ლევან დავითაშვილი _ „ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის რამდენიმე  პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მზარდია

ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, დადებითია ტენდენციები აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის და 52.2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. სამინისტროს პროგნოზით აღნიშნული ციფრი (777 მლნ აშშ დოლარი) მიმდინარე წლის ბოლოს მილიარდს მიაღწევს.

აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების მიზნით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეისათვის, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ყველა საწარმო, რომელიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს, ვალდებულია დანერგოს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტი.

სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, 2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო

 სახელმწოფოს მიერ შემუშავებულია ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიული გეგმა, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის, როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორიის შექმნა, სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა და, შედეგად, ექსპორტის ზრდას.

2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო. 2017 წელს, მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

დაიწყო კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელება

 კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 18 მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენდება. კენკროვნების განვითარების კომპონენტის განხორციელებიდან  მე-4 წელს ჯამურად იწარმოება 6 900 ტონამდე პროდუქცია, რომლის ღირებულებაც  28,480,000 ლარი იქნება.

ამავე დროს, მრავალწლოვანი ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის,  თანამედროვე ბაღები გაშენებულია 5,400-ზე მეტ ჰექტარზე.

დაწყებულია ფერმერთა რეესტრის შექმნის პროგრამის განხორციელება

სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია ღონისძიებები ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის  გეოინფორმაციული სისტემის შექმნის მიმართულებით.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგებულია სათბურების რაოდენობა

სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, ერთდროულად ემსახურება როგორც საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ასევე არასეზონური იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია მიმდინარე სახელმწიფო პროექტი „იმერეთის აგროზონა“, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას. რის შედეგადაც: 2-3 წლის განმავლობაში წარმოება ჯამურად იმერეთის რეგიონში გაორმაგდება; გაიზრდება ყოველწლიური საექსპორტო შემოსავალი.

წლიდან წლამდე იზრდება გასარწყავებული მიწების ფართობები

სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. ეტაპობრივად ხორციელდება მორწყვის თანამედროვე სისტემების დანერგვა. 2020 წლისათვის დაგეგმილია ჰიდრომელიორირებული ფართობების 15-20%-ით გაზრდა.

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერისთვის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება

პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ძირითად ამოცანას ახალგაზრდებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა მეწარმე, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ ლარს. 2018  წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დამტკიცდა 91 ბიზნეს გეგმა და გაფორმდა 18 ხელშეკრულება.

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას“

 ლევან დავითაშვილის განცხადებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, „შეღავათიან აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.

„პროექტია ახალი კომპონენტი, პრაქტიკულად, ფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *