გოგონა, რომელმაც გატაცება ხელოვნებად, შემდეგ კი ბიზნესად აქცია

დღეს ერთი რუსთაველი გოგონას ხელით შექმნილ სამკაულებს წარმოგიდგენთ, რომელთა ტარებაზე არც ერთი ლამაზმანი არ იტყოდა უარს…

ხელნაკეთი ნივთები — იგივე “handmade stuff” სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ოსტატები ერთმანეთს ეჯიბრებიან ორიგინალური აქსესუარების შექმნაში და მათი ტარებაც ერთგვარ ტრენდად იქცა.

26 წლის თამარ ვარდიშვილი ახალბედა ხელოვანია. პროფესიით ფილოლოგმა შემოქმედებითი ნიჭი და ხედვა დახვეწა და ჰობი ბიზნესადაც აქცია.

თათა ვარდიშვილი

თათა ვარდიშვილი
ყველაფერი კი ასე დაიწყო:

„ერთხელ, ერთმა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა მომაწოდა იდეა, განმევითარებინა ნიჭი და რაიმე შემექმნა. თავიდან არ ამომდიოდა ამაზე ფიქრი და ერთ დღესაც მძივების მაღაზიაში ელვარე მავთულებისა და ხელსაწყოების დანახვაზე მივხვდი რასაც გავაკეთებდი”

თამარს ბავშვობიდან უყვარდა ხელოვნება და რაც მთავარია, საყვარელი საქმიანობისთვის ყოველთვის პოულობდა დროს.

„…მივაღწიე იმას, რომ ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ გატაცება აღარაა, არ მიწევს დროის გამოყოფა, ახლა ეს ჩემი მთავარი საქმიანობაა” — ამბობს თამარი.

ხელნაკეთი ნივთები ძირითადად ინტერნეტით იყიდება.

„Tamari Art”-ეს მისი facebook გვერდია, სადაც განთავსებულია სამკაულების ფოტოები. რას არ ნახავთ აქ — თმის სარჭები, დიადემები, საყურეები და სამაჯურები… თან საოცრად დახვეწილი, ხარისხიანი და გემოვნებიანი ნამუშევრები. აქ დამკვეთები სასურველი აქსესუარის დამზადებაზე უთანხმდებიან და როგორც ამბობს, მათ არჩევანის მხრივ მაქსიმალური თავისუფლება აქვთ, რადგან ისინი ერთად მუშაობენ ესკიზებზე.

„შეუძლიათ თვითონ შექმნან თავიანთი სამკაული, მე კი მათი ხელები გამოვდივარ!”

თამარს მუდმივად აქვს როგორც მზა პროდუქცია, ისე შეკვეთები. ასევე ხშირად ამეორებინებენ მოდელებს, რომლებიც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია, ამიტომ, ხდება ხოლმე, როცა ერთი და იგივე აქსესუარის გაკეთებაც უწევს

რაც შეეხება ხარისხს, ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია:

„მასალის ხარისხზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ სამკაული მასალაზე არ იქნება ორიენტირებული, ის ხიბლს დაკარგავს!” .

როგორც აღნიშნავს, მომზადების ხანგრძლივობა შეკვეთების სიმრავლეზეა დამოკიდებული, ხოლო ფასი — სამკაულის სირთულეზე.

„ჩემი პროფესია ხელს არ მიშლის ვაკეთო ის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს! ყველამ უნდა ვეცადოთ ერთმანეთში და განსაკუთრებით ბავშვებში, აღმოვაჩინოთ ნიჭი განვავითაროთ და წავახალისოთ“, — ამბობს თამარი და აქვე დასძენს, რომ ერთია ნიჭი და მეორე — შრომისმოყვარეობა, რომელიც ამ ნიჭის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

თათია ზაზაშვილი

წყარო: https://sputnik-georgia.com/people/20180211/239247112/tamar-vardishvili.html

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *