კომბინირებულ საკვებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი მნიშვნელობა

კომბინირებულ საკვებში შემავალი ყველა ინგრედიენტი და საზრდო ნივთიერება პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს. ერთ ჯგუფს განეკუთვნება ყველა ორგანული და მინერალური ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის ქსოვილისა და უჯრედის პლასტიკურ (სამშენებლო) და ენერგეტიკულ ფუნქციებს, ხოლო მეორე ჯგუფს განეკუთვნება ის ნივთიერებები, რომლებიც მართალია არ შედის უშუალოდ უჯრედთა სტრუქტურაში და არ გამოიყენება სხეულის ელემენტთა და პროდუქციის შესაქმნელად. მაგრამ მათ გარეშე  ცოცხალი უჯრედი არ არსებობს, რადგან ისინი არეგულირებენ მასში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს. სასიცოცხლო პროცესებში მონაწილე ყველა ეს ფაქტორი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებად იწოდება და სამ ჯგუფად იყოფა – ბიოკატალიზატორები, ინჰიბიტორები (შემბოჭველი) და ბიოსტიმულატორები. პირველს მიეკუთვნება ფერმენტები, მეორეს – ბოიკატალიზატორთა (ფერმენტთა) აქტიურობის შემაკავებელი ყველა ნივთიერება, მესამეს – ბიოკატალიზატორთა გამააქტიურებელი ნივთიერებები. თავის მხრივ ბიოსტიმულატორები შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს: პირველს მიეკუთვნება პლასტიკური ნივთიერებები, რომელთაგან წარმოიქმნება (შენდება) ბიოკატალიზატორთა (ფერმენტთა) აქტიური ნივთიერებები. ესენია: ვიტამინები, ცალკეული ამინომჟავები და მიკროელემენტები. მეორე ქვეჯგუფს ისეთი ნივთიერებები მიეკუთვნება, რომლებიც არ მონაწილეობენ ფერმენტთა მოლეკულების შეწებებაში, არ შედიან ბიოკატალიზატორთა სტრუქტურაში, მაგრამ აქტიურობაზე გავლენას ახდენენ ფერმენტის მოლეკულის კონფიგურაციის ცვლილებების გზით ალოსტერული ეფექტით. მათ, უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნება ჰორმონები, ანტიბიოტიკები და ზოგიერთი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ამიტომ მასტიმულირებელი თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ყველა ნივთიერება არ შეიძლება გავაიგივოთ ბიოკატალიზატორებთან ანუ ფერმენტებთან.

კომბინირებულ საკვებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფართოდ გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო მიმართულებით წარმართონ ნივთიერებათა მიმოცვლის სტიმულირება, საშუალებას იძლევა გამომუშავდეს ცხოველთა მაქსიმალური პროდუქტიულობა საკვების მინიმალური დანახარჯით.

ვიტამინები

ვიტამინები წარმოადგენენ დაბალი მოლეკულური მასის მქონე ორგანულ ნეართებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.  ისინი მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, თითქმის ყველა ვიტამინი ან მათი უმრავლესობა ცხოველის ორგანიზმში ხვდება საკვებიდან.

ამა თუ იმ ვიტამინის სრული არ არსებობა ორგანიზმში ცნობილია ავიტამინოზის სახელწოდებით, როგორიცაა სკორბუტი, ბერი-ბერი, ქსეროფტალმია, რაქიტი და სხვა. ცხოველებში უფრო ადგილი აქვს ვიტამინების უკმარისობას, ანუ ჰიპოვიტამინოზს, რაც გამოიხატება ზრდის შეჩერებაში, ინფექციური დაავადებების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებაში, უნაყოფობასა და ა.შ. ცნობილია აგრეთვე ჰიპერვიტამინოზი, როდესაც ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით ღებულობს ვიტამინებს (ვთქვათ A  და  D) და ვითარდება პათოლოგიური პროცესები, იბადება მახინჯი ნაყოფი და ა.შ.

ვიტამინები იყოფა ცხიმში ხსნად და წყალში ხსნად ვიტამინებად. ცხიმში ხსნადი ვიტამინები გავლენას ახდენს ქსოვილებისა და უჯრედების ფორმირებაზე, წყალში ხსნადი კი უჯრედების ფერმენტის კომპონენტს წარმოადგენს.

 ცხიმში ხსნადი ვიტამინები

ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება A, D, E და K.

ეს ვიტამინები ცხოველის ორგანიზმში უნდა მოხვდეს საკვებთან ერთად, გამონაკლისია K და D ვიტამინები, რომლებიც ნაწილობრივ სინთეზირდებიან ორგანიზმში.

ვიტამინი A (რეტინოლი ) – მას მზა სახით შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხოლო მცენარეულ საკვებში წარმოდგენილია პროვიტამინის – კაროტინოიდების სახით. ის კარგად იხსნება ცხიმში, ბენზინში, მეთილის, აცეტონის სპირტში. ადვილად იჟანგება, ტემპერატურის მიმართ არამდგრადია, სამაგიეროდ უჟანგბადო არეში უძლებს 200ºC-მდე ტემპერატურას.

ვიტამინის მნიშვნელობა ძალზე დიდია, ის არის როგორც ზრდის აუცილებელი ნივთიერება, კანის დამცველობითი ფუნქციის მატარებელი, ინფექციის საწინააღმდეგო და გამრავლებისათვის აუცილებელი კომპონენტი, ვიტამინი გავლენას ახდენს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ხარისხზე – რძის, კვერცხის და უშუალოდაა დაკავშირებული ცხოველის მოთხოვნილებასთან აღნიშნულ ვიტამინზე.

მცენარეულ საკვებში შედის არა უშუალოდ A ვიტამინი, არამედ მისი წინამორბედი – კაროტინოიდები. ცხოველის ორგანიზმში კაროტინოიდების გარდაქმნა A ვიტამინად ხდება ნივთიერებათა მიმოცვლის შედეგად. ეს ხორციელდება ნაწლავის კედელში, ღვიძლსა და სარძევე ჯირკვლებში (ცურში) ფერმენტ ციტოპლაზმის მონაწილეობით.

A ვიტამინის უკმარისობის შედეგია: მხედველობის მოშლა, ზრდის შეჩერება, გამრავლების პროცესების დარღვევა, სიმახინჯე ახალშობილებში, პროდუქტიულობის დაქვეითება, ფაღარათი. ამათგან მხედველობის მოშლა (ქათმის სიბრმავე, ქსეროფტალმია) ვითარდება მხედველობის პიგმენტის, პურპურის რეგენერაციის უნარის დარღვევით. არის ცვლილებები აგრეთვე რქოვანასა და თვალის კონიუქტივაში. შორს წასული პროცესის შემთხვევაში ადგილი აქვს რქოვანას ნეკროზს (კერატომალაცია), რაც დაკავშირებულია საცრემლე ჯირკვლების დამცველობითი ფუნქციის შეწყვეტასთან, რის შედეგადაც ცხოველები ბრმავდებიან, ვიტამინის უკმარისობა იწვევს ემბრიონისა და ნაყოფის განვითარების დარღვევას, არის აბორტები და სიმახინჯეები ახალშობილებში, მოზარდში A ვიტამინის უკმარისობა იწვევს ჩონჩხის ძვლების ფორმირების დარღვევას, ზრდის შეჩერებას, ცილის სინთეზის დათრგუნვას.

A ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობისას ცვლილებებია ლორწოვან გარსზე, რომლებიც სიმშრალის გამო განიცდის გარქოვანებას. დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან ადვილად შეიჭრება ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიები. მოზარდებში ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე, რაც მეტად საშიშია, რადგან მასზე მრავლდებიან სხვადასხვა დაავადების აღმძვრელი მიკროორგანიზმები.

A ვიტამინის უკმარისობა პირდაპირ გავლენას ახდენს გამრავლების ფუნქციაზე, სასქესო ჰორმონების სინთეზის მოშლის შედეგად მდედრის ორგანიზმში დარღვეულია სქესობრივი ციკლი, ყვითელი სხეულის გაწოვა შენელებულია, მამრში დაქვეითებულია სპერმის წარმოქმნა და ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია.

A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ღვიძლის ქონი 2 000 000-დან 4 000 000-მდე ინტერნაციონალური ერთეული კილოგრამებში ი.ე/კგ). თევზის ქონი 200 000-დან 500 000-მდე ი.ე/კგ;

 ძროხის ხსენი – 10 000-დან 25 000-მდე ი.ე/კგ;

 რძე 1 000დან 2 500-მდე ი.ე/კგ;

მწვანე საკვებიდან A-ვიტამინით მდიდარია მწვანე საძოვრის ბალახი 300-დან 400-მდე მგ/კგ, მინდვრის ბალხში არის 170-დან 375-მდე მგ/კგ, მდიდარია სტაფილო 155-522 მგ/კგ.

D ვიტამინი ( კალციფეროლი ) – სუფთა კრისტალური სახით ეს ვიტამინი მიღებულ იქნა 1931 წელს გამოჩენილი გერმანელი ქიმიკოსის ვინდოუსის მიერ. დღეისათვის ცნობილია 10-ზე მეტი წარმოებული, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ D2  და D3  ვიტამინებს. ქიმიური სტრუქტურით ვიტამინების ეს ჯგუფი სტერინების წარმოებულია. ორივე ვიტამინი წინამორბედებისაგან წარმოიქმნება. მცენარესა და საფუარში ეს ერგოსტერინია, რომელიც მცენარის კვდომის შედეგად ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით გარდაიქმნება D2-ერგოკალციფეროლად, ცხოველის ორგანიზმში ამავე სხივების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება D3 ვიტამინი – ქოლეკალციფეროლი.

D2  და D3  ვიტამინი თეთრი ან მოყვითალო კრისტალური წყალში უხსნადი, მაგრამ ცხიმსა და გამხსნელებში ხსნადი ფხვნილია. ჟანგბადის მოქმედებით ის სწრაფად იშლება, მაგრამ უფრო მდგრადია ვიდრე A ვიტამინი. პრემიქსში უნდა შევიდეს ჟელატინით დაფარული პრეპარატი, რომელიც 6 თვე ინახება.

 D ვიტამინის როლი განსაზღვრულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწესრიგებით. მისი ნაკლებობის შემთხვევაში დაქვეითებულია ფოსფორისა და კალციუმის კონცენტრაცია სისხლში, ვინაიდან ნაწლავებში მათი შეწოვა შენელებულია, რის გამოც დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. ისინი განიცდიან დარბილებას, ადვილად მრუდდებიან და ხდებიან ფაშარი და მსხვრევადი, მოზარდში იგი ცნობილია რაქიტის სახელწოდებით, ზრდასრულ ცხოველებში – ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, რაქიტის დროს ადგილი აქვს კიდურების გამრუდებას, მსხვილდება ნეკნების ბოლოები, სივდება სახსრები, დაქვეითებულია ხრტილოვანი ქსოვილის გაკირიანება. ზრდასრულ ცხოველებში ძვლები მსხვრევადია, ვითარდება კბილების კარიესი.

კალციუმისა და ფოსფორის უკმარისობისას D ვიტამინი წარმოგვიდგება, როგორც მათი გამანაწილებელი, ვინაიდან ახდენს Ca  და  P-ის შეკრებას ხანდაზმული ძვლოვანი ქსოვილებიდან და გადააქვს ისინი ზრდის პროცესში მყოფ ზონებში (ეპიფიზებში). ამას ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. D ვიტამინის ნაკლებობას ცხოველები განსაკუთრებით განიცდიან ზამთარში ბაგური შენახვის პერიოდში და ფრინველები გალიური შენახვისას. D ვიტამინის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს მზიან ამინდში გამშრალი თივა, ზაფხულის ძროხის რძე, დიდი რაოდენობითაა ულტრაიისფერი სხივებით დასხივებულ საკვებ საფუარში 1 გრამში 10-20 ათასი ი.ე. თევზის ქონში 1 კგში 100 ათასიდან 50 მლ ი.ე.-მდე.

ვიტამინი  E  ( ტოკოფეროლი ) – ვიტამინი E-ს 7 აქტიური ფორმაა ცნობილი, რომელთაგან ბუნებაში ყველაზე მეტად აქტიური და გავრცელებული ფორმაა ტოკოფეროლი. ის ღია ყვითელი ფერის ბლანტი ზეთია, რომელიც ადვილად იჟანგება და კარგავს თავის აქტიურობას. წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ცხიმში და გამხსნელებში. პრემიქსში და კომბინირებულ საკვებში შეაქვთ ფხვნილისებრ ფორმაში, რომელიც თავის აქტიურობას 6 თვე ინარჩუნებს.

 E ვიტამინი იცავს მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გამრავლების ფუნქციის მოშლისაგან, აგრეთვე ცენტრალურ ნერვულ სისტემას და განივზოლიან კუნთებს დაზიანებისაგან.

E ვიტამინი შეიწოვება წვრილ ნაწლავებში, ნაწილობრივ კუჭში.

E ვიტამინის დაგროვების ადგილია ღვიძლი, ცხიმოვანი ქსოვილი, ნაწილობრივ გული და ელენთა.

 E ვიტამინი ორგანიზმში მოქმედებს, როგორც ბიოკატალიზატორი და ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს. ის იცავს დაჟანგვისაგან ადვილად ჟანგვად ნაერთებს – უჯერ ცხიმოვან მჟავებს, კაროტინს, A – ვიტამინს საკვებში. იგი იცავს უჯრედის ცხიმოვან მემბრანას, მიტოქონდრიებისა და მიკოსომების მემბრანებს.

 E ვიტამინი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისათვის, ის დაკავშირებულია ჰორმონების მეტაბოლიზმთან.

E ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: გამრავლების დარღვევა, გლუვი და ჩონჩხის კუნთის დაზიანება, ცვლილებები ნერვულ და სისხლძარღვოვან სისტემაში, ღვიძლის დაავადებები, ცვლილებები ცხიმის დეპონირებაში.

E ვიტამინის უკმარისობა იწვევს მამრობით სქესში სათესლეების დეგენერაციას, უნაყოფობას. მდედრობით სქესში ზიანდება პლაცენტის და ნაყოფის სისხლძარღვები, რის გამოც ნაყოფი კვდება და ხდება მისი შემდგომი გაწოვა, ჩონჩხის კუნთებში მიმდინარეობს დისტროფიული პროცესები, რომლებიც იწვევენ მოძრაობის მოშლას, დამბლას.

კუნთების დისტროფიასთან ერთად E ვიტამინის და სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს დიათეზი წიწილებში. ამ დროს ზიანდება კაპილარების კედლები, წარმოიქმნება კანქვეშა შეშუპებები, ჰემატომები. განკურნება შეიძლება E ვიტამინისა და სელენის მიცემით.

ღვიძლში მიმდინარე ნეკროზული პროცესები გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე, ხშირადაა ცხოველის დაღუპვის მიზეზი, რაც გამოწვეულია საკვებში სელენისა და E ვიტამინის უკმარისობით. ეს დაავადება ხშირია გოჭებში, მაგრამ რეგისტრირდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში. აღნიშნულ დაავადებას უკეთ კურნავს სელენი, ვიდრე E ვიტამინი.

E  ვიტამინი თითქმის ყველა საკვებში გვხვდება და მისი ავიტამინოზი ცხოველებში იშვიათად გვხვდება, თუმცა ფურები თუ ზამთრის პერიოდში იმყოფებიან ტურნეფსისა და ჩალის ულუფაზე, მაშინ აღნიშნული ვიტამინით გამოწვეული დაავადება შეინიშნება.

K ვიტამინი ( ფილოხინონი) – სუფთა სახით პირველად მიღებულ იქნა 1939 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსის მიერ იონჯიდან. მას კიდევ უწოდებენ ანტიჰემორაგიულ ვიტამინს, ვინაიდან ის აუცილებელი კომპონენტია ღვიძლში პროთრომბინის სინთეზისათვის.

K ვიტამინის უკმარისობისას სისხლში დაქვეითებულია პროთრომბინის რაოდენობა, რის შედეგადაც სისხლის შედედება დარღვეულია და ადგილი აქვს სისხლჩაქცევებს.

კუჭნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები და მათ შორის ნაწლავის ჩხირი წარმოქმნიან K ვიტამინს. რომ არა ანტივიტამინების მოქმედება, მიკროორგანიზმების მიერ სინთეზირებული K ვიტამინი სრულიად საკმარისია ცხოველების დასაკმაყოფილებლად, გამონაკლისია მხოლოდ ფრინველი.

K ვიტამინი ასრულებს კატალიზატორის როლს ღვიძლში ზოგიერთი ცილების წარმოქმნაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის შედედებაში. პროთრომბინიდან აღნიშნული ცილების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება სისხლის შემადედებელი ფერმენტი თრომბინი, იგი გადაიყვანს ხსნად ფიბრინოგენს უხსნად ფიბრინში, საიდანაც იწყება სისხლის შედედების ფაზა.

K ვიტამინის უკმარისობისას სპეციფიკური ცილების წარმოქმნა დაქვეითებულია, რის გამოც სისხლის შედედების სიჩქარე შენელებულია და მცირე ჭრილობაც კი გარეგანი თუ შინაგანი, იწვევს ძლიერ სისხლდენას, რომელიც შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

K ვიტამინით მდიდარია მწვანე საკვები, ბალახის ფქვილი, ცხოველური წარმოშობის ცილოვანი საკვები – თევზის და ღვიძლის ფქვილი. მარცვლეულსა და ძირხვენებში K ვიტამინი მცირე რაოდენობითაა.

წყალში ხსნადი ვიტამინები

წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება B ჯგუფის და C ვიტამინი. მათი ზოგადი თვისება, რომ ისინი ყველა წყალში ხსნადია, უმთავრესად მოქმედებენ ნივთიერებათა შუალედურ ცვლაზე შედიან რა უჯრედის ფერმენტების შემადგენლობაში გვევლინებიან როგორც კატალიზატორები ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის რეაქციებში. ისინი განსხვავებით ცხიმში ხსნად ვიტამინებისაგან არ გროვდება ცხოველის ორგანიზმში ან მცირე რაოდენობით დეპონირდებიან რის გამოც ისინი განუწყვეტლივ უნდა შეიწოვებოდეს საჭმლის მომწოდებელი ტრაქტიდან. ამდენად მცირე დროითაც კი მათი შეწოვის შეწყვეტა იწვევს შესაბამისი ფერმენტების აქტიურობის დაქვეითებას, შედეგად ნივთიერებათა ცვლის მოშლას, პროდუქტიულობის დაქვეითებას და რეზისტენტობის შესუსტებას.

მცოხნავი ცხოველები არ არიან დამოკიდებულნი B ჯგუფის ვიტამინების მიღებაზე საკვებთან ერთად, ვინაიდან ფაშვში მიკროფლორის მიერ პროდუცირდება საკმარისი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ღორის და ფრინველის კუჭნაწლავში ეს ვიტამინები სინთეზირდება, მათზე მოთხოვნილება ვერ კმაყოფილდება არასაკმარისი შეთვისების გამო.

B 1 ვიტამინი (თიამინი , ანევრინი ) – შედის კოფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც უჯრედში აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას.

B1 ვიტამინის ფუნქციაა გლიკოლიზის პროცესში წარმოქმნილი პიროყურძნის მჟავას გარდაქმნა აქტივირებულ ძმარმჟავად. ეს უკანასკნელი კი ჩაერთვება ლიმონმჟავას ციკლში და დაიჟანგება ნახშირმჟავად და წყლად, რა დროსაც გამოიყოფა ენერგია. გარდა ამისა იგი გამოყენებულია ძირითადი კომპონენტის წარმოსაქმნელად, რომელიც საჭიროა ცხიმოვანი მჟავებისა და სტეროიდების სინთეზისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ფრინველებში დამბლას, კრუნჩხვებს. აღენიშნება თავის უკან გადაგდება, თხიერი გამონაყოფი და სხვა. ღორებში B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს უმადობას, საერთო სისუსტეს, ფაღარათს, კრუნჩხვებს, ნერვულ დარღვევებს შემდეგ კი უვითარდებათ სისხლჩაქცევები კუჭის და ნაწლავების კედლებში, გამრავლების ფუნქციის მოშლა და გულის კუნთის ატროფია.

B1 ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული დაავადება შეიძლება განვითარდეს ანტივიტამინების მოქმედებით. ამის მაგალითია «გვიმრის დაავადება» მცოხნავებსა და ცხენებში, როდესაც მათ ხანგრძლივი დროის მანძილზე აძლევენ გვიმრას. ეს ფერმენტი შეიცავს ფერმენტ თიამინოზას, რომელიც ახდენს B1 ვიტამინის ინაქტივირებას მისი მოლეკულის დაშლის გზით. ამ დროს ცხოველებში გამოკვეთილია სისხლიანი შარდი.

B1 ვიტამინით მდიდარია მცენარეულ საკვები განსაკუთრებით თესლი (გარსის გარეკანში). ბევრია კარგი ხარისხის თივაში, ცოტა რაოდენობითაა გორგლეულში. ცხოველური საკვებიდან მდიდარია კვერცხის გული, ღვიძლი, თირკმელები.

B 2  ვიტამინი ( რიბოფლავინი ) – შედის ყვითელი სასუნთქი ფერმენტის შემადგენლობაში, თავის აქტივობას ახდენს ფერმენტებთან შეკავშირებისას.

B2 ვიტამინის უკმარისობა იწვევს უჯრედში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ღრმა მოშლას, რის შედეგადაც ქვეითდება პროდუქტიულობა, ადგილი აქვს ზრდაში ჩამორჩენას, ხშირია სიკვდილიანობა.

ბროილერებში რიბოფლავინის მცირე დეფიციტიც კი იწვევს ცილის სინთეზის მოშლას, სანაშენე ფრინველში შეიმჩნევა გამოჩეკის შემცირება, რაც დაკავშირებულია ემბრიონის დაღუპვასთან. ღორებში შეიმჩნევა კანისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთება, ჯაგრის ცვენა, შებოჭილი მოძრაობა, ნერვული სისტემის აშლილობა და სხვა. რიბოფლავინით მდიდარია მცენარეული და ცხოველური საკვები, თუმცა პურეულის მარცვალი შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს. როგორც ვიცით ფრინველის საკვებს ძირითადათ პურეულის მარცვალი შეადგენს, ამიტომ პრაქტიკულად შეიძლება გვქონდეს ამ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები, მაგრამ წიწილა თუ ღრმა საფენზე ინახება ეს სიმპტომები შეიძლება არც აღენიშნოს. ბრმანაწლავში მიმდინარე ბაქტერიული სინთეზის გამო. ხშირად ფრინველის სკორე უფრო მდიდარია რიბოფლავინით, ვიდრე საკვები, ამიტომ სკორეში გასვრილმა საკვებმა შეიძლება ეს დანაკლისი შეავსოს.

B2  ვიტამინით მდიდარია იონჯის ფქვილი, მშრალი მოხდილი რძე, საკვები საფუარი.

B 3  – პანტოთენის მჟავა – სუფთა სახით ყვითელი, წყალში კარგად ხსნადი ბლანტი ზეთია. ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ამ ვიტამინით მდიდარია საფუარი ღვიძლი, კვერცხის გული, არაქისი, ცერცვი, ბადაგი, მწვანე ბალახი, შედარებით ცოტაა მარცვლეულში.

B3   ვიტამინი შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში, მონაწილეობს ძმარმჟავას აქტივირებაში, გადააქვს ძმარმჟავას ნაშთები, რომლებიც წარმოადგენენ ნახშირწყლებს, ცხიმოვანი მჟავებისა და ამინომჟავების დაშლის პროდუქტებს, გარდა ამისა აცეტილკოფერმენტ A წარმოადგენს აქტივირებული ძმარმჟავას წყაროს, ისეთი ნივთიერებების სინთეზის პროცესში როგორიცაა: ცხიმოვანი მჟავები, ფოსფატიდები, ქოლესტეროლი, ნაღვლის მჟავები.

B3 ვიტამინის ნაკლებობისას ღორებში დაქვეითებულია წონამატი, დიდია საკვების ხარჯვა, დარღვეულია გამრავლების ფუნქცია, კანზე უვითარდებათ დაზიანებები, ეწყებათ ფაღარათი, ჯაგარი ცვივათ, კუჭის და ნაწლავების კედლებზე სიმსივნური წარმონაქმნებია, არის სისხლჩაქცევები, ღვიძლში ცვლილებებია, მსგავსი დაზიანებები შეიმჩნევა ქათმებში.

პანტოთენის მჟავას საკმარისი რაოდენობით შეიცავენ მარცვლოვანი კულტურები: ქერი, სიმინდი, ჭვავი, ხორბალი, ქატო, საკვები საფუარი (87 მგ/კგ), მზესუმზირის კოპტონი (43 მგ/კგ). მათი ულუფაში შეტანით შესაძლებელია B3  ვიტამინის დეფიციტის შევსება.

 B 4  – ქოლინი – ეს ვიტამინი უფერო, ბლანტი მომლაშო მომწარო სითხეა. პრაქტიკაში გამოიყენება ქოლინის ქლორწყალბადოვანი მარილი, თეთრი კრისტალური, ჰიგროსკოპული, წყალსა და სპირტში ხსნადი ფხვნილი, მდგრადია გახურების მიმართ. ამ ჯგუფის სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით მიმოცვლის პროცესის კატალიზატორს არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია ქსოვილთა მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენეტების შესაქმნელად, კერძოდ ფოსფოლიპიდების სინთეზისათვის, რომელიც მონაწილეობს ცხიმის მიმოცვლაში ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებს შორის. ორგანიზმში მეთიონინის უკმარისობისას ქოლინი გამოიყენება როგორც მოძრავი მეთილის ჯგუფის წყარო.

წიწილისა და ინდაურის ჭუკის ულუფაში ქოლინის ნაკლებობისას აღინიშნება ზრდაში ჩამორჩენა და პეროზისი. ამ დაავადებას ახასიათებს კიდურების კუნთების ძარღვების შესუსტება, პეროზისის დროს მსხვილდება წვივ-ტერფის სახსარი, მრუდდება წვივის ძვლის ქვედა და ტერფის დიდი ძვლის ზედა ბოლო. ქოლინის უკმარისობით დაცემული წიწილის გაკვეთისას ნახულობენ ცხიმის დიდი რაოდენობით დაგროვებას ღვიძლში, თირკმელსა და სხვა ქსოვილებში. ქოლინის კარგი წყაროა თევზის ფქვილი 3,6 გ/კგ. საკვები საფუარი 3,5 გ/კგ, სოიოს შროტი 2,75 გ/კგ. ცხოველის მოთხოვნილება ქოლინზე დამოკიდებულია ულუფაში მეთიონინის, ფოლის მჟავასა და B12  ვიტამინის შემცველობაზე, მათ ურთიერთშეფარდებასა და საკვების ენერგეტიკულ ღირებულებაზე. თუ კომბინირებული საკვები ძირითადად სიმინდის, ცხიმისა და ხორბლის ნაწარმისაგან შედგება, აუცილებელია მისი ქოლინით გაძლიერება, საკვებ დანამატად იყენებენ ქოლინის ქლორიდს.

B 5  ვიტამინინიკოტინამიდი ანუ PP ვიტამინი , ნიკოტინის მჟავის ამიდია, თეთრი კრისტალური ფხვნილი. მდგრადია ჰაერის ჟანგბადის, სინათლისა და კომბინირებული საკვების შედგენილობაში.

ნიკოტინამიდი ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი კოფერმენტების – ნიკოტინამიდ ადენინდინუკლეოტიდისა და მისი ფოსფატის აქტიური ჯგუფია. ეს კოფერმენტები ცოცხალ უჯრედებში მონაწილეობს წყალბადის გადატანის პროცესში და აჩქარებს ჰიდრირებისა და დეჰიდრირების პროცესებს ცხიმოვან მჟავათა, ნახშირწყლებისა და ამინომჟავების სინთეზისას და დაშლისას. მაშასადამე ნიკოტინამიდის ნაკლებობისას ირღვევა ფერმენტთა სინთეზი, რომლებიც ჟანგვა-აღდგენის რეაქციის კატალიზს წარმართავენ. მცირდება კვერცხმდებლობა და გამოჩეკვის უნარი, აღინიშნება მოზარდეულის ნელი შებუმბვლა, ჩნდება სახსრების პეროზისი. ვიტამინნის ხანგრძლივი ნაკლებობა იწვევს «შავ ენად» წოდებულ დაავადებას, რომლის დროსაც ვითარდება პირის ღრუსა და საყლაპავის ზემო ნაწილის ანთება. ცხოველებში სიმპტომები შეინიშნება ძირითადად სიმინდით კვებისას, რომელიც ცოტა ნიკოტინამიდს და ტრიპტოფანს შეიცავს.

ნიკოტინამიდი ყველაზე მეტი რაოდენობით საკვებ საფუარშია – 453 მგ/კგ. ნაკლებია ფქვილ-ბურღულის წარ- მოების ნარჩენებში – 99 200 მგ/კგ და შროტში 22-40 მგ/კგ; ცოტაა პურეულისა და პარკოსანთა მარცვლაში 12-21 მგ/კგ.

ნიკოტინამიდით ქათმის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ულუფის შედგენილობაზე. ტრიპტოფანით ღარიბი ულუფა ვერ უზრუნველყოფს ნიკოტინამიდის ენდოგენურ სინთეზს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საკვებნარევი უნდა გამდიდრდეს ამ ვიტამინით. ნიკოტინამიდით ქათმის უზრუნველყოფა მოწმდება კვერცხის ანალიზით, მასში საზღვრავენ ნიკოტინის შემცველობას.

B 6 ვიტამინი (პირიდოქსინი ) – სამი მსგავსი შენაერთის საერთო სახელწოდებაა. ესენია: პიროდოქსილი, პიროდოქსალი, პიროდოქსამინი. სამივე ფორმა გვხვდება მცენარეულ, ცხოველურ ქსოვილებში და სამივე ფორმის აღსანიშნავად ხმარობენ «B6  ვიტამინს».

B6  ვიტამინი კოფერმენტების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს ამინომჟავების ცვლაში, მაშასადამე აწესრიგებს ცილების ცვლას, ასევე ცხიმების ცვლას, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

B6 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ცილის სინთეზის მოშლას, ვერ ხორციელდება ტრიპტოფანის საბოლოო პროდუქტებამდე დაშლა, იგი მთავრდება შუალედური პროდუქციის დონეზე, რომელიც გამოიყოფა შარდით. ფერხდება ჰორმონების სინთეზი და ნატრიუმის ცვლა. შეიმჩნევა სისხლში ანემია, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, საჭმლის მონელების მოშლა. ღორებსა და ფრინველებში ნერვული სისტემის დაზიანება გარეგნულად ვლინდება კრუნჩხვებით, საერთო სისუსტით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით.

ცხოველების მოთხოვნილება B6  ვიტამინებზე ასეთია: ღორებს დღე-ღამეში სჭირდებათ 1 მგ/კგ საკვებზე, ფრინველებს 2,5 მგ/კგ.

 B6  ვიტამინი ფართოდაა გავრცელებული, როგორც ცხოველური ისე მცენარეული წარმოშობის საკვებში, განსაკუთრებით მდიდარია საკვები საფუარი (10 მგ/კგ), შრატი (3,7-11,2 მგ/კგ), ღვიძლი, თირკმელი, რძე, კუნთები. როგორც ვიტამინოვან დანამატს იყენებენ პიროდოქსალის ჰიდროქლორიდს, თეთრ კრისტალურ ფხვნილს, რომელიც შედარებით მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ჟანგბადის მიმართ, ვიტამინი ძალას კარგავს ტუტეში და სინათლის მოქმედებით.

 Bვიტამინი – ( ფოლის მჟავა ) – სუფთა სახით წვრილი ნემსისებრი, ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო, წყალში სუსტად ხსნადი კრისტალებია. ფოლის მჟავა, როგორც პანტოთენის მჟავა შედის აცეტილკოფერმენტ A-ს შემადგენლობაში და მონაწილეობს აქტიური ძმარმჟავას გადატანაში. ფოლის მჟავის უკმარისობა იწვევს ცვლილებებს სისხლში – დარღვეულია ფორმიანი ელემენტების ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების წარმოქმნა, ვითარდება მაკროციტული ანემია. ეს დარღვევები კიდევ უფრო მძიმდება თუ ერთდროულად B12  ვიტამინის ნაკლებობაა. ნაწლავის კედლების დაზიანებით ცხოველებს ეწყებათ ფაღარათი, ფრინველებში შეინიშნება ხერხემლის დამბლა, კიდურების დაზიანება პეროზისის მსგავსად, ზრდაში ჩამორჩენა, კვერცხდების და გამოჩეკვის დაქვეითება. ფოლის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარის მწვანე ნაწილი (ლათ. Folium-ფოთოლი) აგრეთვე ლუდის საფუარი, მუხუდოს ნარჩენები, ხორბლის ფქვილი და კარტოფილი. კვერცხმდებელ ქათმებს დღეში სჭირდებათ 0,5 მგ/კგ საკვებზე. სანაშენე ქათმებს 1 მგ სანაშენე ინდაურებს 1,2 მგ წიწილებს 0,6დან 0,9 მგ-მდე.

ბიოტინი (B 7  ანუ H ვიტამინი )  მონოკარბონის მჟავაა, შარდოვანას ბიციკლური წარმოებული, შეიცავს გოგირდს, ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად ითვლება D ბიოტინი, რომელიც შედის მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. სინთეზური პრეპარატი თეთრი, კრისტალური, წყალში ცუდად ხსნადი ფხვნილია. მდგრადია ტემპერატურის, სინათლის და ჟანგბადის მიმართ. მონაწილეობენ ცხიმოვან მჟავათა სინთეზში.

ულუფაში ბიოტინის ნაკლებობისას შეფერხებულია ცხიმოვანი მჟავების სინთეზი, დამახასიათებელი ნიშნებია: ფეხის თითებზე უხეში კანი, სიმახინჯეები, გამოჩეკვის დაბალი პროცენტი.

ფრინველი შვრიის მარცვალში მყოფ ბიოტინს უკეთ ითვისებს, ვიდრე ქერის მარცვლიდან. კვერცხმდებელი ქათმის ულუფაში 1 კგ საკვებზე ემატება 0,15 მგ, ხოლო 4 კვირამდე ასაკის წიწილას – 0,09 მგ. ბიოტინით მდიდარია საფუარი – 300 მკგ/კგ, შედარებით ნაკლებია ბალახის ფქვილსა და (330) და შროტში 320-110 მკგ/კგ; გაცილებით ღარიბია პურეულისა და პარკოსანთა მარცვალი 80-180 მკგ/კგ.

B12  ვიტამინი (ციანკობალამინი ) – სუფთა სახით, ნემსისებური მუქი წითელი კრისტალია, შეიცავს 4,2% კობალტს, წყალში კარგად ხსნადია, უძლებს გახურებას 100 გრადუსამდე, მდგრადია ჰაერით ჟანგბადის მიმართ, მაგრამ სწრაფად კარგავს აქტიურობას სინათლეზე და ტუტე გარემოში, ამიტომ B12  ვიტამინის შემცველი საკვები უნდა ინახებოდეს მშრალ ჩაბნელებულ შენობაში. თიამინისა და ნიკოტინის მჟავას ხსნარში B12  ვიტამინი ნელ-ნელა იშლება, რკინა იცავს მას ნიკოტინის მჟავის გავლენისაგან, სპილენძი კი აჩქარებს ვიტამინის აქტიურობის დაკარგვას.

ორგანიზმში B12 ვიტამინი გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე, მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ის მოქმედებს ნახშირწყლების გამოყენებაზე.

B12 ვიტამინის სინთეზს აწარმოებენ უმარტივესი ორგანიზმები, ბაქტერიები, რომლებიც მცოხნავთა წინაკუჭებში, მსხვილ ნაწლავებში, ნიადაგში, ნაკელსა და დაგუბებულ წყალში ცხოვრობენ. დადგენილია, რომ ფრინველის სკორეში ნაპოვნი 142 ფორმის მიკრობიდან 137-ს შეუძლია B12 ვიტამინის სინთეზი. ფრინველის ღრმა საფენზე შენახვისას ვიტამინზე მოთხოვნილება ძირითადად კმაყოფილდება სკორეს და დასვრილი საკვების ჭამით.

B12 ვიტამინს შეიცავს მიკრობიოლოგიური მრეწველობის ანარჩენები, ყველა ცხოველური წარმოშობის საკვები – თევზის, ძვალხორცის ფქვილი, მოუხდელი და მოხდილი რძე, შრატი, ტბის შლამი, დუღილის ნარჩენები (როქი, თხლე). მცენარეში ამ ვიტამინის სინთეზი არ ხდება, ამიტომ მცენარეული საკვები, წყალმცენარისა და სილოსის გარდა B12  ვიტამინს არ შეიცავს.

საკვებში B12 ვიტამინის ჩართვის ნორმა დამოკიდებულია ულუფის შედგენილობასა და კვებადობაზე, პროტეინისა და ენერგიის დონეზე, B ჯგუფის სხვა ვიტამინებით უზრუნველყოფაზე, შენახვის პირობებზე (ქვეშსაფენი, გალია). მაგალითად, თუ ულუფა 5% თევზის ფქვილს შეიცავს, იგი აკმაყოფილებას ქათმის მოთხოვნას B12  ვიტამინზე.

 B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ანემიას, ცხოველები ჩამორჩებიან ზრდაში, ეწყებათ ფაღარათი, ღებინება, ამთვისებლები ხდებიან ინფექციური დაავადებების მიმართ, შეიმჩნევა თირკმელების დაავადება, ფრინველებში მაღალია ემბრიონალური სიკვდილი. მცოხნავებში პათოლოგიური ცვლილებები მაშინ აღინიშნება თუ კობალტის მკვეთრი დეფიციტია.

 C – ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – თეთრი კრისტალური, უსუნო ფხვნილია, წყალსა და მეთილის სპირტში კარგად ხსნადი. ცუდად იხსნება ეთილის სპირტში, აცეტონში. ის გამოყოფილია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან. ხოლო სინთეზირებულად ღებულობენ მარტივი შაქრებისაგან. ჩვეულებრივ პირობებში ცხოველები არ არიან დამოკიდებული C ვიტამინის მიღებაზე საკვებიდან. მხოლოდ ადამიანები და პრიმატები განიცდიან C ვიტამინის უკმარისობას და მათ საკვებთან ერთად უნდა მიიღონ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება სურავანდი. ეს დაავადება რეგისტრირდება ძირითადად ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ასკორბინის მჟავა ხასიათდება ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების წარმართვის უნარით, რის შედეგადაც მოქმედებს, როგორც კატალიზატორი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. იგი მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქში, ამინომჟავების პროლინისა და ლიზინის გარდაქმნაში ოქსიპროლინად და ოქსიდიზინად, აუმჯობესებს რკინის შეწოვას, ზემოქმედებს გოგირდის ცვლაზე, ახდენს ტოქსინების ინაქტივაციას, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, არის ფოლიუმის მჟავას აღმდგენელი მეტაბოლიზმის პროცესში.

C ვიტამინი ანელებს A, E, B, B2, B12  ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ შესაძლო პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს მიეწერება.

C ვიტამინის ნაკლებობას განსაკუთრებით განიცდიან ღორები, ბეწვიანი ნადირი, ახალშობილი ხბოები და ცხენები. მათ ეს ვიტამინი უნდა მიიღონ საკვებთან ერთად აღნიშნულ ცხოველებში C ვიტამინის ნაკლებობისას რეგისტრირდება ჰემორაგიული დაქვეითება, წყლულები კუჭსა და ნაწლავებში.

C ვიტამინს შეიცავს რძე, რძის ნაწარმი, მწვანე საკვები, კარგი ხარისხის თივა, ძირხვენები, კარტოფილი.

ფრინველები C ვიტამინით კმაყოფილდებიან ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე. თუმცა საკვებში მისი რაოდენობის გაზრდა დადებითად მოქმედებს ნაჭუჭის ფორმირებაზე. არის მონაცემები, რომ იგი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და რაოდენობას, სანაშენე მამლებსა და ინდაურებში, გალიური შენახვის პირობებში.

დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

„კომბინირებული საკვების  დამზადება და შენახვა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *