„ხიზაბავრული ბატისტა“ ვაიოს ველებიდან

ხიზაბავრა ცნობილი სოფელია, ბატისტა კი იტალიელი მისიონერის სახელი. იტალიელი კათოლიკე მისიონერები დღესაც მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ და ცდილობენ მისიონერულ საქმიანობასთან ერთად მორწმუნე კათოლიკეებს დაეხმარონ. ისინი საქართველოშიც მისიონერობენ. ქართველ კათოლიკეებს სამშობლოს წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვით, ამის დასტურად თუნდაც მიხეილ თამარაშვილის მოღვაწეობის გახსენებაც ღირს.

როგორც კოოპერატივ „ვაიოს ველი 2017“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარია ლომთათიძე მიხსნის, „ხიზაბავრული ბატისტას“ ისტორია 2005 წელს დაიწყო. სოფელ ხიზაბავრაში იტალიელი მისიონერები იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.

დღეს კოოპერატივი თანდათან ძალას იკრებს, მეურნეობას ზრდის. ახლახანს, როგორც ქალბატონი მარიამი მიხსნის, კოოპერატივი „ვაიოს ველი 2017“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში გაწევრიანდა. მარიამს იმედი აქვს, რომ ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ბევრ კარგ საქმეს ჩაუყრიან საფუძველს. ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემაც მხარდაჭერა აღუთქვა.

თვითონ მარიამი პროფესიით ექიმია და მას დედათა და ბავშვთა ჯანსაღი კვების და სხვა ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კომპანიის განვითარების დინამიკას თუ გავადევნებთ თვალს, მისი ამ მიზნის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ქართული პარმეზანის, „ხიზაბავრული ბატისტას“ მთავარი მესაიდუმლე, ტექნოლოგი, ქალბატონი ნანა დათაშვილი პროფესიით ვეტერინარია, ხიზაბავრას საბავშვო ბაღის დირექტორიც იყო. პარალელურად — საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელიც. დღეს საქართველოში ერთადერთია, ვინც მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიური ყველის პარმეზანის დამზადების არცთუ მარტივ ტექნოლოგიას ზედმიწევნით ფლობს და თავისი შედევრით იტალიელებსაც აოცებს.

სოფელი ხიზაბავრაში ოდითგან საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი მეცხოველეობა იყო და აქ სახელგანთქმული მესხური ყველიც იწარმოებოდა.

ვაიოს ველების ალპური საძოვრები, რომელიც ზღვის დონიდან 2000-2300 მეტრზე მდებარეობს, მომთაბარე მეცხოველეობისთვის საუკეთესო პირობებს ქმნიდა და ასეა დღესაც.

საბავშვო ბაღს უჭირდა, რის გამოც დირექტორმა გადაწყვიტა დამატებითი შემოსავლის წყარო მოეძებნა და მცირე ფერმის გამართვა ითავა. მეუღლეც მხარში ამოუდგა.

ყველაფერი ხუთი ძროხით დაიწყო.

სწორედ ამ პერიოდში მოვიდნენ იტალიელი მისიონერები სოფელში. გაუკვირდათ, როცა ქალბატონი ნანა დათაშვილი მათ მშობლიურ ენაზე, იტალიურად გაესაუბრა. სტუმრებმა წყალი მოითხოვეს. აბა, ჩვენში სტუმარს წყალს ვინ დაუჭერდა. საერთოდ კი, თუ მკითხავთ, მესხეთში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი, წყაროს წყლებია. ასე გაიბა კავშირი ხიზაბავრასა და იტალიელებს შორის.

ცოტა ხნის შემდეგ იტალიელები სპეციალისტებთან ერთად დაბრუნდნენ. სწორედ მაშინ ჩამოვიდა ბატისტა, ცნობილი იტალიური ყველის პარმეზანის ტექნოლოგი. დაათვალიერეს ვაიოს ველები და მოიხიბლნენ (ვინც აქ ნამყოფია, ამ მშვენიერების დავიწყება შეუძლებელია, მესხეთში სხვა ხიბლი და ენერგიაა), აქაური რძით საუკეთესო მაღალხარისხიანი ყველის წარმოება შეიძლებაო.

თვითონ იტალიელებმა წაიყვანეს ნანა დათაშვილი იტალიაში და შეასწავლეს იტალიური ყველის წარმოების ტექნოლოგია.

როგორც ქალბატონი ნანა ამბობს, ყველს ადრეც ამზადებდნენ, მაგრამ ადგილობრივი ტექნოლოგიით დამზადებული ყველით ბაზარი გაჯერებულია, არც ფასი აქვს და შეუძლებელია ასეთი საწარმო რენტაბელური იყოს, ამიტომ მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი ბაზრისთვის ახალი პროდუქტი შეგვექმნა _ პარმეზანის ყველის წარმოებაზე შევთანხმდით.

ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ და იტალიელი მისიონერების დახმარებით ავაშენეთ ფერმა, შემოვიტანეთ დანადგარები და გავმართეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველის საწარმო.

აქ დღეს 200 სული მეწველი ფური ჰყავთ, ქართული პარმეზანით _ „იტალიური ბატისტას“ საგემოვნო თვისებებით კი იტალიელებიც გაოცებულნი არიან.

ქალბატონი ნანა სისტემატურად მონაწილეობს ფესტივალებში და მისი ყველი „ხიზაბავრული ბატისტა“ ყოველთვის გამარჯვებულთა შორისაა. მიღებული აქვს „საუკეთესო ყველის“, „საუკეთესო ევროპული ყველის“ და „ორიგინალური ყველის“ ტიტულები. თავად ქალბატონი ნანა კი „საუკეთესო ფერმერის“ წოდებას ფლობს.

ქართული პარმეზანის დასამზადებლად ქართულ დედოზე დამზადებული ფერმენტი გამოიყენება, რომელიც ადგილზევე მზადდება.

პარმეზანის ტიპის ყველი სულ მცირე სამი თვით მაინც უნდა ინახებოდეს სპეციალურ გარემოში, თაროზე.როცა გამოშრება და კანი გაუმაგრდება, უკვე გამოსაყენებლად მზად არის, საერთოდ კი რაც მეტი ხნისაა, უკეთესია.

პარმეზანის ყველის მსგავსი ყველი ევროპაში ბევრია და მათ ადგლმდებარეობის მიხედვით აქვთ მინიჭებული სახელი, როგორც ჩვენ „ხიზაბავრულ ბატისტას“.

ქართულ პარმეზანზე, „იტალიურ ბატისტაზე“ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ფასიც შესაბამისი აქვს — კილოგრამი 40-45 ლარი ღირს.

დღეს კოოპერატივში 18 ფერმერია გაერთიანებული. მას აქვს 400 ჰექტარი მიწის ფართობი და კოოპერატივების განვითარების სააგენტოდან, ბატონი გიორგი მიშელაძისგან მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას.

როგორც ქალბატონი ნანა დათაშვილი ამბობს, იმედი აქვს, რომ აწარმოონ თაფლში დაძველებული ყველი, ადგილობრივი ყველი ტენილი, გაწურული მაწონი, კარაქი და სხვა.

სურთ ჯიშების გადახალისება, ქართულ წაბლასა და ადგილობრივ მესხურ ჯიშებთან შეჯვარებული მაღალპროდუქტიული საქონლის გამრავლება, რომლებიც ადგილობრივ პირობებს კარგად შეეგუებიან, აგრეთვე ხელოვნური განაყოფიერების დანერგვა.

კოოპერატივს ასევე სურვილი აქვს მეხორცული მიმართულებაც განავითაროს, რადგან აქ უმაღლესი ხარისხის ხორცის წარმოებაა შესაძლებელი.

მოსაგვარებელია გზის და ელექტროენერგიის პრობლემა. ადრე აქ იყო ელექტროენერგია და გზაც, მაგრამ დაინგრა და აღსადგენია.

თუ ყოველივე გაკეთდება, ვაიოს ველებზე მეცხოველეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია და აქედან ქვეყანა დიდი სარგებელს ნახავს.

წელს მარტის ბოლოს, პალერმოში იტალიის ყველის ასოციაციის მიწვევით კოოპერატივ „ვაიოს ველი 2017“-ის ქართული პარმეზანი „ხიზაბავრული ბატისტას“ პრეზენტაცია-დაგემოვნება გაიმართება. პრეზენტაციაზე კომპანიას ქალბატონი მარიამ ლომთათიძე წარმოადგენს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართული პარმეზანი იტალიაშიც

აღაფრთოვანებს პარმეზანის მსგავსი ყველის მოყვარულებს.

 

PS. ვისაც სურვილი გაქვთ, შეიძინოთ და დააგემოვნოთ ქართული პარმეზანი _

„ხიზაბავრული ბატისტა“ დაუკავშირდით ტელეფონზე: 599 79 40 09

მასალა მოამზადა

ნესტან გუგუშვილმა

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *