მეცნიერულ რეკომენდაციებს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროება

    მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენციების ფონზე სამწუხაროდ საქართველო  ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო ბოლო  25 წლის განმავლობაში დაუშვა უპრეცედენტო შეცდომა, რამაც გამოიწვია როგორც ჩაის ნარგავობის, ისე წარმოებული პროდუქციის მკვეთრი შემცირება. მოსახლეობამ ნაჩაიარ ნიადაგებზე სპონტანურად თხილის ბაღების გაშენება დაიწყო და მისმა ფართობმა 30 ათას ჰექტარს მიაღწია. ბოლო სამი წლის განმავლობაში თხილის მოსავალი და ხარისხობრივი მაჩვენებლები კატასტროფულად დაეცა. სადაა გამოსავალი? მოსახლეობა ამ კითხვაზე პასუხს მოელის.

  დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა ნიადაგურ კლიმატური და ოროგრაფიული ფაქტორების მხრივ ძალზე ჭრელია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველივე წლებიდან, როდესაც სუბტროპიკულ ზონაში მრავალი ინტროდუცირებული კულტურა მკვიდრდებოდა მეცნიერ-მკვლევარები აქცენტს რომელიმე მონოკულტურაზე არ აკეთებდა. მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა პერიოდში საკუთარი ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნილება მაღალი იყო და პრიორიტეტი სუბტროპიკულ კულტურათა შორის ჩაის ნარგაობას ეკუთვნოდა (67ათასი ჰა) ქვეყნის ხელისუფლება ასევე დიდ მოთხოვნებს უყენებდა ისეთი კულტურების განვითარებას როგორიც იყო: ციტრუსოვნები, დაფნა, ტუნგო, სუბტროპიკული ხურმა, ფეიჰოა, ბამბუკი და მრავალი სხვა. ამ პერიოდში სუბტროპიკულ მეურნეობას მთლიანობაში განიხილავდნენ როგორც ,,ჩაი და მისი თანამგზავრი კულტურების“-სახით. სუბტროპიკულ კულტურათა ასეთმა სიმბიოზურმა განვითარებამ და სამრეწველო წარმოებამ ბევრი სიკეთე მოუტანა ამ რეგიონის მოსახლეობას. 

მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე მთლიანად დაინგრა ჰარმონიულად შეთანაწყობილი სუბტროპიკულ კულტურათა მეურნეობრიობა. ამ  ვანდალიზმს ხელს უწყობდა ხელისფლების ზედა ეშელონებში მოკალათებული ,,ვაი-პატრიოტები“ რომლებიც ჩაის  მონურ კულტურად აცხადებდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა. დღეისათვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩაის მწარმოებელ 50 ქვეყანას შორის სადაც, მიუხედავად მკვლევართა ყოველდღიური მცდელობისა, ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაუდევრობით 60 ათასი ჰექტარი ჩაის ნარგაობა ამოიძირკვა და განადგურდა, რამაც სტიქიურად გამოიწვია ამ რეგიონების გაკოტრება-გაღარიბება. ფინანსურ რესურსებს მოკლებულმა გლეხობამ პრივატიზებულ ფართობებზე ამოძირკვეს რა ჩაის ნარგაობა სპონტანურად დაიწყეს ისეთი კულტურების გაშენება რომლებიც თითქოსდა მოვლის მცირედი დანახარჯებით მაღალ მოგებას მიიღებდა. ასეთ კულტურად მიიჩნიეს თხილი რომელთა ფართობმა ბოლო ათწლეულში 30ათას ჰექტარს მიაღწია. თხილის ბაღები შენდებოდა ნიადაგის ყოველგვარი წინასწარი მომზადების და გაკულტურების გარეშე, ვერ ითვალისწინებდნენ ჯიშურ შემადგენლობას და ვერ ატარებდნენ მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს.

სამწუხაროდ რეალობა სხვა გახდა, გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა მასიურად გავრცელების ფონზე (2016; 2017; 2018 წლები) თხილის კულტურამ მოსახლეობას ვერ გაუმართლა. მიუხედავად ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიერ გატარებული ღონისძიებებისა  მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა რთული აღმოჩნდა. თუ ასე გაგრძელდა იმედგაცრუებული მოსახლეობა თხილის ბაღების აჩეხვა-ამოძირკვასაც დაიწყებს.

თუ გვინდა სუბტროპიკული მემცენარეობის სტრატეგიული განვითარება ბევრი რამ უნდა  გავითვალისწინოთ წარსულის ისტორიიდან. მოვიყვანთ ერთ მაგალითს: მე 18 საუკუნის დასაწყისში კუნძულ ცეილონზე, რომელიც ინგლისის კოლონიას წარმოადგენდა, ყავის კულტურა ითვლებოდა მონო-კულტურად, რითაც დასაქმებული იყო მთელი მოსახლეობა. ინგლისელები ყავის ექსპორტით დიდ მოგებას ნახულობდნენ. მაშინ, როდესაც ყავის წარმოება ზენიტში იყო უეცრად გამოჩნდა მტერი მიკროსკოპული სოკო Hemileya vastatrix რომელმაც ბოლო მოუღო ყავის 65 ათას ჰექტარ ნარგაობას.  როდესაც  პლანტატორები გონს მოვიდნენ მათ ჯერ დაიწყეს ქინაქინის ხის გავრცელება, შემდეგ კაკოს მოყვანა, თუმცა მსოფლიოში ბაზრის გაჯერების გამო ამ კულტურებიდან ვერ იხეირეს.

ცეილონი, როგორც მდიდარი კოლონია, შეწყვეტდა არსებობას, რომ არ გამოჩენილიყო მათი მეგობარი – ჩაის კულტურა. აგერ უკვე 150 წელია ცეილონი მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი მესამე ქვეყანაა და მიუხედავად ჩაის მონოკულტურისა დღეს ეს მცენარე ინარჩუნებს  ცხოველმყოფელობას და ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საშუალებაა.

ასეთ ისტორიაზე ღირს დაფიქრება, რადგან საქართველოც ისტორიულად ჩაის მწარმოებელ ერთ-ერთ მძლავრ რეგიონად ითვლებოდა მსოფლიოში. ჩვენის აზრით სუბტროპიკულ ზონაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კულტურების სამრეწველო წარმოებას, რომლებიც გაცილებით მდგრადია, როგორც მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების, ასევე მავნებელ-დაავადებათა მიმართ. ასეთ კულტურად პირველ რიგში მოიაზრება ჩაი და სხვა თანამგზავრი კულტურები. მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ქართული ჩაი“ რომელიც არსებული ჩაის ნარგაობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს 70-80%-იანი თანადაფინანსების სახით. ბოლო 3 წლის განმავლობაში პროგრამაში 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. უკვე რეაბილიტირებულია 1000 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაცია. სამწუხაროა რომ მცირენაკვეთიანი ოჯახებისთვის ეს პროგრამა მიუწვდომელია.

სულ ახლახან სახელმწიფო პროექტში ,,დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი ,,კენკროვანი კულტურები“ რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების ასპროცენტიან ფინანსურ მხარდაჭერას ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენისათვის. აღნიშნული პროექტი იმუშავებს მცირემიწიანი კატეგორიის მოსახლეობაზე, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთჰექტარიანი მიწის ნაკვეთი. აქვე მკაცრადაა მითითებული, რომ ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0,15 ჰა-დან არაუმეტეს 0,5ჰა-ს ჩათვლით კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენების დაფინანსება.

წინასწარ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს იმ ფერმერების იდენტიფიცირებას, რომლებიც მზად არიან კენკროვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები სრულყოფილად შეისწავლონ. ეს ფერმერები გაივლიან მომზადების კურსს, ტესტირებას და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად. ამ საკითხებში ჩვენის აზრით ჩართული უნდა იქნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და  სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტები და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეულის” ლაბორატორია, მითუმეტეს როდესაც დასავლეთ საქართველოს პირობებში ლურჯი მოცვისა და სხვა კენკროვანი კულტურებისათვის ნიადაგის შერჩევა, მასში მჟავიანობისა და საკვები ელემენტების განსაზღვრა ისედაც აღნიშნული ლაბორატორიის პრეროგატივაა. სასურველია აქვე (ანასეულში) მოეწყოს ბენეფიციარების მომზადება-გადამზადების კურსები.

კენკროვანი კულტურების სამრეწველო წარმოების სპეციპიკა მეტად გააზრებულ და მაღალკვალიფიციურ შრომას მოითხოვს.  წარმოების პროცესში  მცირედი  გადაცდომაც კი შესაძლებელია საბედისწერო იყოს გარანტირებული მოსავლის მისაღებად, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც ეს კულტურები ჩვენთან ახალია და  სრულყოფილად შესწავლილიც არაა.

ბაღების გაშენების და  ექსპლუატაციის პროცესში მტკიცე კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთ პროცესებზე როგორიცაა: ჯიშური შედგენილობა ნიადაგის ფიზიკური  და ქიმიური მდგომარეობის სტაბილურობა, გრუნტში ტენისა და ტემპერატურის  რეგულირება, მცენარეთა რეგულარული მორწყვა და გამოკვება, ყვავილობისა და  მსხმოიარობისადმი ხელშეწყობა, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა, ნაყოფის (კენკრის) ფაქიზი კრეფა-ტრანსპორტირება, პროდუქციის უდანაკარგოდ შენახვა-რეალიზაცია რაც დაკავშირებულია სპეციალურ სამაცივრო შენობების, რეფრეჟერატორების და სხვა ტექნიკურ საშუალებათა მზადყოფნასთან. ასევე გასათვალისწინებელია კრეფის პროცესში საკმაოდ გაზრდილი რაოდენობით მუშახელის მობილიზება და სხვა საკითხები. ასე, რომ კენკროვნების მოვლა-მოყვანას და რეალიზაციას დიდი ძალისხმევა სჭირდება. საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში სადაც კენკროვნებს ფართო მაშტაბით აწარმოებენ, ყველა ეს საკითხი წინასწარ გათვლილი და მოგვარებულია. ჩვენს პირობებში პირველ ეტაპზე მოსახლეობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება აითვისოს კენკროვნების მოვლა-მოყვანის სრული ტექნოლოგია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სრული დაფინანსებისა და დახმარების მხარდაჭერით ქართველი გლეხი, ფერმერი  მიაღწევს სერიოზულ წარმატებას. ამიტომ ორივე მხარეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე გლეხობას, ფერმერებს დასჭირდებათ მეტად გააზრებული ყოვლისმომცველი და შედეგებზე ორიენტირებული სახელშეკრულებო დოკუმენტაციების შედგენა, გაფორმება და მისი პრაქტიკული რეალიზაცია, ყველა ეს საკითხი განხილული და შეთანხმებული უნდა იქნას ამ კულტურების მცოდნე მეცნიერ სპეციალისტებთან, ბიზნეს ორგანიზაციებთან.

   ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობის პრინციპებზე (აგრარული საქართველო 2015წ) და დღესაც გვინდა დავარწმუნოთ სოფლის მოსახლეობა თვითნებურად, საბაზრო ღირებულების მიხედვით ნუ გადაწყვეტს მისი კარ-მიდამოს განაშენიანების ბედს. მხოლოდ მეცნიერულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კულტურათა სწორი შეთანაწყობის პრინციპების დაცვით სუბტროპიკულ ზონის ნიადაგურ-კლიმატური პირობები გვაძლევს ფართო ასორტიმენტით სამრეწველო კულტურების წარმოების შესაძლებლობებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავძლევთ, ან შევარბილებთ არასასურველი კლიმატური პირობების და მავნებელ-დაავადებათა მასიური გავრცელების საშიშროებისაგან თავის დაზღვევა და გარანტირებული მოსავლის მიღებას.

   სასურველი იქნებოდა ხელისუფლებას პროექტ ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში კენკროვნების პარალელურად შემოეთავაზებინა ჩაის სანერგეებისა და ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების ხელშეწყობა-თანადაფინანსების პროგრამა, რაზედაც უკვე მოსახლეობაში ყოველწლიურად იზრდება მონდომება  და ინტერესი. დღეისათვის საქართველოში ჩაი, მიუხედავად მისი წარმოების დაბალი მასშტაბებისა, ყველაზე სტაბილური და შემოსავლიანი დარგია. ამასთან ეს კულტურა არ მოითხოვს მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების რთულ ტექნოლოგიებს.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონას სასოფლო-სამეურნეო კულტურებით მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად აპრობირებული ათვისების სტრატეგიული ხედვა ესაჭიროება, რაშიც თავისი კომპეტენტური სიტყვა უნდა თქვას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, დარგობრივმა სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებებმა და საქართველოს  გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

ზაურ გაბრიჩიძე

ს.მ.მ დოქტორი პროფესორი

იოსებ ბასილია

ს.მ.მ. დოქტორი

ვლადიმერ  ბოკუჩავა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *