„ჩირიფრუტი“, ანუ ამბავი თეფშიდან გადმოვარდნილი კივისა

ეს ამბავი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩნდება ბიზნეს-იდეა, როცა ადამიანები მზად არიან ამ იდეის დასანახად, მისაღებად და განსახორციელებლად. ეს საუკეთესო ამბავია იმაზე, თუ როგორ გვიბიძგებს ხოლმე გარემო ქმედებისკენ მაშინ, როცა თავადაც ქმედებაზე ვართ ორიენტირებული. ეს არის ამბავი იმაზე, თუ რა მარტივი შეიძლება იყოს ამ ქმედებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა სურვილიც დიდია და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ხარ, როცა გრძნობ, რომ ძველი უნდა დამთავრდეს, რადგან ახლის დაწყების დროა.

ყველაფერი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული კივით დაიწყო, რომელიც, ღამე ღუმელთან დარჩენილი, გამოშრა და ჩირად გადაიქცა. აი, რას ყვება ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, 4 შვილის დედა, სოფიო ჯიქია:

„მამაჩემი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და ძალიან უყვარს ექსპერიმენტები. მთელი ცხოვრება რაღაცას ცდილობს, რაღაცას იგონებს, აქვს თავისი ბაღი, სხვადასხვა ხილს ამყნობს, ახალი ჯიშები გამოყავს, რომლებსაც შვილებს და შვილიშვილებს ასინჯებს და ამით ძალიან ბედნიერია. ერთხელაც მამამ კივის მოშენება გადაწყვიტა და მოსავალი თბილისში გამოგვიგზავნა.

მე და ჩემმა დებმა ერთ საღამოს ეს კივი მივირთვით, დარჩენილი ხილი კი თეფშით ღუმელთან დაგვრჩა. კივის ნარჩენი მეორე დღეს შევამჩნიე, როცა ის თეფშიდან გადმოგორდა და ჩემ წინ იატაკზე დავარდა. ძირს დავარდნილი ხილი ავიღე და მივხვდი, რომ ღუმელთან ახლოს დებისგან გამომშრალიყო, ფაქტიურად ჩირი მეჭირა ხელში, რომელიც გემოთიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. აი, პირველად ამ დროს გამიჩნდა იდეა, რომ ხილით, რომელიც მამას უხვად ჰქონდა და არ ეყიდებოდა, ჩირის გაკეთება შემეძლო, და ეს იდეა ბიზნესად უნდა მექცია, რადგან მანამდეც სულ მეფიქრებოდა იმაზე, რომ რამე საქმე წამომეწყო, რამე ისეთი, რითაც ჩემს შვილებს უკეთესად უზრუნველვყოფდი და თან ჩემი საქმე მექნებოდა.“

დებმა ჯიქიებმა იდეა მამას გაუზიარეს და, ექსპერიმენტების მოყვარული მამაც, რა თქმა უნდა, სიხარულით ჩაება საქმეში – ინფორმაცია მოიძია, ინტერნეტის დახმარებით ნახაზიც შეადგინა და ხილის საშრობი მოწყობილობა თავად დაამზადა. ეს იყო პირველი კუსტარული აპარატი, რომლითაც ჯიქიებმა ხილის გამოშრობა დაიწყეს,  სხვადასვა სახეობის ჩირი რამდენიმე სავაჭრო ობიექტში ჩააბარეს და მალევე მიხვდნენ, რომ აღებული ფულით ახალი საშრობი აპარატები უნდა შეეძინათ.

„საქმე იმდენად კარგად წავიდა, რომ მივხვდით – მომხმარებლის და საქმის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებდა, ამიტომ ამ საქმის საფუძვლიანად შესწავლა გადავწყვიტეთ. ძალიან დაგვეხმარა ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაცია „ელკანა“, ირაკლი ჯავახიშვილმა მეგობრებისა და კონტაქტების დახმარებით უსასყიდლოდ გაგვიშვა სომხეთში, სადაც მე და ჩემო ორი და ერთი კვირა ვცხოვრობდით, ვმუშაობდით ქარხანაში და შევისწავლეთ ის პროცესი, რომელსაც გადის ხილი ჩირად ქცევამდე. იქ მიღებული ცოდნა ძალიან დაგვეხმარა, ამას დავამატეთ ჩვენი ფანტაზია, ინტუიცია, ჩვენ მიერ მოპოვებული რეცეპტები და ნელ-ნელა გავზარდეთ და დავხვეწეთ ჩვენი პროდუქცია,“ – ამბობს სოფიო ჯიქია.

