აგრარული განათლებარუბრიკები

ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა

საღ გარემოში ჯანსაღი მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცხოვრობენ.

მასანობუ ფუკუოკა

ბიოლოგიური (ორგანული, ეკოლოგიური) სოფლის მეურნობის შექმნის იდეას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ხხ საუკუნის დასაწყისში, ქიმიური და მძიმე მრეწველობის განვითარებამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობაში ქიმიური სასუქების და პესტიციდების აქტიურ გამოყენებას, ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობა, შემცირდა ხელით შრომა და შესაბამისად, შემცირდა პროდუქციის თვითღირებულება.

ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვით მოსავლიანობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მავნებლების რაოდენობა და მათი მდგრადობა ქიმიური პრეპარატების მიმართ. ამან თავისთავად მოითხოვა ქიმიური პრეპარატების დოზების მომატება, რასაც თან მოჰყვა ნიადაგის გამოფიტვა, მისი ნაყოფიერების ამაღლებისათვის კი ახალ-ახალი ქიმიური სასუქების დამატება გახდა საჭირო, თანდათან სოფლის მეურნეობა ქიმიურ ინდუსტრიაზე დამოკიდებული გახადა,რასაც თან მოჰყვა ნიადაგის გამოფიტვა, დეგრადაცია, გარემოს დაბინძურება, შეირყა ადამიანის ჯანმრთელობა. თუ ასე გაგრძელდა კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. ბიოლოგიურ სასუქებს ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი ეფექტურობა აქვს: არ ანაგვიანებს ნიადაგს და გრუნტის წყლებიც სუფთა რჩება. ნიადაგის თვისებებს, მის სტრუქტურას, მცენარის იმუნიტეტს აუმჯობესებს და მავნებლების მიმართ უფრო გამძლეა. რომ შეამოწმოთ ქიმიური სასუქით და ბიო-სასუქებით მოყვანილი პროდუქტის შემცველობა, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით უკეთესია ბიო-სასუქით მიღებული პროდუქტი: არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და გემოც უკეთესია.აქედან გამომდინარე ბიოაგროწარმოებაზე გადასვლა სინთეზურ პესტიციდებსა და მინერალურ სასუქებზე უარის თქმას გულისხმობს. სამაგიეროდ ფართო გასაქანი ეძლევა ბიოტექნოლოგიებისა და ბიოპრეპარატების დანერგვას.

ბიოაგროწარმოების განვითარება ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებული იქნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #198 დადგენილებით დამტკიცდა „ბიოწარმოების წესები“, რომელიც განსაზღვრავს ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის, ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. შვეიცარიელმა მეცნიერმა ჰანს მიულერმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ბიოორგანული მეურნეობის კონცეფციას, რომლის მთავარ საფუძველს წარმოადგენდა:

ქიმიურ ინდუსტრიაზე დამოკიდებულების უარყოფა — მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის ქიმიური სასუქების და სხვა სინთეზური საშუალებების მოხმარების შემცირება, მეურნეობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, სასურსათო პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე;

დღეისათვის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება მდგრადი გლობალური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც, შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას ისახავს მიზნად.

იადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება; ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება;

ეკოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება;

სოფლის ეკონომიური განვითარების ალტერნატიული მეთოდი;

როგორც წესი, ბიოწარმოების წესები ემყარება ზოგად პრინციპებს, რომლის თანახმად:

ბიომეურნეობის დაგეგმვისა და მართვისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ შიდა ბუნებრივი რესურსები და წარმოების ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდები;

ბიოპროდუქციის დაბინძურებისა და მავნებელ-დააავადებების წინააღმდეგ გატარებული უნდა იქნეს პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებები;

იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობის შიგნით არ მოიპოვება საჭირო და საკმარისი რაოდენობით ბუნებრივი ნივთიერებები და მინერალური სასუქები, გარე რესურსების სახით გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სხვა ბიოლოგიური მეურნეობის რესურსები;

მკაცრად უნდა იქნეს შეზღუდული ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენება;

მკაცრად შეზღუდულია ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენება, გარდა აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა;

აუცილებელია სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება ოპერატორის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ;

ბიოწარმოებაში დაშვებულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერებების და საშუალებების გამოყენება.

ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მრავალწლოვანი თესლბრუნვის გამოყენება, პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენლების, ან მძლავრი ფესვთა სისტემის მქონე კულტურების მწვანე სასუქის, ბიომეურნეობიდან მიღებული ცხოველის ნაკელის და ორგანული ნარჩენების გამოყენება (უმჯობესია კომპოსტირებული). დაშვებულია, ასევე სასათბურე წარმოება, მრავალწლიანი მცენარეები, მუდმივი საძოვრები. განსაზღვრულია, რომ ნიადაგში შეტანილი ნაკელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 200 კგ აზოტს ჰექტარზე წელიწადში. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ბიოპრეპარატები (ბიოსასუქები, ბიოპესტიციდები, ზრდის სტიმულატორები და რეგულატორები).

საყურადღებოა, რომ ბიოსასუქის დამზადებამ, შენახვამ და გამოყენებამ არ უნდა დააბინძუროს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ამასთანავე ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩი, სილოსი, პოლიეთილენის პროდუქტები. გამოყენების შემდეგ ეს მასალები უნდა მოცილდეს ნიადაგს, თუმცა, არ უნდა დაიწვას მეურნეობაში. სათესლე და ვეგეტატიური გამრავლების მასალის წარმოებისათვის მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტაციური გამრავლების მასალის გამოყენებაა დაშვებული.

მნიშვნელოვანია, რომ ბიომეთოდებით მიღებული სათესლე და ვეგეტაციური გამრავლების მასალის წარმოებისათვის გამოყენებული ერთწლიანი მცენარე მოყვანილი უნდა იქნეს ბიოწარმოების პრინციპების დაცვით სულ მცირე ერთი თაობის, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში — ორი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, თუმცა, სერტიფიკაციის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ინდივიდუალურად, დაშვებულია არაბიომეურნეობიდან მიღებული სათესლე მასალისა და ვეგეტაციური გამრავლების ორგანოების გამოყენება. მცენარეები და მათი ნაწილები, აგრეთვე მათი პროდუქტები, შეიძლება ჩაითვალოს „ბიოპროდუქტად“კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ.

ორგანული მიწათმოქმედების არსი მდგომარეობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანაში მინერალური სასუქების, მავნებლებთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალების გამოყენების გარეშე. ამ ტიპის მიწათმოქმედების ძირითადი პრინციპები საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, მიწა კი არ უნდა იხვნებოდეს, არამედ უნდა ფხვიერდებოდეს არა უღრმეს 5 სმ-ისა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გადაბარვა და ღრმა ხვნა თრგუნავს მიკროორგანიზმების აქტიურობას, შლის ნიადაგის სტრუქტურას, რითაც აქვეითებს მის ნაყოფიერებას. ამ დროს ხდება ჟანგბადით ნიადაგის გაჯერება და ნიადაგის ბაქტერიები იწყებენ ჰუმუსის გარდაქმნას მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ მინერალურ სასუქებად, რაც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალ მოსავლიანობას

ორგანული მიწათმოქმედების მეორე პრინციპია „მულჩირება”. „მულჩა” არის ყოველივე ის, რითაც დაფარულია ნიადაგი: ჩალა, თივა, ფოთლები, ნახერხი, მოცელილი სარეველები. „მულჩი” იცავს მიწას, მიკროორგანიზმებს უქმნის ხელსაყრელ პირობებს.

სიტყვა „ორგანული” ნიშნავს ხერხს, რითაც ფერმერებს მოჰყავთ და ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს.ფერმერები, რომელთაც მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, არ იყენებენ ტრადიციულ სასუქებსა და პესტიციდებს და იყენებენ თესლბრუნვას, ბუნებრივ სასუქებს (ნაკელი, კომპოსტი), ხოლო მავნებლების გასანადგურებლად — სასარგებლო მწერებსა და ჩიტებს, ნაცვლად სინთეზური პესტიციდებისა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია ბიოაგროწარმოების სამსახური, რომელიც ფუნქციონირებს 2014 წლის15 ივლისიდან, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ძირითადი სამუშაო ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ ფერმერს ტრადიციული მეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის სურვილი გაუჩნდეს. მართალია, ბიოაგროწარმოება უცებ არ აძლევს ფერმერს დიდი მოგების შანსს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მისი შემოსავალიც თანდათან იმატებს და ეკოლოგიური წონასწორობაც შენარჩუნებული იქნება ბუნებაში, რაც მრავალ კატასტროფას აგვაცილებს თავიდან.

მზ. სარალიძე, ს/მ დოქტორი;

გ. წერეთელი, ს/მ დოქტორი;

ო.ლიპარტელიანი, ს/მ დოქტორი, პროფესორი;

ზ. ბილანიშვილი,

სსიპ სოფლის მეურნეობის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“