დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მექვევრეობა სოფელ ტყემლოვანაში

სოფელი ტყემლოვანა ზემო იმერეთში, კერძოდ კი ჭიათურაში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიამღლეზე მდებარეობს.
სოფელი ტყემლოვანა ძველთაგანვე განთქმულია მექვევრეობით.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლო პერიოდამდე ძირითადად მეთუნეობით იყო დაკავებული, რაც მეორე მხრივ განპირობებული იყო მექვევრეობისა და ზოგადად მეთუნეობის თვალსაზრისით ადგილობრივი თიხის მაღალი ხარისხითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ქვევრსა და თონეს ამზადებდა, ხოლო იშვიათად კი სხვა ნაკეთობებსაც. როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, მექვევრეობით ტყემლოვანას მეზობელი სოფელი ჩხიროულიც ყოფილა განთქმული ძველ დროში, თუმცა, ამჟამად აქ თიხის ნაკეთობები აღარ მზადდება. ჩხიროულის ქვევრებზე ვხვდებით დამღებს, რომლებზეც ამ სოფლის შემოკლებული სახელებია გამოსახული, როგორიცაა, მაგალითად: „ჩხი” და „ჩხირ”.

შეიძლება ითქვას, რომ ტყემლოვანა ერთადერთი სოფელია, სადაც ამჟამად მთელს საქართველოში ყველაზე მეტი მექვევრე ამზადებს ქვევრებს. ამ სოფელში მექვევრეობას სხვა გვარებთან ერთად კაპანაძეებიც მისდევენ. როგორც ჩანს, ეს გვარი დიდი ხანია, რაც მექვევრეობითაა დაკავებული, რადგან ქვევრის ძველ დამღებზე კაპანაძეების არაერთი წარმომადგენლის გვარ-სახელებს ვხვდებით. მაგალითად: ალექსანდრე კაპანაძე, ივანე კაპანაძე, ნარიმან კაპანაძე, დარისპან კაპანაძე, ლუკა კაპანაძე, დავით კაპანაძე…

ამჯერად გვინდა მექვევრეების კიდევ ერთი ოჯახის შესახებ მოგითხროთ. ესაა ტყემლოვანელი მექვევრეების, მამა-შვილი ნოდარ და ზურა კაპანაძეების სახლეული, რომელიც მექვევრეობას ტრადიციულად მისდევს.

მათ საკუთარ ეზოში გამართული აქვთ გამოსაწვავი ქურა, სადაც სეზონის განმავლობაში ხდება ქვევრისა და თონის გამოწვა. მამა-შვილის ნოდარ და ზურა კაპანაძეების ნახელავი ქვევრები ხარისხით განთქმულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც. ამიტომაც მათს ნახელავს შევხვდებით არა მხოლოდ იმერეთში, არამედ ქართლ-კახეთშიც და სხვ. გარდა ამისა, ამ ოჯახში დამზადებული ქვევრები საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებშიც გვხვდება.

ჩვენს მიერ 2012 წელს სოფელ ტყემლოვანაში ნოდარ და ზურა კაპანაძეების მიერ დამზადებულ ქვევრს ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული კვლევა, რომლის მიზანიც იყო ქვევრის თიხაში მძიმე მეტალების მეტ-ნაკლებობის განსაზღვრა. კვლევა ჩაუტარდა როგორც ახალ ქვევრს, ისე დაახლოებით 100 წინ ამავე სოფელში და ოჯახში დამზადებულ ქვევრს. ორივე შემთხვევაში პასუხი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო და ის შესაბამისობაში იყო აბსოლუტურად ყველა ზღვართან.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახშიც აღდგა ქვევრზე დამღის დასმის ტრადიცია. დამღის დამზადებაში, რომელზეც ვკითხულობთ: „ნ. კაპანაძე. ტყემლოვანა”, მექვევრეთა ოჯახს იაგო ბიტარიშვილი დაეხმარა. დიდად სასურველია, თუ ეს ძირძველი წესი ყოველი მექვევრის ოჯახში აღდგება.

ტყემლოვანელ მექვევრეებს, მამა-შვილ ნოდარ და ზურა კაპანაძეებს წარმატებულ საქმიანობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

გიორგი ბარისაშვილი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“