იმერეთში მსხვილფეხა პირუტყვი ვირუსულ ინფექციურ დაავადებაზე აცრეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატარეს. აღნიშნულ დაავადებაზე მსხვილფეხა პირუტყვი მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის რეგიონსა და აჭარაში განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის აცრილია 150 000 ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზეაღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით და ასევე შესაძლებელია მისი გადაცემა ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით.

“ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება ადამიანი! დაავადების თავიდან აცილებისთვის, მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებების გატარება. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტურია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების მწერების დაწინააღმდეგოდ დამუშავება და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა,” – აცხადებენ სააგენტოში.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ.

წყარო:http://topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *