აგრარული განათლებაბლოგირეგიონები

„კადრები წყვეტენ ყველაფერს“ _ ქართული სოფლის განვითარებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება

       ეკონომიკის ორი მთავარი საყრდენის – სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ახალ მოთხოვნათა შესაბამისად განვითარების აუცილებლობა სულ უფრო მწვავედ დგება დღის წესრიგში. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადად ქართული სოფლის განვითარების გარეშე ვერ მოხერხდება, ვგულისხმობთ სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებით, ნაყოფიერ შრომას აგროსასურსათო წარმოებასა და, საერთოდ, სოფლის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს აქაც „კადრები წყვეტენ ყველაფერს“.

 „ვარდების“ ხელისუფლებამ, ბათუმის (მწვანე კონცხის) ცნობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბაზაზე ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ, იგი ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრონომიული მიმართულების სახით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. თავდაპირველად ამ საქმის სათანადოდ ორგანიზება და საჭირო დონეზე აყვანა გაჭირდა, მაგრამ უნივერსიტეტმა შეძლო სიძნელეების დაძლევა და ბოლო წლებში, ამ მხრივაც გარკვეული წარმატებები აქვთ.

ჭეშმარიტად გულგასახარია ის, რომ დღეისათვის უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტების სტუდენტთა კარგი თეორიული და პრაქტიკული მომზადებისათვის სათანადო სასწავლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა მოახერხა და, რაც მთავარია, ამისათვის მუშაობას აგრძელებს.

ეს, ძირითადად, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ხალვაშის დამსახურებაა, რომელსაც ექსტრემალურ ვითარებაშიც კი შეუძლია საუკეთესო გამოსავალი მონახოს და წინ წაიყვანოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აგრონომიულ მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს და ყოველწლიურად 50-მდე აბიტურიენტი აბარებს მისაღებ გამოცდებს. საგულისხმოა, რომ აგრონომიული მიმართულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, ძირითად, მოზიდული ინვესტიციების საფუძველზე მტკიცდება. ამასთან, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მილიონ ასი ათას ლარად ღირებული აგროლაბორატორია შეიძინეს. გააკეთეს 400-კვადრატულმეტრიანი სათბური, რაც 100 ათასი ლარი დაიხარჯა. სწავლა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შესანიშნავ შენობაში მიმდინარეობს. სტუდენტთათვის სათანადო პრაქტიკული ცოდნის მისაცემად კი ბათუმის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეურნეობის ტერიტორიიდან გამოიყო 5 ჰექტარი ნაყოფიერი მიწის ფართობი, რომელზეც ისინი პრაქტიკულად სწავლობენ ერთწლიანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანას.

უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომლის დახმარებით გამოჰყავთ ჩითილები და როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურში გადააქვთ სასწავლო და საცდელი მიზნით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აგრონომიული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფს ტრანსპორტით, რომლითაც ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უფრო ხშირად იმერეთში, ქართლსა და კახეთში, იქაური სოფლისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გასაცნობად.  ამას წინათ აგრონომიული მიმართულების სტუდენტთა და მაგისტრანტების ჯგუფი, პროფესორ რეზო ჯაბნიძის ხელმძღვანელობით, ოზურგეთსა, ახლო წარსულში საქვეყნოდ ცნობილ ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევის ინსტიტუტს ვესტუმრეთ.

ყველამ დიდი ინტერესით დავათვალიერეთ ინსტიტუტის კოლექტივის მცდელობით გადარჩენილი კაბინეტ-ლაბორატორიები, განსაკუთრებით ე.წ. აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ლაბორატორია. მოვისმინეთ პროფესორ ანგელინა ნიკოლაიშვილის ლექცია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და მათთან ბრძოლის შესახებ. ასევე ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, აკადემიკოს ვალერიან ცანავას ლექცია აგრარული მეცნიერების ახლო წარსულსა და დღევანდელ გამოწვევებზე იმაზე, რომ დროა სახელმწიფომ უფრო მეტად მიხედოს სოფლის-მეურნეობას, ქართულ სოფელს, მეტი ფული ჩაიდოს მის განვითარებაში, რადგან ძლიერი ქართული სოფლის გარეშე, არა თუ ეკონომიკის , სახელმწიფოებრივი განვითარებაც შეუძლებელია. აკადემიკოსმა რეზო ჯაბნიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ვალერიან ცანავას მაღალკვალიფიციური აგრარული კადრების, მეცნიერთა და პრაქტიკოსთა თაობების მომზადებისათვის. აღნიშნა, რომ აჭარის აგრარიკოს მეცნიერთა და ბიოლოგთა, მეცნიერებათა დოქტორთა და კანდიდატთა, პროფესორის ოთხმოცი პროცენტი მისი აღზრდილია, რომელთა მაგალითზეც ბევრი გაიზარდა და დღესაც იზრდებიან გაიხსენა, რომ 1994 წელს, როცა იგი ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი იყო და კადრების ნაკლებობა აწუხებდათ, ანასეულის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ოცდაშვიდი პედაგოგი ჩარიცხა ასპირანტურაში, სტიპენდიაც დაუნიშნა მათ და მაღალკვალიფიციურ პედაგოგად და სპეციალისტებად მოამზადა და დაუბრუნა ინსტიტუტს. დღეს ისინი წარმატებული მეცნიერ-მუშაკები და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები არიან.

ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა თემურ რევიშვილმა ისაუბრა ინსტიტუტის ისტორიის და დღევანდელი საქმიანობის შესახებ. დაგვათვალიერებინა აგროქიმიური ლაბორატორია და მუზეუმი, რომელიც თავისთავად მოგვითხრობს ინსტიტუტის 80- წლიან სასახელო ისტორიაზე.

ერთობ ემოციურად აღიქვეს მაგისტრანტ რეზო დოლიძის სიტყვა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და კრედიტების სპეციალობით დაამთავრა (ბაკალავრიატი), მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრონომიულ მიმართულებაზე, მაგისტრატურაში გაეგრძელებინა სწავლა. როგორც თავად თქვა, ეს ბაბუის, სუპტროპიკული-მემცენარეობის აღიარებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის გივი დოლიძის სურვილის შესაბამისად გადაწყვიტა. ბატონი გივი 40 წელიწადია ბათუმის ჯერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის, ხოლო შემდეგ მის ბაზაზე არსებული ინსტიტუტის პედაგოგი იყო აქედან 30 წელი სასწავლო ნაწილის გამგე გახლდათ. იმედია, რეზო დოლიძე ღირსეულად გააგრძელებს წინაპრის აგრარულ ტრადიციებს და კარგი მეცნიერიც დადგება.

  ქეთევან განდელიძე, აგრონომიული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი:

ვცხოვრობ ქედის რაინის სოფელ ხარაულაში. ბავშვობიდანვე ჩაბმული ვარ სასოფლო-სამეურნეო შრომაში. საერთოდ, მიყვარს სოფელი, ბუნება, ველოლიავები ჩემი ხელით დარგულ მცენარეებს. ამიტომაც ავირჩიე უნივერსიტეტის აგრონომიულ მიმართულებაზე სწავლა. ძალიან გამიტაცა მყნობით მცენარეთა კულტურული ჯიშების გამრავლებამ, რომელიც ჩვენმა ლექტორმა ბატონმა რეზო ჯაბნიძემ გვასწავლა სოფელში, ჩვენს საკარმიდამო მეურნეობაში, 15 მწარე საძირეზე, სხვადასხვა ხეხილი, კვირტით და კალმით დავამყენი კიდეც. უმრავლესობამ გაიხარა. შემდეგ ციტრუსების და ვაზის მყნობაც ვცადე, შედეგებით კმაყოფილი ვარ. ყოველივე ამის შესახებ თემის მომზადებას ვაპირებ, რომელსაც უნივერსიტეტში, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგენ. ანასეულის ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონახულება ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო და ბატონმა რეზომ ეს აგვისრულა. ბევრი ახალი რამ გავიგეთ, რასაც სწავლასა და შრომაში გამოვიყენებთ.

    მე კი აგრონომიულ მიმართულებაზე თავიდანვე მინდოდა სწავლა. მისი დამთავრების შემდეგ კი ვაპირებ მაგისტრატურაში გავაგრძელო ცოდნის გაღრმავება. ძირითადად, თხილის კულტურებით ვარ დაინტერესებული. იგი პერსპექტიული კულტურაა, რა თქმა უნდა, თუ სათანადოდ მოუვლი და უპატრონებ, დაიცავ მავნებველ-დაავადებებისაგან ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურადაც გაამართლებს, მეც დიდი ხანია მინდოდა ანასეულის ცნობილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გავცნობოდი და ბატონმა რეზო ჯაბნიძემ ეს სურვილი აგვისრულა.

ცუდია, რომ ეს საქვეყნოდ განთქმული აგრარული დასწესებულება დაკნინებული დაგვხვდა, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ ძალებს იკრებს და მალე კვლავ აღორძინდება.

 დარინა გაბაიძე,

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტექნიკური ფაკულტეტის აგრონომიული მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი