დარგებიმეთევზეობა

გამოუყენებელი რეზერვები მეთევზეობაში

ცნობილია, რომ მეთევზეობის პრაქტიკაში მეცნიერული რეკომენდაციების ფართოდ დანერგვა საშუალებას იძლევა შევამციროთ თევზის დანაკარგები გამოზრდის პროცესში და ამით მისი წარმოება გავზარდოთ. ყოველივე ითვალისწინებს მწარმოებელთა ელიტური ჯოგის შექმნას და გარკვეული გენეტიკურ-სელექციური მიმართულებით მუშაობის წარმართვას, სწრაფმზარდ, ადრე მომწიფების უნარიან და დაავადებათა მიმართ მედეგი სატბორე თევზის წარმოებას.

აღნიშნულის განხორციელება წარმოუდგენელია დიდი რაოდენობის ხარისხიანი სასაქონლო პროდუქციის გარეშე, რომელიც 30-50 გრამიან სტანდარტულ მასალას გულისხმობს. დღეისათვის კუმისის, ჯანდარის, გორის, სენაკისა და სხვა წყალსატევების დასათევზიანებლად ხან დასავლეთ და ხან აღმოსავლეთ საქართველოდან ეზიდებიან მოზარდს. როგორც გასული პერიოდის მონაცემები მეტყველებენ, ამბროლაურის რაიონში შაორის წყალსაცავზე ყოველწლიურად ჩაჰქონდათ ჩასასმელი მასალა ძვირფასი ჯიშის თევზის, პელიადის სახით მაშინ, როდესაც ჩვენი რეზერვების პატრონს ჩვენშივე შეიძლება ჰქონდეს სრულსისტემიანი მეურნეობები ადგილზე თევზის გამოსაყვანად, რაც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯი და გარკვეულწილად დაზღვეულიც ვიყოთ ამა თუ იმ მეურნეობაში ყოველგვარი დაავადების შემოტანისა და გატანისგან. ზემოთ თქმული გაზრდის თევზის წარმოებას, გააიაფებს სასაქონლო პროდუქციას და წლის ყველა პერიოდში ხელს შეუწყობს შრომითი რესურსების დასაქმებას.

სრულსისტემიანი მეურნეობები მთელი წლის მანძილზე მოქმედებით შეიძლება მოეწყოს ისეთ რაიონებში, როგორიცაა: ამბროლაური, ტყიბული, წალკა, ნინოწმინდა, დმანისი, ქარელი, კასპი, და სხვა.

მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ზოგიერთი სახის თევზს, განსხვავებით ძუძუმწოვრებისგან, ხანგრძლივი დროით შეუძლიათ გაძლონ საკვების გარეშე. მაგალითად, 14ºC ტემპერატურის პირობებში ვირთევზას შეუძლია გაძლოს 78 დღე, ხოლო 90ჩ დროს -195, ამასთან, მხოლოდ 100 დღის შემდეგ ეტყობა მცირეოდენი სიგამხდრის სიმპტომები. კაპარჭინას და ღლაბუცას 16-17ºC ტემპერატურის პირობებში შეუძლიათ გაძლონ 250 დღე. ხოლო კობრს _ 1,5 წელი. ცნობილია ისიც, რომ გველთევზა ტყვეობის პერიოდში საერთოდ არ იკვებება და საკვების გარეშე 2-3 წელი ცოცხლობს. კობრის გამოსაზამთრებელი მოზარდი 80ჩ ტემპერატურის პირობებში წყვეტს საკვების მიღებას, ხოლო 4ºC პირობებში გადადის ნახევრად ანაბიოზურ მდგომარეობაში.

აღნიშნულის გათვალისწინება საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ჩამოთვლილი საწარმოო ჯიშის თევზების საკვები უქონლობის ან დეფიციტის პერიოდში.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შავი ზღვის რეზერვუარი, რომელიც სუბტროპიკული ჰავის გავრცელებას უზრუნველყოფს, ძალზედ ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს თევზის ინტენსიური გამოზრდისთვის, რაც სავეგეტავიო პერიოდის გახანგრძლივებით აიხსნება, სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება კი პირდაპირ კავშირშია პროდუქციის მიღების ინტენსიურობასთან. ზემოთ ჩამოთვლილს ისიც ემატება, რომ კოლხეთის დაბლობი ყველაზე თბილი მხარეა. ამავე დროს იქ აღმოჩენილია და განლაგებული ყველაზე მეტი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 50-00ºC-მდე აღწევს, რასაც თევზის ინტენსიური ზრდისთვის არა მარტო ზაფხულის პერიოდში, ზამთარშიც დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს.

სოფლის მეურნეობის ყოველმხრივი განვითარების ინტერესები მოითხოვს, რომ სასოფლო წარმოებაში დაინერგოს და გამოყენებული იქნას ეს იაფი და მოხერხებული ენერგიის წყაროები, რომელიც დღემდე არ ყოფილა გამოყენებული მეთევზეობის პრაქტიკაში. თბილი წყლით სათავე ტბორის მომარაგება სპირალური მეთოდით აბსოლიტური სიახლე იქნება თევზის წარმოებაში, მისი დროული მოწყობა კი დიდად ავტორიტეტულსა და შემოსავლიანს გახდიდა ჩვენი ქვეყნის მეთევზეობას.

ჩვენი ქვეყნის მეთევზეობაში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვების წარმოება და გამოყენების პრობლემაა მაშინ, როდესაც ათასობით ტონა საწარმოო ნარჩენი უქმად ნიავდება და ნაწილობრივ ხმარდება მეცხოველეობას.

ცნობილია, რომ კობრი და მისი ჰიბრიდები იკვებებიან როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის საკვებით. უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილია ისეთი გამოუყენებელი რეზერვები, როგორიცაა ბუნებაში და მის წიაღში სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და კვების მრეწველობის ნარჩენები, რომლებიც გამოდგება სრულფასოვან საკვებად თევზის მეურნეობაში. გამოვლენილია და დადგენილი, რომ არსებობს აურაცხელი დღემდე გამოუყენებელი რეზერვები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ქარხნული დამუშავების შემდეგ თევზის საკვებ კომპონენტებად.

საქართველოს ეროვნული სიმდიდრე ტყეებია, რომელსაც შეუძლია სახალხო მეურნეობას მისცეს დიდი რაოდენობის საკვები, სამკურნალო და ტექნიკური ნივთიერებანი. წიფლის ტყეებს აკადემიკოს ნ. კეცხოველის მონაცემებით 1 მლნ ჰა უჭირავს, რომელსაც 3 მლნ ტონამდე წიწიბოს მოცემა შეუძლია. წიწიბოს ნაყოფი 20-25% ცხიმია, ე.ი. ტყეში ყოველწლიურად 800 ათას ტონამდე ცხიმი იკარგება, რომლებიც თავისუფლად შეიძლება საკვებად იქნას გამოყენებული. მისი მეოცედი ნაწილის შეგროვება რომ მოხერხდეს, 40 ათას ტონამდე სასარგებლო ცხიმს მივიღებთ. ასევე წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიჭვის ტყეებში მიტოვებული სიმდიდრე _ გირჩები და მათი თესლი, რომელიც 30%-მდე ცხიმს შეიცავს.

საქართველოს კვების მრეწველობა ასი ათასობით ტონა ყურძენსა და ხილ-კენკროვან პროდუქტს ამუშავებდა, რომელთა გადამუშავების შემდეგ მიღებული ხილისა და ჭაჭის ნარჩენებიდან მცირე პროცენტული რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მიგვეღო პროტეინის, ცხიმისა და ნახშირწყლების უდიდესი რეზერვი თევზის საკვების დასამზადებლად. აღნიშნული ნარჩენების მშრალად დამუშავება ფქვილის სახით სხვა კომპონენტებთან ერთად მოგვცემს გრანულირებული საკვების სოლიდური რაოდენობით შექმნის საშუალებას, კომბინირებული საკვების მიკროელემენტებით გამდიდრება კი შეიძლება ჭიათურის, ბოლნისის, ცხინვალის, რაჭისა და რიგ რაიონებში მოპოვებული მადნის ძირითადი გადამუშავების შედეგად დარჩენილი მილიონობით ტონა გამოუყენებელი რეზერვებით. აღნიშნული მიმართულებით დავამუშავეთ და წარმატებით გამოვიყენეთ კალიუმ პერმანგანატის პირველადი პროდუქტი თევზის ექტოპარაზიტებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მისი ინდივიდუალური კომბინირებული წესით გამოყენების დროებითი მეთოდური დარიგებების გამოყენება თევზის მარაგის გაზრდისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად გვევლინება.

თევზის ბუნებრივი საკვებიდან განსაკუთრებით შეიძლება გამოიყოს ისეთი მცენარეები, როგორიცაა: ლაქაში, ლელი, ლელქაში და სხვა, რომელთა შემადგენლობაში შედის შაქარი, სახამებელი, ცილები და თევზის ზრდისათვის აუცილებელი სხვა ნივთიერებანი. ამ მცენარეების მოპოვება კი ათასი ტონობით შეიძლება როგორც ტბებში და მათ სანაპირო ზოლში, ისე წყალსაცავსა და არხებში.

თევზის საკვების ჯგუფებში არსებობს ურთიერთშემცვლელი კომპონენტები. თითოეულის სრულყოფილი რეცეპტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ნარევი საკვების უთვალავი რაოდენობით, არსებულის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას სრულყოფილი საკვები, რომელიც გამოიყენება მხოლოდ თევზის სასაქონლო პროდუქციის მისაღებად. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ჩამოთვლილი რეზერვების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ერთი დამოუკიდებელი კომბინირებული საკვების დამამზადებელი საამქრო თუნდაც ადრე არსებული მწვანე მასის გადამმუშავებელ-დამამზადებელი საამქროს დონეზე, რომელიც ყველა რაიონში და თითქმის ყველა კოლმეურნეობაში ფუნქციონირებდა. საქართველოს გეოკლიმატური პირობები არსებული რეზერვების გამოყენებით შესაძლებლობებს ქმნის მნიშვნელოვნად შეავსოს მეცხოველეობაში არასახარბიელო მდგომარეობით გამოწვეული ცხოველური ცხიმების დეფიციტი, მთლიანად დააკმაყოფილოს ქართველი კაცის ტრადიციული მოთხოვნა ისეთ დიეტურ პროდუქტზე, როგორიცაა ცოცხალი თევზი და მისგან მიღებული სხვა პროდუქტები.

თამაზ გავაშელი, ვეტერინარიის დოქტორი, პროფესორი

დემნა ხელაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე,

ვეტერინარიის დოქტორი, პროფესორი