რა არის ბიომეურნეობა

საღ გარემოში ჯანსაღი მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცხოვრობენ. მკურნალობა მხოლოდ მაშინ ხდება გარდაუვალი, როდესაც ადამიანები ქმნიან არაჯანსაღ გარემოს („ერთი ღერი ნამჯის რევოლუცია“)

ბიომეურნეობა (ორგანული, ეკოლოგიური _სინომიმებია) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავების და გასაღების მოწესრიგებული სისტემაა.

ეს გახლავთ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო, ეფექტიანი წარმოება.

_ ბიომეურნეობა ითვალისწინებს მცენარეების, ცხოველების და ლანდშაფტების ბუნებრივ წარმადობას. იგი მიმართულია აგროწარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოს შენარჩუნებაზე.

_ ბიომეურნეობაში მკვეთრად შეზღუდულია წარმოების საშუალებების გარედან შემოტანა, როგორც წესი, არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები (სინთეზური სასუქები, ვერტიანრული პრეპარატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და საკვები დანამატები); პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების, ცხოველების და მცენარეების ჯანმრთელობის ასამაღლებლად და მთლიანად მეურნეობის მდგრადობისთვის , მისდევენ ბუნების კანონებს.

_ ბიომეურნეობაში მთელ მსოფლიოში პრინციპულად მსგავსი წესები დაცვით ეწევიან მეურნეობა. უმნიშვნელო ცვლილებები გამოწვეულია ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური, გეოკლიმატური და კულტურული თავისებურებებით.

_ ბიომეურნეობის საყოველთაო სტანდარტი დაადგინა და მიიღო „ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFOAM-მა), რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ სისტემებს ადგილობრივ და რეგიონულ  დონეზე.

_ აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება.

1.       რაში მდგომარეობს ბიომეურნეობის ეფექტიანობა
1.1. ფაქტორები, რომლებიც მეურნეობაზე მოქმედებენ

ნებისმიერი მეურნეობა იმყოფება გარკვეულ გარემოში და მასზე მოქმედებენ სხვადასხვა ფაქტორები. ფაქტორები 3 ტიპის არის:

§  სოციალური ფაქტორები ძირითადად წარმოდგენილია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, აგროპოლიტიკითა და ბაზრით.

§  ბუნებრივი ფაქტორები უფრო მრავალფეროვანია და ეფუძნება ბუნებრივ კანონზომიერებებს.

§  მეურნეობის შიდა ფაქტორი გულისხმობს მეურნეობაში ჩართულ პირთა შინაგან პოტენციალს (ცოდნა, მისწრაფებებს, ხასიათს და სხვ.).

გერმანულენოვან ქვეყნებში გამოიყენება ტერმინი „ბიომეურნეობა“ (Biologische Landvirtschft), ინგლისურენოვან ქვეყნებში _ „ორგანულ (Organic Farming), ზოგიერთ ქვეყანაში _ „ეკოლოგიური“, საქართველოში მიღებულია _ „ბიომეურნეობა (რეგულირდება საქართველოს კანონით „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ (2017 წლის 1 მარტი: იხ. WWW elkana. Org.ge.)

საქართველოსთვის იხ. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მიერ გამოცემულ „სტანდარტი ბიოწარმოების შესახებ“ III რედაქცია“).

1.2 ელემენტები, რომელიც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად

ბოლოს და ბოლოს ადამიანი რჩება საკუთარ თავთან გადარჩენისთვის ბრძოლაში…

ნიკოლაი კურდიუმოვი

გონიერი მოაგარაკის ენციკლოპედია

ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის და მის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, შთამომავლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი, რომ ჩვენ პლანეტაზე არსებობდეს მინიმუმ ხუთი ელემენტი:

1.     ჰაერი;

2.     წყალი;

3.     საკვები;

4.     სივრცე („ადგილი მზის ქვეშ“) და

5.     სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.

თუკი ჩვენი სიცოცხლე ძირფესვიანად ამ ელემენტებზეა დამოკიდებული, მაშინ ლოგიკური იქნებოდა გვეგულისხმა, რომ ამ ელემენტების ხარისხი განსაზღვრავს სიცოცხლის ხარისხსაც. ამრიგად, რაც უფრო ხარისხიანი იქნება ეს 5 ელემენტი, მათ მეტ ხარისხს მიაღწევს ჩვენი სიცოცხლეც!

მაშასადამე, ნებისმიერი საზოგადოება, რომელსაც აქვს ცივილიზებულობის და კულტურულობის პრეტენზია, მაგრამ არ ზრუნავს თავის არსებობის ესოდენ მნიშვნელოვანი ელემენტების ხარისხზე და აქტიურად არ წყვეტს მათთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვერასრედებით ვერ მიიჩნევა გონივრულ საზოგადოებად. გარდა ამისა, მთავარია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც არამარტო ამ ელემენტების ხარისხთან, არამედ მათ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.

ერთი რამ ცხადია: არსებობს პრობლემები, რომლებიც ყველა ხუთ ელემენტთან არის დაკავშირებული; და ისიც ნათელია, რომ ეს პრობლემები საკმაოდ მძიმეა და პირველ რიგშია გადასაწყვეტი. მაგრამ შეუძლებელია დღეს კაცობრიობამ თუნდაც ერთ ზემონახსენებ ელემენტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის პერსპექტივით მაინც მოექონა თავი?

ამ ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პასუხი გაეცეს კითხვას: წარმოადგენს თუ არა ბიომეურნეობა ჩამოთვლილი ელემენტების ხარისხთან და მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის რეალურ პერსპექტივას (ან თუნდაც ერთ-ერთ პერსპექტივას)?

ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების წრე მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ რა არის მდგრადობა და როგორო შეიძლება მისი მიღწევა?

1.3 მდგრადი მეურნეობა

მდგრადი განვითარება სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა, რომელიც არ ანგრევს თავის ბუნებრივ საფუძველს და უზრუნველყოფს საზოგადოების უწყვეტ პროგრესს.

მაშასადამე: მდგრადი მეურნეობა სიცოცხლისუნარიანია და სტაბილურად ვითარდება.

შესაბამისად _ ეფექტიანი მეურნეობა მდგრადია.
იმისთვის, რომ მეურნეობა იყოს მდგრადი, მეურნე თავის მეურნეობაზე მოქმედ (ზემოაღნიშნულ) სამივე ფაქტორს უნდა ითვალისწინებდეს.

1.4 ბიომეურნეობის მიზანი და მის მისაღებად აუცილებელი პრინციპები

ბიომეურნეობის მიზანია:

მდგრადი და მომგებიანი მეურნეობა

პრინციპები:

1 _ ბიომეურნე უნდა ითვალისწინებდეს ბუნების კანონზომიერებას და უფრთხილდებოდეს მის რესურსებს;

2 _ მეურნეობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი;

3 _ მეურნე მზად უნდა იყოს კოოპერირებისთვის.

ბიომეურნეობა აგრარულ სფეროში მდგრადი განვითარების პრინციპის პერსპექტიული რეალიზაციაა. ბიომეურნეობა აერთიანებს და ჰარმონიულად განავითარებს საზოგადოების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს.

1.5 ზოგადი სასარგებლო რჩევები დამწყებ ბიომეურნეთათვის (მეურნეობაზე მოქმედ სამივე ფაქტორის გასათვალისწინებლად)
მეურნეობის შიდა ფაქტორის გასათვალისწინებლად:

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მოსავლის მოყვანის ტექნიკა, არამედ ფერმერის ცნობიერება. მასანობე ფუკუოკა (ერთი ღერი ნამჯის რევოლუცია).

§  მეურნემ უნდა გამოიყენოს თავსი შანსის ყოველი მისხალი რათა მეურნეობა მაქსიმალურად ეფქტიანი გახადოს (მეურნეობის ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული).

§  გათვალეთ თქვენი მოქმედების ხანგრძლივი შედეგები;

§  გააანალიზეთ თქვენი მეურნეობა: რა მაქვს, რას და როგორ ვაკეთებ?

§  ეძებეთ პრობლემების მოგვარების გზები და არა თავად პრობლემები;

§  ერიდეთ მოკლევადიან ძვირ ინვესტიციებს.

მეურნეობის სოციალური ფაქტორის გასათვალისწინებელია:

დაეხმარეთ ხალხს სამეურნეო დამოკიდებლობის მოპოვებაში და ხელი შეუწყვეთ ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებას. ბილ მოლისონი, რ.მ. სელეი (ჰერმიკულტურის შესავალი).

         ეცადეთ მაქსიმალურად მოერგოთ ბაზარს რისთვისაც ჯერ შეეცადეთ, პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:

–         რას ვაწარმოებ?

–         რას გავყიდი უკეთ?

–         რამდენი ვაწარმოო?

–         რამდენს მოვიხმარ და რამდენს ვიყიდი?

–         რა შეიძლება გავკეთო სხვანაირად, რათა: შემიმცირდეს გასავალი და გამეზარდოს შემოსავალი? რა მჭირდება ამისთვის? აქედან რა არის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი?

მეურნეობის ბუნებრივი ფაქტორების გასათვალისწინებლად:

ყველა ბუნებრივი რესურსით ისარგებლეთ ოპტიმალურად და გამოიყენეთ ნარჩენები (ბილ მოლისონი, რ.მ. სელეიჰერმიკულტურის შესავალი“) გააანალიზეთ თქვენს მეურნეობაში არსებული ფაქტორები, რისთვისაც  ჯერ შეეცადეთ გასცეთ პასუხი შემდეგ კითხვებს:

–         რა ბუნებრივი რესურსები მომეპოვება?

–         როგორ შეიძლება გამოვიყენო არსებული ბუნებრივი რესურსები უფრო ეფექტიანად?

–         როგორ და რა პროდუქტი ვაწარმოო?

–         როგორ შეიძლება გამოვიყენო ბუნებრივი კანონზომიერებები?

–         როგორ გავზარდო ჩემი პროდუქციის ხარისხი და ოდენობა?

რეგულარულად დარგეთ ხეები იზრუნეთ ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების აღდგენაზე;

შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ადგილობრივი სახეობები, ჯიშები ან ის სახეობები, რომელთა შესახებ წინასწარ ცნობილია, რომ მოცემულ პირობებს მოერგებიან. პოტენციურად აგრესიული სახეობების არაგონივრულ გამოყენებას  შესაძლოა გარემოს ბალანსის დარღვევა მოჰყვეს;

მაქსიმალურად ეფექტიანად ისარგებლეთ თქვენი მიწის ნაკვეთით. შეიმუშავეთ მცირეზომიანი, ენერგოაქტიური, ინტენსიური სისტემები, ნაცვლად დიდი ზომის ექსტენსიური სისტემებისა, რომელიც ენერგიის დიდ რაოდენობას მოითხოვენ;

პრაქტიკაში გამოიყენეთ სახეობათა მრავალფეროვნება, მოაშენეთ პოლიკულტურა, მონოკულტურის საპირისპიროდ. ეს მდგრადობის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და საშუალებას იძლევა, მზად იყოთ როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის.

აგრეთვე გაზარდეთ წარმოების პროდუქტების მრავალფეროვნება; გაითვალისწინეთ მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქტების საერთო ჯამი, რომლეიც მოიცავს ერთწლოვან და პარკოსან კულტურებს, მცენარეებსა და ცხოველებს. დაზოგილი ენერგიაც განიხილეთ, როგორც წარმოებული პროდუქტი;

გამოიყენეთ ბუნებრივი (მზე, ქარი და წყალი) და ბიოლოგიური (მცენარეები და ცხოველები) სისტემები ენერგიის შენარჩუნების და წარმოებისთვის;

გაითვალისწინეთ ადგილობრივი ტრადიციული ცოდნა.

ბიომეურნეობის საფუძვლები,

ზურაბ კარბელაშვილ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *