დარგებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

„ინვეტ ფიდი“ _ საწარმო სადაც პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის ინტერესი ყოველთვის დაცულია

ამ ორიოდე დღის წინათ  კომპანია „ინვეტ ფიდის“ცხოველთა კომბინირებული საკვების მწარმოებელ ქარხანაში მედია ტური გაიმართა და ვფიქრობ, წარმატებულადაც, რადგან ჟურნალისტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საწარმოს მუშაობის, აქ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტისა და მნიშვნელობის შესახებ.

ინვეტ ფიდი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკვებდამამზადებელი საწარმოა, რომელიც თითქმის ყველა სახის (მოზარდიდან ზრდასრულამდე)  ცხოველების და ფრინველებისთვის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის დაბალანსებულ მაღალი ხარისხის საკვებს ამზადებს.

აქ თითქმის, მთელი სისტემა ავტომატიზებულია გამოშვებული პროდუქცია წარმოების ყველა ეტაპზე, ნედლეულის ხარისხიდან დაწყებული საბოლოო პროდუქციამდე კონტროლდება და ლაბორატორიაში მოწმდება.

ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმო „ინვეტ ფიდი“ 2016 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით შეიქმნა.

როგორც მედიატურის მასპინძელმა, გურამ მელქაძემ ჟურნალისტებს და მოწვეულ სტუმრებს  განუცხადა, აქ წარმოებული პროდუქცია საკმაოდ კარგად მიიღო ქართულმა ბაზარმა, რასაც მასზე მოთხოვნის გაზრდაც ცხადყოფს.

საწარმოს _ როგორც წარმოების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი მეუბნება _ სრული დატვირთვის შემთხვევაში დღეში 40-50, ხოლო თვეში 700 ტონა საკვების წარმოება შეუძლია.

ინვეტ ფიდმა“  ერთი წლის წინათ 2017 წლის მარტში  ხარისხის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის  HACCP- ის სერტიფიკატი მიიღო.

_ მოგეხსენებათ, ამბობს ნიკოლოზ ბიბილაშივილი, _  HACCP -ს სერტიფიკატის მიღება და მის სტანდარტების გათვალისწინება არც თუ იოლი საქმეა, მითუმეტეს ისეთ საწარმოში, სადაც პროდუქციის სახეცვლილების უამრავი რისკი არსებობს, რაც  მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულებას მოითხოვს.

ჩვენს საწარმოში თვითოეული ქმედება აღირიცხება შესაბამის ჟურნალებში, დგება სათანადო აქტები: ნედლეულის მიღება, საკვების დამზადება, გაცემა. მკაცრად კონტროლდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, რეგულარულად კეთდება ლაბორატორიული სინჯები: სასმელ წყალზე, დამზადებულ პროდუქციაზე.

პროდუქციის წარმოება

საწარმოში შემოსვლამდე ნედლეული ლაბორატორიულად მოწმდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მანქანა იწონება სპეციალურ სასწორზე,  გადადის ნედლეულის მიმღებ ელევატორთან და ნედლეული შესაბამის ბუნკერებში ნაწილდება.

საკვების დამზადება  რეცეპტის შედგენით იწყება, რასაც ადგენს ტექნოლოგი.  რეცეპტის მონაცემები შედის კომპიუტერში სპეციალურ პროგრამით მუშავდება და იწყება შესაბამისი პროდუქციის  დამზადება.

პროცესი სრულად ავტომატიზებულია და ძირითადი სამუშაო სრულდება კომპიუტერის მეშვეობით. დამზადებული პროდუქცია ფასოვდება დოზატორიდან და ეკვრება შესაბამისი ეტიკეტი, ამის შემდეგ გადადის საწყობში და შეკვეთის შესაბამისად ხდება მისი გაცემა.

საწყობში ზედმიწევნით კონტროლდება და დაცულია ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმი რაც პროდუქციის უვნებლობისთვის სავალდებულოა.

ჩვენი საწარმო ახალი გახსნილია და  ჯერჯერობით  ჩვენ საშუალო დონის ფერმერულ მეურნეობებს ვაწვდით პროდუქციას,  გარკვეული რაოდენობა  სარეალიზაციოდ გადის ვეტერინარული და ზოომაღაზიებში.

საკუთარი სადისტრიბუციო სამსახურის მეშვეობით შეგვიძლია, ფერმერებს, სავაჭრო ობიექტებს ადგილზე მივაწოდოთ პროდუქტი. საკვებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ვეტაფთიაქებს და ფერმერებს ვამარაგებთ ვეტერინარულ პრეპარატებით, ვუწევთ მაღალი კვალიფიკაციის ვეტერინარულ მომსახურებას, _ ამბობს ბატონი ნიკოლოზ ბიბილაშვილი.

კომბინირებული საკვების საწარმოებლად „ინვეტ ფიდი“ და არა მარტო ის, ყველა საწარმო, რომელიც საქართველოში კომბინირებულ საკვებს აწარმოებს, ძირითადად რუსეთიდან შემოტანილ  ნედლეულს: სიმინდს და ხორბალს მოიხმარს. რასაკვირველია, ეს საწარმოები იყენებენ  ადგილობრივი წარმოების ნედლეულსაც, თუმცა ადგილობრივი ნედლეული ჯერ ერთი რომ ძალიან ცოტაა, ერთი თვის სამუშაოდაც არ კმარა და მეორე მხრივ, ხშირად უხარისხოა და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, იმპორტირებულთან შედარებით საკმაოდ ძვირია. და გაუმართავი საგადასახადო სისტემის გამო, უკვე წლებია, რუსეთის მარცვლეულის წარმოებას ვაფინანსებთ და საკმაოდ სოლიდურადაც.

 ამ დროს კი ადგილობრივი მარცვლეულის წარმოება კი სავალალო დღეშია და სულს ღაფავს.

კომპანია „ინვეტ ფიდი“ სხვადასხვა სახის და დანიშნულების  ძროხის, ღორის, ქათმის და მწყრის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.

საწარმოს შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საკვების დამზადება სხვა სახეობის ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც შეუძლია დაამზადოს. საწარმოში 35-ზე მეტი სახის და დასახელების საკვები იწარმოება.

კომბინირებული საკვები იმის მიხედვით მზადდება თუ ზრდის რა ეტაპზეა ცხოველი, რა მიმართულებისაა პირუტყვი მეხორცული თუ მერძეული; ფრინველი _ მეკვერცხული თუ მეხორცული მიმართულების.

როგორც საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, „ინვეტ ფიდის“ საკვებით გაზრდილი ცხოველი და ფრინველი სრულიად შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. რამე ხარვეზი რომ არ გაიპაროს, ჩვენი ვეტერინარები პერიოდულად დადიან ფერმებში და ამოწმებენ, აკვირდებიან პროცესს. გამოვლენილი შედეგები  კი სრულიად დამაკმაყოფილებელია.

აქ დიდი ყურადღება ექცევა ინგრედიენტების და დანამატების შენახვის ვადებს და პირობებს რომლებიც  წარმოებაში გამოიყენება. წარმოება, როგორც აღვნიშნე,   ავტომატიზებულად მიმდინარეობს და წარმოების პროცესში მცირედი შეცდომაც კი გამორიცხულია.

პროდუქციის დაფასოების დროს ხდება ვიზუალური დაკვირვება  პროდუქციაზე და პარალელურ რეჟიმში იგივე პროდუქცია საკვების ძირითად მაჩვენებლებზე ლაბორატორიაში.

ინვეტ ფიდის“ მიერ დამზადებული საკვები დიდ მოთხოვნით სარგებლობს ფერმერებში, რაზედაც დღითი დღე წარმოებული პროდუქციის მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდაც მეტყველებს.

იმ ადამიანისთვის ვისაც აქვს ინფორმაცია HACCP- ის შესახებ, მიხვდება როგორი ხარისხის პროდუქტი მზადდება საწარმოში, სადაც ეს სისტემაა დანერგილი და დაცული, რადგან ამ სისტემის  მუშაობა მკაცრად კონტროლდება.

საწარმოში 25 კაცია დასაქმებული. მუშების საშუალო ანაზღაურება თვეში 550-600 ლარია.

როგორც წარმოების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი მიხსნის, საწარმოში თანამშრომელთა უფლებები  ასპის მოთხოვნების შესაბამისად არის დაცული.    საწარმოს ჰყავს შრომის და უსაფრთხოების მენეჯერი. უსაფრთხოების ნორმების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა, ყოველი თანამშრომელი ინფორმირებული და მომზადებული არიან უსაფრთხოების ნორმების დაცვის ნორმებზე. უსაფრთხოების მენეჯერის  მოვალეობაა საწარმოში რისკების შეფასება და  მართვა, შრომითი უსაფრთხოების დაცვა, თანამშრომლების მომზადება შრომის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა შესაძლო გართულებების თაობაზე.

აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დისციპლინას, საწარმოო უსაფრთხოების და ტექნოლოგიური პროცესების დაცვას, მუშაობის დაწყებას და დამთავრებას და. ა.შ.

ყველასთვის განსაზღვრულია ერთსაათიანი შესვენების დრო.

საწარმოს აქვს სასადილო, სადაც ყველა მუშას შეუძლია უფასოდ ისადილოს.

აქ თანამშრომლების ჯანმრთელობას დიდი ყურადღება ექცევა, ყველა თანამშრომელი,  ჰასპის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, დაზღვეულია.

მოკლედ „ინვეტ ფიდი“ თანამედროვე ტიპის, ევროპული ყაიდის, ყოველმხრივ გამართული საწარმოა, სადაც ერთნაირათ ზრუნავენ, როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე, რაც იმის გარანტიას ქმნის, რომ „ინვეტ ფიდის“ მიერ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება მაღალი სტანდარტისა და ხარისხის იყოს.

მასალა მოამზადა

სალომე კაპანაძემ