მედიასტატიები

გიურზა

მსოფლიოში გავრცელებული გველების რიცხვი 2500 ზე მეტია, მათგან 410 სახეობა, ანუ 16% შხამიანია.
საქართველოში აღწერილია 21 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი მიეკუთვნება საეჭვოს.
საქართველოში გავრცელებული  4 შხამიანი გველიდან გიურზა ყველაზე შხამიანია.

გიურზა (Vipera lebetina) – წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1,3, ხოლო მამრები – 1,6 მეტრს აღწევენ.

შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით.

გავრცელებულის არეალი ძალიან ფართოა – მაროკო და ალჟირი, ტუნისი და ლიბია, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები, თურქეთი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი.

საქართველოში ის გვხვდება შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისისმიდამოებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, თურქმენეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ უზბეკეთში, დასავლეთ ტაჯიკეთში, ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთში.

ლაკონური და მეტყველი დასახელება „გიურზა“, გველის ამ სახეობამ მიიღო კავკასიაში და ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ მას შუა აზიის ქვეყნებშიც. სხვა ქვეყნებში მას, როგორც წესი, უწოდებენ აღმოსავლურ ან ლევანტის ასპიტს. გარდა ამისა, არსებობს მისი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მინიჭებული სახელწოდებებიც. გავრცელების ფართო არეალის მიუხედავად, გიურზა ყველგან მსგავს პირობებში ცხოვრობს.

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.

გიურზას შხამი მსხვერპლისსისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა.

ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება.

მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. თუმცა, დროული და კვალიფიციური მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი შრატების გამოყენებით, სასიკვდილო შედეგი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული. რა უნდა ვიცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების წესი: გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია.

კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.

იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის.

დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკან გადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას.

გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი… იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის და ადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა.

ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა.

სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა… განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს – გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილისამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც – ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს. განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება.

თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე – ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.

გველი ადამიანს თავს არ ესხმის!

ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

წყარო: inadire.ge/giurza/ (იხილეთ ვიდეო ფილიმი)