იაპონელი მეღვინეები საქართველოში

  იაპონელ მეღვინეთა ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა, რომლებიც ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ.
ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა „Mainichi Shimbun“-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.
 საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ ღვინის საწარმოებსა და მარნებს: „ალავერდის მონასტერს“, „ორგო/თელედას“, „ბაბანეურის მარანს“, „შუხმანის ღვინოებს“, „შატო მუხრანს“, „თელავის ღვინის მარანს“ და „მეღვინეობა შუმს“, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული  ღვინოები. ასევე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს.
 სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით-ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.
იაპონელი მეღვინეების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა. თავის მხრივ, მათ ქართველი მეღვინეები მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში აყენებს.
სტუმრები ასვე დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის „კოშუს“, ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, საფრანგეთის მონპელიეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier)  ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს“ რქა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მოხდეს მისი წარმომავლობის მეცნიერული შესწავლა და დადასტურება.
საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ჩართულობით განხორციელდა.
იაპონია, ბოლო წლებში გამოიკვეთა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს. შედეგად, გაიზარდა  ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც – 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%). 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *