დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

„გემუანის“ სუბლიმირებული ხილი

სუბლიმირბული ხილი და ბოსტნეული ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქტია, რომელიც დღითი-დღე სულ უფრო პოპულარული ხდება. საქართველოში ამ პროდუქტის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია „გემუანია“.

მაღალტექნოლოგიური წარმოება ზუგდიდის რაიონში 2017 წელს გაიხსნა და ამ წლის გაზაფხულზე კომპანიამ სუბლიმირებული ხილის და ბოსტნეულის წარმოების IFS სერტიფიკატი მიიღო.  კომპანია გემუანის საკუთრებაში დღეს 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, საიდანაც 80 ჰექტარზე ჩაი აქვს გაშენებული, 10 ჰექტარზე თხილი, ხოლო 11 ჰექტარზე _ კივის პლანტაცია.

კომპანიის პროდუქციაზე, წარმოების თავისებურებებზე, სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს „გემუანის“ დამფუძნებელი ქალბატონი ნონა თორდია.

_ ყველაფერი კივის პლანტაციის ( Hayward -ის ჯიშის) გაშენებით 2011 წელს დაიწყო _ მოგვითხრობს ქალბატონი ნონა თორდია. _ 2015 წელს ჩვენ კივზე Global G.A.P. – ის სერტიფიკატი მივიღეთ და დავიწყეთ ამ ხილის გაყიდვა. თავიდანვე მზად ვიყავით საიმისოდ, რომ მოწეული კივის მოსავლიდან 20% (ეს ანალოგიური პლანტაციებისთვის ნორმაა) ზომითა და ფორმით სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი იქნებოდა და ის უნდა გადაგვმუშავებინა, მაგრამ როცა პლანტაციის მოსავლიანობა გაიზარდა და ამ 20%-მა რამდენიმე ათეულ ტონას ასცდა, დავფიქრდით საკუთარი გადამმუშავებელი საწარმო შეგვექმნა. ძალიან არ გვინდოდა კონკურენცია გაგვეწია ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, რომლებიც ძირითადად ხილის შრობის სტანდარტულ ტექნოლოგიას იყენებენ. ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტის წარმოების ძებნა დავიწყეთ. დღეს მსოფლიოში Sublimation ან Freeze Drying საკვები პროდუქტების გადასამუშავებელი ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ძვირი ტექნოლოგიაა და ის ჩვენ საქართველოში ჩამოვიტანეთ. დღეს საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 30 ტონა მზა პროდუქციას შეადგენს, რისთვისაც 300-400 ტონა ცოცხალი ხილის ნედლეულია საჭირო. თუ დავჭირდება წარმოების გაზრდაც შეგვიძლია.

_ რა სახსერებით შეიქმნა საწარმო?

_ საწარმოს ინვესტიციის უმეტესი ნაწილი კერძო ინვესტიცია იყო. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ სახელმწიფოსგან, ვისარგებლეთ სახელმწიფო პროქეტით, მოვიგეთ USAID/ REAP -ის გრანტი, რის ფარგლებში გადმოგვეცა სამაცივრე მოწყობილობი.

_ წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული გამიყენება?

_ დიახ, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ და თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონს მოვიცათ. მაგალითად, მარწყვს ვყიდულობთ კახეთში, ვაშლს _ შიდა ქართლში და ასე შემდეგ. მაგრა ამასთან ერთად ვმუშაობთ შერჩეულ ფერმერულ მეურნეობებთან. გვაქვს ჩვენი მომწოდებლების ბაზა, რომელთა მიმართ სერიოზული კონტროლი ხორციელდება, რათა მოწოდებული ნედლეული შეესაბამებოდეს ჩვენს მოთხოვნებს. ეს მარტო ჩვენი კი არა IFS სტანდარტის მოთხოვნაცაა.

_ როგორია თქვენი პროდუქციის ასორტიმენტი და ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი?

_ საწარმოში საქართველოში წარმოებული ყველანაირი ხილი და კენკრა: ვაშლი, ატამი, ჟოლო, მარწყვი, მოცხარი, მაყვალი, ფეიხოა, კივი, მანდარინი და სხვ. გადამუშავდება. გვაქვს ბოსტნეულის ხაზიც: ჭარხალი, სტაფილო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი ჩერი, ასევე მწვანილი: ტარხუნა, ქინძი, რეჰანი, კამა, ომბალო, მწვანე ხახვი.

მზა პროდუქცია იფუთება სპეციალურ პაკეტებში. საქმე ის არის, რომ სუბლიმაციას ექვემდებარება ყველანირი ხილი და ბოსტნეული, ისიც კი, რომლის ჩვეულებრივ შრობა შეუძლებელია.

სუბლიმირების დროს, ვაკუუმის მეთოდით გაყინული და გამომშრალი პროდუქტი ინარჩუნებს 98% ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჩვენ არ ვიყენებთ დანამატებს, არ ვამუშავებთ მას ქიმიურად, ასე რომ ვაწარმოებთ სრულიად ჯანსაღ, ჩიფსის მსგავს ხრაშუნა, ამასთან ვიტამინებით სავსე პროდუქტს.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს, ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი _ ჯანსაღი საკვები, სადაც ჩვენი პროდუქცია ბევრი თანამედროვე „სნეკების“ , არაჯანსაღი სასუსნავის ალტერნატივად გვევლინება. მომხმარებელთა სფერო ძალიან დიდია, ბავშვებიდან დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული. ჩვენ უკვე მივმართეთ სათანადო ორგანოებს, მოგვცენ უფლება, ჩვენ პროდუქციაზე მივუთითოთ, რომ მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის უსაფრთხოა!

მეორე მიმართულებაა B2B: ვთანამშრომლობთ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის სარესტორნო ქსელებთან რომლებიც ჩვენ პროდუქტს ინგრედიენტად იყენებენ.

_ როგორ არის საქმე საექსპორტო კომპონენტების მხრივ?

_ პროდუქციის გაყიდვა საქართვლოში შარშან დავიწყეთ, ამ დროს გავიტანეთ პირველი პარტია ექსპორტზე, მათ შორის ევროპაში. ამ პერიოდში საწარმოში ISO 22000 ხარისხის სტანდარტიც დავნერგეთ.

B2B საექსპორტო ხაზი გავხსენით რუსეთის მიმართულებითაც, ინგრედიენტებს ვაწვდით გადამმუშავებელ საწარმოებს.

ევროპის ბაზარზე პროდუქციის სტაბილურად მიწოდების მხრივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

IFS სტანდარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს B2B პროდუქციის ბაზარზე მუშაობის დროს.

უნდა ითქვას, რომ ევროპისთვის ISO სტანდარატი უკვე განვლილი ეტაპია, მსხვილი საწარმოები IFS ან BRC სტანდარტს ითხოვენ.

ვმუშაობთ ისრაელთან, საცდელი პარტიები სავაჭრო ნიშნით „ Gemuani“ გაგზავნილია ამერიკაში, სხვები უპირატესობას ანიჭებენ ლეიბლინგს (ჩვენი პროდუქციის თავის ბრენდით წარდგენა). მოკლედ ახლა ვაზუსტებთ მიწოდების მოცულობას და ვადებს.

_ გაყიდვების არეალის გაფართობის პარალელურად თუ გეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას?

_  ვმუშაობთ ახალი სუბლიმირებული ბოსტნეულის პროდუქციის შექმნაზე. კერძოდ ვქმნით სამზარეულოს მასობრივი ინგრედიენტების ხაზს _ ხილის და ბოსტნეულის ფხვნილს. თავიდან დავაკვირდებით როგორ მიიღებს ამას ქართული ბაზარი, გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ.

_ თქვენი კომპანიის პლანტაციებზე გვითხარით რამდენიმე სიტყვით…

_ ამ მომენტისთვის ძირითადი ძალისხმევა გადართულია სუბლიმირებული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე,  მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ პლანტაციებს სათანადოდ ვუვლით. ჩაის ვაბარებთ საბითუმო შემსყიდველებს. რაც შეეხება კივს, კონკრეტულად კომპანია ნერგეტასთან ვმუშაობთ, რომელიც სპეციალიზებულია კივის გადამუშავება-რეალიზაციაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ კივის მწიფობის დროს საქართველოს აქვს პატარა ფანჯარა, როცა ევროპის ბაზარზე მომგებიანია კივის შეტანა.