ესპანეთი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ევოლუცია, რეგულაცია და მხარდაჭერა

  ესპანეთში მთავრობის და საზოგადოების მიერ კოოპერატივების მნიშვნელობის აღიარებაზე  მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კოოპერატივების მხარდაჭერის შესახებ თეზისი შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში: „სახელმწიფო ორგანოებმა ეფექტიან ად უნდა დასახონ წარმოებაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები და ხელი შეუწყონ  კოოპერატივთა ჩამოყალიბებას, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“ (ესპანეთის კონსტიტუცია (1978), მუხლი 129.2).

ესპანეთში კოოპერატივი აღიარებულია როგორც „განსაკუთრებული“ საწარმო, რადგან ისინი სოციალური ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, სადაც  გადაწყვეტილებათა მიღება და მოგების განაწილება, სხვა სამეწარმეო ფორმებისგან განსხვავებით, არ ხდება შენატანი კაპიტალის მიხედვით. კოოპერატივის  ეთიკის საფუძველს, წარმოადგენს პრინციპები, ღირებულებები, პასუხისმგებლობა და საქმიანობის სოციალური შედეგები. ეკონომიური მართვის  ძირითადი პრინციპი – რენტაბელობა მისთვის წარმოადგენს მიზანს იმდენად,  რამდენადაც ის იძლევა მისი წევრების ეკონომიური და სოციალური განვითარების  საშუალებას. ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კოოპერაციის სტრატეგიული ხედვა და მისიაა: „სტიმული უნდა მივცეთ კოოპერატივის მომგებიანი, კონკურენტუნარიანი, მაღალპროფესიონალური, დამატებითი ღირებულების შემქმნელი, მზარდი მასშტაბების ბიზნეს მოდელის შექმნას, რომელიც გახდება ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადობის გარანტი“.

ესპანეთში აგროსასურსათო კოოპერატივების რაოდენობა მიმდინარე პერიოდში შეადგენს  3380-ს, სადაც გაწევრიანებულია 1 მლნ-მდე ფერმერი; გრძელვადიანი და მოკლევადიანი კონტრაქტებით დასაქმებულია 96 ათასი ადამიანი; კოოპერატივების  წლიური საქონელბრუნვა შეადგენს დაახლოებით 26 მლრდ. ევროს, საიდანაც ექსპორტის მოცულობა 27%-ია. დღეს ესპანეთის მთლიანი საქონელბრუნვის 47% ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ, რომელთაგან 36% ახორციელებს ექსპორტს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ერთი კოოპერატივიდან 1 მილიარდი ევრო.

ესპანეთის რეფორმების წარმატების მთავარი მიზეზს სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების განვითარება წარმოადგენს. აგროსასურსათო სექტორის პროდუქციის 60%-ს კოოპერატივები აწარმოებენ. ესპანეთი მთელ რიგ სფეროებში: ღვინო, ხილ-ბოსტნეული, ზეთის ხილის წარმოება და სხვა  პირველ ადგილზეა ევროპაში.“სოფლის მეურნეობის საკრედიტო ბანკი“, რომლის აქტიური მოქმედების პერიოდი იყო 30 წელი, ფუნქციონირებდა მე-20 საუკუნის 50 – იანი წლებიდან 80 – იან წლებამდე. ამ პერიოდში არსებობდა სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრები. 1978 წლიდან სახელმწიფო აღარ მართავდა ამ სფეროს. შეიქმნა კოოპერატივების ასოციაციები, საკრედიტო კოოპერატივები, კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები. კოოპერატივებს გაუჩნდა საკუთარი ხმა მთავრობის და ქვეყნის წინაშე.

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, ესპანეთმა დაიწყო სტანდარტების შემუშავება და სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო დახმარების ხაზის შექმნა. აღნიშნული პროცესი ქვემოთ მოცემულ სტრატეგიულ ღონისძიებებს მოიცავს:

    წარმოების დაგეგმვაზე ორიენტირებული ღონისძიებები:

♦     კვლევებსა და ექსპერიმენტულ წარმოებაზე მიმართული აქტივობები;

♦    ტრენინგებსა და მრჩეველთა მომსახურებებზე მიმართული ღონისძიებები;

♦     გარემოსდაცვითი ღონისძიებები;

♦     სხვა ღონისძიებები, ქმედებები, ინვესტიციები და ხარჯების კონცეფციები.

ესპანეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და განვითარების სტრატეგიები არსებობს ცალკეული რეგიონების მიხედვით.

მაგალითად, ვალენსიის რეგიონის სოფლის მეურნეობის, გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის და პოპულარიზაციის პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

1.      ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის (ICAV) ღონისძიებები (1984-1994);

2.      კოოპერატივების მხარდაჭერა (ეტაპი I 1994-2004);

3.      კოოპერატივების მხარდაჭერა (ეტაპი II 2004-2011);

4.      მომარაგება და კოოპერატივების კონცენტრაციის (გამსხვილების) ღონისძიებები (2011-2015);

5.      აგრარული პროდუქტების საწარმოები და მიწოდების კონცენტრაციის ღონისძიებები 2015-2017).

 ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის (ICAV) ფუნქციები (1984-1994):

♦     სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა წარმოების, მარკეტინგის და სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების კუთხით;

♦     სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და აგრარული კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგების გავრცელება კოოპერაციულ გაერთიანებებში;

♦     სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი განათლების უზრუნველყოფა და ფერმერებისა და გლეხებისათვის ტრენინგების ჩატარება კოოპერაციის საკითხებში;

♦     სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ესპანეთის და ვალენსიის მთავრობის აგრარული პოლიტიკის და სამოქმედო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

♦     ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება ვალენსიის რეგიონში აგრარული კოოპერაციული ორგანიზაციების დასახმარებლად.

1994 წელს, ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  ახალი დახმარების პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ოთხ პრიორიტეტულ ამოცანას მოიცავდა:

კოოპერატივების ინტეგრაცია იმ დარგებში, სადაც კოოპერატივების რიცხვი მაღალია;

კოოპერატივების მოდერნიზაცია;

ახალი კოოპერატივების სტიმულირება იმ დარგებში, სადაც კოოპერატივების რიცხვი დაბალია.

აღმასრულებელი და ტექნიკური პერსონალის დაქირავება.

იმავე წელს, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა თხუთმეტ ფინანსურ ინსტიტუტთან; ამ ხელშეკრულებათა მიზანი იყო:

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ახალი ინვესტიციების მოზიდვა;

ფინანსური ვალდებულებების სწორი რესტრუქტურიზაცია.

1995 წელს  დამტკიცდა ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ,,გენერალური გეგმა’’ (1995-2000 წწ.). აღნიშნული გეგმის ძირითადი ამოცანები იყო:

♦     კოოპერაციული საწარმოების რესტრუქტურიზაცია, რათა მიეღოთ ისეთი საწარმოო და სადისტრიბუციო სტრუქტურები, რომელთა ტექნოლოგიური ცვლილებებით ეკონომიკური მასშტაბის ეტაპობრივი კონცენტრაციის გზით, გავლენას მოახდენდა ბაზარზე მოთამაშე ეკონომიკურ აგენტებზე. ასევე კოოპერატივებს შეექმნათ კოოპერაციული გაერთიანებები მომარაგებისა და ბაზრის სეგმენტებზე მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად.

♦     კოოპერაციული საწარმოების ხელშეწყობა იმ დარგებს და საწარმოებში, სადაც კოოპერაციული საქმიანობა სუსტად იყო განვითარებული.

♦     კოოპერატივების ფინანსური სტრუქტურების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ კოოპერატივებში, რომელთაც ქონდათ საკრედიტო განყოფილებები;

♦     კოოპერატივების წევრების, მმართველი საბჭოების და მენეჯერებისთვის  ტრენინგის სათანადო დონის უზრუნველყოფა;

♦    ჩარჩო ხელშეკრულებების საშუალებით, ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორიცაა: ტრენინგი, რეკლამა, კოოპერატივებში სამუშაოს კოორდინირება და სხვა, ვალენსიის მთავრობიდან დახმარება მიიღო ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციამ.

2015 წლის 16 მაისს, ვალენსიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება N15, რომლითაც ვალენსიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრაციისთვის  სუბსიდიების გაცემის მარეგულირებელი ბაზა განისაზღვრა.

აღნიშნული ბრძანების მიზანი იყო კვების ინდუსტრიაში და ვაჭრობის სფეროში კოოპერატივების პოზიციების გაძლიერება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, კოოპერატივების გამსხვილების და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობით.

ვალენსიის რეგიონში სამთავრობო დახმარების სპექტრი იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და მოიცავდა ყველა შესაბამის სფეროსა და ღონისძიებას: განვითარების გეგმების შემუშავება, ბიზნესების დაჯგუფება, საინვესტიციო ანალიზი, ბაზრის კვლევისა და მართვის სისტემები, მიწის იჯარა, ტრენინგი,  კაპიტალიზაცია, კომერციალიზაცია, კონსოლიდაცია,  საჭირო სპეციალისტების დაქირავება, დივერსიფიკაცია,  ახალგაზრდების სწავლება და დასაქმება, ვალდებულებათა სტრუქტურირება, დაფინანსება, პროპაგანდა, ინფორმაციის გენერირება და გავრცელება, ინტეგრაცია,  სტრუქტურების განვითარება, მოდერნიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების კონვერსია ახალ სახეობებზე, ადაპტირება ახალი ტენდენციებზე და ახალ ტექნოლოგიებზე.

დავით მამუკელაშვილი, 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“

მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *