აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ჩაის კულტურის მომგებიანობა და ახალი პლანტაციების გაშენების მნიშვნელობა

ჩაის არსებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ერთგვარ მოტივაციას ქმნის დარგის განვითარებისათვის. მომდევნო ეტაპზე რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს ახალი პლანტაციების გაშენების ხარჯზე.

ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, ჩართულია კერძო კომპანიები, კოოპერატივები სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან. რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა ბევრი ხარვეზი და გაუთვალისწინებელი მომენტები, თუმცა, ჩვენის აზრით, პირველ ეტაპზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მაინც ერთჯერადი დროებითი ღონისძიებაა, რადგან ისედაც ასაკოვანი (70-80 წელი) ჩაის ბუჩქები სტადიური გაახალგაზრდავების მიუხედავად ვერ მოგვცემს ჩვენთვის სასურველ უხვ და ხარისხოვან ნედლეულს. მაშ, რა არის გამოსავალი? დროა რეალურად ვიფიქროთ ჩაის ახალი პლანტაციების გაშენებაზე ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩაის მწარმოებელი კლასიკური ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად ხდება მთელი ნარგაობის 2-3%-ის ამოძირკვა და ახალი პლანტაციების გაშენება მაღალპროდუქტიული ჯიშებით.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და მითუმეტეს ქართულ ჩაიზე, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ნაკლებკოფეინიან პროდუქტზე, რატომ არ უნდა გაგვაჩნდეს ინტერესი და სახელმწიფოებრივი ხედვა ამ დარგის ინტენსიური განვითარებისათვის? ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ვიმეორებთ _ დასავლეთ საქართველოს ტიპიურ წითელმიწა, ეწერმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე ჩაის კულტურას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოში დღეისათვის მოქმედმა კომპანიებმა, შპს-ებმა, კოოპერატივებმა თამამად უნდა გადადგან ნაბიჯი თავისუფალ ფართობებზე ახალი პლანტაციების გასაშენებლად, ასევე დაკნინებული, უპერსპექტივო ჩაის პლანტაციების ამოძირკვაზე და ახლით შეცვლაზე. ფერმერულ-გლეხური მეურნეობები, რომლებმაც გასული 15-20 წლის მანძილზე სპონტანურად ამოძირკვეს ჩაის ნაკვეთები და სხვა კულტურები გააშენეს, დღეს ბევრი მათგანი აღიარებს დაშვებულ შეცდომებს. ამ ვანდალიზმს ხელს უწყობდნენ ასევე ხელისუფლების ზედა ეშელონებში მოკალათებული „ვაიპატრიოტები“, რომლებიც ჩაის მონურ-კულტურად აცხადებდნენ. ჩვენ, მეცნიერ სპეციალისტები, თავიდანვე ვწერდით და ვაპროტესტებდით მათ ქმედებებს, თუმცა, უშედეგოდ. საპასუხოდ დღეს ბევრი მოგვმართავს კითხვით, სად შეიძლება ვიშოვოთ თესლი ან ნერგი ჩაის ახალი პლანტაციების გასაშენებლად? პასუხი ერთია: არ არსებობს ჩაის სპეციალური სათესლეები და არც სანერგეები. ყველაფერი, რაც კი მეჩაიეობის დარგს ამ მიმართულებით გააჩნდა, სტიქიურად განადგურდა. ის მცირე რაოდენობის თესლიც კი, რომელიც შემოდგომაზე პარტიზანულად გროვდება ჩვენთან შემორჩენილ ჩაის პლანტაციებში, _ გააქვთ აზერბაიჯანსა და თურქეთში ჩაის ახალი ნაკვეთების გასაშენებლად.

უკანასკნელ წლებში კლიმატური პირობების მკვეთრი ცვალებადობის ფონზე მავნებელ-დაავადებათა ინტენსიური განვითარების შედეგად, თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბალი და უხარისხო მოსავლიანობის გამო ჩვენს მოსახლეობას რეალურად გაუჩნდა მოტივაცია ჩაის არსებული ნარგაობის რეაბილიტაციისა და ახლის გაშენების თაობაზე, რაც კანონზომიერ მოვლენად მიგვაჩნია.

მეჩაიეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კარგი იქნება, თუ ქვეყნის ხელისუფლება შეიმუშავებს და სამოქმედოდ მიიღებს „ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების სახელმწიფო პროგრამას“, რომლის შესრულება თანადაფინანსების პრინციპეპზე იქნება დაფუძნებული. აქვე პირველი რიგის ამოცანად უნდა დაისახოს პლანტაციების გასაშენებლად საჭირო ჩაის ხარისხოვანი თესლით მოსახლეობის უზრუნველყოფის საკითხი. პირველ ეტაპზე ამ პროცესში ჩართული უნდა იქნას საპარტნიორო ფონდი, რომელიც ჩინეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოიტანს და ბენეფიციარებს უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციების გასაშენებელი თესლით. შემდგომ ეტაპზე _ თვით საქართველოს ტიპიურ მეჩაიეობის ზონებში უნდა შეიქმნას ჩაის მაღალხარისხოვანი ჯიშების სპეციალური სათესლე პლანტაციები, რომლებიც ადგილობრივი წარმოების თესლით უზრუნველყოფენ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლობალური კლიმატური ცვლილებების ეპოქაში, რომელიც უკვე მიმდინარეობს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებისა და განაშენიანების სწორ და რაციონალურ სისტემას. ჩვენ ათეული წლების წინ ვაანონსებდით აღნიშნული პრობლემის მიზანმიმართულად ამოქმედებას, თუმცა, ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი სასოფლო-სამეურნეო დარგების პრიორიტეტები, მოსახლეობა ქაოტურად მოქმედებს და ცხოვრობს „დღევანდელი კვერცხის“ ფილოსოფიით, სპონტანურად აშენებს ისეთ კულტურებს, რომლებიც საბაზრო ღირებულებით ამ მომენტისათვის მომგებიანია, მაგრამ ვერ აანალიზებს მსოფლიო ბაზარზე კულტურათა წარმოებისა და კონკურენციის მოსალოდნელ მძიმე შედეგებს, ასევე არ ითვალისწინებს ახალი კულტურებისათვის მოსალოდნელ იმ არასტაბილურ კლიმატურ პირობებს, რომლებსაც ჩვენს სუბტროპიკებში მოაქვს კატასტროფული შედეგები. ვინ უნდა მისცეს მათ სწორი რეკომენდაცია? რა თქმა უნდა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებულ და პრაქტიკულად აპრობირებულ რეკომენდაციებს.

დღეის მონაცემებით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში თხილის კულტურა ლიდერობს, შემდეგ _ ციტრუსები და ჩაი, თუმცა, ფერმერულ მეურნეობებში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში აქტიურად აშენებენ კენკროვნებს (ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო), კაკლოვნებს, კურკოვნებს, თესლოვნებს, რომელიც სახელმწიფოსაგან 70%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამ პროგრამით სასარგებლო საქმე კეთდება, თუმცა, კარგი იქნებოდა ამ პროგრამაში ჩაის ახალი პლანტაციების გაშენებაც ყოფილიყო ჩართული.

სახელმწიფოსაგან მეჩაიეობის დარგისადმი ასეთმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მძიმე დაღი დაასვა სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და სოფლად დარჩენილი მოსახლეობის ის მცირე ძალაც კი სეზონურად თურქეთში გადის ჩაისა და თხილის საკრეფად. დღეს ყველა ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ დარგში რადიკალური გარდაქმნები ვერ ხორციელდება, არადა ჩაის კულტურის პროპაგანდა, დარგისადმი ხელშეწყობა ამ ზონის გაღატაკებული მოსახლეობის უკუმიგრაციის, მათი დასაქმებისა და მატერიალური კეთილდღეობის ძირითად პირობად მიგვაჩნია. ბევრი შეიძლება წერო ჩაის კულტურის დადებით მხარეებზე, თუმცა, ჩვენი ფერმერებისათვის, გლეხებისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის კარგი იქნებოდა, თუ კიდევ ერთხელ მივაწოდებდით მოკლე ინფორმაციას მეჩაიეობის დარგის სამეურნეო, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ფასეულობებზე.

ა) სამეურნეო ასპექტები:
ჩაის კულტურის ადაპტირების მაღალი უნარი გლობალური კლიმატური ცვლილებების მიმართ.
ყოველწლიური გარანტირებული და სტაბილური მოსავალი.
დასავლეთ საქართველოს მჟავე წითელმიწა, ეწერმიწა, ყვითელმიწა ნიადაგებისადმი დიდი შემგუებლობა.
პლანტაციების ხანგრძლივი (80-100 წელი) საექსპლუატაციო ვადა.
მუშახელის დატვირთვის ხანგრძლივობა (7-8 თვე).
ყინვაგამძლეობა, ზამთარგამძლეობა, მავნებელ-დაავადებათა მიმართ მდგრადობა.
მცენარის ბიოპოტენციალის მაქსიმალური-უდანაკარგო გამოყენება (ნაზი, მოუხეშო, უხეში ნედლეული).
ბ) ეკოლოგიური ასპექტები:
ჩაის მცენარის ფესვთა სისტემა, როგორც ნიადაგდამცავი, ეროზიული მოვლენების შემაკავებელი ფაქტორი.
ჩაის ბუჩქის შეკრული ვარჯი, როგორც წყალშეკავების უნარისა და ნიადაგის მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცვის საშუალება.
ჩაი, როგორც მარადმწვანე მცენარე _ წლის ყველა პერიოდში ატმოსფეროს სუფთა ჟანგბადით გამდიდრების საშუალება.
ჩაის ნარგაობა, როგორც მზის სხივური ენერგიის აკუმულირებისა და ზამთრის პერიოდში რბილი მიკროკლიმატური პირობების შექმნის საშუალება.
ჩაის ნარგაობა, როგორც ნიადაგის გამაკეთილშობილებელი საშუალება.
ჩაის ხავერდოვანი მწვანე ზედაპირი, როგორც ეგზოტიკურ-დეკორაციული განაშენიანების საუკეთესო ობიექტი, დასვენებისა და ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობა.
გ) ეკონომიკური ასპექტები:
ერთი ჰექტარი სრულმოსავლიანი პლანტაციის საშუალო მოსავლიანობა: 6-7 ტონა ნედლეული (1,5-2,0 ტონა მზა პროდუქცია).
ნედლეულის საშუალო სარეალიზაციო ფასი: კგ2,0-2,5 ლარი.
მზა პროდუქციის საშუალო სარეალიზაციო ფასი: კგ20-25 ლარი.
ერთი კგ მზა პროდუქციის საშუალო თვითღირებულება: 13-15 ლარი.
ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციისაგან მიღებული მზა პროდუქციის ღირებულება: 30-40 ათასი ლარი.
სუფთა მოგება: 20-22 ათასი ლარი (ფასები  მოცემულია 2015 წელს არსებული მდგომარეობის მიხედვით).

პროდუქციის შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობა.
აი, იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალი, რომლითაც ეს კულტურა გამოირჩევა და აღიარებას პოულობს მსოფლიო მასშტაბით. თუ ამას დავუმატებთ ჩაის, როგორც სასმელის სამკურნალო-პროფილაქტიკურ და დიეტურ მნიშვნელობას, მაშინ ამ კულტურის ღირსება შეუდარებლად გაიზრდება. საბედნიეროდ, როგორც ადრინდელი გამოცდილება გვიჩვენებს, ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ -კლიმატური პირობები იძლევა ამ კულტურის ინდუსტრიული განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალურ გარანტიას.

დღეისათვის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციისა და ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებისათვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შემუშავებაზე, ფერმერულ და გლეხურ მეურნებებს უწევენ პრაქტიკულ დახმარებას არსებული ჩაის პლანტაციების შესწავლა-დიაგნოსტირების, ნიადაგის ქიმიური ანალიზის ჩატარების და სარეაბილიტაციო აგროტექნოლოგიური პროგრამების მომზადების საკითხებში. ასევე კვალიფიციური დახმარება გაეწევათ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების საკითხებითაც.

/ზაურ გაბრიჩიძე/

სოფლის მეურნეობის დოქტორი