აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

მარტივი გზა კალმახა სოკოს მოსაყვანად

სოკოს სახლში გაზრდა შესაძლებელია და სულაც არ არის აუცილებელი ამ დარგის სპეციალისტები იყოთ. მთავარია კარგად გაეცნოთ მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია სდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები.
როგორ იზრდება ხის სოკო სახლის პირობებში
ნიადაგის მომზადება

თავდაპირველად მოამზადეთ ნიადაგი, ჩალა, ნამჯა. ბაქტერიების, ობის და სხვა სოკოების გასანადგურებლად აუცილებელია მისი სტერილიზაცია. არსებობს სტერილიზაციის 2 ვარიანტი:

  1. ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში (შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი, ძველი ქვაბი), დაასხით წყალი და დუღილის ტემპერატურაზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ჩალა 20-25 გრადუსამდე.
  2. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე და უფრო მარტივი საშუალება: ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ წყალი გადაასხით, ჩალას კი კვლავ მდუღარე დაასხით. 20-25 გრადუსამდე გაცივების შემდეგ ჩალა მზად არის მიცელიუმის დასათესად.
მიცელიუმის მომზადება და სოკოს დარგვა

პოლიეთილენის ტომარაში მონაცვლეობით ჩააწყვეთ ჩალა, ნამჯა და დაქუცმაცებული დასამყნობი სუბსტრატი. დასამყნობი სუბსტრატის ერთი პაკეტი საკმარისია სველი ჩალის 15-20 კილოგრამზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 50×100 ზომის პოლიეთილენის პაკეტს. პაკეტის ავსების შემდეგ შეკარით იგი და თითოეულ პაკეტზე დანით 3-5 სმ ზომის დაახლოებით 10 ნასერი გააკეთეთ.

თუ დასარგავ მასალას დაბალი ტენიანობის ჰაერზე გაახარებთ, მაშინ პაკეტზე ნაკლები რაოდენობის ნასერების გაკეთებაა საჭირო. (საჭიროების შემთხვევაში ნასერები მოგვიანებითაც შეგიძლიათ დაამატოთ). გამზადებული პაკეტები მოათავსეთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას (სადაც მზის შუქი პირდაპირ არ მოხვდება).

სოკოს ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 15-25 °C–ია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე მრავლდება სოკო (შესაბამისად, უფრო მალე იხარჯება საკვები ნივთიერებები ჩალაში). ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოახდენთ ტემპერატურის კორექტირებას იმის და მიხედვით, თუ რა რაოდენობის სოკო გჭირდებათ.

თუ სოკოს მოსავალი გადააჭარბებს მათი მოხმარების ზღვარს, გადაიტანეთ პაკეტები უფრო გრილ ადგილას.

ოთახის პირობები სოკოსთვის

თუ სოკოს მეტი რაოდენობა დაგჭირდათ, შესაბამისად, პაკეტები უფრო თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ. კალმახა მოსავალს 3-4 თვის მანძილზე იძლევა, შემდეგ საკვები ნივთიერებები პაკეტში იხარჯება და საჭიროა ახალი კულტურის დამყნობა, რაც შესაძლებელია ახალი ჩალის ძველზე დამყნობის გზითაც.

ერთი პაკეტიდან შესაძლებელია 2-4 კილგრამამდე სოკოს მიღება.