და დგება დრო, როცა უკვე ბავშვებმა უნდა იზრუნონ სახელმწიფოზე

ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გამართული საშუალო განათლების სისტემა აქვს და ეს რომ  ასეა, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი თავად დღევანდელი ისრაელის სახელმწიფოა.
როგორ მუშაობს და იმართება ისრაელის განათლების სისტემა, ამის თაობაზე საკუთარ მაგალითზე ჩვენი მეგობარი ანა კოლი გვიზიარებს.

ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში მივიყვანე, მანამდე 5 წლის ასაკში „გან ხოვაში“, ეგრეთწოდებულ სავალდებულო ბაღი სწავლობდა, სადაც ბავშვებს პირველი კლასისთვის ამზადებენ.

ისრაელში კერძო სკოლები თითქმის არ არის, სულ რამდენიმეა, სადაც სწავლობენ უცხოელი ელჩების შვილები,  სკოლების 99,99% საჯაროა.

ბავშვები სკოლაში „დედიკოების ჯიპებით“ არ დადიან! 
ქალაქის მერია გავალდებულებს, რომ ბავშვი მიიყვანო უბნის სკოლაში, ჩემ სახლთან, მაგალითად, სამი საშუალო სკოლაა და ამ სამიდან ერთ-ერთი უნდა ამერჩია.

ანუ არ მაქვს უფლება თელ ავივის ერთი უბნიდან ბავშვი მეორე უბანში ვატარო.

ამის გამო ბავშვებს ტრანსპორტი არ სჭირდებათ, ისინი ერთად მიდიან ფეხით ჟრიამულით და ჟრიამულით ბრუნდებიან უკან.

სკოლის ფორმას უბრალო ტრიკოტაჟის მაისურებია, უბრალო მაისურები და არა ბრენდები! ყველა სკოლას არჩეული აქვს ფორმის 2-3 დაშვებული ფერი, რომელსაც სასკოლო ემბლემა ახატია.

უბრალოება სკოლის კედლებიდან იწყება და პარლამენტში, ქნესეთში, ყველგან გრძელდება, არსად სრულდება. 

როგორც ვთქვი, სამი შემოთავაზებული სკოლიდან ავირჩიე ერთ-ერთი, მე არ ვიცნობ აქაურ სკოლებს, არც მრჩეველი არავინ არ მყავდა, ამ უბანში სადაც მე ვცხოვრობ ქართველები ძალიან ცოტაა და 12 წლის წინ ხომ საერთოდ არ იყვნენ.

პირველი კლასიდან ბავშვს „ცეპოჩკით” კისერზე სახლის გასაღები ეკიდა, ასეთ ბავშვებს აქ „იალდათ მაფთეახს„ _ „გასაღებიან ბავშვებს“ ეძახიან.

ბავშვი სკოლაში იყო, მე კი სამსახურში 12 საათიან სამუშაო ცვლაში.

გოგონა დილიდან შუადღემდე სკოლაში სწავლობდა, შემდეგ იქვე არსებულ გახანგრძლივებულში გადადიოდა და საღამოს სკოლასთან არსებულ სხვადასხვა წრეებში რომ ჩართული, რომ მუდმივად დაკავებული და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო, რომ მშვიდად მემუშავა!

გახანგრძლივებული აქ ფასიანია. როგორც მარტოხელა დედას, ძალიან დიდშეღავათიანი ფასდაკლება მქონდა.

გოგონა სკოლაში სადილობდა ახალ-ახალი ხორციანი თუ სხვა კერძებით, ამზადებდა გაკვეთილებს, ეხმარებოდა სხვა ბავშვებს.

პირველ კლასში ვკითხე მის სპორტის მასწავლებელს, რომელიც საღამოს ტანვარჯიშსაც ასწავლიდათ: მირჩიე, თუ მჭირდება რეპეტიტორი მათემატიკაში?
მან მკითხა, _ ვინ არის მასწავლებელი? _ ვუპასუხე _ ლილი… _ გაეღიმა და მითხრა _ ლილი „მოსიარულე უნივერსიტეტია“, კიდევ ბევრჯერ გამიხსენებო.

ანუ, ხვდებით რომ დილის 8 საათის შემდეგ, აქ სკოლა 8 საათზე იწყება, მე და ჩემი გოგონა ერთმანეთს მხოლოდ საღამოს 7-8 საათზე ვხვდებოდით.

მეორე კლასის პირველი ნახევრის ბოლოს განათლების სამინისტროდან წერილი მივიღე, ისე რომ დამრიგებლისთვის სულ ორჯერ მქონდა სალამი მიცემული და დანარჩენ პედაგოგებს არც ვიცნობდი!

წერილის შინაარსი ასეთი იყო: „თქვენი გოგონა სკოლამ დაასახელა როგორც ნიჭიერი ბავშვი, თუ გაქვთ სურვილი იგი გადაიყვანოთ ქალაქის ნიჭიერთა სკოლაში, ჩაეწერეთ მითითებულ მისამართზე და გამოცხადდით გამოცდებზეო!

ჩავეწერეთ, გავიარეთ გამოცდები და ჩავირიცხეთ, მაგრამ ბავშვმა იტირა, არ მინდაო, ჩემს ამხანაგებთან მინდაო, სკოლის მასწავლებლებმაც მირჩიეს: ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და დაანებე თავი, ნუ ანერვიულებო… მეც დიდად არ მეხატებოდა გულზე სახლიდან მოშორებით, 2 კილომეტრზე ბავშვის ტარება და დარჩა ჩემი გოგონა იმავე სკოლაში, მთავარია რომ ის ბედნიერი იყო.

მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ ახალი წერილი მივიღეთ განათლების სამინისტროდან:
გოგონა დასახელდა როგორც ნიჭიერი მათემატიკაში, თუ გაქვთ სურვილი ბარ ილანის უნივერსიტეტში გაატაროთ გამოცდები და ჩაირიცხოს უნივერსიტეტში კურსებზე: მათემატიკაში ნიჭიერ მოზარდთა კურსი, სადაც ლექციებს ამ ბავშვებს თავად უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტები უტარებენ.

რაც მთავარია, მე-8 კლასში ეს ბავშვები აბარებენ მისაღებ გამოცდებს და სკოლასთან პარალელურად ირიცხებიან, ვინც ჩააბარებს გამოცდას, ბარ ილანის უნივერსიტეტის (ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია ისრაელში), მათემატიკის ფაკულტეტზე და საშუალო სკოლის პარალელურად 18 წლის ასაკში ამთავრებენ უნივერსიტეტს და არიან 18 წლის მათემატიკოსები.აქ სწავლის პერიოდში სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებიდან გათავისუფლებულები არიან!

აქ სკოლა და სახელმწიფო თავად ზრუნავს ამ ბავშვებზე, ვინ მათემატიკა, ვინ ფიზიკა, თავიდანვე ურჩევენ მიმართულებას მათი შესაძლებლობების მიხედვით!

ჩემმა გოგონამ მე-8 კლასის შემდეგ არ ისურვა გაგრძელება, მან ლამაზად ამიხსნა, ის რომ ვარ ნიჭიერი არ ნიშნავს რომ მიყვარს და კიდევ 4 წელი ამ ციფრებს და ფორმულებს რომ ვუყურო არ მინდაო

აქ ბავშვებს აძლევენ თავისუფალ არჩევანს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ, ვაძლევთ მიმართულებას, მაგრამ ბოლო სიტყვა მათზეა, გადაწყვეტილებას ისინი თავად იღებენ. 

დავუბრუნდეთ სკოლას!

სკოლა ისრაელის 98% ქალაქებში სამ ეტაპიბრივია:

1-6, 7-9, 10-12კლასები;

მე-8 კლასის შემდეგ ხდება მოსწავლეთა გადანაწილება.  „ჰაი სკულებში“ უკვე ხდება ბავშვების შესაძლებლობების და მონაცემების მიხედვით განაწილება.

ისრაელში მოსწავლეთა შეფასების 100 ქულიანი სისტემაა და ბავშვებს რომელსაც ბოლო ორი წელი 75 ქულაზე მეტი არ მიუღიათ, უკვე ნათელია, რომ ვერ დაძლევენ იმ პროგრამას რომელიც 75 და 80 ქულაზე მეტნიშნიანი ბავშვები, ამიტომ ისინი უნარისა და მონაცემების მიხედვით ნაწილდებიან​. ამიტომაც ისრაელის სკოლებში მე -12 კლასის გამოცდებზე ბავშვები არ “იჭრებიან“. 

იმ ბავშვებს რომლებიც 75 ბალიანზე დაბალ სისტემის სკოლაში მოხვდნენ, 4 წლის განმავლობაში ნიშნების გამოსწორება და სკოლის შეცვლა შეუძლიათ!

მე-8 კლასის ზემოთ ყოველი ბავშვი ვალდებულია, იყოს მოხალისე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ეს არ ხდება გაკვეთილების და სკოლის ხარჯზე!
​ისინი მოხალისედ მუშაობენ მოხუცებთან, სასწრაფო დახმარების სამსახურში, ვეტერინარებთან, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში და ასე შემდეგ!

ანამდე კი, ანუ მერვე კლასამდე, არსებობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ცოფიმ“-ნორჩი ბრიგადელები, ის ძალიან ჩაჰმოგავს ჩვენთვის ცნობილ „თემური და მისი რაზმს”, სინამდვილეში კი ეს ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბისაა და დაარსებული 1907 წელს ბრიტანელი გენერლის რობერტ ბადენ პაველის მიერ. ეს ორგანიზაცია ბავშვებს ასწავლის საზოგადოებაში თვითდამკვიდრების წესებს, უფროს-უმცროსის, ბუნების, სპორტს სიყვარულს, უნერგავს სხვისი დახმარების სურვილს, და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულს.

დავუბრუნდეთ ჰაი სკულს, ეს სკოლები თავად შიგნითაც დანაწილებულია, ბავშვების პირადი მონაცემების და მიდრეკილების მიხედვით, ანუ განხრების მრავალფეროვნებაა: თეატრი და დრამა, კომპიუტერები, ბიოლოგია, ბიოტექნოლიგია, ფიზიკა , უცხო ენები და ასე შემდეგ. 
ანუ ძირითადი საგნები ერთია და ბავშვები დამატებით ყოველი მისი მიდრეკილების მიხედვით სწავლობს იმ საგნებს, რა განხრითაც თვლიან, რომ ისწავლიან უნივერსიტეტში

ბავშვები, რომლებიც მოხვდნენ დაბალქულიან „ჰაისკულში“, ასეთ მოსწავლეებს უფლება აქვთ შეასრულონ საატესტატო ნორმები და სკოლის ატესტატი აიღონ.

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სკოლის ატესტატია საჭირო, პლუს უნივერსიტეტის გამოცდა ფსიქომეტრი“. ატესტატის ქულები და „ფსიქომეტრი“ ქულები ჯამდება. თუ სკოლის ატესტატის ქულები დაბალია უნივერსიტეტი საბუთებს არ იღებს და გადაბარების შანს აძლევს.

„ჰაი სკულებს“ აკვირდება თავდაცვის უწყება, ყოველი ბავშვი შესწავლილი ჰყავთ, ზუსტად იციან, ვის რა მონაცემები აქვს და რით შეიძლება გამოადგეს იგი თავდაცვასა და სახელმწიფო სამსახურს.

იმას გარდა რომ მათ უტარდებათ ურთულესი გამოცდები, ჯარი ცალკე გამოცდებს უტარებს და  მათი სამხედრო სამსახურში გადანაწილება .მე-11-12 კლასებში ხდება. ანუ, სულ გამოცდები და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ძიებაა, რომ ეს ბავშვები არ დაიკარგონ, რომ ისინი სრულად გამოადგნენ საკუთარ თავს და სახელმწიფოს.

და დგება დრო როცა უკვე ბავშვებმა უნდა იზრუნონ სახელმწიფოზე! ისინი ბავშვები აღარ არიან!

ისრაელის სკოლაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ შეიძლება ასე წარმოგიდგინოთ აქაური განათლების სისტემა, რომ აქ სკოლაში არც ვაშლებს არიგებენ და არც გამოცდებს აუქმებენ.

უფრო მეტიც, ისრაელის სკოლებში პირველიდან 8 კლასის ჩათვლით ისწავლება „הבנת הנקרא“ _ „ჰავანათ ჰა ნიკრა“ _ წაკითხულის გააზრება, რომელიც ბავშვებს წერა კითხვის მიღმა ნაწერის გააზრებასაც ასწავლიან.

_ იდეალური არავინ და არაფერია, ჩვენც ბევრი ნაკლი გვაქვს და მუდმივად ვცდილობთ სისტემის გაუმჯობესებას _ დასძენს ქალბატონი ანა.

ნესტან გუგუშვილი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *