ჩითილის გამოყვანის მეთოდი და გადარგვის წესი

ჩითილის მეთოდის არსი. ჩითილს უწოდებენ ახალგაზრდა მცენარეებს, რომლებსაც სპეციალურად ზრდიან შემდგომ მუდმივ ადგილზე დასარგავად ღია ან დაცულ გრუნტში. ჩითილის მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ მისი გამოყენებით შესაძლებელია საადრეო მოსავლის მიღება. მაგ. თუ პამიდორის ჩითილი დაცულ გრუნტში ადრე გამოვზარდეთ და შემდეგ 50-60 დღის მცენარეები გადავრგეთ ღია გრუნტში, როცა მისი ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება მოსავალს 50-60 დღით ადრე მივიღებთ.

ჩითილის მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს ვეგეტაციის მოკლე პერიოდის მქონე ადგილებში (ჩრდილოეთი, მაღალმთიანი ზონა) გრძელი სავეგეტაციო პერიოდის მქონე კულტურების მოყვანის საქმეში. ჩითილების გამოზრდა შეიძლება სათბურებსა და კვალსათბურებში დაყრილ გრუნტზე, ღია საჩითილე კვლებზე და ტორფ-ნეშომპალიან ქოთნებში ან ნოყიერ კუბურებში როგორც დაცულ, ისე ღია გრუნტში.

ჩითილების გამოზრდა სათბურებსა და კვალსათბურებში

საკულტივაციო შენობების საექსპლოატაციოდ გამზადებისა და შემოწმების შემდეგ იწყებენ საჩითილე მცენარის თესლის თესვას. იმის მიხედვით, თუ როგორია მცენარის თავისებურება, ან მისი მოყვანის მეთოდი, თესვას აწარმოებენ ან უშუალოდ კვალსათბურისა და სათბურის გრუნტში ან სათეს ყუთებში. თესვას კვალსათბურებში იწყებენ მაშინ, როდესაც მიწა გათბება 25-300-მდე. თუ კვალსათბურში მიწა ძლიერ ტენიანია, საჭიროა ზედმეტი ტენის გამოშრობა, რისთვისაც მიწა უნდა გადაბრუნდეს ჩაყრის მთელ სიღრმეზე თოხით ან ნიჩბით და უკეთ რომ გამოშრეს, მას უნდა მიეცეს ტალღისებრი ფორმა. ამასთანავე, აორთქლებული წყლის მოსაშორებლად ჩარჩოებს რამდენადმე მაღლა წევენ.დათესვის წინ მიწის ზედაპირს გულმოდგინედ ასწორებენ ფიცრის საშუალებით და შემდეგ თესავენ. თესვა შეიძლება მწკრივად და მობნევით. უმჯობესია მწკრივად თესვა, რადგან მას აქაც აქვს მთელი რიგი უპირატესობანი მობნევით თესვასთან შედარებით.

კვალსათბურებში მწკრივად თესვისათვის მარკერის საშუალებით ხდება სათესი კვლების (ნაღარების) მონიშვნა. ჩასათესი ნაღარების სიღრმე დამოკიდებულია დასათესი თესლის სიმსხოზე. ჩვეულებრივ საკულტივაციო შენობებში თესვის დროს მიღებულია, რომ თესლი დაფარული იყოს მისი სიმსხოს ორმაგი მიწის ფენით. თუ მიწა ჩაყრის დრის, განსაკუთრებით ადრეულა კვალსათბურებში სველია, მორწყვა არ დასჭირდება. მხოლოდ თუ მიწა მშრალია, მაშინ დათესვისთანავე რწყავენ. მორწყვა ხდება სარწყავებით, რომლებსაც უკეთებენ წვრილ ბადეს.დათესვის შემდეგ კვალსათბურს ხურავენ ჩარჩოებით და ზემოდან დათბუნვის მიზნით დააფარებენ ჭილობებს, რადგან პირველ ხანებში თესლის აღმოცენებამდე სინათლე საჭირო არ არის. არმოცენებისთანავე კი დღისით ჭილობებს ხსნიან. ჩარჩოებს რამდენამდე ასწევენ და ამრიგად აღმონაცენს უზრუნველყოფენ სინათლით და ჰაერით. თუ თავის დროზე არ აეხადა ჭილობები, კვალსათბურის მაღალი ტემპერატურის პირობებში, ერთი დღის განმავლობაშიც კი მცენარე იმდენად აიწოწება და ლებნის ფოთოლაკებიც იმდენად გაყვითლდება, რომ შემდეგ მცენარის გამოსწორება მეტად ძნელი იქნება. ამიტომ საჭიროა აღმოცენების პირველი დღიდანვე მცენარის სინათლით უზრუნველყოფა, ჩარჩოების აწევის საშუალებით კი ჰაერის გაწმენდა და საჭირო ტემპერატურის დაცვა. რაც შეეხება სათბურებს იქ თესვა ხდება საჩითილე ყუთებსა ან კასეტებში, რომლების ლაგდება პირდაპირ ძირს ან სტელაჟებზე ერთ ან ორ სართულად. სათეს ყუთს აკეთებენ შემდეგი ზომისას: სიგრძით 50 სმ, სიგანით 35 და სიმაღლით 6-8 სმ. ყუთს ავსებენ შეზავებული მიწით. ხოლო ზედაპირს ასწორებენ ფიცრის საშუალებით.

მცენარეების გადარგვა

დაცულ გრუნტში ხშირად გვიხდება მცენარის გადარგვა. მცენარემ გადარგვის შემდეგ რომ კარგად იხაროს, საჭიროა გადარგვა ჩატარდეს აუცილებელი პირობების დაცვით. საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მცენარეთა დაჩითილება ანუ პიკირება და გადარგვა.

დაჩითილების მნიშვნელობა

როდესაც თესლს პირველად სქლად თესავენ და შემდეგ, აღმონაცენს ლებნის ფოთლების ან 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ისევ საჩითილეში უფრო დიდი კვების არეზე გადარგავენ. ამ ღონისძიებას დაჩითილებას უწოდებენ. დაჩითილებისას ნორჩ მცენარეს ფესვს უმოკლებენ, აკვეცენ ხოლმე, რასაც პრაქტიკულად პიკირებას უწოდებენ. პიკირების დროს მთავარი ფესვის სიგრძის ერთიმესამედი ნაწილის წაწყვეტა ხელს უწყობს დარჩენილ ნაწილზე გვერდითი ბუსუსა ფესვების განვითარებას. საერთოდ დაჩითილება იძლევა დაცული გრუნტის ფართობის ეკონომიურად გამოყენებას, ადრეულა ჩითილის გამოყვანის დროს დანახარჯების შემცირებას, სათესლე მასალის ეკონომიას და სხვ. დაჩითილების დაწყებამდე ნიადაგს კარგად ასწორებენ და ამარკერებენ დასარგავი ადგილების მოსანიშნავად. გადასაჩითილებელ მცენარეებს წინასწარ რწყავენ და მიწიდან ძალიან ფრთხილად იღებენ და მოაქვთ დასარგავ ადგილზე. ჩითილს ნიადაგში ლებან ფოთლებამდე რგავენ და მაგრად მიატკიპნიან მიწას. მცენარის გახარება რომ არ გაჭიანურდეს, დაჩითილებისთანავე რწყავენ და დაჩრდილვის მიზნით ჩარჩოებს ზემოდან აფარებენ ჭილობებს ისე, რომ მკრთალი სინათლე ხვდებოდეს.

დაჩითილებას აწარმოებენ სამი ხერხით: პალოს, თითის და ლარტყის საშუალებით. პალოთი დაჩითილებისას მარკერით მონიშნულ ადგილზე პალოთი მიწაში კეთდება ხვრელი, რომელშიც მარცხენა ხელით ჩითილს ლებანფოთლებამდე ჩაუშვებენ ხვრელში, მარჯვენა ხელით კი დასარგავი მცენარის ცოტა მოშორებით პალოს ჩაუსვამენ გეზად და ფესვებს მიწას მიუტკეპნიან. თითით დაჩითილებისას მიწაში ხვრელს თითით აკეთებენ და მიწასაც თითითვე მიუტკეპნიან, რაც შემდეგნაირად ხდება: მცენარეებს ცაარიგებენ დასარგავ ადგილებზე, შემდეგ ფესვის ბოლოს საჩვენებელი თითით დააწვებიან და ჩაუშვებენ მიწაში ლებანფოთლამდე. შემდეგ დარგულ მცენარეს ცერითა და საჩვენებელი თითით მსუბუქად შემოატკეპნიან მიწას. ლარტყით დაჩითილებას ახდენენ შემდეგნაირად: იღებენ ლარტყას სიგრძით 1,5 მ (კვალსათბურებში სამუშაოდ), სიგანით 9-10 სმ და სისქით 2 სმ, რომელსაც ქვემო მხარე ბლაგვადა აქვს წამახვილებული. ლარტყას ორივე მხარეზე ზედა ნაწილში ამოპჭრილი აქვს სახელურები. ასეთი ლარტყას საშუალებით ნიადაგში აკეთებენ ნაღარს. ამ ნაღარში თვალდათვალ თანაბარ მანძილზე (4-10 სმ)აწყობენ ჩითილს და შემდეგ იმავე ლარტყის საშუალებით მთელ სიგრძეზე გვერდიდან მიწას მიატკეპნიან. ამ მიტკეპნის დროს ჩნდება მეორე ნაღარი, ახლა ამ ნაღარში ჩაარიგებან ჩითილს, მიუტკეპნიან მიწას და ასე შემდეგ. მანძილები მწკრივებს შორის ადვილად შეიძლება (საჭიროებისამებრ) რეგულირებულ იქნეს მიტკეპნისას მიწაზე ლარტყის მეტნაკლები მოდებით.

საერთოდ დასკვნისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დაჩითილებისას ვიგებთ როგორც დროში, ისე სივრცეში. ჩითილის გამოზრდის ყველაზე რაციონალურ წესად ამჟამად ითვლება მისი ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოზრდა.

ჩითილების გამოზრდა ტორფნეშომპალიან ქოთნებში

ალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩითილის მოყვანის ისეთ წესს, როდესაც გადარგვისას ფესვთა სისტემა ნაკლებად ზიანდება. გადარგული მცენარის ზრდა არ ჩერდება და ამით უზრუნველყოფილია საადრეო და საერთოდ დიდი მოსავლის მიღება.

ჩვეულებრივი წესით ჩითილის მოყვანის დროს დაცულ გრუნტში სათბური იქნება, კვალსათბური თუ თბილი კვალი, ჩითილის ამოღებისას მცენარეს შემწოვი ბუსუსა ფესვების 80% აწყდება. ფესვთა სისტემის ასეთი დაზიანების გამო, გახარების რაგინდ კარგი პირობებიც უნდა შევუქმნათ მცენარეს, გადარგვის შემდეგ იგი მაინც ზრდაში ჩერდება, ჩიავდება, ავადდება და საბოლოოდ მოსავალს მცირეს და ნაგვიანებად იძლევა.

ჩითილის ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოყვანის დროს, რადგან ეს ქოთნები ორგანული და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი მასალისაგან კეთდება, მცენარეს უკეთესი არე აქვს, ვიდრე კვალსათბურის გრუნტის პირობებში. ამასთან, ფესვთა სისტემა მას მხოლოდ ქოთნის სივრცეში უვითარდება და ქოთნიანად გადარგვისას არ უზიანდება. ამიტომ იგი აღარც ზრდაში ჩერდება, ნაკლებადაც ავადდება და საადრეო მოსავალსაც იძლევა. ეს ისეთი დიდი დადებითი მხარეა ასეთი წესით ჩითილის გამოყვანისა, რომ იგი აღიარებულია პროგრესულ წესად და რეკომენდებულია საყოველთაო დანერგვისათვის.

ტორფნეშომპალიანი ქოთნების დასამზადებლად გამოიყენება: ტორფი, ნეშომპალა, ყამირი მიწა, ახალი ნაკელი, ქვიშა. შემადგენელი ნაწილების შეფარდება დამოკიდებულია ამ ნაწილებით უზრუნველყოფაზე და ქოთნების დანიშნულებაზე. გარდა ძირითადი შემადგენელი ნაწილებისა, ნაზავში უმატებენ აგრეთვე მინერალურ სასუქებსაც. ამრიგად, მიიღება ნოყიერი მასა, რომლის შემადგენლობაში მოიპოვება დიდი რაოდენობის საკვები ნივთიერებები, რაც სავსებით უზრუნველყოფს მცენარის მოთხოვნილებას მათ მიმართ. 

ქოთნის დასამზადებელ მასას შემდეგნაირად ამზადებენ: ნაზავის შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც მშრალია, კარგად გადაურევენ, ერთმანეთში, გადანიჩბავენ და შემდეგ მიუმატებენ წყალში გახსნილ ახალ ნაკელს და მთელ ამ მასას კარგად აურევენ იმ ვარაუდით, რომ მივიღოთ ცომისებრი კონსისტენციის მასა. ნაზავი, რომელსაც ტორფი არ ურევია, ფრთხილად უნდა მოიზილოს, რადგან მას უნდა შერჩეს სტრუქტურა და კოშტოვანი აღნაგობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქოთნები გამოვა ალიზისებრი, მალე გამოშრება და გაქვავდება.ნაზავიდან ქოთნები შეიძლება დამზადდეს აგურისებრად მოჭრით უჟრიან ყუთში 40-100 უჯრით. ქოთნები ნაზავიდან შეიძლება დამზადდეს აგრეთვე სხვადასხვა სისტემის ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ დაზგებზე. როტაციული დაზგაავტომატი ნაზავის დოზირება-შერევას და ქოთნების ფორმირებას ავტომატურად ასრულებს. დაზგის მწარმოებლობა საათში დაახლოებით 9000 ცალი ქოთანია. ქოთნებში აწარმოებენ როგორც გადაჩითილებას, ისე თესლის ჩათესვასაც. ჯანსაღი ჩითილის მისაღებად საჭიროა დაცულ იქნეს მცენარეებისათვის საჭირო სითბოს, სინათლის, წყლისა და კვების რეჟიმი. ტორფნეშომპალიან ქოთნებში ჩითილების გამოზრდას აწარმოებენ როგორც ღია გრუნტში გადასარგავად, ისე თვით სათბურსა და კვალსათბურში დასარგავადაც.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტორფნეშომპალიანი ქოთნების ფორმას. წინად ქოთნებს ცილინდრული ფორმისას აკეთებდნენ, ახლა კი ამჯობინებენ კვადრატულ ან ექვსწახნაგიან ფორმას. კვადრეტული ფორმის ქოთნებს უფრო მახვილი კუთხეები აქვს და მეტად ემტვრევა ნაწილები, ექვსწახნაგიანს კი პირიქით.

ამზადებენ ექვსწახნაგიან ქოთნებს, რომლებსაც ქვემო ნაწილი უფრო ფარტო აქვს, რადგან უპირატესად აქ ვითარდება ფესვთა სისტემა და მეტადაც არის უზრუნველყოფილი საკვებით. ექვსწახნაგიანი ქოთნის უპირატესობა, ოთხკუთხოვანთან შედარებით ისიც არის, რომ ერთი სტანდარტული ჩარჩოს ქვეშ მეტი ქოთანი ეტევა. მაგ. თუ ქოთნის სიმაღლე – 65 მმ-ია, სიგანე ზემო დიამეტრში – 60 მმ, ქვემოში – 50 მმ, მაშინ ერთ ჩარჩოს ქვეშ 400-420 მცენარე ეტევა.

ჩითილის გამოზრდა ღია საჩითილე კვლებზე. ამ მიზნით არჩევენ ქარებისაგან დაცულ, მყუდრო მზიან ნაკვეთს. გასუფთავების, ნაკელის შეტანის და მოხვნის შემდეგ ნაკვეთს ერთი მეტრის სიგანის კვლებად ჭრიან. კვლებს შორის ტოვებენ 50-60 სმ სიგანის ბილიკს. ასეთ კვლებზე თესავენ თესლს 10 სმ დაშორებით მწკრივებს შორის . შემდეგ საჭიროების მიხედვით რწყავენ, ამეჩხერებენ და გადარგვისათვის მზად იქნება 30-50 დღის განმავლობაში. ღია საჩითილე კვლებზე შეიძლება ჩითილი გამოიზარდოს ტორფნეშომპალიან ქოთნებში ჩარგვითაც, ამისათვის კვლებზე აწყობენ ქოთნებს და შემდეგ შიგ ან თესლს თესავენ ანდა ნორჩ მცენარეებს ჩააჩითილებენ.

ჩითილისა და ნაკვეთის მომზადება დასარგავად. ჩითილის დასარგავად მომზადების წესი დამოკიდებულია ჩითილის გამოზრდის მეთოდზე, კულტურაზე და, რაც მთავარია, დარგვის დროზე. ყველა შემთხვევაში ძირითადი ყურადღება მიქცეული უნდა იყოს მცენარის გახარებაზე, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩითილის გამოზრდის წესზე.

ჩვეულებრივი წესით ჩითილის განოზრდისას, როდესაც მის მოყვანას სათბურის, კვალსათბურის ან ღია საჩითილეს გრუნტში აწარმოებენ, მთავარია, რომ გადარგვის შემდეგ დიდად არ დაირღვეს დამოკიდებულება მცენარის მიწისზედა და მიწისქვედა ნაწილებს შორის. ამ შემთხვევაში ჩითილის დარგვის შემდეგ გახარების ძირითადი პირობაა მცენარეში წყლის მიღებასა და ხარჯვას შორის ნორმალური შეფარდება. ამას აღწევენ ჯერ თვით საჩითილეში ჩითილის ამოღებამდე, კარგი საფუძვლიანი მორწყვით, რომ ჩითილს ამოღებისას ფესვები ნაკლებად დააწყდეს. შემდეგ დასარგავი ნაკვეთის წინასწარი მორწყვით (თუ ძალიან მშრალია) და დარგვისთანავე, ზედმიყოლებული მორწყვით, რომელიც აუმჯობესებს წყლის რეჟიმს. ზოგჯერ თუ დასარგავი მცენარე დიდია, აწარმოებენ სატრანსპირაციო ზედაპირის შემცირებას დიდი ფოთლების შეცლის გზით. გადარგული მცენარის ადვილად გახარებისა და კარგი დაფესვიანებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა სათბურებსა და კვალსათბურებში უფრო ადვილია. ღია გრუნტში ჩითილის დარგვას ამჯობინებენ ღრუბლიან ან წვიმიან დღეში, რადგან ასეთ ამინდში მცენარე უფრო კარგად ხარობს. თუ ღრუბლიანი ამინდი არ არის და დარგვის გადავადება არ შეიძლება, მაშინ მზიან დღეში ამ სამუშაოს შუადღის შემდეგ, საღამოს საათებში აწარმოებენ. ცხელი, მშრალი ქარების ქროლვის პერიოდში ჩითილის დარგვას საერთოდ ერიდებიან, რადგან ამ დროს მისი დაღუპვა მოსალოდნელია გამოშრობის გამო.

საადრეო ჩითილის გადარგვამდე მის გაკაჟებას აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს. გაკაჟებული მცენარე უფრო კარგად ეგუება გარემოს, უფრო ადვილიდ ცოცხლდება და სწრაფად იწყებს ინტენსიურ ზრდას. კვალსათბურებში გამოზრდილი ჩითილის გაკაჟებას გადარგვამდე 10-12 დღით ადრე იწყებენ. პირველ 3-4 დღეს ჩარჩოებს ხდიან შუადღის საათებში, შემდეგ 3-4 დღეს დილიდან საღამომდე, ხოლო უკანასკნელ 3-4 დღეს, დღე და ღამე. ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოზრდილი საღი ჩითილი გაკაჟების შემდეგ შეიძლება მოურწყავად იქნეს გატანილი დასარგავად, მაგრამ დარგვის ორგანიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდი მოცულობის სამუშაოებთან გვექნება საქმე.

რგვის წესები

დასარგავად წინასწარ კარგად მომზადებული ჩითილი შეიძლება დაირგას ხელითა და მანქანებით. ხელით დარგვის დროს ნაკვეთს დადგენილი კვების არის მიხედვით წინასწარ ამარკერებენ და მონიშნულ ადგილას მცენარეს ხელით რგავენ ან პალოთი ან ორმოში. პალოთი დარგვა ისეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ჩითილს ჩვეულებრივი წესით ზრდიან და საჩითილედან ამოღების დროს მიწა ნაკლებად მოყვება ხოლმე. ამიტომ მცენარის ფესვთა სისტემის გამოშრობისაგან დასაცავად ამოღებულ ჩითილის ფესვებს თიხის ან ძროხის ახალი ნეხვის ხსნარში ამოავლებენ. ეს ხსნარი, არა მარტო იცავს ამოთხრის შემდეგ დარჩენილ ფესვებს გამოშრობისაგან, არამედ უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის სწრაფად აღდგენასაც. ამასთანავე, პალოთი დარგვა მხოლოდ განსაზღვრული სიდიდის მცენარისათვის იქნება შესაძლებელი. პალოთი დარგვისას მონიშნულ ადგილას პალოთი გაკეთებულ ხვრელში ჩაუშვებენ ფესვებს და პალოთივე მიუტკეპნიან მიწას იმ ანგარიშით, რომ მიწა ფესვებს კარგად მიეტკეპნოს და ცარიელი ადგილი არ დარჩეს ხვრელში. უფრო ხშირად ხელით დარგვას აწარმოებენ ორმოში ან ნაღარებში. ორმოებს აკეთებენ თოხით, ბარით ან შალთით. ამოღებულ ორმოში შეაქვთ სასუქი (სასუქების ადგილობრივად შეტანა), რომელსაც მიწაში ურევენ და შემდეგ შიგ რგავენ ჩითილს. თუ ნიადაგი ძალიან მშრალია, მაშინ ორმოს მორწყვას წყლით წინასწარ აწარმოებენ და შემდეგ რგავენ. დარგვისას მიწას მჭიდროდ ატკეპნიან ფესვებზე. დარგვის შემდეგ ორმოებს რწყავენ და ზემოდან მშრალ მიწას აყრიან. სარწყავი მეურნეობის პირობებში დარგვას აწარმოებენ უფრო მეტად ნაღარებში. ნაღარებს აკეთებენ გუთნით ან შემომყრელით, შემდეგ საჭირო მანძილებზე ჩაარიგებენ ჩითილს, რგავენ ნაღარის გვერგზე და რწყავენ.

მსხვილი მეურნეობის პირობებში ბოსტნეული მცენარეების ჩითილს სარგავი მანქანებით რგავენ. მანქანით დარგული ჩითილის გაცოცხლების პროცენტი ხელით დარგულზე ნაკლები არ არის. ჩითილის დარგვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მისი ჩარგვის სიღრმეს. ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოზრდილი ჩითილი ისეთნაირად უნდა დაირგას, რომ ქოთანი მთლიანად იქნეს ნიადაგში ჩარგული და ზევიდან მიწით იქნეს მიფარებული. კასეტბში გამოზრდილი ირგვება წინასწარ გამზადებულ ორმოებში. ის ადვილად გადმოდის ყალიბიდან მიწიანად და მიწიანადვე ირგვება, რის გამოც მისი გახარების ალბათობა ძალზე მაღალია.

ხელით დარგვის შემდეგ ჩითილი სწრაფად ივითარებს ღეროს ქვემო ნაწილიდან დამატებით ფესვებს. ამასთან დაკავშირებით ისეთ ჩითილს, რომელსაც ღერო სუსტად აქვს განვითარებული, ხოლო ფოთლები როზეტში აქვს შეკრებილი (კომბოსტო, მიწამხალა, ნიახური, სალათა) ვერტიკალურად რგავენ პირველი საღი ფოთლის დონემდე მიწაში ჩარღმავებით. პამიდორის, კიტრის, ნესვის, საზამთროს, გოგრის აწოწილ ჩითილს დახრილად რგავენ და ღეროს ქვედა ნაწილს (მწვანე ფოთლების დონემდე) მიწით ფარავენ. დარგვის ისეთი წესი უზრუნველყოფს დამატებითი ფესვთა სისტემის წარმოქმნას და მათი სუნთქვისათვის უკეთეს პირობებს. სარწყავი (გვალვიანი რაიონების) მეურნეობის პირობებში და შედარებით ნაგვიანევი დარგვის დროს ნიახურის ჩითილს მსხვილ ფოთლებს აცლიან და ისე რგავენ, ხოლო ხახვის ფოთლებს სიგრძეზე 1/3-ით ამოკლებენ. ეს ამცირებს ტრანსპირაციის გზით დახარჯული წყლის რაოდენობას და მცენარე უფრო კარგად იტანს გადარგვის ოპერაციას, ადვილად ცოცხლდება. ხახვის ჩითილს, რომელსაც ყველა ფოთოლი ფესვის ყელთან ახლოს აქვს ძალიან ზერელად რგავენ.

ლ. ალფაიძე; ე. მოთიაშვილი; ნ. ჭანკვეტაძ

„სახელმძღვანელო მებოსტნეობაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *