კივი არ გასხლათ გაზაფხულზე!

საინტერესო ფაქტია, კივი ბუნებაში ისეთი სახით არ გვხვდება, რასაც ჩვენ ვიცნობთ. იგი ახალზელანდიელმა სელექციონერმა ელისონმა XX საუკუნის დასაწყისში ველურურად მზარდი ლიანა აქტინიდიიდან გამოიყვანა და რადგან ნაყოფი ჩიტ კივის მიამსგავსა, ზელანდიის სახელმწიფოს ემბლემას და ეროვნულ სიამაყეს, კივი უწოდა.

კივში შერწყმულია ანანასის, ბანანის, მოცხარის, ნესვის, მარწყვის, ვაშლის და ალუბლის არომატები. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ , იოდს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო უხდება ზოგიერთ ჰიპერტონულ დაავადებებს, წვავს ცხიმებს, ამცირებს ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების, თრომბების წარმოქმნის რისკს.

კივი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის  90-იანი წლებიდან გამოჩნდა და ცოტა ხანში დაიმკვიდრა კიდეც საპატიო ადგილი, მცენარე კარგად შეეგუა საქართველოს კლიმატს აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც!

მიუხედევად იმისა, რომ კივი სუბტროპიკული მცენარეა, კარგად უძლებს – 25°C ყინვასაც კი!

მცენარის გაზრდასაც დიდ შრომას არ სჭირდება, მთავარია კარგად დაფესვიანდეს კალმები, ისევე როგორც ვაზის ნერგების შემთხვევაში, გადირგას გრუნტში და მოეწყოს მყარი საყრდენი სისტემა.

კივი კარგად მრავლდება კალმით, რომელიც უნდა მომზადდეს ივლისში ან შემოდგომაზე.

პირველ წელს, გვიან შემოდგომით, ან ადრიან გაზაფხულზე, ღია გრუნტში გადარგული, დაფესვიანებული 5-20 სმ-ის კალმიდან ნერგი 2.5-3 მ-მდე იზრდება. კალმიდან ამოსული კივი მოსავალს 2-4 წლის შემდეგ იძლევა, მაქსიმალურ მსხმოიარობას მეშვიდე წელიწადს იწყებს და 40 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს.

თესლიდან აღმოცენებული ნერგი ნაყოფს მე-9 წელიწადს იძლევა.

კივი ორსქესიანი მცენარეა, 1 მამრობით ძირზე მოდის 5-6 მდედრობითი. მამრობითმა მდედრობით ხელი რომ არ შეუშალოს, უნდა დაირგოს ცალკე, შეიძლება 8-10 მ. დაშორებითაც კი.

თუ ნერგები ბაზარში შეიძინეთ და შემთხვევით სქესები აერიათ, საშიში არ არის. იგივე ნერგებიდან შეგიძლიათ ამოიყვანოთ თქვენთვის საჭირო სქესის მცენარე, რადგან მასზე ორივე სქესის კვირტებია განვითარებული (გააჩნია ჯიშს).

კივს არ უყვარს მძიმე, თიხნარი ნიადაგი. ამ შემთხვევაში დასარგავ ადგილს რეკულტივაცია გაუკეთოთ ადგილს ქვიშის, ნეშომპალის ან ნახერხის გამოყენებით. უყვარს უხვად მორწყვა. ცხელ ამინდში, გვიან საღამოს, წყალი ფოთლებზედაც უნდა შეასხუროთ. ძირების გარშემო ნიადაგი ღრმად არ უნდა დაუმუშაოთ, რადგან ფესვები ნიადაგის ზედა ფენასთან ახლოს აქვს. კარგია მულჩირებაც.

კივი ირგვება სქემით 5х6, ან შემჭიდროვებული დარგვისას _  3×3 მეტრში. გააჩნია ფორმირების რა სახეს მისცემთ. 

კივის ძითითადად T-ს მსგავს საყრდენზე შპალერულ ფორმას აძლევენ. შპალერული ფორმირებისას, შემჭიდროვებული დარგვისას მცენარეები ერთმანეთისგან 2-2,5 მეტრითაა დაშორებული.

ერთმა მცენარემ, კარგი მოვლის პირობებში, მე-5 წელიწადს 25 კგ-მდე ნაყოფს უნდა მოგვცეს.

მაგალითად, 2 მეტრიან, 3 იარუსიან შპალერულ ფორმას, პირველი იარუსი 50 სმ-ზე აქვს, შემდეგ ფოლადის სიმები იჭიმება ჰორიზონტალურად ყოველ 20-20 სმ, დაშორებებით ზევითკენ.

ღია გრუნტში გადარგვის პირველ წელიწადს, მცენარეს არ ვეხებით. მეორე წელიწადს, თუ გამოგვყავს შპალერული ფორმა, ადრიან გაზაფხულზე ვუტოვებთ არაუმეტეს 3 ყლორტს, დანარჩენს მოვამტვრევთ (აუცილებლად მოვამტვრევთ და არა მოვჭრით!). ზაფხულის განმავლობაში 2-3-ჯერ ავახვევთ, შემოდგომით დავაფიქსირებთ 2 ტოტს ჰორიზონტალურად, რომელსაც გადავჭრით 1-1,2 მ-ზე და ერთს შუაში ვერტიკალურად გადავჭრით 70 სმ-ზე. ფაქტობრივად, ჰორიზონტალური 2 ტოტი ნამხრევებია.

მესამე წელს, გაზაფხულზე, შუა ტოტიდან, როდესაც ყლორტები წამოუვა, შევარჩევთ ისევ 2 ტოტს 20-25 სმ-ზე გამოსულს, დანარჩენს, როგორც კი გაიზრდება 4-5 სმ-მდე-პერიოდულად ვამტვრევთ, შემოდგომაზე ისევ ვსხლავთ და ვტოვებთ უკვე 4 -1-1,2მ-ზე გასხლულ და ჰორიზონტალურად ახვეულ ტოტებს, ნამხრევებზე ამოსულ ტოტებს ვამოკლებთ 20-25 სმ-მდე, შუა ტოტს ვსხლავთ 1.5 მ-ზე. და ა.შ. ჩვენთვის სასურველ სიმაღლემდე.

ერთიარუსიანი ვარჯის ფორმირება ასე ხდება:

მეორე წელს კივის ტოტები ისხვლება 3-4 კვირტზე, მესამე-წელს 2-2,5 მეტრზე, რჩება 2 გვერდითი ტოტი, დანარჩენი ტოტები ეცლება და ამ ტოტებით უკეთებენ​ ნამხრეულებს ზევმოთ აღწერილი წესით.

რაც შეეხება ზრდასრული კივის გასხვლას:​

კივს თუ გასხლავთ გაზაფხულზე-ვაზივით, შეიძლება 2 წლის მანძილზე მოსავალი ვეღარ მიიღოთ. ადრე გაზაფხულზე გასხლული კივი სითხისგან იცლება და შედეგად მცენარე ნაწილობრივ ხმება. მცენარის გასხვლა უნდა დაიწყოს ფოთლების გამოტანის შემდეგ. უკეთესია საერთოდ ივლისის დასაწყისში და შემდეგ პერიოდულად უნდა გაისხლას მწვანე მასის მოცილების მიზნით, ოღონდ არ გადააჭარბოთ! გასხალით ისე, რომ მცენარის ბალანსი ფესვთა სისტემასთან მიმართებაში არ დაირღვეს, დატოვეთ ძლიერი, ჯანსაღი და ასევე ნაყოფდასხმული ტოტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს მოსავალი შემცირდება! აქტუალურია კივის გასხვლა გვიან შემოდგომით, როდესაც ნაყოფს დაკრეფთ – მოაჭრით ნაყოფის მომცემ ტოტებს და ტოვებთ ახალგაზრდა ყლორტებს 4-5 კვირტზე-მომავალი ნაყოფიერებისათვის, ყოველი ახალგაზრდა ტოტი, რომელსაც ვტოვებთ, შემოდგომით 25-30 სმ-მდე უნდა დამოკლდეს.

შეიძლება კივის გამრავლება გადაწვენითაც (იხილეთ თანდართული სქემები), კივი თაფლოვანი მცენარეა, თოვლივით თეთრი მტვერი აქვს, თუ კარგად არ დაიმტვერა, ნაყოფი უწვრილდება.

მავნებლები არ ჰყავს. მის ყვავილებს აზიანებს მხოლოდ ადრიანი საგაზაფხულო წაყინვები.

ლია მღვდელაძე