ტურისტებს ქართული ჩაის ისტორიას და განსაკუთრებულ თვისებებს გააცნობენ

„გურიის ჩაის გზა“, ასე ჰქვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანი აგროტურიზმის განვითარებით ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების და დასაქმების ზრდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება. ერთის მხრივ, მაღალი კონკურენცია და შეზღუდული წარმოება ადგილობრივი ჩაის მწარმოებლების ძირითადი პრობლემაა, მეორეს მხრივ, რეგიონის ტურისტებისათვის საინტერესოა ადგილობრივი წარმოების პროცესის გაცნობა და ნატურალური ჩაის პროდუქციის მოხმარება.

ქართული ნატურალური ჩაი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ალეკო მამეშვილის, ინიციატივით მოეწყო, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების და აგროტურიზმის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განიხილეს „ჩაის გზის“ მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: პროდუქციის ხარისხი და სახეები, მომსახურება, ტურისტული ინფრატსრუქტურა.

მომდევნო კვირიდან პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ასოციაცია „ელკანა“, რაც პროექტის განხორციელებას მეტად შედეგიანს გახდის.

პროექტი ხორციელდება „გურიის აგრობიზნესცენტრის“ მიერ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მონაწილეობით CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ – ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *