ატმის ფოთლების სიხუჭუჭე

ატმის ფოთლების სიხუჭუჭე აავადებს ატმის ყველა ორგანოს. ძირითადია ფოთლებისა და ყლორტების დაზიანება.

ფოთლის დაავადება ვლინდება მაისის მეორე ნახევრიდან. თავიდანვე იწყება ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭება.

ზოგ ადგილას ფირფიტა იბურცება, რის შედეგადაც მთელი ფირფიტა ხუჭუჭდება.

დასაწყისში მწვანე ფერისაა, შემდეგ მკრთალდება, ხოლო საბოლოოდ მონაცრისფრო ფიფქი გადაეკვრება, ზოგ ადგილას კი პიგმენტ ანტოციანის გამოჩენის გამო მოწითალო ფერი გადაჰკრავს. დამახასიათებელი ისაა, რომ ფოთლის ფირფიტა სქელდება უხეში და ადვილად მტვრევადი ხდება. ძლიერი დაზიანების დროს ფოთლები ცვივა.

ნაადრევად გაცვენილი ფოთლების ადგილას, მომავალი წლის კვირტების ხარჯზე ახალი ფოთოლი ვითარდება, რის გამოც ტოტი კარგად ვერ ვითარდება და ზამთარში წვერი ეყინება.

ყლორტების დაავადება უფრო ძლიერი ფორმით მიმდინარეობს. ყლორტი სქელდება, დეფორმაციას განიცდის, იგრიხება და საბოლოოდ ხმება. ამ დაავადების მიერ მიყენებული ზარალი ძალიან დიდია.

ბრძოლის ღონისძიებები

აუცილებელია ჩამოცვენილი და გამხმარი ტოტების მოგროვება და დაწვა. კვირტების გაშლის წინ ხე უნდა შეიწამლოს 3%-იანი ბორდოს სითხით. ეფექტურია ფუნგიციდ ხორუსის ორჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე 7-10 დღის ინტერვალით.

ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *