აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

კაკლის მყნობის ორი მეთოდი

კაკლის მყნობა იოლი არ არის, რადგან მყნობის ეფექტიანობა მაღალი არ არის, ამიტომ ყველაზე მარტივია იყიდოთ ნამყენი კაკალი, რომელიც უკეთეს შემთხვევასი პირველ მოსავალს 5-6 წლის თავზე მოგცემთ.

თქვენს ნაკვეთზე თუ კაკალის ნერგი უკვე იზრდება, მასზე შეიძლება რომელიმეს სხვა ჯიშის კაკალი დამყნოთ და მოსავლი მე-3-4 წელსვე მიიღოთ.

გთავაზობთ კაკლის ზაფხულის მყნობის 2 მეთოდს.

გამოცდილი მებაღეები ამბობენ, რომ ეფექტი 100%-იანია.

ზაფხულის მყნობა შეიძლება ივლისის შუა რიცხვებიდან – აგვისტოს შუა რიცხვებამდე, ხოლო მყნობის შედეგი 2 კვირის თავზე უკვე თვალსაჩინოა, ამიტომ, გაუმართლებლობის შემთხვევაში, ივლის-აგვისტოს განმავლობაში, შეგიძლიათ რამდენჯერმე მოასწროთ მყნობა. მყნობა მშრალ ამინდში, დილის 4-9 საათამდე ტარდება.

მეთოდი პირველი – ე.წ. ,,სალამურის“ ანუ ,,ნახევარგოლის“ მეთოდი:

საძირედ გამოიყენება 2 წლიანი კაკალის ნერგი, ხოლო სანამყენედ ახალმოჭრილი კალმის კვირტი. კალამს ეჭრება ფოთლები ისე, რომ კვირტის ქვევიდან დარჩეს ფოთლის 3-5 სმ მდე ყუნწი (კვირტი რომელიც ფოთლის ძირში იყო მიმალული)

1) ერთწლიან, მწვანე კალამზე შეარჩევენ დასამყნობ კვირტს, სპეციალური დანის პირებს შორის (რომელსაც  ორი ერთმანეთის პარალელური პირი აქვს) მოათავსებენ აღნიშნულ კვირტს და კალმის ქერქზე, მთელი დიამეტრის გარშემო შემოატარებენ დანას ისე, რომ კვირტი აღმოჩნდეს ქერქზე გაკეთებულ ორ ჭრილს შორის.

2) საძირეზეც ანალოგიურად – შეარჩევენ მყნობის წერტილს (იმ წერტილზე მდებარე სავარაუდო კვირტს) ნიადაგის ზედაპირიდან 15-20 სანტიმეტრ სიმაღლეზე და ქერქის შემოსაჭრელად შემოატარებენ დანას გარშემო .

3) კალმიდან შემოჭრილ ქერქზე, კვირტის მოპირდაპირე მხარეს, აკეთებენ ვერტიკალურ ჭრილს და ფრთხილად აძრობენ აღნიშნულ ქერქის ნაწილს – მივიღებთ ცილინდრისებურ ნახევარრგოლს.

4) საძირეზე შემოჭრილ ქერქზე აკეთებენ ვერტიკალურ ჭრილს და ფრთხილად აძრობენ აღნიშნულ ქერქის ნაწილს.

5) კალმიდან შემოჭრილ ქერქს საძირეზე შემოჭრილი ქერქის ადგილას მჭიდროდ ათავსებენ. სასურველია ისე, რომ კვირტის ადგილს, რომელიც მოცილდა საძირეს ზუსტად დაემთხვეს კალმიდან აჭრილი კვიტრის მდებარეობა.

6) ჭრილობის იზოლირებისთვის ნაპრალებს ავსებენ პალასტელინით ან ბაღის მალამოთი.

7) აფიქსირებენ სპეციალური სამყნობი ან პოლიეთილინის ბაფთით ისე, რომ მხოლოდ ყუნწიანი კვირტი გამოჩნდეს.

8) 2-3 კვირის შემდგომ ფოთოლის ყუნწი თუ მწვანეა, მყნობამ კარგად ჩაიარა თუ არა და შეხებისთანავე ის დამყნილ ადგილს მოსძვრება.

მეთოდი მეორე – გამარტივებული ოკულირების მეთოდი

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც კაკლის ნერგი უკვე დიდია და მყნობა ხორციელდება შტამბზე ან ტოტზე. ყველაფერი ხდება დაახლოებით ზემოთ მოყვანილი მყნობის ხერხის ანალოგიურად მცირედი განსხვავებით:

1) კალმიდან შემოჭრილი ქერქის მხოლოდ წინა, კვირტიანი ფრაგმენტია საჭირო. კვირტს გვერდებიდან მხოლოდ 1-1,5 სმ-ის ქერქის მონაკვეთები დაუტოვეთ.

2) შტამბზე ან ტოტზე შეარჩიეთ მყნობის წერტილი, ჩაჭერით ქერქი ისეთი ფორმით და სიდიდით, რომ კალმიდან აჭრილი ქერქის სიგანე, მაგრამ 0,5-სმ-ით მაღალი იყოს და მოაცალეთ საძირეს ქერქი.

3) კალმის ქერქის ფრაგმენტი ჩასვით საძირეზე აჭრილი ქერქის ადგილას. ქვედა ნაწილი მიაბჯინეთ მჭიდროდ, ხოლო ზედა შეაცურეთ საძირის ქერქის ქვეშ.
4) დააფიქსირეთ!

5) 2 თვის შემდეგ მოხსენით ფიქსატორი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი კარგად ამართლებს ვაშლზეც, მსხალზეც და სხვა კურკოვან ხეხილზე.

უახლოეს დროში, ზაფხულის მყნობის თემას კიდევ დავუბრუნდები.

ლია მღვდლაძე
წყარო „თქვენი ბაღი“