დღეს „ჩირიფრუტის“ დახლს, რომელიც გალერეა თბილისშია განთავსებული, უამრავი სახეობის ტკბილეული ამშვენებს:  ალუბლის კერკი, ქლიავის, ვაშლისა და ატმის ჩირი, შერეული ხილის ტყლაპი, ქლიავისა და  ტყემლის ტყლაპები.  განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა მარწყვის ტყლაპსა და მარწყვისავე ჩირზე, რომლებიც საკმაოდ შრომატევადი და ძვირფასი, მაგრამ  ამავე დროს ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია და, როგორც სოფიო ამბობს, პირველად სწორედ დებმა დაამზადეს. მათი იდეა იყო, ასევე, ფორთოხლის ცუკატის დამზადება, რომელიც შემდეგ შოკოლადშიც ამოავლეს და მისი პოპულარობა ამით ერთიორად გაზარდეს. პირველად „ჩირიფრუტმა“ დაამზადა, ასევე, ჩუჩხელად ამოვლებული მოხალული თხილი, რომელმაც დახლზე გამოჩენის დღიდან მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული.

„ჩირიფრუტის“ ამ ფერადი და ჯანსაღი ასორტიმენტიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს „მენდიანტი“ – მონეტის ფორმის ფრანგული დესერტი, რომელიც დებმა ქართულად  – ფორთოხლის ცუკკატით, ნუშით, თხილით, გოგრის თესლითა და გარგლის ჩირით გააფორმეს.

მათი შექმნილია, ასევე, თხილიანი ფინიკის შოკოლადში ამოვლებული ბურთულები, სტაფილოს ცუკატი, რომელსაც შოკოლადის თხელი ფენა განსაკუთრებულ არომატს სძენს, და ქოქოსში ამოვლებული, სურნელოვანი ფორთოხლის ჩირი.

ამჟამად „ჩირიფრუტის“ მცირე საწარმოში 20-ამდე ადამიანია დასაქმებული. დების მიზანი გაყიდვების გაზრდა და ახალი, დიდი საწარმოს აშენებაა, რომლისთვისაც მიწა უკვე შეიძინეს.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გავფართოვდეთ და დავიხვეწოთ. ძალიან გვინდა, მალე გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზეც, საიდანაც უკვე გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები, თუმცა ამისგან ჯერ თავს ვიკავებ.  ვფიქრობ, რომ ექსპორტი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – როცა საზღვარგარეთ გაგაქვს შენი პროდუქცია, უკვე შენი ქვეყნის იმიჯთან გაქვს საქმე, ამიტომ ვალდებული ხარ, რომ მაღალი სტანდარტი გქონდეს, რომ ქვეყნის სახელი არ შეიბღალოს. ამ ნაბიჯის გადადგმამდე კიდევ უფრო უნდა დავიხვეწოთ, თუმცა ეს ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის,“ – ამბობს სოფიო ჯიქია.

„ჩირიფრუტი“ „ბიზნესდაჯილდოების“ პროექტში პირველად მონაწილეობს. ამბობენ, რომ ეს პროექტი მათ მცირე ჯგუფს პოპულარიზაციაში დაეხმარება. სწორედ პოპულარიზაცია აკლია დღეს ამ ახალ, გერიელ ტკბილეულს, რომელიც ქართული ხილით მზადდება, ტურისტების დიდი სიყვარულით სარგებლობს და რომლის ისტორიაც თეფშიდან გადმოგორებული კივით დაიწყო.

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

წყარო: www.tbcbusiness.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *