იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან, რომლებსაც აწყდებოდნენ ქართული ღვინის იმპორტით დაკავებული კომპანიები და რაც საბოლოო ჯამში,  ქართული ღვინის ღირებულებაზე აისახებოდა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს წინადადებით მიმართა. საელჩომ საქართველოდან გამოითხოვა ლაბორატორიათა სია, რომელთა დარეგისტრირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა იაპონური მხარის მიერ. ამის შემდეგ, საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროსთან გამართა კონსულტაციები, რათა ქართული მხარის მიერ მოწოდებული ლაბორატორიები ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო იაპონიის ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და სტრუქტურაში.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, იაპონურმა მხარემ საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ლაბორატორიებიდან  „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში შემდეგი ლაბორატორიები შეიყვანა: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“.  
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *