი — 5კგ/ჰა

კურკოვანთა ფოთლების სილაქავე ანუ კლასტეროსპოროზი

კლასტეროსპოროზით ავადდება კურკოვანი ხეხილის ყველა ორგანო: ფოთლები, ნაყოფები და წვრილი ტოტები.

დაავადების გარეგნული სახე ასეთია: ფოთლებზე პირველად ჩნდება პატარა, მრგვალი, ყავისფერი ლაქები, რომელთა ზომა ხშირად 3-4 მმ აღწევს. ფოთლის ქსოვილში შეჭრილი მიცელიუმი მაშინვე აღწევს. ფოთლის ქსოვილში შეჭრილი მიცელიუმი კლავს შემაერთებელ ქსოვილებს, რომლებიც შემდგომ იშლება, კავშირს წყვეტს ფოთლის ფირფიტის საღ ქსოვილებთან და ადვილად გამოვარდება ფირფიტიდან, ლაქის ადგილას მრგვალი ნახვრეტები ჩნდება. თუ დაავადება ძლიერია, ფოთლის ფირფიტაზე ბევრი ლაქა ვითარდება და ისეთ სახეს იღებს თითქოს განზრახ იყოს საფანტით დახვრეტილი ან მწერების მიერ იყოს დაზიანებული. ნაყოფების დაავადების დროს იმავე სახის ლაქები ჩნდება, როგორც ფოთოლზე და წვრელი მეჭეჭებით იფარება.

ფოთლის ყუნწებსა და ტოტებზე გაჩენილი ლაქები მოგრძოა, ეს ტოტების ზრდის გაგრძელებით აიხსნება, ტოტების დაავადება მნიშვნელოვანია, რადგან უმთავრესად მუხლები ზიანდება და კვირტი ხმება.

ძლიერი დაზიანების დროს ტოტებზე ბზარები ჩნდება და წებოს დენას იწვევს.

მკურნალობა: კლასტერიოსპოროზის წინააღმდეგ გამოიყენება სიგნუმი — 1.0 -1.2 კგ/ჰა

კურკოვანთა კოკომიკოზი

აავადებს მცენარის მწვანე ორგანოებს, უმთავრესად ფოთლებს. გაზაფხულზე მაისის ბოლოს ფოთლებზე ვითარდება მრგვალი ან ელიფსისებური წვრილი ფოთლის ზედა მხარეზე გაფანტული ყავისფერი ლაქები. ზაფხულში ლაქების რიცხვი საკმაოდ სწრაფად მატულობს და ქვედა მხარეზეც საკმაოდ შესამჩნევი ხდება, მათი განვითარება აგვისტოსთვის მაქსიმუმს აღწევს. ხშირად ლაქების გაერთიანება ხდება, რის გამოც ფოთლის ფირფიტის დიდი ნაწილი ხმება და საასიმილაციო არე მკვეთრად მცირდება.

ძლიერი დაავადების დროს იწყება ფოთოლცვენა, ხშირად იმდენად ძლიერი, რომ ხეები ნახევრად ან მთლიანად გაშიშვლებული რჩება. ხის ასეთი უდროო გაშიშვლება იწვევს მომავალი წლის კვირტების გაღვიძებას და ახალი ფოთლების განვითარებას, რასაც მცენარეს ასუსტებს, ვერ მწიფდება წლიური ტოტები და ყინვაგამძლეობას კარგავს. ზამთარში ადვილად იყინებიან.

მკურნალობა: კოკომიკოზის წინააღმდეგ გამოიყენება სიგნუმი 1.0-1.2 კგ/ჰა

ხეხილის წითელი ტკიპა

ხეხილის წითელი ტკიპა პოლიფაგი მავნებელია, იგი აზიანებს მრავალ ხეხილოვან კულტურას. ხეხილის წითელი ტკიპა ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში. ყლორტისა და ტოტების კანზე, კვირტის ფუძესთან ან მის იღლიაში. ხშირად კვერცხების რაოდენობა იმდენია, რომ ხეზე წითლად მოჩანს. მოზამთრე კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა იწყება აპრილის დასაწყისიდან, რაც თვენახევარს გრძელდება. ახლად გამოჩეკილი მატლები გადადიან გაღივებულ კვირტებზე, შემდეგ კი ყვავილებზე და ახალგაზრდა ფოთლებზე. მატლები მცენარის წვენით იკვებებიან. ტკიპა სწრაფად მრავლდება. იგი წუწნის ფოთლის შიგთავსს, რის შედეგადაც ფოთოლი თავის ფუნქციას კარგავს, ხმება და ძირს ცვივა.

მკურნალობა: ხეხილის წითელი ტკიპას წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტურ-სისტემური ინსექტიციდი მასაი — 500გ/ჰა

 ატმის (თამბაქოს) ბუგრი

ატმის ბუგრი ატმის გარდა აზიანებს ზოგიერთ ხეხილს, ბოსტნეულს და ტექნიკურ კულტურებს. (ატამი, ალუბალი, ბალი, გარგარი, თამბაქო, კარტოფილი, ჭარხალი და ა.შ). ბუგრი გარდა მცენარის დაზიანებისა ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს.

ბუგრი ატამსა და სხვა კურკოვან კულტურებზე ზამთარს განაყოფერებული კვერცხის სახით ატარებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე იწყება გამოზამთრებული კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა, რომლებიც ფოთლებითა და ყლორტებით იკვებებიან. ბუგრები იძლევიან 3-4 უფრთო პართენოგენეზურ თაობას. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც ატმიდან გადადიან სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე და საწყისს აძლევენ ახალი კოლონიების წარმოშობას.

ბუგრების განვითარების ოპტიმალური ჰიგროთერმული პირობებია ჰაერის ტემპერატურა 23-250 და ფარდობითი ტენიანობა 70%. ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ბუგრის ცხოვრებაში, რითაც უნდა აიხსნას ის, რომ ატმის ბუგრი მიგრაციას აწარმოებს კურკოვანი კულტურებიდან თესლოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომელიც მისი კვებისა და გამრავლებისთვის უფრო ხელსაყრელია.

მკურნალობა — ატმის ბუგრის წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ფასტაკი 0.3 მლ/ჰა

ატმის ცრუფარიანა

ატმის ცრუფარიანა საკმაოდ დიდი ზომისაა და 10 მმ-ს აღწევს. ახალგაზრდა ცრუფარიანას ფერი მუქი ყვითელია, ხოლო ხნიერი ცრუფარიანა მოწითალო ყავისფერია. ატმის ცრუფარიანა აზიანებს მთელ რიგ კულტურულ, კონტინენტურ და სუპტროპიკულ ხეხილს.

მატლები სახლდებიან და იკვებებიან ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარი ძარღვის გასწვრივ. ფოთოლი უფერულდება, რასაც ფოტოსინთეზის პროცესის შენელება მოსდევს. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ძირს ცვივა.

ცრუფარიანა ზამთრობს მატლის ფაზაში. მარადმწვანე მცენარეებზე, ფოთლის ქვედა მხრიდან, მთავარი ძარღვის გასწვრივ, ხოლო ფოთოლმცვენ მცენარეებზე კი გამერქნიანებულ ორგანოებზე.

ატმის ცრუფარიანა დასავლეთ საქართველოში ორ თაობას იძლევა. პირველი თაობის მდედრები კვერცხებს დებენ მაისში, ხოლო მეორე თაობა სექტემბერში. აღმოსავლეთ საქართველოში ერთ თაობას გვაძლევს.

მკურნალობა — ატმის ცრუფარიანას წინააღმდეგ გამოიყენება კვირტების დაბერვამდე ოვიპრონი — 2000 — 20 ლ/ჰა. შემდეგ ბი-58 ახალი — 1.5 ლ/ჰა.