კახეთში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება – რა შესაძლებლობებს გააჩენს ახალი უმაღლესი სასწავლებელი

კახეთში, ქალაქ გურჯაანში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო პროგრამას, სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლებში გამოაცხადებს, 2020 წლის ზამთარში კი პროფესიული პროგრამების სტუდენტების მიღებას გეგმავს. დაწესებულებას კავკასიის უნივერსიტეტი ხსნის და როგორც თავად ამბობენ, ამ პროექტით, მეღვინეობა – მევენახეობის დარგისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს.

„პროექტი ძალიან მასშტაბურია, უნივერსიტეტი მხოლოდ ადგილობრივ სტუდენტებზე არ იქნება გათვლილი, გვინდა, სხვა ქვეყნებიდანაც მივიღოთ სწავლის მსურველები. სასწავლებელს ექნება სამი კორპუსი – ძირითადი შენობა, საცხოვრებელი კამპუსი და შატო, სადაც უცხოელი ლექტორები ჩამოვლენ. 70 ქვეყნის 130 უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, უცხოელი პროფესიონალი აკადემიური პერსონალიც ჩავრთოთ სასწავლო პროცესში. კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი ბაკალავრთა პირველ ნაკადს, სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წელს მიიღებს, პროფესიული პროგრამები კი 2020 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი“.

 რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს, კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მაღულარია ამბობს, პირველ წელს იქნება მეღვინეობისა და მევენახეობის ფაკულტეტები.

„შემდეგ დაემატება სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი და მისი მომიჯნავე დარგები – სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი, მეწარმეობა, კულინარია და ის პროგრამები, რომლებიც ახლოსაა მეღვინეობა – მევენახეობასთან“.

მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ კავკასიის ღვინის უნივერსიტეტის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც განათლების, ისე კახეთის რეგიონის განვითარებისთვის.

„გურჯაანი გეოგრაფიულად და ღვინის კულტურის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქართველო უძველეს ღვინის მწარმოებელ ქვეყანად უკვე მსოფლიომ აღიარა, ასეთი უმაღლესი სასწავლებლის არსებობა აუცილებელიცაა. მეღვინეობა და მევენახეობა ისეთი დარგებია, რთულია რამის მიღწევა თეორიული ცოდნისა და განათლების გარეშე. ამ პროექტს მუნიციპალიტეტის დიდი მხარდაჭერა აქვს და ადგილობრივებიც მოუთმენლად ელოდებიან. ჩვენ, ერთის მხრივ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს მიიღონ ხარისხიანი განათლება და გზა გაეხსნათ ამ სფეროში მოღვაწეობისთვის, მეორეს მხრივ კი განვითარდება ადგილობრივი ეკონომიკა, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ სტუდენტები და ლექტორები. ვთვლით, რომ ეს პროექტი უფრო მეტად გამოაცოცხლებს კახეთის რეგიონს.

არის თუ არა დღეს ბაზარზე მეღვინეობა – მევენახეობის თეორიულ სწავლებაზე მოთხოვნა, საჭიროა თუ არა ამისთვის 4 წლიანი, საბაკალავრო სწავლება და რას მისცემს ახალი უნივერსიტეტი სფეროს და ზოგადად, ქვეყანას?!

ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელი ნატალია ბარნაბიშვილი

ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელი ნატალია ბარნაბიშვილი ამბობს, რომ ამ სფეროში რაც მეტი საგანმანათლებლო კერა იქნება, საქართველო, როგორც ღვინის უძველესი ქვეყანა, უკეთ შეძლებს საკუთარი უნიკალური რესურსის წარმოჩენას.

„ღვინოსა და ღვინის ტურიზმზე, ბოლო დროს, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, იხსნება სხვადასხვა სახის მარნები და ტურისტებიც მეტად ინტერესდებიან ქართული ღვინით. ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. განათლება ეს ის ბერკეტია, რაც მოგვცემს ხარისხის შენარჩუნების საშუალებას.  საქართველო ღვინის სამშობლოა, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორია, მაგრამ არ ვიცით ამ ისტორიის გამოყენება და სწორად მიწოდება. ამიტომ, რაც უფრო მეტი განათლების საშუალება იქნება ამ მიმართულებით, მით უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისათვის. სფეროს უფრო მეტი პროფესიონალი ეყოლება, მათ კი საშუალება ექნებათ ღირსეულად წარადგინონ 8 000 წლიანი უნიკალური ისტორია. ვთვლი, რომ განათლება არის ჩვენი ერთადერთი შანსი, რომლესაც ორივე ხელით უნდა ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული უნიკალური რესურსები ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ“.

საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი კი თვლის, რომ მეღვინეობა – მევენახეობის ახალი სტანდარტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

„ვფიქრობ, რომ აუცილებელიც კი არის, რაც შეიძლება მეტი სასწავლებელი გაჩნდეს. ქართული ღვინის წარმოება, ყოველწლიურად, იზრდება და ვითარდება. ამიტომ, ახალი თაობა და განათლების ახალი სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთ უნივერსიტეტში სტუდენტები დაეუფლებიან ენოლოგიას (მეცნიერება ღვინის დაყენების მოვლა – შენახვის შესახებ), მეღვინეობას, მევენახეობას. თუ შესაბამისი რესურსი – ფინანსები, პროფესიონალი აკადემიური პერსონალი და ინფრასტრუქტურა ექნებათ – აუცილებლად შეძლებს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას“.

წყარო: www.marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *