ლედერახის საკონდიტრო – ტრადიციული საოჯახო საწარმო გლობალურ ბაზარს იპყრობს

დიპლომირებული კონდიტერი რუდოლფ ლედერახი ადრეული ასაკიდან საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობდა, თუმცა საამისოდ სახსრები არ გააჩნდა. 1962 წელს, 33 წლის ასაკში, საკუთარი სახლის სარდაფში მან შოკოლადის წარმოება დაიწყო, საიდანაც გასტრონომების და საკონდიტროების ნახევარფაბრიკატებით მომარაგებას შეუდგა.

კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი 1970 წელი აღმოჩნდა, როდესაც რუდოლფ ლედერახმა შოკოლადის წარმოებაში გარდამტეხი ტექნოლოგია შეიმუშავა და დააპატენტა: ტრიუფელის ტიპის შოკოლადის თხელკედლიანი ბურთულების დამზადების ახალი მეთოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოების ხარჯები და ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა. ტექნოლოგიური გარდატეხა ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა მცირე საკონდიტროსთვის, რომელიც შოკოლადის, ნუშის და კარამელის გამოყენებით მაღალხარისხიან ტკბილეულს აწარმოებდა.

ლედერახის საკონდიტროს (Confiseur Läderach AG) ფილოსოფიას დაფუძნებისთანავე ორი ღირებულება ამყარებდა: გარშემომყოფთა მომსახურებიდან და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფიდან სიამოვნების მიღება. ამ სულისკვეთებით საწარმო თანმიმდევრულად ვითარდებოდა და 1981 წელს თავისი პირველი საფირმო მაღაზია გახსნა. ამავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ექსპორტის კუთხით, გერმანიაში დაფუძნდა პირველი შვილობილი საწარმო და ოკეანეს გაღმა ექსპორტის პირველი პარტიაც გაიგზავნა. განვითარების თანმიმდევრული სტრატეგიის წყალობით კომპანიამ შესძლო სწორი ინვესტიციების განხორციელება (მათ შორის კონკურენტების შემოერთების კუთხითაც) და ერთი უბრალო სოფლის საკონდიტროდან ნელ-ნელა მსოფლიო მასშტაბით მომუშავე შოკოლადის ფირმად იქცა, რომელიც კაკაოს მარცვლების შესყიდვებით დაწყებული კანფეტების გაყიდვებით დამთავრებულ მთელს საწარმოო ჯაჭვს აკონტროლებს.

2018 წლის მდგომარეობით, ლედერახის საკონდიტრო 2500-ზე მეტი სახეობის პროდუქტს (მათ შორის ნახევარფაბრიკატებს) აწარმოებს, გააჩნია 43 ფილიალი შვეიცარიაში, 15 – გერმანიაში, ასევე ცალკეული წარმომადგენლობები იაპონიაში, კორეაში, კუვეიტსა და ტაივანში.

 ის, რაც მუშაობს შვეიცარიაში, საქართველოშიც შეიძლება დაინერგოს, აქ მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალი უზარმაზარია.

სტატია მომზადდა ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის ქართველ და შვეიცარიელ ექსპერტთა მიერ

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *