იაგო ბიტარიშვილის ლუდი “ანეტა” ამერიკასა და იაპონიაში გაიყიდება

იაგო ბირატიშვილის საოჯახო ლუდი ,,ანეტა ექსპორტზე ამერიკაში და იაპონიაში გავა, ამის შესახებ BM.ge- იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლუდი ამერიკის რამდენიმე შტატში და იაპონიაში სპეციალიზებულ მაღაზიებში, ბარებში და რესტორნებში შევა, იქ სადაც მის მიერ წარმოებული ნატურალური ღვინოები იყიდება. ლუდი ექსკლუზიურია და შეზღუდული რაოდენობით, წელიწადში სულ  400-500 ბოთლი იწარმოება. 

„ორი შეთანხმება შედგა და ოქტომბრის ბოლოს პირველი საექსპორტო პარტია ამერიკაში, ნოემბრის ბოლოს კი იაპონიაში გაიგზავნება. ვინაიდან ,,ანეტა“ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, ამ ბაზრებზე მხოლოდ 120-120 ბოთლი გაიგზავნება, რადგან მინდა ეს პროდუქტი სხვა იმპორტიორებსაც შევთავაზო. ლუდი ძირითადად ისეთ ადგილებში გაიყიდება, სადაც ბუნებრივი ღვინოებია წარმოდგენილი და არიან სომელიეები, რომლებმაც იციან მისი ისტორია, თუ როგორ წარადგინონ ეს პროდუქცია“ – განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ იაგო ბიტარიშვილი ბიოღვინის მწარმოებელია, ლუდის დამზადება კი მან ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომელიც ასევე ბიოლოგიურად სუფთაა. პროდუქტს, ბებიის საპატივცემულოდ, მისი სახელი „ანეტა“ დაარქვა. როგორც მეღვინე ამბობს, ლუდს ოჯახში ტრადიციულად ბებია ამზადებდა.

„ბავშვობიდან მახსოვს, თუ როგორ ამზადებდა ლუდს ბებია. ჩემთვის, როგორც ნატურალური ღვინის მწარმოებლისთვის და ზოგადად ამ ფილოსოფიის მიმდევრისთვის, საინტერესო იყო ეს წარმოება, რადგან ბებია არაფერს ყიდულობდა ლუდის დასამზადებლად და ნედლეული ადგილობრივად, სოფლის პირობებში იყო მოყვანილი.

ეს ლუდი დამზადებულია ქართული ქერისა და ხორბლისაგან, ველური სვიაა გამოყენებული, რომელიც სოფელში მოვაგროვეთ, არ ვიყენებთ არანაირ საფუარს, ღვინის ლექია ჩვენს შემთხვევაში ამ პროდუქტის საფუარი, არის გაუფილტრავი და ვასხავთ შამპანურის ბოთლებში, რომ მეორადი დუღილით ბუნებრივი გაზი წარმოიშვას. ეს არის მუქი ქარვისფერი, გაუფილტრავი ლუდი. მინდა ავღნიშნო, რომ ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადია და ამიტომ ,,ანეტას“ დიდი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ. მე მინდოდა, რომ პრეცედენტი დაგვეშვა და საქართველოში დაწყებულიყო ასეთი ტიპის ლუდის წარმოება, უკვე რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც დაინტერესდა ამ საქმიანობით ” – აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ავტორი: მაია ბიწაძე,

წყარო: www.bm.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *