ENPARD-ის პირველი ფაზის 4 წლიანი მუშაობის შეფასება

ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.
 13 დეკემბერი 2017, თბილისი – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეაჯამეს. სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო.

„ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის ყველაზე დიდი დონორია. 2013 წელს, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან ერთად დაიწყო ENPARD-ის პროგრამა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორის ხელშეწყობას და ქვეყანაში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. დღეს, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მოხარული ვართ, ავღნიშნოთ, რომ პროგრამა წარმატებულია. საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ერთმა მესამედმა ENPARD-ის  პირდაპირი მხარდაჭერით უკვე ისარგებლა, სოფლად მცხოვრებთა შემოსავალი და დასაქმების მაჩვენებელი კი იზრდება. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირის დახმარებით, ჩვენ გავაგრძელებთ სექტორის განვითარებისთვის მუშაობას“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

„საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, სოფლად სიღარიბის დაძლევა მათი უწყვეტი გამოწვევაა, ამ სექტორის მხარდაჭერა კი ევროკავშირის პრიორიტეტად რჩება.  ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დაეხმარა ფერმერებს, გამხდარიყვნენ უფრო ეფექტურები და წარმოების ღირებულება შეემცირებინათ. მეორე ფაზა კვლავ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს და სოფლად სიღარიბის შემცირებაზეა ორიენტირებული. მესამე ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი კვლავ დაეხმარება საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სიღარიბის აღმოფხვრაში, სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაციის, დასაქმებისა და მომსახურების გაუმჯობესების გზით“ – აღნიშნა ელჩმა ჰერმანმა.

ოფიციალური გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სესიით, რომელშიც ევროკავშირის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა დამსწრეებს თავიანთი გამოცდილება და წარმატების ისტორია გაუზიარეს, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, ENPARD-ის შემფასებელი მისიის ექსპერტებმა პროგრამის პირველი ფაზის სხვადასხვა კომპონენტის შედეგები წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ENPARD-ის კოოპერატივების პროდუქციის დეგუსტაცია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების ფოტო-გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგებს ადგილზე გაცნობოდნენ.

ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, ENPARD-ის განმახორციელებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ENPARD-ის პირველი ფაზის შესახებ

ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 52 მილიონი ევროს (150 მილიონი ლარის) ბიუჯეტით მიმდინარეობდა. პროგრამა სამ ძირითად მიზანს ეფუძნება: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სექტორში ჩართული სხვა ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთესი კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს; (2) საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა; (3) საქართველოში სოფლის განვითარების ევრპული მოდელის დანერგვა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, სოფლად დასაქმების სხვა შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს.

პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი ინსტიტუციებისთვის უზრუნველყო ტრენინგები, დაფინანსება და პროფესიული დახმარება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება და მხარს უჭერს მათ, რომ უფრო ეფექტურად დაეხმარონ ფერმერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.

ევროკავშირის დახმარებით, მთავრობამ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის თანამედროვე სტრატეგიები. ამასთან, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ისეთ ძირითად მომსახურებებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევსფერმერებს, თავიანთი პროდუქციის გაყიდვის ფასის შესახებ საიმედო ინფორმაცია მიიღონ; მონიტორინგისა და შეფასებისსისტემა ახალი პროგრამებისა და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვისთვის; გეოგრაფიული აღნიშვნების და წარმოშობის დაცვისა და ხარისხის სქემები.

უფრო მეტიც, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის შექმნაში, რომლებიც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციებს უწევენ. ამჟამინდელი მონაცემებით, დაახლოებით 250,000-მა ფერმერმა ცენტრების სერვისებით უკვე ისარგებლა.

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მცირე ფერმერების კოოპერაციის გაძლიერებაში. ENPARD-ის კოოპერაციის კომპონენტის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კანონის მიღება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (ACDA) შექმნაა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ძირითადი ინსტიტუცია, რომელიც ახლა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქტიულობის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით მუშაობს.

ევროკავშირის დახმარებით, დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1,500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15,000 ფერმერს აერთიანებს. 280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს.  ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8,000 ფერმერი გადამზადდა და ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით ცოდნა გაიუმჯობესა. ამასთან, დაახლოებით 1,000-მა კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად მიიღო.

გარდა ამისა, ENPARD-ის პირველი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვაც დაიწყო. სოფლის მეურნეობა სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის ერთადერთი წყარო აღარ არის. საჭიროა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია მისი მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული მოდელის შესაბამისად, ევროკავშირმა პირდაპირი დახმარება გაუწია სოფლის განვითარების საქმიანობას სამი გეორგაფიული მიმართულებით – ლაგოდეხში, ბორჯომსა და კახეთში. ENPARD-ის ფარგლებში განხორციელდა სოფლის განვითარების დაახლოებით 120 ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოფლის ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის სფეროებში წარმოებისა და მომსახურების გაუჯმობესებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივებმა დაახლოებით 700  ოჯახის უკეთეს დასაქმებას შეუწყო ხელი.

 ENPARD-ის მესამე ფაზის შესახებ

ENPARD-ის მესამე ფაზა, მთლიანი ბიუჯეტით €77.5 მილიონი (230 მილიონ ლარზე მეტი), 2018-2021 წლებში განხორციელდება. იგი შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს: სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გატარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; ფერმერების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება და განათლება; ფერმერთა პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე პროცედურების, შემოწმებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა. გარდა ამისა, მესამე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოფლად დასაქმებისა  და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერა; სოფლის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციისთვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის აჭარაში და აფხაზეთში, დასაქმებისა და მომსახურების გაუმჯობესება; ასევე, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება.

 ENPARD-ის პროგრამის შესახებ

ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი (სამივე ფაზა) 179,5 მილიონ ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. პროგრამის მესამე ფაზა სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას გააგრძელებს, პარალელურად კი სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, სოფლის განვითარების მოდელის მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული.

დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.

#ENPARD-ის პირველი ფაზის 4 წლიანი მუშაობის შეფასება!

🇪🇺🇬🇪#ENPARD-ის პირველი ფაზის 4 წლიანი მუშაობის შეფასება!🎉🇪🇺🇬🇪Summary of 4 years of #ENPARD I !🎉European Union in Georgia საქართველოს მთავრობა | Government of Georgia სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia UNDP Georgia Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო CARE International in the Caucasus Mercy Corps People in Need Georgia Oxfam in Georgia ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა GIPA University of Limerick აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University

Posted by ENPARD – საქართველო on 2017 წლის 13 დეკემბერი, ოთხშაბათი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *