დავით სარაჯიშვილი — კამიუს კონიაკის საიდუმლოს მფლობელი

რამდენ მეცენატს იცნობთ ისეთს, ვისაც გრანდიოზული პროექტები დაუფინანსებია, მაგრამ ჩრდილში დარჩენა აურჩევია? ისეთებს კი არა, რომლებიც გაღებული ხარჯების სანაცვლოდ დროთა განმავლობაში დივიდენდების მიღებას მოინდომებდნენ, ან ფულს ხელისუფლებაში მოსასვლელ ტრამპლინად გამოიყენებდნენ, არამედ ისეთებს, რომლებიც საკუთარ ქონებას უანგაროდ, გულის კარნახით უნაწილებენ უქონელებს?.. ასეთები, პრაქტიკულად, აღარ არსებობენ. ეს ადამიანთა გადაშენებული ჯიშია…

სწორედ ამ უიშვიათეს კატეგორიას განეკუთვნებოდა დიდი მეცენატი, მეწარმე და სწავლული დავით სარაჯიშვილი, რომელიც ისე ხელგაშლითა და გულიანად ეხმარებოდა ადამიანებს, თითქოს  მთელი მისი ცხოვრება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: მიეცა ფული მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებოდა — მწერლებისთვის, მუსიკოსებისთვის, მეცნიერებისთვის, საზოგადო მოღვაწეებისა თუ სტუდენტებისთვის. არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

ამბიციური ქართველი და კონიაკის კუპაჟის საიდუმლო

1848 წლის შემოდგომაზე ტფილისში, სერგიევის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც მდიდარ ვაჭართა შთამომავალი ზაქარია სარაჯიშვილი ცხოვრობდა, ბედნიერებამ შედგა ფეხი: ზაქარიას მემკვიდრე შეეძინა. ვაჟს დავითი დაარქვეს. სასკოლო ასაკს რომ მიაღწია, ბიჭი ტფილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ სანქტ–პეტერბურგს მიაშურა სწავლის გასაგრძელებლად.
მამამ, მდიდარმა მეწარმემ და ქველმოქმედებით ცნობილმა ზაქარია სარაჯიშვილმა დავითს სოლიდური ქონება დაუტოვა, თუმცა ყველაზე დიდი კაპიტალი, რომელიც მან შვილს ჯერ კიდევ სიცოცხლეში გადასცა, ის იყო, რომ ევროპაში მიაღებინა მრავალმხრივი განათლება.

დავით სარაჯიშვილმა პეტერბურგის შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო, სადაც შვიდ წელზე მეტი გაატარა და ფილოსოფიისა და ქიმიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ევროპაში გატარებულმა წლებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა მომავალი კომერსანტის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.

სამშობლოში სარაჯიშვილი საქართველოში კონიაკის წარმოების იდეით ანთებული დაბრუნდა. მალე ოცნებას შეეშვა და მოქმედებაზე გადავიდა. საფრანგეთში მან კონიაკის დაყენების ხელოვნება შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ კონიაკის დასაყენებლად ყურძნის ქართული ჯიშები არაფრით ჩამოუვარდებოდა ფრანგულს.

სწორედ საფრანგეთში გაიცნო ფრანგული კონიაკის სახლის Camus-ს დამაარსებელი ჟან-ბატისტ კამიუ. ისინი კარგი მეგობრები გახდნენ და ფრანგმა სპეციალისტმაც დავით სარაჯიშვილს არაერთი პროფესიული  საიდუმლო გაუმჟღავნა. უფრო მეტიც, როდესაც სარაჯიშვილმა საქართველოში გამომგზავრება დააპირა წარმოების გასახსნელად, ჟან-ბატისტ კამიუ მას ტექნიკური აღჭურვილობითაც დაეხმარა.

ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი მაინც ის ფაქტია, რომ ფრანგი მეწარმე, რომლის კომპანიაც რუსეთის საიმპერატორო კარს ამარაგებდა კონიაკით, უშურველად დაეხმარა ქართველ მეწარმეს. როგორც ჩანს, მეგობრებს შორის იყო რაღაც ისეთი, რაც ბიზნეს–ინტერესებზე მაღლა იდგა… და, თანაც, ეტყობა, ფრანგებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამბიციური ქართველი მიზანს მიაღწევდა და მალე მისი კონიაკი რუსეთის იმპერატორის კარზეც გამოჩნდებოდა.

პირველი ქარხანა დავით სარაჯიშვილმა 1884 წელს გახსნა. ამაში მას ფრანგი მეგობრები დაეხმარნენ, მათ შორის, ჟან-ბატისტ კამიუ. კონიაკისთვის მხოლოდ ქართულ მასალას იყენებდნენ, დაყენების ტექნოლოგია კი ფრანგული იყო. 1902 წელს ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დავით სარაჯიშვილს „კომერციის საკითხებში მრჩევლის“ წოდება მიენიჭა, ხოლო 1913 წელს „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მომმარაგებლის“ სტატუსიც დაიმსახურა.

დავით სარაჯიშვილი რუსეთის იმპერიაში კლასიკური კონიაკის წარმოების ტექნოლოგიის ფუძემდებლად იქცა. კონიაკის ქარხნის თანამშრომლები, რომელიც დღეს დავით სარაჯიშვილის სახელს ატარებს, ირწმუნებიან, რომ კონიაკს დღემდე სწორედ იმ უნიკალური, ძველებური ფრანგული ტექნოლოგიით აყენებენ.

„სამოთხეში“ დავანებული კონიაკი

სარაჯიშვილის პირველი ქარხანა ყოფილი ბელინსკის, ახლანდელი ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობდა. მეწარმის გარდაცვალების შემდეგ საქმე მისმა ერთგულმა და უღალატო მეგობარ–ტექნოლოგებმა და ცოლისძმამ ადამ ფორაქიშვილმა განაგრძეს. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. ჯერ იყო და „მშრალი კანონი“ შემოიღეს, მერე კი რევოლუცია მოხდა… 
საბჭოთა ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კონიაკის ქარხანას დელიკატურად მიუდგნენ. დავით სარაჯიშვილის ხელით დაყენებული ყველა სპირტი არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ აგერ, ჩვენ დრომდე მოიტანეს.

კონიაკის ქარხანა, რომელსაც ადგილმდებარეობა კარგა ხნის წინ, 1954 წელს შეუცვალეს, დღეს დავით სარაჯიშვილის სახელს ატარებს და ამაში წვლილი კომპანიის ხელმძღვანელს გუჯა ბუბუტეიშვილს მიუძღვის. მისი დამსახურებითაა შენარჩუნებული კონიაკის წარმოების შთამბეჭდავი ემბლემაც — ჯიხვი. ამბობენ, რომ სარაჯიშვილმა ეს ემბლემა თავად შეარჩია საკუთარი სასმელისთვის, როგორც ძალის, სისუფთავისა და მოქნილობის სიმბოლო.

ქარხნის საცავში 16 ათასი ცალი მუხის კასრი დგას, რომლებშიც სხვადასხვა დაძველების სპირტებია ჩამოსხმული. ხოლო „სამოთხეში“ (ასე ჰქვია საცავის სპეციალურ განყოფილებას) თავად დავით სარაჯიშვილის ხელით ჯერ კიდევ 1893 წელს გამოხდილი უნიკალური სპირტები ინახება.

სარაჯიშვილის კონიაკის სამოთხე
ქარხნის მთავარი ტექნოლოგი დავით აბზიანიძე ამბობს, რომ გარკვეული მარკის კონიაკის დასაყენებლად რამდენიმე სახეობის სპირტი გამოიყენება: „ჩვენი სპირტების მრავალფეროვნების წყალობით იოლად ვქმნით კომპოზიციას. მერე ეს ყველაფერი იფილტრება და ექვსი თვის განმავლობაში ისვენებს, „იძინებს“ სპეციალურ ჭურჭელში. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იფილტრება და ბოთლებში ისხმება“.
ინტელიგენციის ნავსაყუდელი

კონიაკის ქარხნის გარდა, თბილისში კიდევ არის ერთი ადგილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება დავით სარაჯიშვილის სახელს. ეს მისი სახლია, რომელიც ახლანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს და რომელშიც დაიბადა და გაიზარდა იგი. მოგვიანებით დავითმა სახლი ულამაზეს სასახლედ გადააკეთა და მეუღლეს ეკატერინე ფორაქიშვილს აჩუქა ერთად ცხოვრების 25 წლის აღსანიშნავად.

სასახლის დასაპროექტებლად გერმანიიდან სპეციალურად მოიწვიეს არქიტექტორი კარლ ცაარი, რომელმაც შენობა ევროპული და ტფილისური არქიტექტურების შერწყმის ბრწყინვალე ნიმუშად აქცია. სახლი მყის გადაიქცა კულტურულ ცენტრად, სადაც ნაღები ქართული საზოგადოება, ინტელიგენცია იყრიდა თავს ლიტერატურულ და მხატვრულ საღამოებზე. უფრო მეტიც, მაგალითად, მხატვარ გიგო გაბაშვილის პირველი გამოფენა, რომელიც სწორედ დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით სწავლობდა უცხოეთში, სწორედ აქ, ამ სახლში გაიმართა.

ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარების მიზნით დავით სარაჯიშვილმა კომიტეტიც კი დააარსა, რომლის ფუნქციაც იმედისმომცემი სტუდენტების მოძიება და მათი უცხოეთში დაფინანსება იყო — სულ ერთია, რა ეროვნებისა იქნებოდა, მეცენატისთვის მთავარი მათი ტალანტი იყო.

სარაჯიშვილის სტიპენდიანტები იყვნენ შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები ვალერიან ქაშაყაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე და უამრავი სხვა.

სარაჯიშვილი ისე ზრუნავდა მათზე, როგორც საკუთარ შვილებზე, რომლებიც არ ღირსებია… ისინიც დიდი სიყვარულით უხდიდნენ მათზე გაწეულ ამაგს.

ამ სახლს, ისევე, როგორც მის მეპატრონეს, საინტერესო და ტრაგიკული ისტორია აქვს. დავითისა და ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ადამ ფორაქიშვილმა, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეჰქმნოდა, სახლი აუქციონზე გაიტანა. 1918 წელს სახლი ცნობილმა ქართველმა მეწარმემ და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. მაგრამ სულ მალე, 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა, ხოლო შენობა რევოლუციურმა კომიტეტმა ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მოღვაწეებს გადასცა.

რაც შეეხება ტრაგედიას, ის 1937 წლის 22 ივლისს დატრიალდა, როდესაც მწერალთა სახლის მეორე სართულზე, „მამხილებელი“ კრების მსვლელობისას, ქართველმა პოეტმა პაოლო იაშვილმა მოიკლა თავი…
სამჯერ დაკრძალული პატრიოტი

დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, ესოდენ გრანდიოზული სამგლოვიარო პროცესია ტფილისს ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ ახსოვდა. ქველმოქმედის უკანასკნელი ნებით, მთელი მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, ხოლო სახლი მეუღლეს ეკატერინე ფორაქიშვილს უნდა დარჩენოდა. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს სარაჯიშვილს სურდა, სასახლე ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო სივრცედ ექციათ.

ეკატერინემ სასაფლაოს ქვა დავითის სტიპენდიანტს, ოგიუსტ როდენის მოწაფეს იაკობ ნიკოლაძეს დაუკვეთა, თუმცა ის საფლავზე მაინც ვერ დადგა. არ შემიძლია ჩემი ხელით დავადო მას გულზე ქვა, დადგით იგი მაშინ, როდესაც მეც გარდავიცვლები და მე და დავითი თანაბრად შევძლეთ მისი სიმძიმის განაწილებასო, ამბობდა იგი.

ეკატერინე ფორაქიშვილი–სარაჯიშვილისა 1916 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა. ის მეუღლის გვერდით დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მაგრამ 1938 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქარხნის მფლობელისა და კაპიტალისტის ადგილი გამოჩენილი პირების გვერდით არ იყო და ადამ ფორაქიშვილს ათი დღე მისცეს დისა და სიძის ცხედრების გადასასვენებლად. იმ დროისათვის ადამი უკვე ძალზე ხნოვანი და მატერიალურად შეჭირვებული იყო. ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა მოება თავი ამ საქმისთვის, საიდან უნდა მოეტანა გადასასვენებელი ფული. საბოლოოდ დის ბეჭედმა უშველა. უცბად გაახსენდა, რომ დაკრძალვისას ეკატერინეს ცხედრისთვის ბეჭედი არ წაეძროთ და… სწორედ ამ ნივთიდან მიღებული ფულით გაისტუმრა ადამმა ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი კაცისა და მისი მეუღლის ვაკის სასაფლაოზე გადასვენების ხარჯები.

დავით სარაჯიშვილი მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადაასვენეს — 1995 წელს. ამჯერად სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის გუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივით, რომელმაც, როგორც კი ქარხანას სათავეში ჩაუდგა, მაშინვე გადაწყვიტა შესაფერისი პატივი მიეგო ღირსეული პატრიოტისთვის და დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნეშთები ქაშვეთის ტაძრის ეზოში დააკრძალინა. სწორედ იმ ტაძრისა, რომელიც მეტწილად დიდი ქველმოქმედის ფულით არის აშენებული.

ეკატერინე მიქარიძე

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *