კიტრის წარმოების მანქანათა თანამედროვე სისტემები

კიტრის ბოტანიკური დახასიათება: კიტრი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ორლებნიანია, ფესვი მთავარღერძაა, იგი ნიადაგში 1 მ-მდე ვრცელდება, მასზე განვითარებულია პირველი, მეორე და მესამე რიგის გვერდითი ფესვები, რომელიც ნიადაგში 10-30 სმ სიღრმეზე ვრცელდება, ღერო მხოხავია, 1,5-2მ. სიგრძის, მასზე ვითარდება გვერდითი ყლორტები. ფოთოლი კიდე მთლიანია, რომლის იღლიაშიც ვითარდება 2-6 გვერდითი ყლორტი, საიდანაც შემდეგ გამოდის მეორე რიგის ყლორტები.
კიტრი ერთსახლიანია და გაყოფილსქესიანია. ერთი და იგივე მცენარეზე სხვადასხვა ფოთლის იღლიაში ვითარდება მამრობითი და მდედრობითი ყვავილები. მამრობითი ყვავილები ყვავილდება და ვითარდება 5-7 ცალი, ხოლო მდედრობითები ერთეულის სახით, ზოგიერთ ჯიშებსა და ჰიბრიდებში კი 2-6 ცალი. ნაყოფი ცრუკენკრაა სხვადასხვა ფორმის და სიგრძის. ერთ ნაყოფში 300 თესლია. ჯვარედინ დამამტვერიანებელია, გხვდება პართენოკარპიული ჯიშებიც.

ბიოლოგიური თავისებურებები: კიტრს ახასიათებს ინტენსიური ზრდა-განვითარება. საადრეო ჯიშები აღმოცენებიდან 30-40 დღის, ხოლო საგვიანო ჯიშები 50-60 დღის შემდეგ ყვავილობენ და იძლევიან მოსავალს. კიტრი სითბოს, ტენისა და სინათლის  მოყვარულია.

თესლი გაღივებას 12-13°C ტემპერატურაზე იწყებს, თუმცა აღმონაცენი არათანაბარია. ოპტიმალურია 25-30°C  სითბო, ამ დროს იგი 3-4 დღეში აღმოცენდება, მცენარეს ნორმალურიზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალურია 25-27°C ,15°C -ის ქვემოთ ზრდა ფერხდება, 8-10°C-ზე ავადმყოფობს, ხოლო 3-4°C-ზე იღუპება. კარგ მოსავალს იძლევა, როცა ნიადაგის ტენიანობა მისი სრული წყალტევადობის 60-80%-ს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 70-80% აღწევს. დღის ხანგრძლივობის შემცირება 10-12 სთ-მდე აჩქარებს ყვავილობას და ნაყოფ მსხმოიარობას. საქართველოს ბარის ზონაში მისი განმეორებითი თესვა ზაფხულში  ივლისის პირველ ნახევარში არის შესაძლებელი. ქარისაგან დასაცავად, რომელიც დიდ ზაინს აყენებს კიტრის ნათესებს ისკულისებად ითესება. ყოველი 3-4 მწკრივი სიმინდის ან მზესუმზირის შემდეგ 6-8 მწკრივი კიტრი დაითესება.

ჯიშები: კიტრის მრავალი ჯიშია ცნობილი, უმეტესად გამოიყენება მოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ჰიბრიდები.

კიტრი ზაზულია – საადრეო, საშუალოდ დატოტვილი ჰიბრიდია, მსხმოიარობაში შედის აღმოცენებიდან 50 დღეში, ცილინდრული ფორმის, 16-20 სმ სიგრძის და 150-170 გრამიანი ნაყოფებით, ხორკლიანი ზედაპირით.

კიტრი აპრელსკი – ყველა მონაცემებით ზაზულიას მსგავსია კიტრი სიურპრიზი 66 – საშუალო სიმწიფის, საშაულოდ ფოთლიანი და დატოტვილი, ცილინდრული ფორმის ნაყოფებით, სიგრძე 14-18 სმ, მასა 100-120 გრ, ხორკლიანი ზედაპირით.

კიტრი მაისკი – საადრეო, ფუტკარმტვერია (არაპარტენოკარპიკი) მსხმოიარობას იწყებს აღმონაცენის გამოჩენიდან 50-55 დღეში, მცენარე ძლიერმზარდია, ნაკლებად დატოტვილი, ნაყოფები ცილინდრულია, სიგრძით 17-20 სმ, მასა 180-200 გრ.

კიტრი კრისტალი – საადრეო ფუტკარმტვერია(არაპარტენოკარპიკი), პირველი ნაყოფები ფორმირდება აღმოცენებიდან 50-55 დღეში, ახასიათებს ერთდროული შემოსვლა, ნაყოფი ოვალურ-ცილინდრული ფორმისაა, სიგრძე 20-25 სმ, მასა 180-260 გრ.

Darina Mix F1 და Dasher II Mix F1 (ორივე ჰიბრიდის მწარმოებელია ჰოლანდიური კომპანია შემინისი), ფუტკარმტვრია, ნაყოფის ზედაპირი ხორკლიანია, სიგრძით 20-23 სმ, ამ ჯიშის მცენარეები არიან ჯანსაღი, ამტანი და ძლიერ მზარდი. ნაყოფი ხრაშუნა და გემრიელია. ერთიანი წარმატებით უხვმოსავლიანია როგორც სათბურში ისე ღია გრუნტში.

Samarkand Mix F1, ფუტკარმტვერია, (მწარმოებელია ჰოლანდიური კომპანია შემინისი) ნაყოფი ზედაპირი გლუვია, ხორკლების გარეშე, 18-20 სმ სიგრძის. ჰიბრიდი საადრეოა, ხანგრძლივად სიცოცხლის უნარიანი და მაღალი სიცხეების ამტანი. აქვს გემრიელი ნაყოფი, ბოლოებში ყოველგვარი სიმწარის გარეშე. ძირითადად გამოიყენება საპიკულე და სასალათე ჯიში, სასალათე კიტრის ნაყოფის სიგრძე 18 სმ აღემატება, ცნობილია  მუხრანული კიტრი, გილანური კიტრი, პიკული კიტრი, სხვადასხვა ჰიბრიდები, რომელიც  პართენოკარპიულობით ხასიათდება და უხვმოსავლიანია.

ადგილი თესლბრუნვაში: საუკეთესოა ისეთი მინდორი სადაც შეტანილია დიდი რაოდენობით ახალი ან ნახევრადგადამწვარი ნაკელი. საუკეთესო წინამორბდია მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახები, პარკოსნები, საადრეო კომბოსტო, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი. დაუშვებელია მისი დათესვა ნესვის, საზამთროს, გოგრის, ყაბაყის ან პატისონის შემდეგ 4-5 წლის განმავლობაში მაინც. ზაფხულში კიტრის დათესვა შესაძლებელია საადრეო კარტოფილის, კომბოსტოს, მწვანილის, სალათის, ისპანახის, ბარდის, ცერცვის, ნიორის დათვის ბოლოკის აღების შემდეგ. კიტრი ძალიან კარგი წინამორბედია მრავალი ბოსტნეულისათვის განსაკუთრებით ძირხვენებისათვის.

ნიადაგის შერჩევა და მომზადება: საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. კიტრის დასათესად ნიადაგი მშრალ რაიონებში მზრალად შემოდგომით, ხოლო ჭარბტენიან რაიონებში ადრე გაზაფხულზე უნდა მოიხნას ან გადაიბაროს 25-28 სმ სიღრმეზე. თესვის ან გადარგვის წინ ჩატარდება ნიადაგის კულტივაცია მთლიანი დამუშავების კულტივატორებით, დაფარცხვა   დისკოებიანი  ფარცხებით და კარგად გაფხვიერება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფრეზით, მოეწყობა დასათესი ან დასარგავი კვლები.

ნიადაგის განოყიერება: კიტრი ბოსტნეულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომთხოვნია ორგანული სასუქებისადმი, განსაკუთრებით კი ახალი ნაკელისადმი. ნაკელი უნდა შევიტანოთ 50-60ტ ჰექტარზე ორგანული სასუქის შემტანი ტექნოლოგიური მანქანით თესვის წინ.

ნაკელის უქონლობისას შეიტანება: აზოტი 60 კგ, ფოსფორი 80კგ, კალიუმი 60კგ ჰექტარზე. მინერალური სასუქის შემტანი ტექნოლოგიური მანქანით. პრაქტიკული გამოცდილებით დადგენილია, რომ თესვის წინ ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 8-10 კგ ახალი ან ნახევრად გადამწვარი ნაკელის შეტანა 2-3-ჯერ ზრდის მოსავლიანობას და მცენარის გამძლეობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ჭარბტენიან რაიონებში კიტრი უნდა დაითესოს შემაღლებულ ბორცვებზე, სფერულ კვლებზე, სფერული კვლების წარმომქმნელი მანქანით ან ბაზოებზე ბაზოწარმომქმნელი კომბინირებული მანქანით.

ამ შემთვევაში კეთდება ორმოები, რომელშიც ჩაიყრება ნაკელი და ნაკელშერეული მიწა. ბორცვის თავზე დაითესება ან დაირგვება კიტრი. ნიადაგში შეტანილი ნაკელი ხელს უწყობს აერაციას და ფესვთა სისტემით ჟანგბადის მომარაგებას, ხოლო ნაკელის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო და ნახშირორჟანგი – მცენარის ინტენსიურ ზრდა განვითარებას.

ეფექტურია მულჩირება ტორფით, ნაკელით ან ნამჯით, ძალზედ მაღალეფექტიანია კიტრის მოყვანა პოლიეთილენით დამულჩულ ნიადაგზე, რომელიც დაიგება პლასტიკური მულჩის დამგები ტექნოლოგიური მანქანის საშუალებით.

მორწყვა: კიტრი მეტად მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობისადმი, უმჯობესია მორწყვის დროს გამოყენებული იქნას 20-22°C დამდგარი წყალი, ონკანის ცივი წყლით მორწყვა დაუშვებელია. მორწყვის სიხშირე ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. ვეგეტაციის პერიოდში შესაძლებელია ჩატარდეს 10-12 მორწყვა. მორწყვის წესებიდან გამოიყენება: კვალში მიშვებით მორწყვა, გაჟონვით მორწყვა და დაწვიმებით მორწყვა, რომელიც სრულდება დამწვიმებელი ტექნოლოგიური აგრეგატებით. ყველაზე მაღალეფექტური და მისაღებია წვეთოვანი მორწყვა, რომელიც უნდა შესრულდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემით, რომელსაც ფერტიგაციის ჩატარებაც შეუძლია. იგი განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევა, როცა ნიადაგი დამულჩულია, ამ დროს მცენარეს წყალთან ერთად მიეწოდება სხვადასხვა სახის საკვები ელემენტები. მორწყვა აუცილებელია ჩატარდეს რეგულარულად, რათა არ დავუშვათ მცენარის ჭკნობა და ნიადაგის გამოშრობა. თბილ, მზიან დღეებში მორწყვას ახდენენ ხშირად. იმისათვის რომ გაზარდონ ჰაერის ტენიანობა, ნიადაგს რწყავენ მზეზე შემთბარი წყლის მცირე დოზებით, საწვიმრების გამოყენებით. დაუშვებელია კიტრის მორწყვა 10°C წყლით, რადგან ამ დროს მცენარეები ავადდებიან ფესვის სიდამპლით. რწყვის დრო და ნორმები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. გვალვიან ზაფხულში რწყავენ ხშირად, წვიმიანში იშვიათად. მორწყვის ნორმა დამოკიდებულია აგრეთვე მცენარის მდგომარეობაზე. ახალგაზრდა მცენარეები მოიხმარენ ცოტა წყალს და მათ რწყავენ ზომიერად (5-10 ლიტრი 1მ2).

ყვავილობის ფაზაში რწყვას წყვეტენ და ანახლებენ მსხმოიარობის დაწყებისას, გაზრდილი ნორმებით (15-20 ლიტრი მ2). მორწყვის შემდეგ რიგთაშორისებს აფხვიერებენ რათა არ წარმოქმნას ქერქი და შემცირდეს აორთქლება. თუ ამინდის პირობების გამო (დროებითი აცივება) კიტრის მიწისზედა მასა არ ვითარდება, საჭირო ა ჩავატაროთ გამოკვება ფოთლებიდან მინერალური სასუქების სუსტი კონცენტრაციის ხსნარით. 10 ლიტრ წყალში ხსნიან 5გრ შარდოვანას, სუპერფოსფატი 12 გრ. და კალიუმის ქლორიდი 7გრ. მცენარეებს ამუშავებენ ზურგის აპარატით, ხარჯვის ნორმა 0,5 ლიტრი ხსნარი 1მ2-ზე.

თესლის თესვის წინა მომზადება: თვითანაღები თესლის შემთხვევაში, დათესვამდე ახდენენ თესლების სორტირებას. თესლებს ყრიან ლიტრიან ქილაში, ასხამენ სუფრის მარილის 3-5% ხსნარს, ურევენ და აცდიან დაწდომას, ყველა ზედაპირზე მოტივტივე თესლს აშორებენ, ხოლო ჩაძირულებს რეცხავენ სუფთა წყლით, აშრობენ და ინახავენ დასათესად.

თესლის ჩათესვის სიღრმე 1,5-2სმ, თესლის რაოდენობა 1გრ 1მ2-ზე, მცენარეთ შორის მანძილი 3-5სმ. პირველი ნამდვილი ფოთლების გამოჩენისას მცენარეებს გამოხშირავენ.
საადრეო ჯიშებისათვის ტოვებენ 8-10სმ, საგვიანოებისთვის 12-15 სმ. იმისათვს, რომ დავაჩქაროთ მდედრობითი ყვავილების წარმოქმნა საგვიანო ჯიშებზე, უნდა წავატეხოთ ზრდის წერტილი მეხუთეფოთლის ზემოთ. მრავალი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საუკეთესოა თესლის გახურება 52-650 ტემპერატურაზე 6-8 სთან 7-10 დღის მანძილზე მზის სხივებით. მაღალეფექტურია თესლის გაკაჟება, ამ დროს  თესლი უნდა დალბეს 12-14სთ, ხოლო შემდეგ გაიყინოს -20 ან გაცივდეს 20- 48 საათით.

თესვა: კიტრის გრძელბარდიანი ჯიშები მწკრივში 100×25 სმ მოკლებარდიანები კი 70×20 სმ-ზე ითესება, საუკეთესო მეთოდია ჩითილის გადარგვა.
ჩითილის მიღება: ჩითილის გამოსაყვანად გამოიყენება კასეტებიანი სხვადასხვა ზომის მცირე მოცულობის ქოთნები, ისინი შეივსება ნაკელშერეული მიწით, მოირწყვება და 1,5 სმ სიღრმეზე ჩაირგვება სათითაოდ. ამის შემდეგ  ისინი დალაგდება სათბურში ან ორანჟერიაში, სადაც 20-25 დღის მანძილზე დაცული იქნება ტემპერატურა  ღამით 20-22°C, ხოლო დღისით 25-28°C. გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით ხდება და წვიმებით მორწყვა. ჩითილების გადარგვა ხდება 1-3 ფოთლის ფაზაში, ამ დროს მცენარეს მთლიანად აქვს შენარჩუნებული ფესვთა სისტემა, რომელიც გადარგვისას მის გახარებას უზრუნველყოფს, კიტრის ჩითილების დასარგავად გამოიყენება ჩითილსარგავი კომბინირებული  ტექნოლოგიური მანქანა მცენარის მოვლა. ითვალისწინებს ნიადაგის თოხვნა-გაფხვიერებას რიგთაშორისების დამამუშავებელი მოტობლოკური  ტექნოლოგიური აგრეგატებით, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ქიმიურ ბრძოლას, რომელიც ასევე ტარდება მცენარეთა დაცვის მოტობლოკური ტექნოლოგიური აგრეგატებით, გამოკლებას, გამეჩხერებას და სხვა.

მაღალეფექტურია გასხვლა. იგი უნდა ჩატარდეს 5 ნამდვილი ფოთლის შემდეგ, ძირითად ყლორტს წაეჭრას წვერი, ამ დროს ინტენსიურად იწყებს განვითარებას გვერდითი ყლორტები, რომლებზეც დიდი რაოდენობით ვითარდება მდედრობითიმოსავლიანი ყვავილები. ვეგეტაციის პერიოდში ჩატარდება მცენარეების გამოკვება მინერალური სასუქებითან წუნწუხით სასუქების შემტანი მოტობლოკური ტექნოლოგიური აგრეგატებით. მინერალური გამოკვებისას 10 ლიტრ წყალში ხსნიან 15 გრ. შარდოვანას ან 20 გრ.
ამამონიუმის გვარჯილას, 30 გრ. სუპერფოსპატს და 20 გრ. კალიუმის სულფატს. ხსნარის ეს რაოდენობა გათვალისწინებული 2მ2-ზე. ორგანული სასუქით გამოსაკვებად იყენებენ 1:10 წყალში გახსნილ ნაკელს, ან 1:5 წუნწუხს 5 ლიტრი 1მ2-ზე.

მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა: მავნებლებიდან კიტრს ძლიერ აზიანებს – ტკიპა, ბუგრი, თრიფსი, მახრა, ხვატარი, მავთულაჭიები. მათ წინააღმდეგ გამოიყენება – ნეორონი, მასაი, ომაიტი, აქტელიკი, კონფიდორიმაქსი,  მასი, დურსბანი და სხვა. დაავადებებიდან დიდი ზიანი მოაქვს – ფესვის სიდამპლეს, ფუზარიოზს, ვერტიცილიოზს, ჭრაქს, ნაცარს და სხვა. მათ წინააღმდეგ გამოიყენება – პრევიკური, ანტრაკოლი, რიოდომილგოლდიკურზატი, სპილენძის შემცველი პრეპარატები. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ  ვეგეტაციის პერიოდში 5-6 წამლობა ჩატარდება 7-8 დღის ინტერვალით კიტრის მოსავალი და კიტრის მოკრეფა: მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ დათესვიდან 50-60 დღის შემდეგ. ამ დროიდან აუცილებელია ნაყოფების რეგულარული კრეფა, მასიური მსხმოიარობის პერიოდში ყოველდღე ან ყოველ 2 დღეში. კრეფენ არამარტო სასაქონლო სახის მქონე ნაყოფებს, არამედ დეფორმირებულ (მოღუნული),  ავადმყოფ, დაზიანებულ,  გადაზრდილ ნაყოფებსაც, რადგან ისინი ფიტავენ მცენარეს და აფერხებენ ახალი ნასკვების  წარმოქმნას. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს აკურატულად, დიდი თითის ყუნწზე დაჭერით, ამასთან ყუნწი რჩება მცენარეზე. დაუშვებელია კიტრის გამოქაჩვა, ნჯღრევა, გადაგრეხვა.

დაუშვებელია აგრეთვე ნამხრევების ფეხით გათელვა, მათ ფრთხილად გადაწევენ გვერდზე. პირველი საშემოდგომო წაყინვის შემდეგ კრეფენ ყველა ნაყოფს, მათ შორის პატარებსაც (კორნიშონი, პიკული). კიტრის საშუალო მოსავლიანობა ღია გრუნტში შეადგენს 2-3კგ 1მ2-ზე. მოკრეფის შემდეგ ნაყოფები დახარისხდება, ჩალაგდება სპეციალურ კალათებში, რომლებიც უზრუნვეყოფენ კიტრის ტრანსპორტირებას დაზიანების გარეშე.

ოთარ ქარჩავა,

ნატო კაკაბაძე,

ზურაბ ხიდეშელი,

ელენე მაღლაკელიძე,

გიორგი ღამბაშიძე,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *