მესხურ ტერასებზე აღდგენილ ვენახებში რთველია გაჩაღებული

კომპანია „ვარძიის ტერასებმა” ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო.

მესხეთი, საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად, ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი გაიმართა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა.

2015 წელს, ბიზნესმენებ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერ გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში აღდგა მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები.

დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტრის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მშვიდობაძე.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძესა და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს. „ვარძიის ტერასებზე” ახალი სიცოცხლე დაიწყო ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი”, „ჯვარი”, „მესხური მწვანე”, „მესხური ხარისთვალა თეთრი”, „შავი ხარისთვალა”, „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი”, “დანახარული”, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი”, „მესხური ჩიტისკვერცხა”, „ცხენის ძუა შავი”, „კლარჯული”, „ახალციხური თეთრი”, „შავი ასპინძურა კაპნის” და ა.შ.

მომავალ წელს, კომპანია ს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილის – მარნის აღდგენასაც გეგმავს, სადაც

სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ღვინისა და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *