აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

ხოხბის მოშენების პერსპექტივები ფერმერულ მეურნეობებში

ხოხობი ქათმისებრთა რიგის ულამაზესი და საკმაოდ დიდი ზომის წარმომადგენელია. მისი წონა 720 გ-დან 1800 გ-მდე მერყეობს. მათთვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი. მამლები უფრო დიდები არიან. მათ მოწითალო ოქროსფერ-ნარინჯისფერი ბუმბული აქვთ, ხოლო თავი — მოლურჯო-მომწვანო ფერისა, რასც თან ბრინჯაოსფერი ელვარება დაჰკრავს. თვალის გარშემო დამახასიათებელია შეუბუმბლავი, ოდნავ უხეში კანი, რომელიც მკვეთრი წითელი ფერისაა, გვერდებზე წაგრძელებული ბუმბულით. მათთვის დამახასიათებელია 50 სმ-მდე სიგრძის კუდი. მუქი ფერის — მკერდი და ზურგი. დედალი ნაცარა, ზოლიანი შეფერილობისაა და მოკლე კუდი აქვს. მისი სილამაზის გამო ხოხობს სამეფო ფრინველს ეძახიან. გარდა არაჩვეულებრივი გარეგნობისა ხოხობს, მეტად გემრიელი და წვნიანი ხორცი აქვს.

თავისი ცხოვრების ნირითა და გავრცელების არეალით ხოხობი სამხრეთულ ფრინველად ითვლება. იგი გავრცელებულია წინა აზიიდან იაპონიამდე. ჩრდილოეთით მისი გავრცელების არეალი შუა აზიის ქვეყნებისა და ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვრებამდე აღწევს. მისი გავრცელების მაქსიმალური ზედა ზღვარი ზღვის დონიდან 750 მ-მდე ადის. იგი შეყვანილი და აკლიმატიზირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ტასმანიაზე. თავდაპირველად ხოხობი წინა აზიაში, კავკასიაში და აღმოსავლეთ ჩინეთში მოიშინაურეს. ერთ-ერთ უძველეს ქვესახეობად ჩვეულებრივი, ანუ კოლხური ხოხობი ითვლება. კავკასიურ, ანუ ქართულ ხოხობს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, ზოგიერთი მეცნიერი ცალკე პოპულაციად გამოყოფს. ამჟამად სხვადასხვა ადგილას ხოხბის რამდენიმე ქვესახეობა ბინადრობს, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ბუმბულის ფერით განსხვავდებიან. აქედან გამომდინარე გაჩნდა ისეთი ქვესახეობები, როგორებიცაა: იაპონური, ოქროსფერი, ალმასისებრი, სამეფო, ელიოტი, მიკადო, ტაჯიკური, მანჯურიის და სხვა.

იგი ბინადრობს ისეთ ადგილებში, სადაც გვხვდება ხშირი მცენარეთა საფარი და წყალი. საუკეთესო ადგილებად ითვლება ტყის განაპირა ზოლი, ბუჩქნარები, წყალსატევის მაღალბალახიანი სანაპიროები. შორეულ აღმოსავლეთში ხოხობი გვხვდება მუხნარ ტყეებშიც კი. ადვილად ეგუება ადამიანის. ეტანება პურის, სიმინდისა და პარკოსნების ყანებს. იგი ხშირად რკინიგზისა და ავტომაგისტრალების განაპირას ბუჩქებში და ქარსაცავ ზოლში. შუა აზიაში ხილის ბაღებშიც, ხოლო იაპონიაში მსხვილი ქალაქების პარკებშიც კი ბუდობეს. ხოხობი გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც თოვლის საფარი ნაკლებია (არაუმეტეს 10—20 სმ-ისა). ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს მიწაზე. იკვებება ბალახის თესლით, ნორჩი ყლორტებით და კვირტებით, მწერებით. სპობს სოფლის მეურნეობისა და ტყის კულტურების მავნებლებს.

ხოხობი ადვილად შინაურდება. მისი შენახვა ვოლიერებში ხდება. ვოლიერი წარმოადგენს დიდი ზომის საფრინველეს, რომელსაც სამი მხრიდან შემოკრული მავთუბადიანი ხის კარკასი აქვს. ცალი მხარე მთლიანია (ყრუ კედელი), ზემოდან გადახურულია მსუბუქი მასალით. ვოლიერი ეწყობა მშრალ, შემაღლებულ ადგილას. იატაკს აწყობენ შემდეგნაირად: მიწას მოხსნიან 30—40 სმ-ზე და მის ადგილას ჩაყრიან 2 სმ-ზე ჩამქრალ კირს, 2 კგ კირს 1 მ2-ზე. ზემოდან მოაყრიან სუფთა სილას ან ქვიშას. ვოლიერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მასში მზის სხივები ადვილად აღწევდეს. გარედან შემორტყმული მავთულბადის უჯრის ზომა უნდა იყოს 1,5—2,0სმ. ვოლიერში უნდა დაიდგას საკვებური, საწყურებელი, გაიმართოს ქანდარები. საკვები ფრონტი 2 თვემდე უნდა იყოს 10 სმ, ხოლო შემდეგ ასაკში — 20 სმ. ამზადებენ ნავისებურ საკვებურებს სიგრძით 3000 სმ, რომელიც საკმარისია 20 დღის ასაკისათვის 40 ხოხობისათვის, ხოლო ზრდასრულისათვის — ერთი ოჯახისათვის.

ხელოვნურ საშენებსა და ფერმებში ხოხობს აშენებენ 2 გზით: 1. ოჯახებით შენახვა (ერთი მამალი, 4—7 დედალი); 2. ჯგუფური შენახვა — 500 დედალი და 70—80 მამალი. ასეთი შენახვისას კვერცხმდებლობა წელიწადში 30—40ცალია, განაყოფიერება 75—80%, გამოჩეკა კი — 60—70%.

ხოხბის მოშენება შესაძლებელია ხელოვნურად, სათანადო პირობების შექმნით. თავდაპირველად აუცილებელია ხოხბის მშობელთა გუნდის დაკომპლექტება, რომელსაც იწყებენ შემოდგომით. ამ დროისათვის გამრავლება და მოზარდის ზრდა დამთავრებულია. მათი სულადობა კომპლექტდება 2 წელზე უხნესი დედლებისა და 3 წელზე უხნესი მამლებისაგან, აგრეთვე 1—2 წლიანი ხოხბებით, რომლებიც გამოირჩევიან კარგი ექსტერიერით და მაღალი ნაყოფიერებით. მშობელთა გუნდის დასაკომპლექტებლად საჭიროა ფრინველის წინასწარი გადარჩევა. გუნდიდან გამოიწუნებენ:

გამოკვეთილი ექსტერიერული მანკებით გამორჩეულ ფრინველს; მამლებს, რომლებმაც გამრავლების სეზონში გამოიჩინეს დაბალი სქესობრივი აქტივობა და სუსტი პოლიგამიური უნარი; დედლებს, რომელთა კვერცხი იყო წვრილი, უფორმო და სხვადასხვა მანკით გამორჩეული; ქრონიკულად დაავადებულ და ტრავმირებულ ფრინველს; ძალიან მშიშარა, ან აგრესიულ ფრინველს.

სადედე გუნდში რეკომენდებულია, სულადობის 30—40% იყოს ორწლიანი, ხოლო გამოწუნებულ ფრინველს სახორცედ უშვებენ. სანაშენედ იყენებენ შედარებით მსხვილ, ახალგაზრდა დედლებს და მამლებს, რომელთაც ახასიათებთ კარგი აღნაგობა, მბზინავი ბუმბული და ტიპიური ბუმბულის ფერი.

მარტის ბოლოდან მთელი აპრილის თვის განმავლობაში ისინი შეწყვილებას იწყებენ და დედლები ემზადებიან კვერცხდებისათვის. კვერცხს დებენ პირდაპირ იატაკზე, შენობის კედლის ძირში. კვერცხდების დაწყებიდან ძალიან სწრაფად ზრდიან კვერცხმდებლობას და კვერცხდების მაქსიმუმს აღწევენ მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში. შემდეგ კვერცხმდებლობა თანდათან მცირდება. კარგი კვება-მოვლის პირობებში დედლები წელიწადში 45-55 ცალ კვერცხს იძლევიან. საფრანგეთსა და ჩეხეთში ერთი დედლისაგან იღებენ 70-80 ცალ კვერცხს. განაყოფიერების პროცენტი 75-80%-ის ფარგლებში მერყეობს. კვერცხმდებლობაზე კარგ შედეგს იძლევა თებერვლის დასაწყისიდან შენობის თანდათანობით განათება ინფრაწითელი ნათურით, ისე რომ 15 თებერვლისათვის სინათლის ხანგრძლიობამ მიაღწიოს 15 საათს. განათების ამ რეჟიმს ტოვებენ ექსპლოატაციის ბოლომდე. საინკუბაციოდ კვერცხს ინახავენ +2 +120C ტემპერატურაზე კვერცხის დადებიდან 5 დღის განმავლობაში. ხოხბის კვერცხის მასა მერყეობს 24-37 გ-მდე. ნაჭუჭის ფერი შეიძლება იყოს მუქი ნაცარა, ნაცრისფერი, ღია-ნაცრისფერი, მწვანე-ნაცრისფერი, მწვანე, ღია მწვანე და თეთრი. ნაჭუჭი თხელი, გლუვი და მბზინავია ძალიან წვრილი ფორებით.

ხოხბის კვერცხის ინკუბაციისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ინკუბატორი. ხოხბის კვერცხის ინკუბაციის რეჟიმი ასეთია: ტემპერატურა საინკუბაციო კარადაში +38,00C-ია, ტენიანობა – 65-70%, გამოსაჩეკში ტემპერატურა +38,50C-ია, ტენიანობა – 80-90%. პირველ ორ დღეს კვერცხის გადაბრუნება რეკომენდებული არ არის. 3-დან 18 დღის განმავლობაში კვერცხს დღე-ღამეში 3-5-ჯერ აბრუნებენ. პირველ და ბოლო დღეს საინკუბაციო კარადაში კვერცხს 15-20 წუთის განმავლობაში +200C-მდე აგრილებენ. კვერცხის ინკუბაციის ხანგრძლიობა 24 დღეა.

ახალგამოჩეკილი მოზარდი ხასიათდება 10-დღემდე ზრდის მაღალი ტემპით, შემდეგ ზრდის ტემპი მცირდება. 15 დღის ასაკში მამლები იწონიან 85 გრ., 30 დღის ასაკში – 180 გრ., 90 დღისანი – 800-850 გრ., 4 თვის – 1000გრ., 5 თვის კი – 1100-1200 გრ. დედლების ცოცხალი მასა ასაკის შესაბამისად 80, 160, 600, 700 და 800-900 გრამია. ახალგამოჩეკილი მოზარდი დაფარულია რბილი და ნაზი, ღია ყვითელი ფერის ღინღლით, რომელსაც გასდევს შავი და მუქი ზოლები. გამოჩეკის პირველივე დღეებიდან ზრდას იწყებს ფრთებზე პირველადი საფრენი ბუმბული, ხოლო მე-7-8 დღიდან კუდზე ჩნდება საჭის ბუმბლები. ერთი თვის ასაკიდან თავი და კისერი კარგად იბუმბლება. ამით მთავრდება პირველადი (იუვენალური) ბუმბულით სხეულის მთლიანად დაფარვა. ამ ასაკში დედლებს და მამლებს ბუმბულის შეფერილობა ერთნაირი აქვთ. მათთვის დამახასიათებელია თავის ზემოთ და კისერზე ნაცარა-ჩალისფერი ბუმბული, პატარა შავი წინწკლებით. თავის გვერდითი მხარეები დაფარულია წვრილი თეთრი ბუმბულით. თვალის ქვემოთ შეიმჩნევა ოვალური თეთრი ზოლი. ყურის მიდამოებში აქვთ მუქი ჩალისფერი ბუმბული. კისრის უკანა ნაწილი დაფარულია შავი წვრილი წინწკლებიანი ბუმბლებით, ხოლო ქვემოთა ნაწილი თეთრია, ზურგი კი — ნაცრისფერი.

ბევრი პრაქტიკოსის გამოცდილებით, ახალგამოჩეკილი მოზარდი პირველი დღე-ღამის განმავლობაში უნდა ვიყოლიოთ იგივე ტემპერატურაზე (38,50ჩ) რა ტემპერატურაზეც იმყოფებოდა კვერცხი ინკუბატორში, მხოლოდ საჭიროა ტენიანობის შემცირება. ამ მიზნით ახალგამოჩეკილ მოზარდს ათავსებენ 100—200 ფრთის ოდენობით ხის ყუთში, სადაც გამათბობელია. შენობაში ტემპერატურა 250ჩ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2 დღის შემდეგ მოზარდს ყუთებიდან გადასვავენ ვოლიერებში, რომლის იატაკი დაფარულია თბილი, დეზინფიცირებული კვარციტის სილით. ვოლიერში ათავსებენ საკვებურს და საწყურებელს. აქვე დამონტაჟებულია ელექტროგამათბობელი, რომლის გათბობის დიამეტრი 1,5 მეტრზე ნაკლები არუ უნდა იყოს. აქ ფრინველს აჩერებენ 8 დღის ასაკამდე. შემდეგ გადაჰყავთ ღია ტიპის ვოლიერებში. აღნიშნულ ვოლიერში მოზარდს აჩერებენ 3 კვირამდე. ამის შემდეგ გადაჰყავთ ვოლიერული ტიპის მინდორში. აქვე იზამთრებს მშობელთა გუნდიც. სპეციალისტების აზრით, შენახვის ასეთი სისტემა ამცირებს ფრინველის სიკვდილიანობას, ზრდის ცხოველმყოფელობას და მათ შენახვას ბუნებრივ პირობებთან უფრო მიახლოებულს ხდის.

ხოხბისათვის პრაქტიკაში ყველაზე უფრო ფართოდ გამოიყენება საკვების შემდეგი რეცეპტი:

აღნიშნული საკვები შეიცავს 23% ნედლ პროტეინს. ვიტამინოვანი დანამატის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს A, B2, PP, D3, და E ვიტამინები. ხოხბის ცხოველმყოფელობის გაზრდის მიზნით ინტენსიური კვერცხდებისას აუცილებელია საკვებში C ვიტამინის დამატება.

ხოხბის მოშენება ითვლება ერთ-ერთ პერსპექტიულ დარგად, რადგან ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმოებს მათი მოშენება ფერმერულ მეურნეობებში, რომლებიდანაც მოზარდ და ზრდასრულ ფრინველებს ყიდულობენ სამონადირეო მეურნეობები და უშვებენ თავიანთ ტერიტორიებზე. ასევე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ხოხბის ხორცისგან დამზადებული ბლუდები რესტორნებში.

ამრიგად, ხოხბის მოშენება ფერმერულ მეურნეობებში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ითვლება ერთ-ერთ მომგებიან დარგად.

კობა ნაცვალაძე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ # 15