“მეფუტკრეთა გაერთიანება მიესალმება „კულა“-ს დირექტორის მიერ „კომერსანტთან“ გაკეთებულ განცხადებას“

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება მიესალმება შპს. „გსქ კულას“ დირექტორის  განცხადებას, სადაც ის ადასტურებს, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მისი კომპანია ადგილობრივი მეფუტკრეებისგან შესყიდული თაფლით მოამარაგებს სახელმწიფო უწყებებს. გაერთიანება მზადაა ითანამშრომლოს კომპანიასთან და დაეხმაროს მას შესყიდვების გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვაში, — აღნიშნული განცხადება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ კომერსანტს მიაწოდა.

როგორც ქართველი მეფუტკრეები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გსქ კულა ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტია, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ  შესაძლოა კომპანიამ ადგილობრივის ნაცვლად უკრაინიდან შემოტანილი თაფლი გამოიყენოს, რადგან გასულ წლებში „გსქ კულა“ ახორციელებდა უკრაინული თაფლის იმპორტს და მას შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე შიდა ქართლში წარმოებულ თაფლთან  ერთად  ყიდდა.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლები ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, რათა დაედგინათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის სისწორე, თუმცა ამაოდ.  მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდეს ტენდერში მონაწილე ნებისმიერი კომპანიის მიერ წარმოდგენილი თაფლის ნიმუშების წარმომავლობის დადგენა და შემდგომში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოწოდებული თაფლის მუდმივი მონიტორინგი, რაც თავისმხრივ გულისხმობს ადგილობრივი მეფუტკრეებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობას. აღნიშნულის გათვალისწინება უზრუნველყოფს მეფუტკრეების ნდობის მოპოვებასა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას,“ – აცხადებს საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის გამგეობის წევრი ალეკო პაპავა.

წყარო: კომერსანტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *