მევენახეობის მოკლე ისტორია და განვითარების პერსპექტივები საქართველოში

საქართველო კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთ ძირითად კერადაა აღიარებული, რაც მრავალი, როგორც სამამულო, ასევე უცხოელი მკვლევარების არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური თუ სხვა წყაროებით დასტურდება. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია კულტურული ვაზის სხვადასხვა ჯიშის ყურძნის წიპწები, რომლებიც ჩვენს ერამდე 6-5 ათასი წლის წინა პერიოდით თარიღდება.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ძველისძველი მარანი – რთული მოწყობილობით, ღვინის შესანახად გამოყენებული უზარმაზარი თიხის ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალებით და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ.აღ. I ათასწ). გათხრების შედეგად, მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) აღმოჩენილია სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ. IV-III ათასწლეულით.

ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი. კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის არსებობის დამადასტურებელ აღმოჩენებს შორის, საქართველოში მოპოვებული მასალები ყველაზე ადრეულ პერიოდს განეკუთვნება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო აღიარებულ იქნას მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ. დიდ ინტერესს იწვევს აღმოსავლეთ საქართველოში არქეოლოგიური წიპწების აღმოჩენა. არქეოლოგიური გათხრების დროს, ქვემო ქართლის სოფელ შულავერში აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე 7-6 ათასი წლით თარიღდება.

დაახლოებით იმავე ასაკისაა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები. ამრიგად, ირკვევა, რომ ენეოლითურ პერიოდში, ანუ ჩვენი დროიდან დაახლოებით 8 000 წლის წინათ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მისდევდნენ ვაზის კულტურას. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უსურვაზი).

მეცნიერი ჰუგ ჯონსონი არქეოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე ეთანხმება ქართველი და უცხოელი მეცნიერების აზრს, რომ ვაზის კულტურაში შემოტანა და ვაზის ჯიშების ხალხური სელექციის დასაწყისი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში დაწყებულია 5-6 000 წლის წინათ ჩვენს ერამდე.

კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და სადაურობის შესახებ მეტად საყურადღებო ცნობებს იძლევა ცნობილი მეცნიერი ა. ვავილოვი, რომელმაც მოიარა 60-მდე ქვეყანა. მის მიერ მოცემული მასალებიდან ირკვევა, რომ „ვაზის კულტურა დასაბამს იღებს ერთადერთი ცენტრიდან, ე.წ. მცირე აზიური კერიდან”. ამ სტრიქონების ავტორს წინააზიურ კერაში უმთავრესად ნაგულისხმები ჰქონდა ამიერკავკასია, განსაკუთრებით კი საქართველო. ცნობილია, რომ ქართველთა „განმანათლებელმა” კაბადოკიელმა ქალმა წმინდა ნინომ, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო – ჯვარი ვაზისაგან გააკეთა. ამის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიხატა ქართველი ხალხის ყურადღება და პატივისცემა ღვინისა და ვაზის მიმართ. კერძოდ, ძველი ქართული ეკლესიების კარები ხშირად ვაზის ფიცრებისაგან კეთდებოდა და ხანდახან „წმინდათა“ გვირგვინებს ვაზის ფოთლებისაგან კონავდნენ. ჩანს, რომ ქართველი ხალხი იმ შორეულ წარსულში ვაზს „წმინდა“ მცენარედ თვლიდა და ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ ამ მცენარის მოვლა-გაშენებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.

საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ისტორიული ცნობები ძირითადად დაცულია ძველ ბერძენ მწერალთა და საქართველოში მოგზაურთა ჩანაწერებსა და თხზულებებში. ამ ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი ტომების ღვინო შორეულ წარსულში მაღალხარისხოვანი იყო. ქსენოფონტეს ცნობით, დაახლოებით 430-335 წელს კოლხები ღვინოს სვამდნენ, მაგრამ წყალნარევს, აქაური ღვინო უწყლოდ მწკლატე იყო, წყალნარევი კი – „სურნელოვანი და საამო”.

სტრაბონის მიერ გადმოცემული ცნობებიდან ირკვევა, რომ ვაზი ფართოდ ყოფილა გავრცელებული ალბანეთ-კახეთის (იბერია) ტერიტორიაზე, ხოლო ყურძნის იმდენად უხვი მოსავალი მოდიოდა, რომ მას მოსახლეობა ვერ ითვისებდა და ამიტომაც მის ერთ ნაწილს დაუკრეფავად ტოვებდა. მევენახეობა-მეღვინეობის ეკონომიკური ეფექტიანობა წარსულშიც მაღალი იყო, რასაც ადასტურებს არაერთი და ორი ცნობა ღვინის ექსპორტის შესახებ. მაგალითად ირანის შაჰ-სეფი (1627-1641) საქართველოს კათოლიკოსს სპეციალური ფირმანით ატყობინებდა, რომ `სამყაროს თავშესაფრის სასახლეში” მიღებულია რამდენიმე საპალნე „ედემის ღვინო”, რითაც თქვენ ამტკიცებთ ჩვენდამი „გულწრფელ და ურყევ ერთგულებას”.

სხვა ცნობების მიხედვით, საქართველოდან ღვინო გაჰქონდათ როგორც სომხეთსა და მიდიაში, ისე ირანშიც (ისპაჰანში შაჰის სასახლე ქართული ღვინოებით მარაგდებოდა).

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ღვინის ექსპორტს წარსულში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ფაქტი საქართველოს ძველმა მეზობელმა და მეტოქე სახელმწიფოებმაც იცოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ თემურ-ლენგი XIV საუკუნის დამლევს, ხოლო შაჰ-აბასი XVII საუკუნის დამდეგს, ქვეყნის ეკონომიკურად დასუსტების მიზნით თავიანთ ლაშქარს საქართველოში ვენახის გაკაფვა-ამოძირკვის ბრძანებას აძლევდნენ. სწორედ ქართველი კაცის გონივრული და დაუზარელი შრომის შედეგია ამ მცირე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი აბორიგენული ჯიშების შექმნა (500 დასახელებაზე მეტი), რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია ცალკეულ ენდემურ, იზოლირებულ ისტორიულ-გეოგრაფიულ ჯგუფებში. ათასწლეულების მანძილზე მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს კულტურული მიწათმოქმედების წამყვან დარგად, ერის მატერიალური და სულიერი ცხოვრების წყაროდ ითვლებოდა.

დღეისათვის ვენახის ფართობი და წარმოებული პროდუქცია იმაზე მცირეა, ვიდრე საქართველოს ამის პოტენციალი გააჩნია. ფაქტია, რომ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ვენახის ფართობი 142 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო ყურძნის წლიური მოსავალი 500-700 ათას ტონას აღწევდა.

ვენახის ფართობის შემცირება დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ასევე 2005 წელს რუსეთის მხრიდან ემბარგოს გამოცხადების გამო.

საქართველოს პოტენციალი მევენახეობის განვითარების თვალსაზრისით განუზომლად დიდია.

პროფ. დ. ტაბიძის გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ მევენახეობის გაფართოვება საქართველოში შესაძლებელია ვერტიკალურ ზონებში მისი გავრცობის გზით, კერძოდ ასეთი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, ზემო აჭარა, ქვემო სვანეთი, მთიანი აჭარა, აფხაზეთი, ზემო იმერეთი და სხვა.

საქართველოს ფართობები, სადაც მევენახეობის განვითარების აგროეკოლოგიური რესურსები არსებობს – 600-700 ათას ჰექტარს შეადგენს.

საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული ფართობების მევენახეობის განვითარების გზით ათვისება.

საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა იწარმოოს მევენახეობის თითქმის ყველა პროდუქცია, რაც კი იწარმოება მსოფლიოში.

ტრადიციული მაღალხარისხოვანი ღვინოების გარდა, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილებების მიხედვით, შეიძლება პორტვეინის, ხერესის, მალაგას ტიპის სასმელები იწარმოოს.

აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს სასუფრე ყურძნის წარმოებას, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშები.

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *