კივი _ სიმწიფის ფაზის განსაზღვრა, კრეფა და შენახვის მეთოდები

დასავლეთში გავრცელებული კივი (Actinidia deliciosa) წარმოადგენს Actinidiaceae-ს ოჯახის მრავალწლიან მცენარეს. კივის ნაყოფი კენკრას წარმოადგენს, რომელიც შეიცავს ასობით პატარა მუქი ფერის თესლს მწვანე რბილობში. კივის კანი ბუსუსებიანია და ღია ყავისფერი. კივის სხვადასხვა ქვესახეობას სხვადასხვა მახასიათებლები აქვს, მაგ. კანის ფერი (მწვანე ან ყავისფერი), რბილობის ფერი (ყვითელი ან მწვანე), ბუსუსიანობა, გემო და სხვა (Ferguson, 1990a; 1990b). წინამდებარე ინფორმაცია ეფუძნება „ჰეივარდ“ და A. deliciosa-ს სხვა მსგავსი სახეობების მონაცემებს. ქვესახეობა A. chinensis, რომელსაც ყვითელრბილობიანი ნაყოფი აქვს, თანდათან უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ მის შესახებ ჯერ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, განსაკუთრებით ნაყოფის ზომების, ხარისხის, შეფუთვის შესახებ, ეფუძნება მხოლოდ აშშ-ს და კალიფორნიის მონაცემებს. მსოფლიო ბაზარზე კივის წამყვანი მწარმოებელი არის იტალია, რომელსაც მოსდევს ახალი ზელანდია, ჩილე და კალიფორნია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ევროკავშირის სახელმძღვანელო დებულებების გათვალისწინება.

ხარისხის მახასიათებლები და კრიტერიუმები

მაღალი ხარისხის კივი არ უნდა იყოს დამჭკნარი, არ უნდა ჰქონდეს მზით დამწვრობის ნიშნები, ნახეთქები, გაჭრილი ადგილები, მწერებით გამოწვეული დაზიანებები, დაჟეჟილობა, შიდა დაშლის და ლპობის ნიშნები. ნედლად საჭმელი კივი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 14% ხსნად მშრალ ნივთიერებებს. ნაყოფის სიმკვრივე უნდა იყოს 2-3 გირვანქა (0.9 – 1.35 კგ) ძალა. ეს არის 5/16 დუიმიანი (8 მმ-იანი თავაკი პენეტრომეტრი) (Crisosto et al., 1999).

სიმწიფის მაჩვენებლები

კალიფორნიის კივი მწიფედ ითვლება, როდესაც მას აქვს მინიმუმ 6.5% ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა, ხოლო სიმკვრივე – 14 გირვანქა (6.3 კგ) ძალა (Crisosto et al., 1999). ახალ ზელანდიაში ნაყოფის სიმწიფის ინდიკატორია 6.2% ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა, შემოწმებულ 10 ნაყოფში. ზოგადად, თუ 10 ნაყოფიდან ორში ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა < 5.8%ია, ამ ბაღის ნაყოფი გამოუსადეგარია საექსპორტოდ დასაკრეფად. ადგილობრივად სარეალიზაციო ნაყოფი შეიძლება ხეზე დარჩეს მანამ, სანამ ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა 10-12%-ს არ მიაღწევს (Beevers and Hopkirk, 1990).

ხარისხი, ზომა და შეფუთვა

კივის ხარისხებია: აშშ-ს საუკეთესო, აშშ-ს #1 და #2. ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები სუბიექტურია და ძირითადად ეფუძნება ზევით აღწერილ ხარისხის მახასიათებლებს (USDA, 1986). კივის ნაყოფის არათანაბარი ფორმის გამო, ძნელია მისი ზომის განსაზღვრა ნაყოფის სიგრძის ან დიამეტრის მიხედვით. ზომის კრიტერიუმებს განსაზღვრავს კივის ადმინისტრაციული კომიტეტი (KAC) და ეს კრიტერიუმები მთელ აშშ-ში გამოიყენება. ზომა განისაზღვრება ნაყოფის რაოდენობით, რომელიც ეტევა ერთ სინზე. ნაყოფის ფაქტიური ზომა მის წონას ეფუძნება და განისაზღვრება ერთი ზომის ნაყოფების რაოდენობით, რომელიც საჭიროა 8 გირვანქიანი ნიმუშის შესადგენად. KAC (1999)-ის ბოლოდროინდელი განსაზღვრებები მოცემულია 1-ელ ცხრილში. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია შეცვლას ექვემდებარება და კივის შემფუთავები უნდა გაეცნონ უახლეს ინფორმაციას.

კივის ზომის განსასაზღვრი ცხრილი

 

 

ხილის მაქსიმალური რაოდენობა

 8 გირვანქიანი  ნიმუშისათვის1

(1 გრივანქა = 0,4536კგ)

ზომის სათანადოდ ერთგვაროვანი ვარიაცია (დუიმ)2    

 (1 დიუმი=2.54 სანტიმეტრი )

21 22 1/2
27/28 30 1/2
30 33 1/2
33 36 1/2
36 42 3/8
39 48 3/8
42 53 3/8
45 55 1/4

1 დაშვებული გადახრა – ყველა სანიმუშო ერთეულის საშუალო წონა უნდა იყოს მინიმუმ 8 გირვანქა და არც ერთი სანიმუშო ნაყოფი არ უნდა იყოს 8 გირვანქაზე > 4 უნციით ნაკლები.

2 დაშვებული გადახრა – დიამეტრის ზომის მოთხოვნას შეიძლება არ აკმაყოფილებდეს კონტეინერების მაქსიმუმ 10% ნებისმიერ პარტიაში და ნაყოფების მაქსიმუმ 5% თითოეულ კონტეინერში. გამონაკლისს წარმოადგენს 42 და 45 ზომა, როდესაც კონტეინერში ნაყოფების მაქსიმუმ 25% შეიძლება არ აკმაყოფილებდეს დიამეტრის ზომის მოთხოვნებს.

კივის შესაფუთად მრავალი სხვადასხვა სახის კონტეინერი გამოიყენება. სინზე მოთავსებული კივი, შეიძლება, შემდეგ ჩააწყონ ხის ან ბოჭკოვანი მუყაოს ყუთებში. ეს ყუთები შეიძლება შეიცავდეს 1, 2 ან 3 სინს. სინებს შორის უნდა მოთავსდეს სადებები. ასევე გამოიყენება წონით (ჩვეულებრივ 23 გირვანქიანი (10.4 კილოგრამიანი) ან რაოდენობით შესავსები კონტეინერები. პარკებში ჩაწყობილი ნაყოფი ეწყობა მუყაოს ყუთებში. ჩვეულებრივ, მუყაოს ყუთი შეიცავს 20 ერთგირვანქიან (0.45 კილოგრამიან) პარკს. საცალო ვაჭრობის ქსელში ნაყოფი ხანდახან იყიდება 6-10 ნაყოფის შემცველი პარკებით. ზოგიერთ ბაზარზე გამოიყენება 125 გირვანქიანი (56კგ-იანი) ხის ყუთები (KAC, 1999). აშშ-ში დასაშვებია ყველა ზომის და კონფიგურაციის კონტეინერის გამოყენება, თუ მას აქვს სათანადო მარკირება.

წინასწარი გაცივება

ადრე სპეციალურ ლიტერატურაში რეკომენდებული იყო მოსავლის აღების შემდეგ კივის სასწრაფოდ გაცივება 0°C ტემპერატურამდე. უპირატესობა ენიჭება შეკუმშული ჰაერით გაცივებას. ჰიდროგაცივებაც ეფექტური მეთოდია, მაგრამ ზოგადად არ არის რეკომენდებული, რადგან კივის ბუსუსები ინარჩუნებს ტენს, რაც ხელს უწყობს ლპობის გამომწვევი მიკროორგანიზმების განვითარებას (McDonald, 1990). წინასწარი გაცივების მეთოდს განსაზღვრავს შემფუთავი. თანდათან უფრო პოპულარული ხდება კივის დაყოვნება (იხ. ქვემოთ). ლალუს ნაშრომში (Lallu (1997) მითითებულია, რომ სწრაფმა გაცივებამ, შეიძლება, გამოიწვიოს მოყინვით მიღებული დაზიანების გამო კივის ნაყოფის დაშლა.

დაყოვნება

დაყოვნება ხდება მოსავლის აღებას და გაცივებას შორის პერიოდში. ამ დროს ნაყოფი კარგავს წყალს და შრება ყუნწის დაზიანებული ადგილი. ახალ ზელანდიაში, მინიმუმ, 48 საათით დაყოვნება ამცირებს Botrytis-ით გამოწვეული ლპობის (Lallu et al., 1997) და ნაყოფის შიდა დაშლის შემთხვევებს (Lallu, 1997) შემდგომი ცივი შენახვის დროს. რეტამალეს ნაშრომში (Retamales et al. (1997) აღნიშნულია, რომ ჩილეში 72 საათით დაყოვნება არ ზრდის ცივად შენახვის დროს ნაყოფის დარბილების შემთხვევებს.

შენახვის ოპტიმალური პირობები

კივის შენახვის რეკომენდებული პირობებია 0°C ტემპერატურა და 90 – 95% ფარდობითი ტენიანობა. შენახვის წინ სათანადოდ დამუშავებული კივის ნაყოფი 4-5 თვე ინახება. იხ. „ეთილენის მიმართ მგრძნობიარობა“.

რეგულირებადი ატმოსფერო

რეგულირებადი ატმოსფერო დადებითად მოქმედებს კივის ნაყოფზე. რეგულირებად ატმოსფეროში კივის შენახვის ვადა შეიძლება 6 თვემდე გაიზარდოს. შენახვის რეკომენდებული პირობებია 1 – 2% O2 + 2 3 – 5% CO2 0°C ტემპერატურაზე. 1%-ზე ნაკლები O2 იწვევს უსიამოვნო სუნის განვითარებას და > 7%  CO2 – რბილობის დაშლას. ამგვარი დაზიანებების რისკები მაღალი არ არის (იხ. „ფიზიოლოგიური დარღვევები“ ქვემოთ). რეგულირებადი ატმოსფერო სულ უფრო ხშირად გამოიყენება შენახვის და ტრანსპორტირების დროს. იხ. კადერის ნაშრომი კივის რეგულირებად ატმოსფეროში შენახვის შესახებ (Kader (1997).

რეკომენდაციები საცალო ვაჭრობის ობიექტებში პროდუქტის დაწყობასთან დაკავშირებით

კივი შეიძლება მოთავსდეს ჩვეულებრივ დახლზე, რადგან გაყიდვისას, სასურველია ნაყოფს საკვებად ვარგისი სიმწიფე ჰქონდეს.

სიცივის მიმართ მგრძნობელობა

ლალუს ნაშრომში (Lallu (1997) აღნიშნულია, რომ A. deliciosa-ს ქვესახეობა „ჰეივარდი“ მგრძნობიარეა სიცივით დაზიანების მიმართ 0°C ტემპერატურაზე. დაზიანების სიმპტომებია წყლით გაჯერებული ქსოვილის წარმოქმნა ნაყოფის პერიკარპიუმზე. გარდა ამისა, სიცივით დაზიანების შედეგად ნაყოფის კანზე შეიძლება წარმოიქმნას ნაკენკი და მუქი, დამწვრობის მსგავსი ლაქები. სპეციალურ ლიტერატურაში იხმარება ტერმინები: დაბალი ტემპერატურით გამოწვეული დაშლა, დაბერებით გამოწვეული დაშლა, დაკენკვა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში შენახულ ნაყოფში ძნელია ამ ფიზიოლოგიური დარღვევების ერთმანეთისგან გარჩევა.

ეთილენის წარმოქმნა და მის მიმართ მგრძნობიარობა

დაკრეფის პერიოდში კივი მცირე რაოდენობით ეთილენს წარმოქმნის, დაახლოებით 0.1 მიკროლიტრს კგ¹ სთ¹ 0°C ტემპერატურაზე და დაახლოებით 0.1-0.5 მიკროლიტრს კგ¹ სთ¹ 20°C ტემპერატურაზე. მწიფე ნაყოფი (< 4 გირვანქა (1.8 კგ) ძალა) წარმოქმნის 50 – 100 მიკროლიტრს კგ¹ სთ¹. შენახული კივის ნაყოფი უკიდურესად მგრძნობიარეა ეთილენის ზემოქმედების მიმართ და არ უნდა ინახებოდეს იმ პროდუქტთან ერთად, რომელიც ეთილენის დიდ მოცულობას წარმოქმნის. 5-10 მემილიონე-1დი (0.005 – 0.010 მიკროლიტრი ლიტრი ) ეთილენი საწყობის ატმოსფეროში აჩქარებს ნაყოფის დარბილებას, მაგრამ ხელს არ უწყობს დამწიფების სხვა პროცესებს და შედეგად, მიიღება არამწიფე და ზედმეტად რბილი ნაყოფი (Crisosto et al., 1999; McDonald, 1990).

რესპირაციის ინტენსივობა
ტემპერატურა მგ CO2 კგ1 სთ1
0 0C 3
4-50C 5-7
100C 12
200C 16-22

მილილიტრი კგ¹ სთ¹ –ის მისაღებად მილიგრამი კგ¹ სთ¹ უნდა გაიყოს 2.0–ზე 0°C (32°F) ტემპერატურაზე, 1.9–ზე 10°C (50°F) ტემპერატურაზე და 1.8–ზე 20°C (68°F) ტემპერატურაზე. სითბოს გამოყოფის გაანგარიშებისთვის, ბრიტანულ სითბურ ერთეულში  (BTU)  მოცემული მაჩვენებელი გამრავლდება მგ/კგ.სთ 220-ზე ან კილოკალორიებში (Kcal) ტონაზე გაანგარიშებისთვის გამრავლდება 61-ზე. მონაცემები აღებულია ჰარდენბურგის და სხვების ნაშრომიდან (Hardenburg et al. (1986).

ფიზიოლოგიური დარღვევები

შენახვისას და ტრანსპორტირებისას დაუმწიფებელი ნაყოფის რბილობი შეიძლება სწრაფად დარბილდეს, ხოლო გული მაგარი დარჩეს (Beevers and Hopkirk, 1990). ამ ფიზიოლოგიურ დარღვევას ზოგჯერ მიაწერენ ეთილენის მაღალი დონის და 8%, ან უფრო მაღალი CO2 -ის დონის  კომბინაციის ზემოქმედებას (Crisosto et al., 1999). გაყინვა იწვევს ნახევრად გამჭვირვალე რბილობის წარმოქმნას (Beevers and Hopkirk, 1990). მოყინვით დაზიანება, ჩვეულებრივ, ჯერ ყუნწზე ჩნდება და მერე ვითარდება ყვავილის სვეტის ბოლოსკენ. დაზიანებული ნაყოფის რბილობი, ხანგრძლივად შენახვის შემთხვევაში, შეიძლება გაყვითლდეს (Crisosto et al., 1999). პერიკარპიუმის (ნაყოფსაფარის) მარცვლოვანება და გამჭვირვალობა შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდეს, მაგრამ ორივე მათგანი ხანგრძლივ შენახვასთან არის დაკავშირებული. საწყობში ეთილენის არსებობა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას. ფიზიოლოგიური დარღვევები შეიძლება იყოს დაბერების პროცესის შედეგიც. ზოგიერთი მათგანის მიზეზები არ არის ზუსტად დადგენილი (Crisosto et al, 1999). საწყობის ატმოსფეროში ეთილენის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს კივის ნაყოფის გულში თეთრი ქსოვილის გაჩენა. ეს თეთრი ჩანართები გარკვევით ჩანს ნაყოფის გულში და წარმოიქმნება სამი კვირის შენახვის შემდეგ სათანადო ატმოსფეროს შემთხვევაში (Crisosto et al, 1999).

მოსავლის აღების შემდგომი პათოლოგიები

ივის მოყვანის ყველა ადგილებში გავრცელებული დაავადებაა Botrytis cinerea-ით გამოწვეული ნაცრისფერი ობი. ეს სოკო აღწევს ნაყოფში გამხმარი ყვავილოვანი ნაწილებიდან ან დაზიანებებიდან. კივის სხვა ნაკლებად გავრცელებული დაავადებებია ლურჯი ობი, გამოწვეული Penicillium expansum-ით და ფომოპსისი, რომელსაც იწვევს Phomopsis actinidiae. ლპობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სათანადო ფუნგიციდების გამოყენება და ნაყოფის დაზიანებების მინიმუმამდე შემცირება (Snowdon, 1990). დარბილებასთან ერთად, კივის ნაყოფი უფრო დაუცველია ყველა სახის ლპობის მიმართ. ლპობის განვითარების კონტროლის მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ნაყოფის სიმწიფის სათანადო ფაზაში დაკრეფა, ტემპერატურის ჯეროვანი რეგულირება და რეგულირებადი ატმოსფეროს გამოყენება (Crisosto et al., 1999). სოკოვანი ინფექციები იწვევს ნაყოფის კანის დაკენკვას (Manning and Beever, 1992; Testoni et al, 1997). სიმპტომები ჩნდება რამდენიმე თვის შენახვის შემდეგ. ფიზიოლოგიური დაკენკვის სოკოთი გამოწვეული დაკენკვისგან განსასხვავებლად საჭიროა სოკოს პირდაპირი იზოლაცია.

კარანტინთან დაკავშირებული საკითხები

აშშ-ში კარანტინის საკითხები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, იმპორტიორები და ექსპორტიორები უნდა დაუკავშირდნენ ცხოველების და მცენარეების ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურს (APHIS), ან სხვა მარეგულირებელ ორგანოებს მიმღებ ქვეყანაში, რათა უზრუნველყონ კარანტინის მოთხოვნების დაცვა.

ახლად დაჭრილი ფორმით გამოყენება

მთლიანად ქვეყნის ან რეგიონულ ბაზრებზე დაჭრილი კივის ნაყოფის გამოყენების პოტენციალი არ არის მაღალი. ზოგიერთ რესტორნებში დაჭრილი კივი გვხვდება სალათის ბარში, ხილის ასორტში და ამგვარად არსებობს გარკვეული მოთხოვნა ამ პროდუქტზე. აგარმა (Agar et al. (1999) თავის ნაშრომში მიუთითა, რომ კივის ნაჭრები ინახება 9-12 დღე კალციუმით დამუშავების და მოდიფიცირებული ატმოსფეროს გამოყენების შემთხვევაში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელია, გაიზარდოს დაჭრილი კივის ხელმისაწვდომობა ბაზარზე.

სპეციალური შენიშვნები

კივის შენახვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ატმოსფეროში ეთილენის რეგულირება. შენახვისას ნაყოფის დარბილება დამწიფების გარეშე დიდ დანაკარგს იწვევს. ყოველი კონკრეტული სიტუაციისთვის უნდა შეფასდეს ეთილენის მოცილების სხვადასხვა მეთოდის ეფექტურობა. ეს მეთოდებია: კატალიზური ნეიტრალიზატორი, კალიუმის პერმანგანატის ფილტრები, ოზონის გენერატორები, უბრალო ვენტილაციის სისტემა და სხვა. ეთილენის მოცილების პროცესის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს: საწყობის კარების გაღების სიხშირე, ეთილენის წყარო (მაგ. შესაფუთი საწარმოს სიახლოვე), ლპობადი ნაყოფის არსებობა საწყობში და სხვა. საჭიროა ასევე საწყობში და მის გარშემო ეთილენის დონის საზომების გამოყენება.

 ჯეიმს უ. რაშინგი კლემსონის უნივერსიტეტი,

სანაპირო ზოლის კვლევის და განათლების ცენტრი, ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა

/სახელმძღვანელო ნათარგმნია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *