გლიფოსატის გავლენა ადამიანის ჰორმონულ სისტემაზე და ზოგადად გარემოზე

გლიფოსატი არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული ჰერბიციდი (სარეველა მცენარეების გამანადგურებელი ჰერბიციდი). იგი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, პარკებში და საზოგადოებრივ ადგილებში, ბაღებში სარეველა მცენარეების გასანადგურებლად. იგი ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია გენმოდიფიცირებული (გმ) მცენარეების კულტივაციისათვის, რადგან სწორედ ამ ქიმიკატისადმი მდგრადობა აქვთ ჩანერგილი გმ მცენარეების უმეტესობას.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა მრავალი შეშფოთება გააჩინა გლიფოსატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი გავლენის თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გავლენა ადამიანის ჰორმონულ სისტემაზე და ასევე ზოგადად გარემოზე.

ევროკავშირი 2012 წელს გეგმავდა გლიფოსატის უსაფრთხოების გადახედვას, თუმცა ეს პროცესი  გადაიდო.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ გლიფოსატი არის ადამიანის სხეულის შემადგენლობაში. „დედამიწის მეგობრებმაგერმანიის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ჩაატარა ევროპის 18 ქვეყნის მოსახლეობის შარდის ნიმუშების ანალიზი გლიფოსატის შემცველობაზე, მათ შორის საქართველოს მოსახლეობისაც. ანალიზებმა უჩვენა, რომ ნიმუშების 45% შეიცავს გლიფოსატს.

რა არის გლიფოსატი?

გლიფოსატი (N-ფოსფონომეთილგლიცინი) არის სისტემური, ფართო სპექტრის ჰერბიციდი, რომელიც ბლოკავს მცენარეებში პროტეინის წარმოების ენზიმებს. ეს ნიშნავს, რომ იგი მომაკვდინებელია ყველა იმ მცენარისათვის, რომელიც გენეტიკურად არაა მოდიფიცირებული ისე, რომ გაუძლოს ამ ზემოქმედებას. გლიფოსატის სარეველების მკვლელი თვისებები დაპატენტდა ონსანტოს მიერ 1970 წელს და ამ კომპანიის რაუნდაპ (Roundup®) ბრენდი გახდა მსოფლიო გაყიდვების ლიდერი. გლიფოსატის ჰერბიციდები ასევე შეიცავს სხვა ინგრედიენტებსაც, რათა გაძლიერდეს მცენარეების მიერ მისი შეწოვის პროცესი.

მსოფლიოში გაყიდული გლიფოსატის ჰერბიციდების ნახევარზე მეტი მონსანტოს ეკუთვნის, დანარჩენი კი ნაწილდება სხვა კომპანიებზე, როგორიცაა სინგენტა (Syngenta), ბასფი (BASF), ბაიერი (Bayer) და დოუ (Dow). მონსანტოს ასეთი ლიდერობა განპირობებულია იმით, რომ მონსანტოს კუთვნილ გმმცენარეებთან (რაუნდაპ რიდი – Roundup Ready) ფერმერები ვალდებული არიან გამოიყენონ სწორედ მონსანტოს წარმოების რაუნდაპ ჰერბიციდი.

სად გამოიყენება გლიფოსატი?

გლიფოსატი ფართოდ გამოიყენება ფერმერების მიერ ფართობების სარეველა მცენარეებისაგან გასათავისუფლებლად, მანამ სანამ მოხდება კულტურის თესვა, ან სანამ იგი აღმოცენდება. გლიფოსატით ასევე ხდება მარცვლოვანი კულტურების, სიმინდის და მზესუმზირას ფართობების მოსხურება მოსავლის აღების წინ, რათა მოხდეს მათი დროული გამოშრობა (გახმობა).

გარდა ამისა, გლიფოსატი ფართოდ გამოიყენება გმ-მცენარეების კულტივირების დროს, რადგან ასეთი მცენარეების 85%-ზე მეტი მოდიფიცირებულია იმდაგვარად, რომ უძლებს ამ ჰერბიციდის მოქმედებას. აშშ-ში 2012 წელს მთელი ერთწლოვანი კულტურების ფართობების თითქმის ნახევარზე დათესილი იყო მონსანტოს გმ–მცენარეები (რაუნდაპ რიდი – Roundup Ready). ასევე, ლათინური ამერიკიდან ევროპაში შემოსული სოიოს უმეტესობა არის გენმოდიფიცირებული და რაუნდაპის ჰერბიციდისადმი მდგრადი. ამჟამად ევროპაში დამტკიცებას ელოდება 14 განაცხადი რაუნდაპ მცენარეების მოყვანასთან დაკავშირებით. დადასტურებულია, რომ გლიფოსატის და სხვა ჰერბიციდების მოხმარება საგრძნობლად მატულობს გმ–მცენარეების კულტივაციასთან ერთად.

გლიფოსატი ასევე გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ვენახებში, ზეითუნის პლანტაციებში, ხილის ბაღებში და საზოგადო ბაღებსა და პარკებში. მსოფლიოს მასშტაბით, 2011 წელს გამოყენებულ იქნა დაახლოებით 650 000 ტონა გლიფოსატის პროდუქტები და 2017 წლისათვის მოსალოდნელია ამ მოცულობის გაორმაგება. თუ ევროპაში მოხდება გმ-მცენარეების კულტივაცია, გლიფოსატის მოხმარებამ შესაძლოა 800%-ით მოიმატოს .

გლიფოსატის ტესტირება

მიუხედავად ფართო გავრცელებისა, ძალიან ცოტაა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ადამიანის ჯანმრთელობაზე გლიფოსატის გავლენის შესასწავლად ორგანიზებული კვლევები. ევროკავშირის მთავრობები არ ამოწმებენ ადამიანის ორგანიზმზე გლიფოსატის ზემოქმედებას, ხოლო საკვების პროდუქტებში გლიფოსატის შემცველობის განსაზღვრა იშვიათად წარმოებს.

საჯარო მონაცემების არარსებობის გამო, „დედამიწის მეგობრებმა“ განახორციელა შარდის ანალიზების კვლევა, რისთვისაც ნიმუშები შეგროვდა ევროპის 18 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ყველა ქვეყნის ნიმუშებში იყო გლიფოსატის შემცველობა. ამ შედეგებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ადამიანის ორგანიზმში გლიფოსატისა და ასევე მასთან დაკავშირებული სხვა პესტიციდების არსებობის გამო.

„დედამიწის მეგობრებს“ აინტერესებს საიდან გაჩნდა ჩვენს სხეულში ეს გლიფოსატი და რა საფრთხეებს უქმნის იგი ჩვენს ორგანიზმს და ზოგადად გარემოს. ჩვენ გვაინტერესებს რატომ არ აქცევენ მთავრობები გლიფოსატის ზემოქმედებას ყურადღებას. რატომ არ ხდება ჩვენი საკვების რეგულარული შემოწმება, რათა გამოირიცხოს მისი დაბინძურება გლიფოსატით. რა ნაბიჯები იდგმება ამ საფრთხეებისაგან ჩვენს დასაცავად?

ჯანმრთელობის რისკები

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ გლიფოსატის მიღების დროს მისი 15-30% შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მისი აღმოჩენა შესაძლებელია სისხლსა და ქსოვილებში, და დადასტურებულ იქნა, რომ მას შეუძლია პლაცენტის გავლით გადაეცეს ნაყოფს ორსულობის დროს. გლიფოსატის მცირე ნაწილი შესაძლოა დაიშალოს ამინომეთლ ფოსფორის მჟავად (AMPA). კვლევები ადასტურებს, რომ გლიფოსატის დაახლოებით 1% მისი მიღებიდან ერთი კვირის შემდეგაც რჩება ორგანიზმში. იმის გამო, რომ გლიფოსატი ძალიან ფართოდ გამოიყენება, ადამიანების უმრავლესობა რეგულარულად იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ.

გლიფოსატზე დაფუძნებულ ჰერბიციდებს ტოქსიკურობის სხვადასხვა ხარისხი გააჩნიათ, თუმცა ადამიანებში შესაძლოა ფატალურ დასასრულამდეც კი მივიდეს. მცირე დოზებისას დადასტურებული იქნა, რომ იგი გავლენას ახდენს ადამიანის უჯრედებზე, მათ შორის ემბრიონულ და პლაცენტარულ უჯრედებზე. AMPA კიდევ უფრო ტოქსიკური აღმოჩნდა ადამიანებისათვის, ვიდრე თავად გლიფოსატი.

დადასტურებულია ასევე, რომ გლიფოსატი იწვევს ადამიანის ენდოკრინული სისტემის დარღვევას, რამაც შესაძლოა შეუქცევადი ეფექტები გამოიწვიოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად ორსულობის დროს. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ მამრ ნაშიერებს ტესტოსტერონის შემცველობა დარღვეული ჰქონდათ. უჯრედული კულტურების შესწავლამ კი უჩვენა, რომ გლიფოსატი ახდენს მამრობითი სასქესო ჰორმონების რეცეპტორების ბლოკირებას, და იგი თრგუნავს ესტროგენის გამომუშავებას. რამდენადაც გლიფოსატი გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონულ სისტემაზე, მისი ნებისმიერი დოზა შესაძლოა რისკის შემცველი იყოს.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც წარმოებს სოიოს მასიური კულტივაცია, აღნიშნულ იქნა ახალშობილებში თანდაყოლილი დეფექტების მომატება. პარაგვაიში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ გლიფოსატით დამუშავებული მინდვრების მახლობლად მცხოვრები ქალების ბავშვებში თითქმის ორჯერ მეტი იყო თანდაყოლილი დეფექტების რაოდენობა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უჩვენა სხვადასხვა დეფექტების არსებობა ბაყაყებისა და წიწილების ემბრიონებში, რომლებიც განიცდიდნენ გლიფოსატის ზემოქმედებას.

როგორც გლიფოსატი, ასევე AMPA არის „გენოტოქსიკური“ – რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი გავლენას ახდენენ უჯრედების უნარზე ნორმალურად მოახდინონ დნმ-ის რეპლიკაცია და გამრავლება. შედეგად, ამას მივყავართ შესაძლო გენეტიკურ მუტაციებამდე და სიმსივნეების რისკის გაზრდამდე. ეკვადორსა და კოლუმბიაში, სადაც გლიფოსატი გამოიყენება კოკაინის წარმოების კონტროლისათვის, კვლევებმა უჩვენა, რომ ჰერბიციდის გამოყენების პერიოდებში აღნიშნულ იქნა სხვადასხვა სახის გენეტიკური დარღვევები. არგენტინის იმ რეგიონებში, სადაც სოიოს კულტივაცია ხდება, აღინიშნა სიმსივნის დონის 4-ჯერ მომატება უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.

გარემოსდაცვითი რისკები

გამომდინარე იქედან, რომ გლიფოსატი შექმნილია მცენარეების გასანადგურებლად, რა თქმა უნდა, იგი დამღუპველად მოქმედებს გარემოზე, ამცირებს ბიომრავალფეროვნებას და არღვევს ფრინველებისა და მწერების საკვებით მომარაგების ჯაჭვს. კვლევებმა უჩვენა, რომ იგი არა მხოლოდ მცენარეებს ანადგურებს, არამედ საზიანოა ფრინველებისა და მწერებისთვისაც.

გარდა იმისა, რომ გლიფოსატი გავლენას ახდენს მცენარეებზე, იგი ასევე ხვდება ნიადაგში, მდინარეებსა და გრუნტის წყლებში. წყლის დაბინძურება იწვევს მასში ცოცხალი ორგანიზმების დაზიანებას. ჩრდილოეთ ამერიკულმა კვლევებმა უჩვენა, რომ გლიფოსატი ტოქსიკურია ბაყაყებისა და გომბეშოებისათვის. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, ვინაიდან ამფიბიების ყოველი მესამე სახეობა გადაშენების პირასაა. კვლევებმა ასევე უჩვენა, რომ კობრის ღვიძლის უჯრედები დაზიანებული იყო გლიფოსატის ზემოქმედების გამო.

გლიფოსატი ასევე გავლენას ახდენს ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე. იგი შესაძლოა მიუერთდეს ნიადაგის ნაწილაკებს და გახადოს იგი ინერტული. გლიფოსატი ასევე გავლენას ახდენს ზოგიერთი მცენარის უნარზე მოახდინოს აზოტის ფიქსაცია, რასაც მივყავართ დამატებითი სასუქების გამოყენების აუცილებლობამდე და კიდევ უფრო მეტ დაბინძურებამდე.

წერილი მომზადდა greens.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *