BPN-ი რეგიონებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფონდი BPN-ი საქართველოს რეგიონებში მოქმედ მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამის მთავარი მიზანია მეწარმეთათვის იმ ცოდნის მიწოდება, რომელიც აუცილებელია გრძელვადიანი წარმატებისთვის.
მეწარმისთვის ერთერთ მთავარ გამოწვევას ცოდნის დეფიციტი წარმოადგენს. ამ პრობლემას ყველგან შეხვდებით, მათ შორის, საქართველოშიც.
ამავდროულად, ქართველი ხალხის ნიჭიერებაზე არავინ დავობს. ქვეყნის ყველა კუთხეში ხვდებით საკუთარ საქმეზე შეყვარებულ, განსაკუთრებულ ადამიანებს. ასეთ ხალხს განგება ხშირ შემთხვევაში არც უნარებს აკლებს, არც საქმის კეთების ალღოს, არც გამოცდილებას. მაგრამ არსებობს ისეთი ცოდნაც, რომელიც მშრომელ კაცთანაც კი თავისით არ მოდის და სწორად ასეთის შეძენაში გვინდა შეგიწყოთ ხელი.
ნებისმიერი ბიზნეს იდეის განხორციელება დაგეგმვით იწყება. თუ იდეის გეგმაში გარდასახვა არ ხდება, მაშინ იგი სურვილად, ან უბრალო ფანტაზიად რჩება.
შეიძლება იპოვნო სპეციალისტი, რომელიც ბიზნეს გეგმის დაწერაში დაგეხმარება, მაგრამ ასეთი სპეციალისტის მომსახურება, მცირე ბიზნესისთვის ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, გახსოვდეს, რომ ბიზნეს გეგმას, პირველ რიგში, შენთვის წერ. ეს შენი ჩანაფიქრის, შენი ხედვის ქაღალდზე გადმოტანის საშუალებაა, შენი რეალური მოქმედების გეგმა, რომელიც სამ გვერდზეც დაეტევა, თუ გულს დაუდებ. სწორედ ასეთ ნაწერს აფასებენ ბანკები, ინვესტორები, თუ გრანტის გამღები ორგანიზაციები. სწორედ ასე იწყება ყველა წარმატებული პროექტი.
რა გიშლის დღესვე დაიწყო ჩანაფიქრის განხორციელებაზე ზრუნვა? გამოავლინე მონდომება, მზაობა იმისა, რომ მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენო შენი ბიზნესი და ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში. აუცილებლად შეგეშველებით გეგმის შედგენის საფეხურზევე და მოგყვებით მანამ, სანამ ჩვენი დახმარება შენი ბიზნესისთვის ღირებული იქნება.
ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ პროფესიას, რომელსაც შენი რეგიონისთვის, ქალაქისთვის, ან თუნდაც სოფლისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.
თუ გრძნობ, რომ მცირე ბიზნესის განვითარება შენი მოწოდებაა, მაშინ BPN-ის პროგრამაც შენთვის არის
ჩვენთვის ერთნაირად დასაფასებელია მცირე სახელოსნო, საკვები პროდუქტების წარმოება, თუ წიგნების გამოცემა. ყველა ბიზნესი უნიკალურია.
პროდუქტის ან მომსახურების წარმოებაში მთავარია არსებობდეს თუნდაც ერთი რგოლი, რომელშიც შენი განსაკუთრებული უნარი ვლინდება – რგოლი, რომელშიც ნებისმიერს შეგიძლია გაეჯიბრო. სიახლე, ფასი, ხარისხი, სისწრაფე, უსაფრთხოება, მომხმარებელთან ურთიერთობის განსაკუთრებული კულტურა, კომფორტი, დაუვიწყარი გემო, ან შთაბეჭდილება – წარმოაჩინე ის, რაშიც ძლიერი ხარ, ის, რასაც ეკონომისტები კონკურენტულ უპირატესობას უწოდებენ, რასაც მოგება მოაქვს. სწორედ ამ უპირატესობის წარმოჩენით ხდება ბიზნესის ახალ საფეხურზე აყვანა.
ყველაფერი იწყება ბიზნეს გეგმით და გრძელდება ფინანსების სწორი მართვით. როდის მწიფდება ბიზნესი ინვესტიციისთვის? არის თუ არა ხელსაყრელი პირობა გრანტის მოსაზიდად? როგორი ტიპის სესხი წაადგება საქმეს და როგორ უნდა მოხდეს მისი მოპოვება? ეს ყველაზე საჭირბოროტო კითხვებია მცირე ბიზნესისთვის. მით უმეტეს საქართველოში, სადაც იოლი კრედიტების ხელმისაწვდომობამ გასულ წლებში ძალზედ დაუმძიმა მეწარმეებს ფინანსური მდგომარეობა.
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ფინანსური რესურსების მოძიებაში. და შემდგომ ამ რესურსების სწორად განკარგვაშიც შეგეშველოთ. დღევანდელ საქართველოში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია! ცდება ის, ვინც ფიქრობს „ნეტა ფული მომცა ნორმალურ პირობებზე და დანარჩენი მე ვიცი, როგორ უნდა ვქნა“. დღეს საქართველოში ფულის მოძიების პრობლემა არ დგას. აი მისი პროფესიონალურად გამკარგავი კი მცირე ბიზნესში სანთლით საძებარია.
არსებობს კიდევ რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომლის გადაჭრაც ნიჭიერ მეწარმეს მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე უძნელდება. მაგალითად, კადრების პრობლემა, რომელსაც საქართველოში ბევრი უჩივის. ან თანამედროვე რეკლამის საშუალებები, რომელთა სწორად გამოყენებამ მნიშვნელოვანი ბიძგი შეიძლება მისცეს ბიზნესს. ჩვენ მზად ვართ პირდაპირ თქვენს საქმიანობაზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება გასწავლოთ ისე, რომ ეს არ დააწვეს ბიზნესს გაუმართლებელ ხარჯად.
მცირე ბიზნესს მცირე რესურსები აქვს. მათ შორის დროის რესურსიც შეზღუდულია. თუკი ამ შეზღუდული რესურსების – ფინანსების, კადრების, სარეკლამო შესაძლებლობების და დროის – სწორად მართვაში დახელოვნდებით, თქვენი ბიზნესის განვითარებას წინ აღარაფერი დაუდგება. აღმოაჩენთ, რომ არც გრანტის მოგებაა რაღაც წარმოუდგენელი, არც შეღავათიანი სესხი, არც ინვესტორი. და არც იღბალია სხვის მხარეზე. თქვენ წარმატებისკენ დაიძრებით, ჩვენ კი თქვენს წარმატებას მაგალითის ძალას შევძენთ და სხვა ნიჭიერ მეწარმეს დავუდგებით გვერდში.
როგორ მუშაობს BPN-ის პროგრამა?
ჩვენთან ურთიერთობა მხოლოდ რამოდენიმე პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს. თქვენ გაქვთ მცირე საწარმო საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, განვითარების ნებისმიერ სტადიაზე. ან ხართ სტაბილურად დასაქმებული, გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც პარალელურად მცირე ბიზნესის განვითარებას ცდილობს. თქვენ გაქვთ ხედვა ხვალინდელი დღის, იცით საით გინდათ ბიზნესის წაყვანა, მაგრამ გრძნობთ პროფესიონალური ცოდნის დეფიციტს, რომლის შევსებასაც ჩვენთან თანამშრომლობით ფიქრობთ. თქვენ იმედი გაქვთ, რომ BPN-ის პროგრამაში მონაწილეობა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის წინაშე მდგარ ფინანსურ, მატერიალურ, საკადრო, მარკეტინგულ, ტექნოლოგიურ, ან სხვა ძირითად გამოწვევებთან გამკლავებაში.
ჩვეულებრივ სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 879341 ან ფეისბუქზე:
www.facebook.com/bpngeorgia/ ან მობრძანდით ოფისში, თბილისში, ახვლედიანის 5-ში (ყოფილი პეროვსკაია).
ყველაზე მარტივად, გირჩევთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (599 879341) გამოაგზავნოთ SMS შეტყობინება ქართული, ან ლათინური შრიფტით:
მაინტერესებს პროგრამაში მონაწილეობა
mainteresebs programashi monacileoba
შეგიძლიათ გამოიყენოთ Viber მესენჯერი იგივე ტექსტის გამოსაგზავნად.
შეტყობინების გამოგზავნის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და თუ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, თქვენი განაცხადი დარეგისტრირდება. შემდგომ დაიწყება განაცხადების შესწავლის პროცესი, რომლის განმავლობაშიც მუდმივად ხაზზე ვიქნებით.
ცხადია, პროგრამაში მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. მაგრამ ყველას, ვინც გამოაგზავნის მითითებულ SMS შეტყობინებას, აუცილებლად დავუკავშირდებით, დეტალურად გავეცნობით თქვენი ბიზნესის განვითარების წინაშე მდგარ გამოწვევებს და თუ დავინახავთ თქვენს მონდომებას, ვიზრუნებთ იმაზეც, რომ პროგრამაში მონაწილეთა ადგილები გავზარდოთ.
ყველას, ვინც პროგრამაში ჩაერთვება, ელის მრავლისმომცველი პროფესიონალური მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი, ისე დასავლელი სპეციალისტების მხრიდან. ნაწილი კონსულტაციებისა წარიმართება ჯგუფურად, სემინარების და ვორქშოფების ფორმატში.
მაგრამ ძირითადი სამუშაოები, ბუნებრივია, განხორციელდება ინდივიდუალურად, თითოეულ ბიზნესზე მორგებულად, პირისპირ საუბრებში. ასევე ინდივიდუალური იქნება მიმოწერაც, საჭირო მასალების მიწოდებაც და ნებისმიერი სხვა კომუნიკაციაც, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას.
პროგრამის ხარჯების უდიდეს ნაწილს ჩვენი ორგანიზაცია, BPN Georgia დაფარავს. მაგრამ პროგრამის მონაწილეები ასევე შეიტანენ თავიანთ წვლილს. ეს უფრო სიმბოლური შენატანი იქნება, რომელიც არ დაგაწვებათ დიდ ტვირთად და ისევ მონაწილეებს მოხმარდებათ. მაგრამ ეს ერთერთი მაჩვენებელი გახდება იმის, რომ მცირე მეწარმე სრული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ბიზნესის განვითარების საკითხს და მზად არის, თუნდაც სიმბოლური შენატანი გაიღოს.
თანამშრომლობის განრიგი და ტექნიკური დეტალები მაქსიმალურად მოერგება თქვენი საქმიანობის გრაფიკს. ჩვენი სპეციალისტები თავად გესტუმრებიან ნებისმიერ რეგიონში, რამდენადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელი იქნება. თუმცა, ჩვენ ასევე ველით თქვენგან მზაობას, საჭიროებისამებრ, ესტუმროთ თბილისს, ან თქვენი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.